კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნუ მეხებით, თორე მერე ნახეთ ჩემი შეხება თქვენს მიმართ“ - საჯარო მოხელეები ჟურნალისტებს ემუქრებიან

29 ივლისი, 2010
ნატალია სარქისაშვილი, კახეთი

„ეს სტატია მოხსენით... ნუ მეხებით საერთოდ, თორე მერე ნახეთ ჩემი შეხება თქვენს მიმართ...“, - ამ შინაარსის წერილი, ოთარ კოვზირიძისგან, ელექტრონული ფოსტით ჟურნალისტმა ილია მარტყოფლიშვილმა მიიღო. ოთარ კოვზირიძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელია. კოვზირიძე ირწმუნება, რომ მისი სიტყვები მუქარას არ შეიცავს, თუმცა, ვერ განმარტავს, რა უფლებით მოსთხოვა საჯარო მოსამსახურემ ჟურნალისტს ბლოგზე განთავსებული მასალის წაშლა. 

„დაწერა, რომ „ნაცმოძრაობის“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ოფისში ვისაც კი ოდესმე წინ და უკან უხეტიალია, ბოლო დროს ყველამ თანამდებობა მიიღოო. მოხეტიალედ მეც ვიყავი მოხსენიებული. ჩემთან არავინ მოსულა და არაფერი უკითხავს. ამიტომაც მივწერე ეს წერილი მეილზე და ვუთხარი, რომ თავი შეიკავონ ასეთი კომენტარებისგან და საერთოდ არ შემეხონ“, - აღნიშნავს კოვზირიძე.

- არ შეგეხონ? რას გულისხმობთ?

- არ შემეხონ რა. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, მაგას არ ვეხები და არც მე არ უნდა შემეხონ. მოხეტიალეს რომ მეძახის, რა უფლება აქვს? ამით შეურაცხყოფას მაყენებს.

- გამგეობაში რა თანამდებობაზე მუშაობთ?

- სპეციალისტი ვარ და კომპიუტერული ტექნოლოგიები მაბარია.

- ე.ი. საჯარო მოსამსახურე ხართ. არ მიგაჩნიათ, რომ ამ შინაარსის წერილით ჟურნალისტზე ზეწოლას ახდენთ?

- წერილის გაგზავნისას არც მიფიქრია რაიმე სახის ზეწოლაზე. უბრალოდ, მეც გავაკეთებ გვერდს ინტერნეტში და დავწერ მაგაზე“.

- კანონმდებლობა, როგორც საჯარო მოსამსახურეს თმენის ვალდებულებას რომ გაკისრებთ, არ იცით?

- ე.ი. რაც უნდა დაწეროს, ხმა არ გავცე? ჟურნალისტებმა თავი გამანებონ რა“.

სანამ მარტყოფლიშვილი კოვზირიძისგან ამ წერილს მიიღებდა, მანამდე მას, როგორც თავად ამბობს, „ნაციონალური მოძრაობის“ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდული მიმართულების კოორდინატორი გიორგი პაპუაშვილი დაემუქრა.

„გიორგი პაპუაშვილს პირადად არ ვიცნობ. წინასაარჩევნო პერიოდში რამდენჯერმე ვახსენე მასალებში, რის გამოც განაწყენებულია. გასულ კვირას ზედიზედ რამდენიმე სტატია გამოვაქვეყნე, სადაც ვწერდი, რომ მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთიდან ახალგაზრდები ნაცნობ-მეგობრობის ნიშნით საკრებულოში და სხვადასხვა სამსახურებში ერთდროულად დასაქმდნენ. ამაზე განაწყენებული პაპუაშვილი ერთ-ერთ შეხვედრაზე საჯაროდ დამემუქრა, რომ სადაც დამიჭერს, თავს გამიტეხავს. მისივე თქმით, სიტყვიერი მუქარა მხოლოდ სიტყვად არ დარჩება და მას სისრულეში აუცილებლად მოიყვანს“, - ამბობს ილია მარტყოფლიშვილი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისის იურისტის ლია ხუროშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საჯარო მოხელეები ჟურნალისტების მიმართ აგრესიას არ ფარავენ. ზოგჯერ კი კრიმინალურ მენტალიტეტს ამჟღავნებენ.

„ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გამგებელს მიაჩნია, რომ მუნიციპალიტეტში მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაციის რესპუბლიკის მასშტაბით გახმოვანება „ბოზობაა“. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული მდგომარეობა დედოფლისწყაროს რაიონშია, სადაც სამოქალაქო სექტორი პრაქტიკულად არ არსებობს“, - აღნიშნავს ხუროშვილი. იგი 3 ივლისს, დედოფლისწყაროში მომხდარ ინციდენტს იხსენებს, როცა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ვიდეოკამერა დაუზიანა.

„როცა რაიონის გამგებელი ჟურნალისტს ასე ექცევა და ამისთვის მას პასუხს არავინ სთხოვს, ეს დაუსჯელობის სინდრომს ამძაფრებს. ჩინოვნიკები რაიონის პირველი პირისგან მაგალითს იღებენ და ცდილობენ ჟურნალისტები დააშინონ. 2004 წლიდან დღემდე, ჟურნალისტებზე ზეწოლისა და თავდასხმის 10-ზე მეტი ფაქტიდან, მხოლოდ ერთია გამოძიებული, რადიო „ჰერეთის“ დირექტორის რამაზ სამხარაძის ცემის ფაქტი პარლამენტის ყოფილი დეპუტატის დავით კაპანაძის მიერ. სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობის შემდეგ კაპანაძე კონტროლის პალატის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ადამიანებს შეუძლიათ სცემონ ჟურნალისტი, დევნიდნენ თავისუფალ სიტყვას, შემდგომ დასაქმდნენ და დაწინაურდნენ“, - ამბობს ხუროშვილი

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის თქმით, რეგიონში გაურესდა მდგომარეობა საჯარო ინფორმაციის მიღების კუთხით: „არჩევნების შემდეგ საჯარო ინფორმაციას ან საერთოდ ვერ ვიღებთ, ან ვიღებთ კანონით დადგენილი ვადების დარღვევით და არასრულყოფილს“.

„ხშირ შემთხვევაში, რაიონის პირველი პირები ისეთ საკითხებზე, რომელიც მათ ფიარს არ ემსახურება, კომენტარზეც კი უარს აცხადებენ და პრესმდივნებთან გვამისამართებენ. კახეთის ყველა გამგეობის აპარატში მუშაობს 2 – 3 სპეციალისტი მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. სინამდვილეში ისინი არაფრის გამკეთებლები არ არიან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად ხელფასის სახით, „400-ლარიან პენსიას“ იღებენ. ზოგიერთი მათგანი მთელი დღის განმავლობაში „ადნაკლასნიკებში“ ერთობა, ზოგი სამსახურში საერთოდ არ დადის და რაც მთავარია, რაზედაც არ უნდა მივმართოთ, არც ერთმა მათგანმა არასდროს არაფერი არ იცის, „საქმის კურსში არ არიან“, - აღნიშნავს მთივლიშვილი.

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში აღნიშნულ პრეტენზიებს არ ეთანხმებიან. გუბერნატორის პრესმდივნის ხათუნა გულიაშვილის თქმით, მთელი მათი ძალისხმევა მიმართულია იქით, რომ ჟურნალისტებმა მათთან ურთიერთობაში თავი კომფორტულად იგრძნონ

„ყოველთვის ვცდილობთ, მათ ყველა კითხვაზე პასუხი ოპერატიული და ამომწურავი იყოს. ამ მიმართულებით კახეთში მნიშვნელოვანი წინსვლაა. რეგიონს ჰყავს ხელმძღვანელობა, რომელიც მედიასთან ურთიერთობაში განსაკუთრებული კონსტრუქციულობით გამოირჩევა. ამას თავად ჟურნალისტებიც აღიარებენ. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ არიან ჟურნალისტები, რომლებიც პრესსამსახურების გვერდის ავლით ცდილობენ მუშაობას, რაც ორმხრივი, პოზიტიური თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად მთლად სწორი გზა არ უნდა იყოს“, - განაცხადა ხათუნა გულიაშვილმა.

ახალი ამბები