კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, ბატონ პერ ეკლუნდს

29 ივლისი, 2010
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა
                   
საზოგადოებრივი მოძრაობა „არა“-ს ალიანსი სამი სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ 2010 წლის მარტში შეიქმნა. მოძრაობა „არა“-ს საქმიანობის სფეროებს განეკუთვნება ადამიანის უფლებები, პოლიტიკური და უკანონო პატიმრების უფლებები, სახელმწიფო უწყებებში არსებული დარღვევები, თანამდებობის პირების უკანონო ქმედებები, უკანონო ბიზნეს გარიგებები, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დარღვევები, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ინტერესების დაცვა და ა.შ.

მისი დაარსების დღიდან ორგანიზაციამ გამოიძია ხელისუფლების მიერ კანონდარღვევის არაერთი ფაქტი, რომელთა შორისაა მაღალჩინოსანთა ფარული ბიზნეს-საქმიანობები, ე. წ. „შეკერილი საქმეები“, ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დაკავების ფაქტები, პოლიციელთა მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, შიდასახელისუფლებო ინტრიგები.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ ხელისუფლებამ დაიწყო მოძრაობა „არა“-ს პოლიტიკური ნიშნით დევნა. თუმცა, ამჯერად ძალოვანების მხრიდან აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლებრივი დევნით შეინიღბა. კერძოდ: ა.წ. 11 ივლისს, დაახლოებით დილის 3:00 საათზე, მოძრაობა „არა“-ს ხელმძღვანელი, ლევან ჩიტაძე, მისი თანამოაზრე, ლევან კოჭლოშვილი და მათი მეგობარი ერეკლე ბუთიაშვილი (ეს უკანასკნელი არ მიეკუთვნება ზემოთაღნიშნულ ორგანიზაციას) მოსკოვის გამზირზე, მათ საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე ეზოში საუბრობდნენ, როდესაც ლევან ჩიტაძე და ლევან კოჭლოშვილი სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფმა პოლიციის თანამშრომელმა დააკავა, რომელსაც არც ვინაობა დაუსახელებია და არც სამსახურებრივი მოწმობა წარუდგენია. მას ახალგაზრდებისთვის არც დაკავების მიზეზი განუმარტავს. როგორც შემდგომ გაირკვა, იგი პოლიციის თანამშრომელი ლევან მგელაძე იყო. ორივე ახალგაზრდა გადაიყვანეს პოლიციის V განყოფილებაში.

დაკავებისას მგელაძემ ახალგაზრდებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ჩამოართვა ტელეფონი, საბუთები და 2 საათის განმავლობაში არ აუხსნა დაკავების მიზეზი. პოლიციელების - ლონგინოზ ბოლქვაძის, ემილ კუპრავას, იოსებ თათენაშვილისა და ლევან მგელაძის საუბარში მოიაზრებოდა ბრალდება ყაჩაღობის მუხლითაც, ვინაიდან ერთ-ერთ დაკავებულს პისტოლეტის ფორმის სანთებელა აღმოუჩინეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებულთა მეგობარი, ერეკლე ბუთიაშვილი, რომელიც არ არის მოძრაობა „არა“-ს წევრი, არ დააკავეს. მოგვიანებით, იყო მისი დაკავების მცდელობაც, რათა მომხდარიყო მისი, როგორც ერთადერთი მოწმის ნეიტრალიზება და შესაძლებელი გამხდარიყო საქმის ყაჩაღობის მუხლით აღძვრა. საბოლოოდ, ერეკლე ბუთიაშვილის დაკავება ვეღარ მოხერხდა, რის შემდეგაც მოძრაობის წევრებს პოლიციისადმი „ბოროტად“ დაუმორჩილებლობაში დასდეს ბრალი, რისთვისაც ჯერ დროებითი დაკავების საკანში გადაიყვანეს, ხოლო მოგვიანებით კი სასამართლომ მათ 400 ლარის გადახდა დააკისრა.

პოლიციის V განყოფლიებიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანისას მხოლოდ ერთ დაკავებულს მიეცა ტელეფონით სარგებლობის უფლება. მოგვიანებით კი სასამართლომ არ გაითვალისწინა განსასჯელთა მიერ დაყენებული შუამდგომლობები. ასევე საინტერესოა ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომაზე ჩიტაძისა და კოჭლოშვილის დამკავებლებად ლონგინოს ბოლქვაძე და იოსებ თათენაშვილი გააფორმეს, მაშინ როცა ისინი ლევან მგელაძემ დააკავა. სასამართლო პროცესზე პოლიციელებმა ჩვენება არაერთხელ შეცვალეს და მათი ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი იყო, რის გამოც სასამართლო სხდომის ოქმი შეიცვალა.

გთხოვთ, შეაფასოთ აღნიშნული ფაქტი და რეაგირება მოახდინოთ მასზე. იმედია, მოკლე დროში შესაძლებელი იქნება შეხვედრის ორგანიზება, რათა პირადად მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ამ და მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით.


საზოგადოებრივი მოძრაობა „არა“
ადამიანის უფლებათა ცენტრი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
მრავალეროვანი საქართველო
საზოგადოებრივი მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“
ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის

ახალი ამბები