გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის დირექტორმა მაკა ღლიღვაშვილმა 20 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. აქედან ათზე მეტი პედაგოგია, რამდენიმე კი ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
როგორც გათავისუფლებულმა მასწავლებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, სკოლის დირექტორმა მათ განუმარტათ, რომ თანამშრომლების შემცირების შესახებ მითითება გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს - ცენტრიდან მიიღო, რესურს - ცენტრმა კი განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი კარდენახის საჯარო სკოლის დირექტორს ვერ დაუკავშირდა.
„საჯარო სკოლებში დირექტორების მიერ პედაგოგების განთავისუფლება არავის მითითებით არ ხდება. ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, სკოლის დირექტორი საშტატო განრიგს ადგენს და მას უფლება აქვს, სკოლაში ცვლილებები მოახდინოს. დირექტორი განსაზღვრავს პედაგოგთა განათლების ხარისხს და თავადვე წყვეტს სკოლის განვითარებისთვის რომელ პედაგოგს დატოვებს“, - განაცხადა გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა ლალი გაბიტაშვილმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი