კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალების ახალი თაობა სხვა გზას ირჩევს

16 აგვისტო, 2010
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

„ყველაზე დიდი განსხვავება ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ ქალს შორის ისაა, რომ თქვენ მეუღლეების გვერდით მეტი უფლებები გაქვთ, ვიდრე მათ. ზოგადად კი, აზერბაიჯანელი ქალები, ძირითადად - სოფლებში, თავს თავისუფლებად ვერ გრძნობენ“, - ამბობს ტატიანა ბატაშური, რომელიც მარნეულში „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ ოფისში მუშაობს.

ქვემო ქართლში ქალთა უფლებების მდგომარეობაზე საუბრისას უფლებადამცველებს პირველ რიგში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები ახსენდებათ. ამ მხრივ, რეგიონის შორეული სოფლების დიდი ხნის პრობლემებია 13-14 წლის ასაკში გოგონების დაოჯახება და საზოგადოებაში მამაკაცებზე ნაკლები უფლებების მინიჭება. 

ტატიანა ბატაშურის თქმით, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალბატონები ხშირად აკითხავენ მათ ორგანიზაციას და საკუთარ პრობლემებზე  „მესამე პირით“ საუბრობენ: „ეს ქალები არ ამბობენ, რომ მათ ცემს ქმარი. ან მისი ნებართვის გარეშე გარეთ ვერ გადიან. ისინი ამბობენ, რომ მათ ნათესავ ქალს ან მეზობელს აქვს ასეთი პრობლემა და რა უნდა ქნას – ჩვენ გვეკითხებიან“.

ასეთი პრობლემები ძირითადად სოფლებში მცხოვრებ ქალებს აქვთ. მათი დიდი ნაწილი 13-14 წლის ასაკშია დაოჯახებული. სკოლაც კი არა აქვთ დამთავრებული. ელემენტარული საჭიროებისთვის ქმრის ან დედამთილისთვის ფულის თხოვნა უწევს. პატარა ასაკში როცა თხოვდებიან, უამრავ ახალ ნივთს ყიდულობენ. მერე გადის დრო და დიდ პრობლემებს ეჯახებიან.

ჩვენს საუბარს ესწრება ამავე ორგანიზაციის თანამშრომელი გალიბა კარახმაზლი. კითხვაზე - არის თუ არა დაოჯახებული, გვპასუხობს: „დაოჯახებული, რომ ვიყო, არა მგონია, აქ ვმუშაობდე. რთულია ისეთი ქმრის პოვნა, რომელიც ოფისში მუშაობის საშუალებას მოგცემს. აზერბაიჯანელები ცოლებს ძირითადად სკოლებში ან საავადმყოფოებში აძლევენ მუშაობის უფლებას“.

„ამ მხრივ მდგომარეობა ქალაქში ნელ-ნელა იცვლება, თუმცა ბევრ სოფელში ყველაფერი თითქმის ისეა, როგორც წლების წინ იყო“, - ამბობს გალიბა. იგი 21 წლისაა. მარნეულში ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალში სწავლობს. ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან პროგრესულად მოაზროვნე მშობლები ჰყავს. მისთვის 14 წლის ასაკში დაოჯახება არავის დაუძალებია. თუმცა, ბევრი ჰყავს ისეთი მეგობარი, რომელიც ასეთ ასაკში მოიტაცეს.

„ხშირია არასრულწლოვანი გოგონების დაოჯახების მიზნით მოტაცება. პოლიცია დიდი დოზით ვერ ერევა, რადგან როგორც წესი, იშვიათად ხდება გოგოს უკან მობრუნება. მშობლები რიგდებიან. არასრულწლოვანთა დაქორწინების საკითხში სამართალდამცავები იმიტომაც ვერ ერევიან, რომ იციან, ჩარევის შემთხვევაში, ეტყვიან - ჩვენს ტრადიციებს ხელყოფთო“, – ამბობს ტატიანა ბატაშური. მისი თქმით, სწორედ ამ ტენდენციის გამო, ქვემო ქართლის სოფლების სკოლის მაღალკლასებში აზერბაიჯანელი გოგონების პოვნა რთულია.

„ნაადრევ დაოჯახებას ჯამრთელობის მთელი რიგი პრობლერმები მოჰყვება. მყავს 29 წლის მეგობარი, რომელიც 14 წლისა გათხოვდა. მას დღეს უკვე 27 აბორტი აქვს გაკეთებული. ანუ წელიწადში გამოდის ორი აბორტი. იცით ეს რა არის?! ეს დაკარგული ჯამრთელობაა“, – ამბობს ტატიანა ბატაშური.

ამ მოსაზრებას იზიარებს მარნეულის მცხოვრები სიმა გაჯიევა: „ბევრ ქალს არა აქვს საშუალება, სპირალი ჩაიდგას. ან არ იცის რა ტაბლეტები უნდა დალიოს და როგორ მიხედოს თავს. ამისი შედეგი კი უამრავი სერიოზული გინეკოლოგიური დაავადებაა“.

მიუხედავად იმისა, რომ ქვემო ქართლში არაერთ ადრეულ ასაკში დაოჯახებულ, თუ მოტაცებულ აზერბაიჯანელ ქალბატონს ვიცნობთ, მათი საუბარზე დათანხმება რთული აღმოჩნდა. „ჩვენს ოჯახებში ისეთი არაფერი ხდება, რაც ჩვენთვის შეურაცმყოფელი იყოს“, - ასეთი იყო ერთ-ერთის პასუხი.

ჩვენ ასევე შევხვდით ახალგაზრდა აზერბაიჯანელ გოგონებს, რომლებმაც მიმართეს  „ძალადობისაგან დაცვის ქსელის“ მარნეული ოფისს. „ჩვენ სკოლის დამთავრება და სწავლის უმაღლესში გაგრძელება გვინდა. დაგვეხმარეთ, რომ მშობლები დავითანხმოთ“, - ასეთი იყო მათი თხოვნა.

აზერბაიჯანელ ქალთა ახალი თაობა რომ სწავლა-განათლების მიღებას და საკუთარი თავის რეალიზაციას ცდილობს, ამაზე რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრიიის აპარატშიც საუბრობენ.

ზაირა მუსაევა, რეიტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ეთნიკური უმცირესობის საკითხთა სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: „მიხარია, რომ სულ უფრო და უფრო მეტი აზერბაიჯანელი ახალგაზრდა აბარებს უმაღლეს სასწავლებლებში. ისინი ხშირად ჩამოდიან თხილისში. აქაურ ცხოვრებას ხედავენ და უნდათ, თვითონაც ასე იცხოვრონ. თუმცა, არსებობს სხვა პრობლემებიც. ძალიან ზოგადად რომ ვთქვათ, გეტყვით, რომ უმცირესობების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა ინტეგრაციის საკითხზეა აქტიურად გადართული. ამის გვერდით კი უამრავი სხვა პრობლემა რჩება მოსაგვარებელი. მაგალითად, სამწუხაროდ, დღესაც არსებობს ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლები, სადაც ქალები სახლებში მშობიარობენ. ჩვენ ჩართული ვართ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს და ასევე განათლების სამინისტროს რეკომენდაციებს გადავცემთ ყველა არსებული პრობლემის მოსაგვარებლად“.’

თავადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი ზაირა მუსაევა ამბობს, რომ თავის მრავალრიცხოვან სანათესაოში უმაღლესი განათლება მხოლოდ მას და მის დას აქვს.

ქვემო ქართლის რეგიონის ქალაქებში მართლაც შესამჩნევია ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალთა ცხოვრების წესის ცვლილების ტენდენცია. თუმცა, კვლავ ბევრია ისეთი ოჯახი, სადაც ქალების ერთადერთ დანიშნულებად შვილების გაჩენა და გაზრდა რჩება.

ახალი ამბები