კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილების ახლადგარემონტებული შენობის სარდაფში წყალი დგას

5 აგვისტო, 2010
 მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

რუსთავში ლომურის ქ.#6-ში მცხოვრებ დევნილებს ოთხსართულიანი შენობა გაურემონტეს. გამოცვალეს კარ-ფანჯრები, კოსმეტიკურად შეაკეთეს  შენობა გარედან, ოჯახებს ინდივიდუალურად მოუწყვეს საპირფარეშოები. ეზოში ბავშვების გასართობი საქანელები დადგეს. შენობა ვარდისფრად შეღებეს. მოკლედ, თამამად შეიძლებოდა გვეთქვა, რომ დევნილებს ადამიანური ცხოვრების პირობები შეექმნათ, რომ არა თითქმის ნახევარ მეტრ სიმაღლეზე დაგუბებული წყალი, რომელიც განახლებული შენობის სარდაფში დგას.

„18 წელია აქ ვცხოვრობთ. ეს წყალი კი ბოლო ათი წელია, სულ ასე დგება. წვიმების დროს წყალი იმდენად იმატებს, რომ სარდაფიდან პირველი სართულის იატაკამდეც ამოდის. სულ დაგვილპა იატაკი. ნესტის გამო თეთრეული ზამთარ-ზაფხულ სველი გვაქვს. ამოდის დამპალი წყლის საშინელი სუნი. ახლადგამოცვლილი მილებიდან კანალიზაციაც ჟონავს და მისი სუნიც ემატება. მითხარით, თუ პირველ რიგში სარდაფის პრობლემა არ მოგვარდებოდა, რა აზრი ქონდა ამ შენობის რემონტს?!“ – გვეკითხება აფხაზეთიდან დევნილი, ზოია ჯანჯღავა.
 
ამ შენობაში 22 დევნილი ცხოვრებს. ჩვენ მათი დახმარებით შევძელით სარდაფში განათების ჩატანა და ფოტოგადაღება. იმისათვის, რომ ჩვენი აპარატის კადრში წყალი კარგად გამოჩენილიყო, დევნილები სარდაფში დაგუბებულ წყალში ქვებს ყრიდნენ.

„დღეს თუ ხვალ საძირკველი გამოეცლება ამ შენობას. როცა გასარემონტებლად არასამთავრობო ორგანიზაცია მოვიდა, ჩვენ პირველად ამისი შეკეთება ვთხოვეთ. გვითხრეს, გავაკეთებთო, მაგრამ შემდეგ უარი თქვეს. უკვე ათი წელია, ასე დღეში ვართ. კოღოებიც მოგვიმრალდა. წყალში კანალიზაციაც ერევა და იქიდან ამოსული კოღო რა საფრთხეს წამოადგენს, ხომ ხვდებით. აქ ყოველ მეორე ოჯახს ბავშვი ყავს“, – ამბობს ოჩამჩირედან დევნილი ლელა გამისონია.

შენობა, რომელშიც ეს ქალბატონი ცხოვრობს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო დახმარებისა და განვითარების სააგენტომ“ (IRD) გაარემონტა. სააგენტოს თანამშრომლები არ უარყოფენ, რომ ლომოურის 6 ნომერში სარდაფის პრობლემა მწვავედ დგას, თუმცა ამაზე პასუხისმგებლობას რუსთავის მერს მამუკა ჩიქოვანს აკისრებენ.

„სამწუხაროდ, ჩვენი პროექტით არ იყო გათვალისწინებული სარდაფის შეკეთება. გაკეთდა მხოლოდ ის სამუშაოები, რაზეც პროექტით თანხა გვქონდა. მიუხედავად ამისა, ჩვენი ორგანიზაცია დაინტერესდა დევნილებისთვის ამ პრობლემის მოგვარებით. ჩვენ და ასევე გაეროს წარმომადგენელი შევხვდით რუსთავის მერს, მამუკა ჩიქოვანს და მან პირობა მოგვცა, რომ ზაფხულის ბოლომდე დევნილებს სარდაფის საკითხს მოუგვარებდა“, – გვითხრა IRD-ის შესყიდვებისა და კონტრაქტების მენეჯერმა ირაკლი სიმონიამ.
 
იმის გათალისწინებით, რომ ამ ზეპირი პირობის მიუხედავად, მერია დევნილებს ამდ რომდე არ დაეხმარა, შევეცადეთ, განმარტება რუსთავის მერისგან მოგვესმინა.

„ბატონი მამუკასთვის ცნობილია ამ პრობლემის შესახებ. ის ამბობს, რომ როგორც კი შესაბამისი თანხები გაჩნდება ბიუჯეტში, ამ შენობის პრობლემა მოგვარდება. ასე რომ, ეს საკითხი დღის წესრიგშია“, – გვიპასუხა რუსთავის მერის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე კირკელიძემ.

ჩვენ მასთან საუბრისას ვერ გავარკვიეთ, კერძოდ, „როდის გამოჩნდება თანხები“. ამაზე პასუხი რუსთავის მერიის ბიუროკრატიას დღესდღეობით არა აქვს.

ახალი ამბები