კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხოვრება „სასტიკ პირობებში“

13 აგვისტო, 2010
გელა მთივლიშვილი, კახეთი

„საქართველომ „მინიმუმზე“ მეტი უნდა გააკეთოს, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ომების გამო იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებლით, სამუშაოთი და ჯანდაცვით უზრუნველსაყოფად. დევნილებს იმაზე მეტი სჭირდებათ, ვიდრე მათი სახურავით უზრუნველყოფაა“, - განაცხადა გასულ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ - ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორმა ნიკოლა დაქვორთმა.

ანგარიშში, რომელიც „Amnesty International“ - მა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით მოამზადა, ნათქვამია, რომ 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთის ომის გამო იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრებას „სასტიკ პირობებში“ განაგრძობენ.

სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში, ყოფილი ბანაკის საერთო საცხოვრებლებში დევნილების 8 ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ისინი გულრიფშის, ოჩამჩირის, გაგრის რაიონებიდან და სოხუმიდან, სიღნაღში 1993 წელს ჩამოასახლეს.

„შენობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. სახურავი დაზიანებულია და წვიმის დროს ოთახებში იმდენი წყალი ჩამოდის, გუბეები დგება ხოლმე. სინესტისგან კედლები იშლება და გვეშინია შენობა არ ჩამოინგრეს და შიგ არ მოვყვეთ, მაგრამ წასასვლელი არსად გვაქვს და იძულებულები ვართ აქ დავრჩეთ“, - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ლალი ყურაშვილი.

„წყალი ჩვენ არ გვაქვს, გაზი არ არის, ელექტროენერგიის მავთულები ღიად ყრია, ოთახს ფანჯარა არ აქვს ნორმალური და კარი. აუტანელ პირობებში გვიწევს ყოფნა, მაგრამ ვერაფერს ვცვლით. სახელმწიფოსგან დახმარებას ვიღებთ, სულზე 22 ლარს. ეს თანხა კვებისთვისაც არ გვყოფნის. არცერთი ჩვენგანი არ არის დასაქმებული. დღიური სამუშაო თუ იქნება სადმე, იქ დავდივართ და არსებობას ძლივს ვახერხებთ“, - აღნიშნავს მარიამ ხარშილავა.

საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით, საქართველოს მთავრობამ 2007 წელს დევნილებისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად პროგრამების განხორციელება დაიწყო. მთავრობამ სპეციალური სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც აღიარებს ადგილობრივი ინტეგრაციის უფლებას იმ ეტაპამდე, სანამ დევნილთა დაბრუნება გახდება შესაძლებელი. მთავრობამ ასევე  დაამტკიცა სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა და 2009 წელს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი ფართების გარემონტებისა და მათი საკუთრებაში გადაცემის პროცესი დაიწყო.

ნუკრიანში მცხოვრები დევნილების თქმით, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან იყო შეთავაზება საცხოვრებლად საგარეჯოში, რეაბილიტირებულ შენობაში გადასულიყვნენ, რაზედაც თანხმობა განაცხადეს, თუმცა მოგვიანებით, იქ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად შიდა ქართლიდან დევნილები შეასახლეს და ადგილი აღარ დარჩა.

„როგორც ვიცით ეს შენობა, სადაც ამჟამად ვცხოვრობთ, გაყიდულია და კერძო მესაკუთრე ჰყავს. ბოლო პერიოდში სხვადასხვა რაიონებში მასობრივად ხდება დევნილების გასახლება და ალბათ, ეს პროცესი ჩვენც შეგვეხება. წერილობით მივმართეთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ასევე საქართველოს პრეზიდენტს, რომ ჩვენი განსახლება მოხდეს ჩვენთან წინასწარი მოლაპარაკებით და შეთანხმებით, თუმცა არავინ გამოგვეხმაურა“, - ამბობენ დევნილები.

გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების პროცესში დევნილები ჩართულები რომ არ არიან, ამას ადასტურებს ისიც, რომ გურჯაანში, კურორტ „ახტალის“ კორპუსებიდან იძულებით გამოსახლებული აფხაზეთიდან დევნილები გამოსახლების შემდეგ ქირით ცხოვრობენ.

კურორტ „ახტალის“ პირველ და მესამე საძილე კორპუსებში აფხაზეთიდან დევნილების 43 ოჯახი ცხოვრობდა. შს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსმა ლევან ბიწკინაშვილმა დევნილები „ახტალის“ საკუთრებაში არსებული შენობებიდან გამოსახლების შესახებ 2010 წლის 8 ივლისს გააფრთხილა და შენობის დასაცლელად 5 სამუშაო დღე მისცა. ვადა 15 ივლისს ამოიწურა. დევნილების გამოსახლების მოთხოვნით, პოლიციას, კურორტ „ახტალის“ დირექტორმა გოგა უტიაშვილმა მიმართა. კურორტი „ახტალა“ სახელმწიფო საწარმოა. დევნილების გასახლებაზე პოლიციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ნებართვა ჰქონდა. სამინისტრო აფხაზეთიდან დევნილებს ალტერნატიულ ფართს გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხესა და ლაგოდეხში სთავაზობს, თუმცა დევნილები სამინისტროს მიერ შეთავაზებულ შენობებში საცხოვრებლად გადასვლაზე უარს ამბობენ, იმ მიზეზით, რომ მათი საყოფაცხოვრებო პირობები გაუარესდება. მათივე თქმით, სოფელ ბაკურციხეში შენობა ისე გარემონტდა, რომ სამინისტროს დევნილებისთვის აზრიც არ უკითხავს.

დიალოგისა და კონსულტაციების ნაკლებობაზე ყურადღებას ამახვილებს „Amnesty International“ -იც. „დევნილებს საქართველოში მცირე შანსები აქვთ იმისათვის, რომ რაიმე გავლენა მოახდინონ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს მათ მიერ ეკონომიკური და სოციალური უფლებების გამოყენებაზე“, - აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.

იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ერთ - ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას ჯანმრთელობის მდგომარეობა წარმოადგენს.

„სიღარიბე, შემოსავლის ნაკლებობა და მძიმე საცხოვრებელი პირობები ნეგატიურ გავლენას ახდენს იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობაზე. დევნილობა და ტრავმა თავს იჩენს მენტალური ჯანმრთელობის გადახრებშიც. არაადექვატური საცხოვრებელი პირობები და ცუდი კვება იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის ზრდის ტუბერკულოზით, დიფტერიითა და ანემიით დაავადების შესაძლებლობებს.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დაზღვევის პროგრამა, რომელიც ეხმარება დევნილებს, რომლებიც სოციალურად მოწყვლად ფენას მიეკუთვნებიან, უზრუნველყოფს იმას, რომ დევნილთა შორის ყველაზე ღარიბებს ხელი მიუწვდებათ სამედიცინო მომსახურებაზე, თუმცა ღარიბ დევნილთა დიდი ნაწილი, რომელთაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვთ, მაგრამ ვერ აკმაყოფილებენ უმწეოთა შეფასების აქამდე არსებულ კრიტერიუმებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო დაზღვევის გარეთ რჩებიან“ - ნათქვამია „Amnesty International“ - ის ანგარიშში.

საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, აწარმოოს დევნილებთან კონსულტაციები ისეთ საკითხებზე, რაც მათ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს, რომ ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა; „Amnesty International“ მიმართავს ხელისუფლებას, უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლის შესაბამისობა ადექვატური საცხოვრებლის სტანდარტთან და პრიორიტეტი მიანიჭოს მათ, ვინც დაუყოვნებლივ საჭიროებს ყურადღებას.

ახალი ამბები