კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„შუაზე გაგხეთქავ!“ - გარემოს დაცვის სამინისტროს ჩინოვნიკებმა ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს

30 ივლისი, 2010

ნატალია სარქისაშვილი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომლებმა ალვერდ ჩანქსელიანმა და ხათუნა ახალაიამ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს მადონა ბატიაშვილსა და გელა მთივლიშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტი 29 ივლისს, 17:00 საათზე, სამინისტროს შენობაში, ორჰუსის ცენტრში მოხდა. „ავადმყოფი ხარ შენ, მკურნალობა გჭირდება“; „იდიოტო, მარტო კი არ დაგარტყავ, უარესს გიზავ“; „ამ ხნის კაცი ვარ, მაგრამ სადაც შეგხვდები, შუაზე გაგხეთქავ“, - დაემუქრნენ ჟურნალისტებს სამინისტროს თანამშრომლები.

ჟურნალისტები სამინისტროს პრესცენტრთან შეთანხმების შემდეგ, ჩანქსელიანისგან და ახალაიასგან, ერთ-ერთ პროექტთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვდნენ. მადონა ბატიაშვილის თქმით, მათ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის მისაღებად წერილობით სამჯერ მიმართეს - 2010 წლის 8 თებერვალს, 4 მარტს და 12 აპრილს. ჟურნალისტები „კახეთის რეგიონში ვადაგასული პესტიციდების რისკ-ფაქტორების შემცირების“ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობას ითხოვდნენ, რაზედაც სამინისტრომ უარი თქვა იმ მიზეზით, რომ პროექტთან დაკავშირებული ინფორმაცია სამინისტროში არა აქვთ. 

მადონა ბატიაშვილი: „2008  წელს, ჰოლანდიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, კახეთის რეგიონში „ვადაგასული და ხმარებიდან ამოღებული პესტიციდების რისკ-ფაქტორის შემცირების“ პროექტი განხორციელდა. პროექტი ჰოლანდიის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ - Milieukontaqt International-მა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან ერთად განახორციელა. პროექტის მონაწილეების თქმით, პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონში უნდა მომხდარიყო ვადაგასული პესტიციდების  შეგროვება, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად შეფუთვა და მისი უსაფრთხო ადგილას განთავსება. ასევე  საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნიადაგის რემედიაცია - აღდგენა იმ კონდიციამდე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს განხორციელება. სამუშაოების მხოლოდ ნაწილი შესრულდა. იმ ადგილებზე, საიდანაც პესტიციდები უნდა გაეტანათ, შხამ-ქიმიკატები ამ დრომდე ყრია. როდესაც ამ საკითხზე ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება გადავწყვიტეთ, სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის სახით მოვითხოვეთ დოკუმენტები, მაგრამ ვერ მივიღეთ. არ გვაქვსო, მოგვწერეს. ჩვენი რესპონდენტებისგან ვიცით, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია სამინისტროში არსებობს.

ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მისაღებად დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრესცენტრთან დაკავშირებას. 29 ივლისს ჩვენი კონტაქტი შედგა. პრესცენტრის ხელმძღვანელმა ეკატერინე ბენდელიანმა სამინისტროს ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველოს უფროსთან ალვერდ ჩანქსელიანთან დაგვაკავშირა და გვითხრა, რომ პასუხებს მისგან მივიღებდით. ჩანქსელიანი მისივე სამმართველოს თანამშრომელთან, ხათუნა ახალაისთან ერთად სამინისტროს შენობაში, კერძოდ - ორჰუსის ცენტრში შეგვხვდა. თავიდანვე ძალიან აგრესიულები იყვნენ. საუბრის დროს, როცა ვუთხარით, რომ პესტიციდები ისევ ეყარა იმ ტერიტორიაზე, რომელიც მთლიანად უნდა გაეწმინდათ, წონასწორობა დაკარგეს და შეურაცხყოფა მოგვაყენეს. ახალაიამ გელა მთივლიშვილს ხელი დაარტყა, ჩანქსელიანი კი ფიზიკური ანგარიშსწორებით დაგვემუქრა“.

გელა მთივლიშვილი: ბატონო ალვერდ, თქვენ გაქვთ ინფორმაცია, პროექტის შესრულების შემდეგ სამიზნე ადგილებზე რა მდგომარეობაა?


ალვერდ ჩანქსელიანი: პროექტამდეც ბევრჯერ მინახავს და პროექტის შემდეგაც ბევრჯერ ვნახე ის ადგილები.

გ.მ: აღარ ყრია პესტიციდები ე.წ. გაწმენდილ ტერიტორიებზე?

ა.ჩ: სად, სად, ეგ სად?

ხათუნა ახალაია: აღარ ყრია.

გ.მ: დარწმუნებული ხართ?

ხ.ა: დიახ.

გ.მ: გუშინაც ვიყავით მე და მადონა თელავში, სიღნაღში და ვნახეთ, რომ და შხამ-ქიმიკატები ისევ ყრია. ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე საშინელი სუნი დგას. უნდა მომხდარიყო თუ არა პროექტის ფარგლებში ნიადაგის რემედიაცია?

ა.ჩ: არა.

გ.მ: პროექტის მონაწილეებმა გვითხრეს, რომ პროექტი ნიადაგის რემედიაციასაც ითვალისწინებდა.

ა.ჩ: ვინ რა გითხრა, მე არ მაინტერესებს. ვიღაცამ რა გითხრა ქუჩაში, მე რაში მაინტერესებს? ჩვენი ნათქვამი არის ოფიციალური.

გ.მ: ბატონო ალვერდ, ქუჩაში არ უთქვამთ, თეონა ჯოხარიძე და სხვები, ვინც ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს, პროექტში ექსპერტებად მუშაობდნენ.

ა.ჩ: საერთოდ არ ვიცნობ და არც ვარ ვალდებული, რომ ვიცნობდე.

მადონა ბატიაშვილი: ზიტა იმანოვას ხომ იცნობთ? პროექტის რეგიონული მენეჯერი იყო კახეთში. ჩვენთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ნიადაგის აღდგენის მიზნით, თელავში, შხამ-ქიმიკატებისგან გაწმენდილ ტერიტორიაზე ნაძვები დაირგო. ნაძვები ვერსად ვნახეთ.

ა.ჩ: მერე შვილო, რომ მოდიხარ ჩვენთან, ვისთანაც მეტი ინფორმაციაა, შეგიძლიათ, იმასთან მიიღოთ. შეხვდით მენეჯერებს, შეხვდით კოორდინატორს.

მ.ბ: ჩვენ მათ უკვე შევხვდით და თქვენგან გვაინტერესებს, კონკრეტულად რა სამუშაოები შესრულდა პროექტის განხორციელების შედეგად?

ა.ჩ: ეხლა გამოცდას მიტარებ თუ რას მიტარებ? შენ სანამ დაიბადებოდი, ინვენტარიზაცია ჩატარებული მაქვს მთელს საქართველოში. კონკრეტული შეკითხვები მჭირდება.

გ.მ: ხომ გაეცანით ჩვენს წერილს, სადაც კითხვებია ჩამოწერილი. გვიპასუხეთ დასმულ შეკითხვებზე. ამ პროექტთან დაკავშირებით სამინისტროში რა დოკუმენტებიც გაქვთ, გაგვაცანით.

ა.ჩ: ამაზე პასუხი უკვე გაცემულია.

გ.მ: არაფერი არ გვაქვსო, ეს არის პასუხი?

ა.ჩ: არ არის და მორჩა.

გ.მ: რატომ არ არის? ამხელა პროექტი განხორციელდა სამინისტროსთან ერთად, სამინისტრო უწევდა კონტროლს პროექტის მიმდინარეობას და არავითარი დოკუმენტაცია არ ინახება სამინისტროში?

ა.ჩ: არ იყო საჭირო დოკუმენტაცია.

გ.მ: პესტიციდები რომ ისევ მიწაზე ყრია, შესრულების ანგარიშში რა ჩაწერეთ, ყველაფერი გასუფთავებულიაო?

ა.ჩ: რა ყრია? რა ყრია? რა არის პესტიციდი, იცი შენ? აბა, მითხარი რას ნიშნავს პესტიციდი?

გ.მ: რატომ ყვირიხართ?

ა.ჩ: მშვენიერი პასუხი გაქვთ წერილობით გაცემული. ჩემს მიმართ შეკითხვები თუ გაქვთ, დასვით.

მადონა ბატიაშვილი: როცა ეს პროექტი იწყებოდა, მე მახსოვს, მაშინ თელავში, სასტუმრო „ალაზნის ველში“ იყო შეხვედრა და თქვენ იქ განუცხადეთ ხალხს, რომ სამინისტროსთან ერთად ხორციელდებოდა ეს პროექტი. ეხლა ამბობთ, სამინისტრო არაფერ შუაში არ არისო. რატომ იყავით მაშინ იმ შეხვედრაზე?

ა.ჩ: ახსნა-განმარტებებს ნუ მთხოვთ, შეკითხვა დასვით.

მ.ბ: სამინისტრო არის თუ არა ვალდებული, შეამოწმოს რა შედეგები იქნა მიღებული პროექტის განხორციელების შედეგად?

ა.ჩ: რა თქმა უნდა, მთავრობა დაინტერესებულია, რომ პროექტი კარგი შედეგით დასრულდეს. მე წარმოვადგენ სტრუქტურის ხელმძღვანელს. ყველა ეს საკითხები ურთიერთშეთანხმებით ხორციელდებოდა. იმ პროექტის ფარგლებში რაც იყო გასაკეთებელი, ის სამუშაო შესრულდა.

გ.მ: გაგვაცანით მერე ანგარიში.

ა.ჩ: ხათუნა, ანგარიში რაც გაქვთ, მიაწოდეთ. დამთავრდა. სხვა რა გაინტერესებთ?

მ.ბ: მაგალითად, საქობოს მაცხოვრებლებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ ორმოები გაჭრეს, შხამ-ქიმიკატები შიგ ჩაყარეს და მიწა მიაყარეს.

ხ.ა: ვინ თქვა ეგ?

მ.ბ: ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა და ჩანაწერებიც გვაქვს.

ხ.ა: ვაიმე ჩემი სიკვდილი.

გ.მ: რა გაგიკვირდათ, ნამდვილად ასე თქვეს და შხამ-ქიმიკატებიც ისევ ყრია იმ ტერიტორიაზე.

ხ.ა: შე ინტრიგანო!

(ამ დროს ხათუნა ახალაიამ გელა მთივლიშვილს წელში დაარტყა).

გ.მ: რას მირტყამ?

ხ.ა: დაგარტყამ სახეში პირდაპირ. გამომიყვანე მდგომარეობიდან, იდიოტო შენ...

გ.მ: ვინ არის იდიოტი?

ხ.ა: შენ. ვსიო, უზრდელო.

გ.მ: ნუ იწევთ, გადით იქით.

ხ.ა: კიდევ უარესს გიზამ

ა.ჩ: ავადმყოფი ხარ შვილო, მკურნალობა გჭირდება.

ხ.ა: შენ მუშაობ იმისთვის, რომ ინტრიგა გააკეთო.

ა.ჩ: ამ ხნის კაცი ვარ, მაგრამ სადაც შეგხვდები, შუაზე გაგხეთქავ“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები