კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარემოვაჭრეებთან და დევნილებთან საბრძოლველად ხელისუფლებამ პოლიტიკურად „მკვდარი სეზონი“ შეარჩია

12 აგვისტო, 2010
ალეკო ცქიტიშვილი

აგვისტოს სიცხეებმა თბილისში პიკს მიაღწია. 40-დან 50 გრადუსამდე სიცხეში მზის გულზე გამოსულს ვერავის ნახავთ, თუ არ ჩავთვლით პოლიციას, რომელმაც ქართული პოლიტიკის „მკვდარ სეზონზე“ დრო იხელთა და გარემოვაჭრეებს და დევნილებს შეუტია. საპირისპიროდ გარემოვაჭრეები და დევნილები საპროტესტო აქციებს მართავენ, მაგრამ საზაფხულო ხვატში მათ მხარს ბევრი არავინ უჭერს, თუ არ ჩავთვლით ლაშა ჩხარტიშვილს „კონსერვატიული პარტიიდან“ და ალეკო შალამბერიძეს „ხალხის პარტიიდან“, რომელთა გვარები დღის სიახლეებში ყველგან ჩნდება, სადაც კი გარემოვაჭრეთა დარბევასა და დევნილების გამოსახლებაზეა საუბარი.

გარემოვაჭრეები „დინამოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან 10 აგვისტოს დილით აყარეს. ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ამ დროს ასობით გარემოვაჭრე დაარბიეს და სავაჭრო საქონელი გაუნადგურეს. მისივე ინფორმაციით, გარემოვაჭრეები ასევე დაარბიეს მეტროსადგურ „დელისთან“. მათი ნივთები ღამის 03:00 საათზე პოლიციის თანამშრომლებმა დალეწეს და გაიტანეს.

მეტროსადგურ „დელისთან“ მდგომ გარემოვაჭრეებს წინა დღეებში მიუვიდათ გაფრთხილება, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ. ჩხარტიშვილის ინფორმაციით, ასეთივე გაფრთხილება მიუვიდათ სხვა გარემოვაჭრეებს რუსთაველის გამზირზე და სხვა ქუჩებზე.

ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ხელისუფლება მათ ალტერნატიულ სავაჭრო ადგილებს არ სთავაზობს. ბაზრობებზე კი გადასახადები ძალიან დიდია.

თბილისის მერია გარევაჭრობის აკრძალვას თვალს მშვიდად ადევნებს. მერიის ინფორმაციით, გარემოვაჭრეთა რაოდენობა არც ისე დიდია, რომ მათი ადგილი ბაზრებში არ იყოს. კერძოდ, დახურულ ბაზრებში ოთხი ათასამდე გარემოვაჭრის გადაყვანაა დაგეგმილი, გარკვეული შეღავათებით. როგორც თბილისის მერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბაზრებში შესული გარემოვაჭრეები წლის ბოლომდე გადასახადებს არ გადაიხდიან.

გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან იმავე დღეს - 10 აგვისტოს გამართეს. აქცია გაიმართა 11 აგვისტოსაც. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „დინამოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრემ, მარინა შვიცოვამ განუცხადა, გარევაჭრობაზე არანაირ გადასახადს არ იხდიდნენ, ყიდდნენ წვრილმანებს და მცირე შემოსავალს იღებდნენ. ახლა კი მათ სთავაზობენ „თერგის“ ბაზრობაზე (ვაგზლის ტერიტორია) ადგილებს, რომელიც მათთვის მიუღებელია.

„ბაზარში რომ შეხვიდე, 5000 ლარის საქონელი მაინც უნდა გქონდეს. ჩვენ არა გვაქვს ამხელა თანხა, რომ იქ საქონელი შევიტანოთ. კვირაში მხოლოდ 100 ლარის საქონელს ვყიდით - წვრილმანებს. ერთი წინდიდან 50 თეთრი რომ დამრჩება, განა რამდენი უნდა გავყიდო დღის განმავლობაში, რომ ბაზრობაზე დაწესებული გადასახადები გადავიხადო?! დღეში 8 ლარი ჩეკის ფულია გადასახადი, 30 ლარი დახლის ფულია ყოველთვიურად, ცალკე - ელექტროენერგიის საფასური“,- განაცხადა გარემოვაჭრემ.

ერთ-ერთი მოვაჭრის, ციალა კვერნაძის განცხადებით, „თერგის“ ბაზრობაზე თავადაც ვაჭრობდა, ორი ადგილი ჰქონდა, მაგრამ გადასახადების გადახდას ვერ გასწვდა, მოგება აღარ რჩებოდა და გარევაჭრობაში ჩაერთო.

გარემოვაჭრეების განცხადებით, გარევაჭრობის პირობებში ისინი გადასახადებს არ იხდიან. მათთვის მიუღებელია თუნდაც ახალ წლამდე ბაზრობებში შესვლის შემთხვევაში გადასახადებისაგან გათავისუფლდება, რადგან გადასახადებს ახალი წლიდანაც ვერ გადაიხდიან.

აქციას მხარს უჭერდნენ „კონსერვატიული პარტიიდან“ ლაშა ჩხარტიშვილი და „ხალხის პარტიიდან“ ალეკო შალამბერიძე. მათ 12 აგვისტოს საპროტესტო აქცია არა მერიასთან, არამედ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან დანიშნეს.

12 აგვისტოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან უკვე გარემოვაჭრეებისა და დევნილების გაერთიანებული საპროტესტო აქცია გაიმართა. გარემოვაჭრეებმა პრეზიდენტისაგან გარევაჭრობის აკრძალვის საკითხით დაინტერესება მოითხოვეს.

როგორც ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ, ნანული მამასპარაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მათ ბაზარში შესვლა სცადეს 2 წლის წინ, როცა ერთხელ უკვე აიკრძალა გარევაჭრობა. შევიდნენ „მუხიანის ვარსკვლავში“, შეიტანეს 1000 ლარის საქონელი, თუმცა არანაირი ვაჭრობა არ იყო. მხოლოდ იყო მაღალი გადასახადები და ბაზარში ვაჭრობიდან არანაირი მოგება არ დარჩენიათ. ამიტომ იძულებულები გახდნენ, ბაზარი დაეტოვებინათ და კვლავ მეტროსადგურ „ახმეტელთან“ გამოსულიყვნენ. მისივე განცხადებით, მზად არიან, გადაიხადონ მოსაკრებელი, თუმცა გააჩნია მოსაკრებელს. ისინი მაღალ მოსაკრებელს ვერ გადაიხდიან. ბაზარში კი მაღალი ყოველდღიური გადასახადებია, რასაც ისინი ვერ შეწვდებიან.

როგორც მამასპარაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლებამ უნდა დაარეგულიროს აღნიშნული საკითხი და გაითვალისწინოს საშუალო ფენის მოვაჭრეთა ინტერესები, რომლებსაც არ შეუძლიათ მაღალი გადასახადების პირობებში ბაზრებში ვაჭრობა.

რაც შეეხება პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეკრებილ დევნილებს, მათ საცხოვრებელი ფართების დარეგისტრირება მოითხოვეს. ერთ-ერთი დევნილის, ნინო ზანთარაიას განცხადებით, რეზიდენციასთან ის დევნილები მივიდნენ, რომლებიც სხვადასხვა კომპაქტური ჩასახლების ადგილებიდან უკვე გამოყარეს, ან უპირებენ გამოყრას. ზანთარაია აღნიშნავს, რომ დევნილები პრეზიდენტს მოუწოდებენ, დაინტერესდეს დევნილების პრობლემით, დაეხმაროს ფართის გამოყოფაში და დაკანონებაში დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ადგილას.

დევნილების კომპაქტურად ჩასახლების ადგილებს პოლიციამ გარემოვაჭრობის აკრძალვის პარალელურად შეუტია. ვაკე-საბურთალოს გზაზე მდებარე ამიერკავკასიის ყოფილი სამხედრო ოლქის შენობიდან დევნილების გამოსახლების პროცესი 11 აგვისტოს დილის 07:00 საათიდან დაიწყო. ამ დროისთვის შენობასთან სატვირთო მანქანებზე დევნილების ნივთებს ტვირთავდნენ და შენობას ცლიდნენ. დევნილები კი აცხადებდნენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ და მათ ნაწილს არც არაფერს სთავაზობენ. ნაწილს კი სთავაზობენ ზუგდიდის რაიონის სოფლებში ორულში და ფოცხოში საცხოვრებელ სახლებს, თუმცა ისინი ამაზე უარს ამბობენ და საცხოვრებლით დაკმაყოფილებას თბილისის მასშტაბით მოითხოვენ. დევნილებთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ „ხალხის პარტიის“ წარმომადგენელი ალეკო შალამბერიძე და „კონსერვატორი“ ლაშა ჩხარტიშვილი. ამ შენობაში სულ 700 ოჯახი ცხოვრობს, ძირითადად - კოდორის ხეობიდან და აფხაზეთიდან დევნილები. შედარებით ნაკლებად - ცხინვალის რეგიონიდან დევნილები.

სოფელ აჩაბეთიდან დევნილმა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, განაცხადა, რომ მას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში განაცხადის დაწერას სთავაზობენ. 13 აგვისტოს სამინისტროს კომისია განიხილავს საკითხს და ორშაბათისათვის 10 000 დოლარს მისცემენ. მისივე განცხადებით, აქამდე არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ 10 000 დოლარს აძლევდნენ, და შესაბამისად, ეს თანხა არც აუღია.

დევნილის თქმით, ამ თანხით, გორის რომელიმე სოფელში, შესაძლოა, პატარა სახლი იყიდოს. მისივე თქმით, ამიერკავკასიის სამხედრო დაჯგუფების ყოფილ შენობაში ცხინვალის რეგიონიდან დევნილი სულ სამი ოჯახი ცხოვრობს, რამდენიმეა კოდორის ხეობიდან, დანარჩენი კი აფხაზეთიდან დევნილები არიან.

დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროც ადასტურებს, რომ 2008 წლის ომის შედეგად დევნილ ყველა ოჯახს 10 000 დოლარს აძლევენ და ვისაც არ აუღია ეს თანხა, განცხადება უნდა დაწეროს.

თუმცა, როგორც ირკვევა, 10 000 დოლარის გაცემა პრობლემებს ვერ წყვეტს, რადგან ხშირია შემთხვევები, როცა ამ თანხას დევნილები სხვა პრობლემების მოსაგვარებლად ხარჯავენ და კვლავ თავშესაფრის გარეშე რჩებიან. მით უფრო, ეს თანხა  ვერ აკმაყოფილებს იმ დევნილებს, რომლებსაც ცხოვრება თბილისში უნდათ.

ცხინვალის რეგიონიდან დევნილების განცხადებით, 10 000 დოლარიანი კომპენსაციით ბინების შეძენა თბილისში ვერ შეძლეს. როგორც  დიდი ლიახვის ხეობის სოფელ აჩაბეთიდან დევნილმა სალომე ქალიაშვილმა განაცხადა, კომპენსაცია 10 000 დოლარი მიიღო, მაგრამ ეს თანხა თბილისში ბინის შესაძენად არ ეყო.

მისივე განმარტებით, ამის გამო ცხოვრობს ყოფილი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შენობაში. როგორც ქალიაშვილი აცხადებს, დევნილთა უმრავლესობამ მის მსგავსად 10 000 დოლარად ბინები ვერ შეიძინა. ნაწილმა კი, ვისაც საშუალება ჰქონდა, კომპენსაციას თანხა დაუმატა და ბინა იყიდა, ნაწილმა კი ბინა შიდა ქართლის სხვადასხვა სოფლებში იაფად შეიძინა.

შიდა ქართლიდან დევნილთა თქმით, 10 000 დოლარიანი კომპენსაცია ყველას არ მიუღია. დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ქემერტიდან დევნილი ქეთი ზოზიაშვილი ამბობს, რომ მისი ოჯახისთვის 10 000 დოლარიანი კომპენსაცია არ მიუციათ, მიზეზად კი უთხრეს, რომ დოკუმენტების წესრიგში არ ჰქონდა.

არიან დევნილები, რომლებიც თბილისის მერიის ბალანსზე არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით მაჩაბლის ქუჩის #8-ში და ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები გამოდიან.

მაჩაბლის ქუჩის მცხოვრების ნუნუ ხუბუას განცხადებით, შენობა, სადაც ისინი ცხოვრობენ, მერიის ბალანსზეა. მათ მიიღეს გაფრთხილება, რომ შენობა უნდა დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალით გამოასახლებენ. ეს დევნილები თბილისის მერიასთან და პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართულ საპროტესტო აქციებზე მაჩაბლის ქუჩაზე გამართული აქციის შემდეგ მივიდნენ.

„ინტეპრესნიუსის“ ცნობით, პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორები იყვნენ „კონსერვატორი“ ლაშა ჩხარტიშვილი, და ალეკო შალამბერიძე „ხალხის პარტიიდან“. აქციას ასევე მხარი დაუჭირა კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელმა დავით ლილუაშვილმა.

როგორც ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, ხუთშაბათი დევნილების სოლიდარობის დღედ გამოცხადდა. ამიტომ ყოველი ხუთშაბათს 12:00 საათზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან, დევნილთა სოლიდარობის ნიშნად, საპროტესტო აქციები გაიმართება.

ახალი ამბები