კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არაეფექტურად გახარჯული საერთაშორისო გრანტი

10 აგვისტო, 2010
მადონა ბატიაშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში ათასობით ტონა ისეთი შხამ - ქიმიკატები დარჩა, რომლებიც წამლავს ადამიანსა და სხვა ცოცხალ ორგანიზმებს, იწვევს სიმსივნურ დაავადებებს და ბავშვებში თანდაყოლილ დეფექტებს, აბინძურებს წყალს, საკვებსა და ჰაერს. ამ მხრივ ყველაზე უფრო საშიშ რეგიონს კახეთი წარმოადგენს. საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად ებრძვის ვადაგასულ შხამ - ქიმიკატებს. კახეთში ვადაგასული პესტიციდების რისკ - ფაქტორების შემცირების პროექტი ჰოლანდიის მთავრობამ დააფინანსა, ოღონდ ქართულმა მხარემ პროექტი ფაქტობრივად ჩააგდო.

სტოკჰოლმის კონვენციის ფარგლებში საქართველოში 2003 წელს შემუშავდა და დამტკიცდა პროგრამა, რომელიც მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების გაუვნებელყოფისა და ამ ნივთიერებებით დაბინძურებული ადგილების მართვას ითვალისწინებდა.

სპეციალისტების განმარტებით, მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები განსაკუთრებით საშიშია, ვინაიდან ისინი მათი გამორჩეული მდგრადობის გამო გარემოში დიდი ხნის განმავლობაში რჩებიან; შორ მანძილებზე გადაიტანებიან ბუნებრივი პროცესებით, მათ შორის მათი წარმოშობის ადგილიდან ათასობით კილომეტრის მოშორებითაც კი; გროვდებიან ცოცხალ ორგანიზმთა ქსოვილებში, უმთავრესად მათ მიერ მდგრადი ორგანული დამაბინძურებლებით დაბინძურებული საკვების, წყლის და ჰაერის მიღების შედეგად. წამლავენ ადამიანსა და სხვა ცოცხალ ორგანიზმებს, ახდენენ რა ფართო დიაპაზონის ტოქსიკურ ზემოქმედებას. მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების ზოგიერთი წარმომადგენლის (დიოქსინები, ფურანები) უაღრესად მცირე კონცენტრაციასაც კი შეუძლია მნიშვნელოვნად დააზიანოს ცოცხალ ორგანიზმთა თითქმის ყველა სისტემა (პირველ რიგში - იმუნური და რეპროდუქციული სისტემები).

სტოკჰოლმის კონვენციის ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულებაში საქართველოს დახმარება ჰოლანდიის მთავრობამ აღმოუჩინა. 2005 წელს ჰოლანდიის მთავრობამ საქართველოში, მოლდოვეთსა და სომხეთში ვადაგასული პესტიციდების რისკ - ფაქტორების შესამცირებლად 1 500 000 აშშ დოლარი გამოყო. საქართველოში პროექტი ჰოლანდიის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ „Milieukontaqt International“- მა განახორციელა.

პრიორიტეტულ რეგიონად კახეთი შეირჩა, რადგან ვადაგასული პესტიციდების პოტენციური უარყოფითი ზეგავლენის ქვეშ მოსახლეობა ყველაზე მეტად სწორედ ამ რეგიონში იმყოფებოდა. 1990 -იან წლებში უცოდინრობისა თუ დაუდევრობის გამო კახეთში პესტიციდების დიდი რაოდენობა მიწაში ჩამარხეს, რამაც საშიში ნივთიერებებით გარემოს დაბინძურების საფრთხე კიდევ უფრო გაზარდა.

პროექტი, რომელიც კახეთში პესტიციდებით მოწამვლის რისკ - ფაქტორების შემცირებას ითვალისწინებდა, 2006 წელს განხორციელდა. ჰოლანდიურმა ორგანიზაციამ Milieukontaqt International“- მა  საქართველოში პროექტის განმახორციელებლად ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „სიღარიბის დაძლევის პრიორიტეტული მიმართულება“ შეარჩია. მანამდე, რეგიონში პესტიციდების ინვენტარიზაციისთვის და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად, „Milieukontaqt International“- მა ვადაგასული პესტიციდების მართვის სპეციალისტი იან ბეთლემი მოავლინა. ინვენტარიზაცია 2006 წლის მარტსა და აპრილში ჩატარდა.

ჟურნალისტური მოკვლევისას ინვენტარიზაციის ანგარიშის მისაღებად ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიღარიბის დაძლევის პრიორიტეტულ მიმართულება“-ს  იმ მისამართზე მივაკითხეთ, რომელიც პროექტის განსახორციელებლად დადებულ ხელშეკრულებაში იყო მითითებული:  ქ. თბილისი, კოსტავას 68 ა. ამ მისამართზე განთავსებულ ოფისებში გვითხრეს, რომ ასეთ ორგანიზაციას ბოლო 5 წლის განმავლობაში იქ არ უმუშავია. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და მენეჯერი ხათუნა ახალაიაა, რომელიც ამავე დროს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა სამმართველოს უფროს სპეციალისტად მუშაობს. ხათუნა ახალაია 2006 წელსაც გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელი იყო და იმავდროულად იმ არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და მენეჯერიც, რომელიც კახეთში პესტიციდებით მოწამვლის რისკ - ფაქტორების შესამცირებლად პროექტს ახორციელებდა. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ კახეთში 2006 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის ანგარიში არ მოგვაწოდა. სამინისტროში განაცხადეს, რომ ასეთი ანგარიში უწყებაში არ არსებობს. საბოლოოდ ინვენტარიზაციის ანგარიშის მოპოვება მაინც შევძელით, ოღონდ არაოფიციალური გზებით.

ანგარიშის მიხედვით, კახეთში მთლიანად მოძიებულ იქნა 26 საწყობი, რომელიც დაახლოებით 300 ტონამდე ვადაგასულ პესტიციდს მოიცავდა.

„ბევრი საწყობი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის. ერთ-ერთ ასეთ საწყობში შეუფუთავად ინახება ხორბლის მარცვალი, რომელსაც იყენებენ ადამიანები. FAO-ს მიერ შემუშავებული სქემის შესაბამისად, განსაზღვრულ იქნა 5 პრიორიტეტული საწყობი, რომელიც განიხილება მაღალი რისკის მქონე ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. ესენია: საქობო, ყვარელი, აჩინებული, ქვემო ალვანი და ვაჩნაძეანი. ამ საწყობების დასუფთავება მნიშვნელოვნად ამცირებს ვადაგასული პესტიციდებით გამოწვეულ რისკს კახეთის რეგიონში“, - ნათქვამია ანგარიშში. კონსულტანტი იან ბეთლემი რეკომენდაციებში აღნიშნავს, რომ უნდა მოხდეს დაბინძურებული ნიადაგის ფიტორემიდიაცია, ანუ აღდგენა, რადგან ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, ნახევარი ვადაგასული პესტიციდებისა წარმოადგენს დაბინძურებულ ნიადაგს. „უნდა აღინიშნოს, რომ აღმოჩენილი დაბინძურებული ნიადაგების ზუსტი რაოდენობა შეუძლებელია განსაზღვრულ იქნას. ზოგიერთ საწყობში ნაპოვნი იქნა დამარხული პესტიციდები. უმეტესი აღმოჩენილი ვადაგასული პესტიციდებისა არის შეფუთვის გარეშე ან ნაწილობრივ შეფუთულია. მათი სახელი და ქიმიური შემადგენლობა უმეტესი შემთხვევისას უცნობია“, - აღნიშნულია ანგარიშში.

თინა წიკლაური, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კახეთის რეგიონული სამმართველოს ყოფილი  სპეციალისტი: „საქობოს საწყობში ინახებოდა ისეთი ქიმიკატები, როგორიცაა დაფქვილი, კოლოიდური და სველებადი გოგირდი, ცინები, ბეთანილი, დიოქსინი და დენდრობაცილინი, რომლებიც ისედაც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მდგომარეობა 1994 წლიდან გართულდა, როცა საწყობმა ფუნქციონირება შეწყვიტა, გაიძარცვა და პესტიციდები ღია ცის ქვეშ დარჩა. რამდენიმე წლის შემდეგ საწყობის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა და ქიმიკატების ნაწილი დაიწვა. ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ დამწვარი პესტიციდების სუნი მთელს რაიონში იგრძნობოდა. განადგურებული საწყობიდან, წლების განმავლობაში, პესტიციდები ტომრებიდან გადმოიყარა და საწყობის ტერიტორიაზე, დაახლოებით 1 ჰექტარზე მიმოიფანტა. ნალექის დროს ქიმიკატები დნებოდა, მიწაში და სანიაღვრე არხებში ჩაედინებოდა, საიდანაც ჯერ ალაზნის სარწყავ არხში, შემდეგ კი მდინარე ალაზანში ხვდებოდა. ამ გზით წყალი ბინძურდებოდა. წყალს კი გლეხები სარწყავად იყენებენ და შესაბამისად მოსავალიც იწამლებოდა. საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები მასობრივად არიან დაავადებულები სხვადასხვა დაავადებებით, ძირითადად კი, ალერგიით და ასთმით. ბევრი ადამიანი ახალგაზრდა ასაკში სისხლის და ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. ასევე ხშირად იბადებიან მკვდარი და ინვალიდი ბავშვები. პროექტს, რომელიც მიზნად პესტიციდების შეგროვებას, გატანას და ტერიტორიის დასუფთავებას ისახავდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა“.

პესტიციდების გატანისას პროექტის მკაცრი მოთხოვნები კახეთში არ დაცულა. მაგალითად, საქობოს საწყობიდან მხოლოდ ტომრებში მოთავსებული პესტიციდები გაიტანეს, რომელიც საწყობიდან 10-მეტრში მცხოვრები ლიდა დუდაევას სახლის კედელთან ეყარა. საწყობის ტერიტორიაზე დღემდეა მომიფანტული სხვადასხვა ფერის შხამ - ქიმიკატები, რომელიც წვიმის დროს სანიაღვრე არხებში ჩაედინება. ასევე, ტერიტორია რამდენიმე ადგილზე დაჭაობებულია და პესტიციდების მძაფრი სუნი დგას. საწყობიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 40 მეტრში მიწის გროვაა.

მიხეილ ბეგიაშვილი, სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს მკვიდრი: „მუშებმაორი დღე იმუშავეს. რაც ტომრებში იყო, მხოლოდ ის წაიღეს, დანარჩენი კი, ტრაქტორი მოიტანეს, ორმო გაჭრეს და საწყობის ტერიტორიაზე მიმოფანტული შხამ - ქიმიკატების ნაწილი შიგ ჩაყარეს, მერე მიწა მიაყარეს. ნიადაგის აღდგენას ვინ ჩივის, მიწაზე დაყრილი შხამ - ქიმიკატები საერთოდ არ შეუგროვებიათ. წელიწადის რა დროც არ უნდა იყოს, პესტიციდების მძაფრი სუნი დგას. განსაკუთრებით ზაფხულში აქ ცხოვრება შეუძლებელია. ისეთი სუნია, ეზოში ვერ გამოვდივართ. 10 წელია რაც ამ უბანში გადმოვედი საცხოვრებლად. 55 წლის ვარ და რაც აქ ვცხოვრობ, მე და ჩემს მეუღლეს მუდმივად თავის ტკივილები გვაქვს და სუნთქვაც გვიჭირს. ამ უბანში ყველა ასეა. გახშირებულია სიმსივნური დაავადებები. ახალგაზრდები სისხლის და სასუნთქი გზების პათოლოგიებით კვდებიან“.

მაისო ვარამაშვილი, სოფელ საქობოს მკვიდრი: „საწყობიდან 12 მეტრში ვცხოვრობ. მუშები მხოლოდ 2 დღე გამოჩნდნენ. ის პესტიციდები მოაგროვეს, რომელიც ტომრებში ეყარა და დაბნეული არ იყო. აი, იმ მიწის გროვას ხომ ხედავთ? ტრაქტორი ერთი საათით ამუშავეს. მთელი შხამები რაც მიწაზე იყო, იმ გორის ქვეშ მოაქციეს“.

სიღნაღის რაიონის ექიმი - ონკოლოგის მარინა კვირიკაშვილის თქმით, საქობოში, საწყობთან ახლოს მცხოვრები ბევრი ახალგაზრდა ფილტვის კიბოთია დაავადებული: „სპეციალური კვლევა არ ჩაგვიტარებია და არც ზუსტი სტატისტიკური მონაცემები გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ონკოლოგიური დაავადებების ზრდა პესტიციდების საწყობს უკავშირდება“.

პესტიციდების ყოფილი საწყობიდან რამდენიმე მეტრში ამჟამად მშენებლობა მიდის. ერთ-ერთი შენობის კედელზე გამოკრული ბანერის მიხედვით, შპს „აგრო ჯგუფი“ თურქულ კომპანიასთან პარტნიორობით, სპირტის ქარხანას აშენებს.

ზიტა იმანოვა, „კახეთის რეგიონში ვადაგასული პესტიციდების რისკ - ფაქტორების შემცირების პროექტის“ რეგიონალური მენეჯერი: „პროექტის მიმდინარეობისას ჩვენ  ვიღებდით  ნიადაგის სინჯებს და ვაგზავნიდით გარემოს დაცვის სამინისტროში. თუ სამინისტროში ანალიზის ჩატარება გაძნელდებოდა, რადგან საჭირო ხელსაწყოები მაშინ იქ არ იყო, ნიადაგის ნიმუში ჰოლანდიაში იგზავნებოდა და იქ დგინდებოდა რა დონეზე იყო ნიადაგი დაბინძურებული. ანალიზის პასუხის მიხედვით ხდებოდა ტერიტორიის გაწმენდა. ზოგ ობიექტზე მხოლოდ ზედაპირული დაბინძურება იყო, ზოგან ათ სანტიმეტრზე ჩავდიოდით. ხშირი იყო შემთხვევა, როცა ერთი მეტრის სიღრმეზე უნდა ჩავსულიყავით. სამწუხაროდ, მე პროექტის მხოლოდ პირველ ეტაპზე ვიმუშავე. შემდეგ სამუშაოდ სხვა სამსახურში გადავედი, მაგრამ ვიცი, რომ კახეთი პესტიციდებისგან გაიწმინდა და უფრო მეტიც, არის ისეთი ტერიტორიები, სადაც ნიადაგის გაწმენდის შემდეგ მოხდა მისი გამწვანებაც. მაგალითად, თელავში აჩინებულის ტერიტორია  გასუფთავდა და ნაძვები დარგეს. ნერგებმა გაიხარა, რადგან ტერიტორია სრულად გაიწმინდა“.

საქობოს საწყობის მსგავსად, მხოლოდ ტომრებში დარჩენილი პესტიციდებია გატანილი თელავში, აჩინებულის ტერიტორიაზე მდებარე სოფქიმიის ყოფილი საწყობიდანაც. ჩვენ ადგილზე დავათვალიერეთ საწყობის ტერიტორია, სადაც შხამ - ქიმიკატები ისევ არის მიმოფანტული და პესტიციდების მძაფრი სუნია. ამასთან, ტერიტორიაზე ახლადდარგული ერთი ნაძვის ხეც კი არ დგას.

პროექტით გათვალისწინებული შედეგები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უნდა მიეღო. სამინისტროს ევალებოდა, კონტროლი გაეწია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დროულად და კარგად შესრულებულიყო. ასევე სამინისტროს ეკისრებოდა შეგროვებული ვადაგასული პესტიციდების შემდგომი მოვლა - პატრონობა.

„გარემოს დაცვის სამინისტროში დოკუმენტები არ არის“

2008 წლის 3 დეკემბერს, პესტიციდებთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდა შემდეგი ინფორმაცია: „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო „საქართველოში არსებული ვადაგასული და ხმარებისათვის უვარგისი პესტიციდების შეგროვება, შეფუთვა და დროებით უსაფრთხო განთავსება“ - პროექტის ფარგლებში ახორციელებს პროგრამას, რომლის საფუძველია მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ სტოკჰოლმის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. როგორც სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველოს უფროსმა ალვერდ ჩანქსელიანმა განაცხადა, პროექტი საქართველოში 2007 წლიდან ხორციელდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი გამოიყო. სხვადასხვა რეგიონში - ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში დასუფთავდა 12 სასაწყობო ობიექტი და 45 ტონამდე ვადაგასული ხმარებისათვის უვარგისი პესტიციდი შეგროვდა, შეიფუთა და უსაფრთხოდ განთავსდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში სპეციალურად აგებულ დროებით საწყობში.  აღნიშნული პესტიციდების გარკვეული რაოდენობა წარმოადგენს მდგრად ორგანულ დამაბინძურებლებს, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობასა და სხვა ცოცხალ ორგანიზმებს საფრთხეს უქმნის და იწვევს ტოქსიკურ ზემოქმედებას, სიმსივნურ და სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებებს. გასულ წელს, გარემოს დაცვის სამინისტრომ ჰოლანდიის არასამთავრობო ორგანიზაცია „Milieukontaqt International“ -ის ფინანსური მხარდაჭერით მსგავსი სამუშაოები კახეთის რეგიონში განახორციელა“, - აცხადებს ჩანქსელიანი. http://www.garemo.itdc.ge/index.php?site-id=83&page=3&id=52&year=2008&month=0

2010 წლის 8 თებერვალს წერილობითი განცხადებით მივმართეთ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და მოვითხოვეთ, „კახეთის რეგიონში ვადაგასული პესტიციდების რისკ - ფაქტორების შემცირების“ პროექტის გაცნობა. ასევე, ინფორმაცია, თუ რა სამუშაოები შესრულდა პროექტის ფარგლებში. 19 თებერვალს სამინისტროდან იმ სამუშაოების ჩამონათვალი მივიღეთ, რომელიც პროექტის ფარგლებში განხორციელდა. წერილში პროექტის შესახებ არაფერია ნათქვამი.

2010 წლის 4 მარტს კვლავ მივმართეთ გარემოს დაცვის სამინისტროს და განმეორებით მოვითხოვეთ „კახეთის რეგიონში ვადაგასული პესტიციდების რისკ - ფაქტორების შემცირების“ პროექტის გაცნობა, ასევე შემდეგი ინფორმაცია: უცხოელი კონსულტანტის პირველი ეტაპის ინვენტარიზაციის ფაზის ანგარიში; განხორციელებული სამუშაოების ანგარიში; ვის მიერ ხორციელდებოდა მონიტორინგი განხორციელებულ სამუშაოებზე და მონიტორინგის ანგარიში; ვინ იყო პასუხისმგებელი პროექტის საბოლოო შედეგის მიღებაზე; 2010 წლის 26 მარტს სამინისტროდან გვაცნობეს, რომ პროექტი სამინისტროში არ ინახება; პროექტის შესახებ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიშები კი მოთავსებულია „Milieukontaqt International“-ის ვებგვერდზე. სამინისტროს წერილში არაფერია ნათქვამი, სამინისტროში არის თუ, არა დაცული იგივე ინფორმაცია, რომლის გაცნობასაც „Milieukontaqt International“-ის ვებგვერდზე გვთავაზობენ.

2010 წლის 12 აპრილს ისევ მივმართეთ გარემოს დაცვის სამინისტროს და მოვითხოვეთ, მოეწოდებინათ სტოკჰოლმის კონვენციის ფარგლებში ჩატარებული წინასწარი ინვენტარიზაციის ამსახველი დოკუმენტაციის, ასევე სამინისტროსა და ორგანიზაცია  „Milieukontaqt International“-ს შორის პროექტის განხორციელების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. სამინისტროდან წერილი 27 აპრილს მივიღეთ. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკატერინე ბენდელიანი სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის უფროსის პაატა ჭიპაშვილის 2010 წლის 22 აპრილის წერილზე დაყრდნობით გვატყობინებს: „სტოკჰოლმის კონვენციის ფარგლებში ჩატარებული ინვენტარიზაციის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ორჰუსის ცენტრის ვებგვერდზე www.aarhus.ge. სამინისტროსა და „Milieukontaqt International“-ს შორის დადებული ხელშეკრულება პროექტის განხორციელების თაობაზე არ არსებობს. ორგანიზაციის შერჩევის დოკუმენტაცია სამინისტროში არ არის“.

სტოკჰოლმის კონვენციის ფარგლებში ჩატარებული ინვენტარიზაციის შესახებ ინფორმაცია ორჰუსის ცენტრის ვებგვერდზე არ აღმოჩნდა. საქართველოში ორჰუსის ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა გოგალაძის განმარტებით, სამინისტროს მათთვის აღნიშნული ინფორმაცია არ მიუწოდებია.

„კახეთის რეგიონში ვადაგასული პესტიციდების რისკ - ფაქტორების შემცირების“ პროექტი, როგორც დოკუმენტი რომ არსებობს და ის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში რომ აქვთ, ამას რამდენიმე დოკუმენტი ადასტურებს:
1/. უცხოელი კონსულტანტი ინვენტარიზაციის ანგარიშში პროექტს არაერთხელ ახსენებს;

2/. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე სოფიკო ახობაძე 2007 წლის 04 აპრილის წერილით 09/03 – 12/945 არასამთავრობო ორგანიზაცია „Milieukontaqt International“-ის დირექტორს იერფას დონნერს ატყობინებს: „მოხარულნი ვართ და მივესალმებით თქვენს გადაწყვეტილებას ვადაგასული პესტიციდების პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით. პროექტი „ვადაგასული პესტიციდების რისკ ფაქტორების შემცირება კახეთის რეგიონში“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მზად ვართ გავაგრძელოთ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა ახალ ასპექტებზე სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში და შეგატყობინებთ დასრულებისთანავე.

მიუხედავად არაერთი მტკიცებულებისა, რომ დოკუმენტაცია უნდა არსებობდეს, გარემოს დაცვის სამინისტროში უარყოფენ, რომ პესტიციდების გატანასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია აქვთ. კითხვაზე, თუ რატომ არ აქვთ დაცული ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, პასუხი არ არსებობს.

„ამ ხნის კაცი ვარ და სადაც შეგხვდები, შუაზე გაგხეთქავ“

2010 წლის 29 ივლისს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან შეთანხმების შემდეგ, სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სამმართველოს უფროსს ალვერდ ჩანქსელიანსა და ამავე სამმართველოს სპეციალისტს ხათუნა ახალაიას შევხვდით. პროექტის მიმღები სამინისტროდან სწორედ აღნიშნული სამმართველო იყო. შეხვედრა ორჰუსის ცენტრის დარბაზში შედგა.

- ბატონო ალვერდ, გაქვთ ინფორმაცია პროექტის შესრულების შემდეგ სამიზნე ადგილებზე რა მდგომარეობაა?

ალვერდ ჩანქსელიანი: პროექტამდეც ბევრჯერ მინახია და პროექტის შემდეგაც ბევრჯერ ვნახე ის ადგილები.

- აღარ ყრია პესტიციდები ე.წ. გაწმენდილ ტერიტორიებზე?

ა.ჩ: სად, სად, ეგ სად?

ხათუნა ახალაია: აღარ ყრია.

- დარწმუნებული ხართ?

ხ.ა: დიახ.

- გუშინაც ვიყავით მე და ჩვენი კიდევ ერთი ჟურნალისტი თელავსა და სიღნაღში და ვნახეთ, რომ და შხამ - ქიმიკატები ისევ ყრია. ამასთან მიმდებარე ტერიტორიაზე საშინელი სუნი დგას. უნდა მომხდარიყო თუ არა პროექტის ფარგლებში ნიადაგის რემედიაცია?

ა.ჩ: არა.

- პროექტის მონაწილეებმა გვითხრეს, რომ პროექტი ნიადაგის რემედიაციასაც ითვალისწინებდა.

ა.ჩ: ვინ რა გითხრა, მე არ მაინტერესებს. ვიღაცამ რა გითხრა ქუჩაში, მე რაში მაინტერესებს? ჩვენი ნათქვამი არის ოფიციალური.
 
- ზიტა იმანოვას ხომ იცნობთ? პროექტის რეგიონული მენეჯერი იყო კახეთში. ჩვენთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ნიადაგის აღდგენის მიზნით, თელავში, შხამ - ქიმიკატებისგან გაწმენდილ ტერიტორიაზე ნაძვები დაირგო. ნაძვები ვერსად ვნახეთ.

ა.ჩ: ეხლა გამოცდას მიტარებ თუ რას მიტარებ? შენ სანამ დაიბადებოდი, ინვენტარიზაცია ჩატარებული მაქვს მთელს საქართველოში. კონკრეტული შეკითხვები მჭირდება.

- ხომ გაეცანით ჩვენს წერილს, სადაც კითხვებია ჩამოწერილი. გვიპასუხეთ დასმულ შეკითხვებზე. ამ პროექტთან დაკავშირებით სამინისტროში რა დოკუმენტებიც გაქვთ, გაგვაცანით.

ა.ჩ: ამაზე პასუხი უკვე გაცემულია.

- არაფერი არ გვაქვსო, ეს არის პასუხი?

ა.ჩ: არ არის და მორჩა.

- რატომ არ არის? ამხელა პროექტი განხორციელდა სამინისტროსთან ერთად, სამინისტრო უწევდა კონტროლს პროექტის მიმდინარეობას და არავითარი დოკუმენტაცია არ ინახება სამინისტროში?

ა.ჩ: არ იყო საჭირო დოკუმენტაცია.

- პესტიციდები რომ ისევ მიწაზე ყრია, შესრულების ანგარიშში რა ჩაწერეთ, ყველაფერი გასუფთავებულიაო?

ა.ჩ: რა ყრია? რა ყრია? რა არის პესტიციდი იცი შენ? აბა მითხარი რას ნიშნავს პესტიციდი? (ჩანქსელიანმა ხმას აუწია და ყვირის). მშვენიერი პასუხი გაქვთ წერილობით გაცემული. ჩემს მიმართ შეკითხვები თუ გაქვთ, დასვით. ახსნა - განმარტებებს ნუ მთხოვთ, შეკითხვა დასვით.

- სამინისტრო არის თუ არა ვალდებული, შეამოწმოს რა შედეგები იქნა მიღებული პროექტის განხორციელების შედეგად?

ა.ჩ: რა თქმა უნდა მთავრობა დაინტერესებულია, რომ პროექტი კარგი შედეგით დასრულდეს. მე წარმოვადგენ სტრუქტურის ხელმძღვანელს. ყველა ეს საკითხები ურთიერთშეთანხმებით ხორციელდებოდა. იმ პროექტის ფარგლებში რაც იყო გასაკეთებელი, ის სამუშაო შესრულდა.

- საქობოს მაცხოვრებლებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ ორმო გაჭრეს, შხამ - ქიმიკატები შიგ ჩაყარეს და მიწა მიაყარეს.

ხ.ა: ვინ თქვა ეგ? ვაიმე ჩემი სიკვდილი... შე ინტრიგანო... დაგარტყავ სახეში პირდაპირ. გამომიყვანე მდგომარეობიდან იდიოტო შენ... მაშ მტყუნის...

- ნუ მირტყავთ და ნუ იწევთ, გადით იქით.

ხ.ა: კიდევ უარესს გიზამ. სანთელი დაანთე აქედან რომ გახვალ.
 
ა.ჩ: ავადმყოფი ხარ შვილო, მკურნალობა გჭირდება.

ხ.ა: შენ მუშაობ იმისთვის, რომ ინტრიგა გააკეთო.

ა.ჩ: ამ ხნის კაცი ვარ, მაგრამ სადაც შეგხვდები, შუაზე გაგხეთქავ“.

ინტერესთა კონფლიქტი

„კახეთის რეგიონში ვადაგასული პესტიციდების რისკ - ფაქტორების შემცირების“ პროექტის პირველ ეტაპზე (2006 წლის იანვარი - აპრილი), პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციის „სიღარიბის დაძლევის პრიორიტეტული მიმართულება“ მენეჯერი ხათუნა ახალაია, რომელიც ამავე დროს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა სამმართველოს უფროს სპეციალისტად მუშაობდა, პროექტში მონაწილეობდა როგორც ექსპერტი. პროექტის მეორე ეტაპზე, 2006 წლის 1 მაისიდან ხათუნა ახალაია უკვე პროექტის მენეჯერად დაინიშნა. პროექტის ფარგლებში მისი ყოველთვიური ხელფასი 540 ევროს შეადგენდა, თუმცა ის სამინისტროში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობას კვლავ აგრძელებდა და ყოველთვიურად ხელფასსაც იღებდა. გარდა ამისა, ხათუნა ახალაია გრანტის ფარგლებში უზრუნველყოფილი იყო ოფისის, საკანცელარიო, მგზავრობის, ტექნიკის, კვების და სხვა ხარჯებით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ახალაიას საპროექტო დოკუმენტაციაში მითითებულ მისამართზე ოფისი არ ჰქონია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის თამარ კორძაიას განმარტებით, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს არა აქვს უფლება, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტის მეორე ეტაპზე ხათუნა ახალაიამ კანონის აღნიშნული მოთხოვნა დაარღვია.

დარღვევები

„Milieukontaqt International“-ის კონსულტანტის იან ბეთლემის მიერ ვადაგასული პესტიციდენტის ინვენტარიზაციის საბოლოო ანგარიშის მიხედვით, პესტიციდების ყველა შესაფუთი მასალა უნდა იყოს სერტიფიცირებული გაეროს მიერ და განკუთვნილი უნდა იყოს პესტიციდებისთვის.

პესტიციდები რომ მხოლოდ სპეციალურ შესაფუთ მასალაში უნდა მოთავსებულიყო, ამას საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი მადონა პირველაშვილიც ადასტურებს. იგი აღნიშნული პროექტის მონაწილე იყო და მის შესრულებაზე მონიტორინგი უნდა განეხორციელებინა, თუმცა მხოლოდ პროექტის პირველ ეტაპზე იმუშავა.

„როცა საბოლოო შეთანხმება მოხდა და პრიორიტეტულ რეგიონად კახეთი შეირჩა, ჰოლანდიელებმა სამინისტროში პროექტის საბოლოო ვარიანტი გადმოაგზავნეს, სადაც ეწერა, რომ მოხდებოდა პესტიციდების შეგროვება, შეფუთვა სპეციალურ შესაფუთ მასალაში, რომელიც საქართველოში არ იშოვებოდა  და მისი შემოტანა საზღვარგარეთის რომელიმე ქვეყნიდან უნდა მომხდარიყო. შემდეგ, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, შეფუთული ქიმიკატები უნდა განთავსებულიყო უსაფრთხო და დაცულ ადგილას. ამ პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი კი ის იყო, რომ ნიადაგის რემედიაცია-აღდგენა უნდა მომხდარიყო, რადგანაც პესტიციდები მიმობნეული იყო საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე და შერეული იყო მიწაში. ფართობი კი თითქმის ყველა ობიექტზე ერთ ჰექტარ ტერიტორიას მოიცავდა. უნდა აჭრილიყო მიწა და მომხდარიყო ამ ნიადაგის აღდგენა. სამწუხაროდ, მე ამ პროექტს მალევე ჩამომაცილეს და არ ვიცი  შესრულდა თუ არა პროექტის პირობები“, - ამბობს მადონა პირველაშვილი.

თათია ჯოხარიძე, პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრი: „პროექტი სამი ეტაპისგან შედგებოდა. პირველი ეტაპი მოიცავდა მსგასი ობიექტების ინვენტარიზაციას ანუ აღწერას. მეორე ეტაპზე ხდებოდა აღნიშნულ ობიექტებში პესტიციდების შეგროვება და ტერიტორიების გაწმენდა, ხოლო  მესამე ეტაპზე უნდა მომხდარიყო ნარჩენების გატანა. მე პირველ და მეორე ეტაპზე ვიმუშავე, მესამე ეტაპზე არ ვყოფილვარ. არა იმიტომ რომ არ მეცალა ან სხვაგან ვმუშაობდი, არამედ იმიტომ, რომ მესამე ეტაპის დაწყება პროექტის ხელმძღვანელმა ხათუნა ახალაიამ არ გაგვაგებინა. სამუშაო ჯგუფი 7 წევრისგან შედგებოდა, ანუ სულ 7 ექსპერტი ვიყავით და ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე არცერთი არ ვყოფილვართ. ბოლო პერიოდში არც ხელფასი მოგვცეს. როცა ახალაიას ვკითხე, პროექტს რატომ ჩამოგვაცილეს, პასუხი არ გაგვცა. ამიტომ, არვიცი, რა და როგორ შესრულდა. ვიცი მხოლოდ ის, რომ პესტიციდები სპეციალურ შესაფუთ მასალაში უნდა შეფუთულიყო, რომელიც სპეციალურად ინგლისიდან უნდა ჩამოეტანათ და ასე უნდა დასაწყობებულიყო, მაგრამ ეს მასალა არ ჩამოვიდა. მიზეზი ჩემთვის უცნობია. დანამდვილებით ვიცი, რომ პესტიციდები პურის ფქვილის ტომრებში ჩაყარეს, რომელიც ხათუნა ახალაიამ წნორის ერთ-ერთ მაღაზიაში იყიდა. ფქვილის ტომრების საყიდლად ახალაია მე ჩემი მანქანით წავიყვანე, როცა მას საქობოში შემთხვევით შევხვდი. მაშინ  ერთი ტომრის საცალო ფასი 45 თეთრი იყო.

პესტიციდების გარკვეული რაოდენობა, რომელიც სპეციალისტის თქმით, მდგრად ორგანულ დამაბინძურებლებს წარმოადგენს და ადამიანის ჯანმრთელობასა და სხვა ცოცხალ ორგანიზმებს საფრთხეს უქმნის, კახეთში, ე.წ. დასუფთავებულ საწყობებში და მიმდებარე ტერიტორიებზე ისევ ყრია.

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში: „ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფი კახეთში“ - რომელსაც აფინანსებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „საქართველოში მედიის როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება“. სტატიის შინაარსი არ გამოხატავს ევროკავშირისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს. მასზე მთლიანად პასუხისმგებელია კახეთის საინფორმაციო ცენტრი.

ახალი ამბები