კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიცია თვითმმართველობას პარაზიტივით სისხლს სწოვს

10 აგვისტო, 2010
შორენა ღლონტი, გურია

2010 წლის ექვს თვეში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პოლიციის დასაფინანსებლად  89 879 ლარი და 35 თეთრი დაიხარჯა. აღნიშნული თანხა ძირითადად კომუნალურ გადასახადებს, მონობარათებისა და საწვავის შეძენას მოხმარდა. ამავე თანხიდან წელს გამჭვირვალე პოლიციის ოფისისთვის 1300 ლარის ღირებულების 372 ხელსაწმენდი ქაღალდი, 2500 ლარის ღირებულების 676 ცალი ტუალეტის ქაღალდი და 1200 ლარის ღირებულების 80 ცალი გამფრქვევი სუნამო შეიძინეს. „ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობებიდან, პოლიციის დაფინანსებაზე გაცემული არათუ 90 000 ლარი, არამედ 1 თეთრიც კი არამიზნობრივი ხარჯია“, - აცხადებს ექსპერტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო სამმართველოს გამჭვირვალე შენობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტს 16 858 ათასი ლარი და 15 თეთრი დაუჯდა. ამავე ოფისის განათება კი 9335 ლარი და 9 თეთრი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული თანხა სს „ოზურგეთი გაზის“ ანგარიშზე მიმდინარე წლის ექვს თვეშია ჩარიცხული.

როგორც სს „ოზურგეთი გაზის“ ხელმძღვანელმა არსენ ცინცაძემ „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას განაცხადა, ორგანიზაციები მოხმარებულ ერთ კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრს, ხოლო მოსახლეობა 50,5 თეთრს იხდის.

„2010 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პოლიციამ მოხმარებული 24 646 მეტრი კუბური გაზისთვის 20 463 ლარი გადმოგვირიცხა“, - გვითხრა ცინცაძემ. 

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მექვაბიშვილი აცხადებს, პოლიცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობებისგან ფინანსდება, ხოლო კანონის შესაბამისად, საკრებულოს საკუთარი შემოსულობების ხარჯვა შეუძლია განახორციელოს  დამოუკიდებლად და თავისი შეხედულებისამებრ.

„პოლიცია უზრუნველყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და წესრიგს, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვას, სწორედ ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება პოლიციის დაფინანსების შესახებ. რაც შეეხება 2011 წლის ბიუჯეტის პროექტს, მისი შედგენისას განხილული იქნება ის რეკომენდაციები და წინადადებები, რაც პოლიციის დაფინანსებას შეეხება“, - გვითხრა მექვაბიშვილმა.

„საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ხინთიბიძე აცხადებს, რომ  საერთოდ, როდესაც ცალკეული სახელმწიფო სტრუქტურების დაფინანსების ვალდებულებებსა და კანონიერებაზე მიმდინარეობს მსჯელობა, მანამდე უნდა განისაზღვროს, კანონით რომელს რა კომპეტენცია გააჩნია. პოლიცია განეკუთვნება უმაღლეს სახელმწიფო მმართველობას დაქვემდებარებულ სტრუქტურას, ამ შემთხვევაში - შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც მოქმედებს კანონით დადგენილი უფლებამოსილებების ფარგლებში („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი). შესაბამისად, ამ ამოცანების შესრულებისთვის ყველა ხარჯი (მათ შორის მატერიალურ-ტექნიკური, შრომითი ანაზღაურება და სხვა) ცენტრალური ბიუჯეტიდან, კონკრეტულად - შინაგან საქმეთა სამინისტროს წლიური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიდან უნდა იყოს დაფარული.

მისივე განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა წარმოადგენს დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ფუნქციონირებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ფარგლებში და ამ კანონის მიხედვით, ადგილობრივ ხელისუფლებას გააჩნია ორი ძირითადი სახის უფლებამოსილება _ საკუთარი და დელეგირებული. თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილების სფეროში არ შედის პოლიციის დაფინანსება, ხოლო დელეგირებული უფლებამოსილების გახორციელების დროს ცენტრალურმა ხელისუფლებამ (მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრომ) ადგილობრივ ხელისუფლებაზე გადმოცემულ კომპეტენციასთან ერთად მისი შესრულებისთვის საჭირო თანხებიც უნდა მოაყოლოს. ანუ დელეგირებული უფლებამოსილებისთვის საჭირო თანხა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობებისაგან არ უნდა დაიხარჯოს.

„მართალია, დაფინანსების საკითხში „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი გარკვეულწილად „სთხოვს“ ადგილობრივ ბიუჯეტს მათთვის ხარჯის გაწევას, მაგრამ ეს სწორედ ზემოაღნიშნული ფინანსური დელეგირებით უნდა გახორციელდეს, ანუ პოლიციის დაფინანსება მაინც სახელმწიფო და არა ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე უნდა მოხდეს. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად ჩვენმა ორგანიზაციამ უკვე რეკომენდაციით მიმართა ოზურგეთის ადგილობრივ ხელისუფლებას და იმედია, შემდგომში ამ პრობლემას სათანადოდ მიექცევა ყურადღება.  მიგვაჩნია, რომ თვითმმართველობამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, ხოლო პოლიციამ - თავისი და ყველამ საკუთარი რესურსების ფარგლებში. ამასთან, საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად პოლიციის როლი მნიშვნელოვანია და მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სათანადო პირობები ამ ფუნქციის შესასრულებლად, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სხვა სტრუქტურების ხარჯზე“, - გვითხრა ლევან ხინთიბიძემ.

ის მიიჩნევს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობებიდან, პოლიციის დაფინანსებაზე გაცემული არათუ 90 000 ლარი, არამედ 1 თეთრიც კი არამიზნობრივი ხარჯია.

ახალი ამბები