კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო!“ - პოეტები ლექსების კითხვისას დააკავეს და გაასამაართლეს

16 აგვისტო, 2010
ალეკო ცქიტიშვილი

14 აგვისტოს პუბლიცისტმა ირაკლი კაკაბაძემ, პოეტებმა შოთა გაგარინმა და ალექსი ჩიღვინაძემ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე საპროტესტო არტ-აქცია მოაწყვეს. აქციის შესახებ საზოგადოებამ ორი დღით ადრე სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ საშუალებით შეიტყო. ორგანიზატორების ინფორმაციით, ისინი ჯორჯ ბუშის ქუჩის სახელწოდებას გააპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ, მისთვის ამერიკელი პოეტის, უოლტ უიტმენის სახელი დაერქმიათ. საპროტესტო არტ-აქცია - „ძირს ბუში! გაუმარჯოს უიტმენს!“ - პოეტების დაპატიმრებით დასრულდა.

„ამერიკის სიმბოლო არ არის ჯორჯ ბუში. ბუში ნავთობისთვის ომის სიმბოლოა -  პრეზიდენტი, რომელმაც ამერიკის იდეას ძირი გამოუთხარა. უოლტ უიტმენის ლექსი „ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანო“ ეძღვნება ნამდვილ ამერიკას, რომელიც აუცილებლად მიაღწევს დასახულ მიზანს, მიუხედავად იმისა, მოკლავს კორპორატოკრატია მის კაპიტანს თუ არა. დღეს ამერიკა აღარაა ბუშის ამერიკა, ჩვენ კი ამერიკის პატივსაცემად ამერიკელი ხალხის თვალში იდიოტი პრეზიდენტის ქუჩა გვაქვს. როცა საუბარი გვაქვს ამერიკაზე, პირველ რიგში თავისუფალი სული, მეოცნებე მაძიებლები, თამამი იდეები და ის კულტურული ნოვაციები უნდა გაგვახსენდეს, რომლითაც ამერიკამ მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალა. უოლტ უიტმენი ამ ტრადიციის ნაწილია. ბუშის პრეზიდენტობა ხიჭვია ტრაკში, რომლის ამოძრობასაც 8 წელი დასჭირდა. უოლტ უიტმენი კი მუდმივია. ძირს ბუში, გაუმარჯოს უოლტ უიტმენს!“ - წერდა აქციის წინა დღეს „ფეისბუკზე“ შოთა გაგარინი.

14 აგვისტოს პოეტები შეიკრიბნენ ისანში, ჯორჯ ბუშის ქუჩის დასაწყისში, სადაც გზის პირას ბუშის უზარმაზარი გამოსახულება ჰკიდია. მათ ცოტა იჩქარეს და აქცია დანიშნულ დრომდე 15 წუთით ადრე დაიწყეს. თავდაპირველად შავი საღებავით ჯორჯ ბუშის ქუჩის ნაცვლად უოლტ უიტმენის ქუჩა დააწერეს და შეღებეს აბრა, რომელზეც აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უმცროსია გამოსახული. პოლიცია ადგილზე იმ დროს გამოცხადდა, როცა აქციის მონაწილეები ლექსებს კითხულობდნენ.

ალექსი ჩიღვინაძე იხსენებს: „ვიდექით ეგრეთ წოდებულ „უსაფრთხოების კუნძულზე“ და უიტმენის, გინზბერგის, ეშბერის, ასევე საკუთარ ლექსებს ვკითხულობდით. გზის სავალი ნაწილი თავისუფალი იყო. О Captain! my Captain! - ვკითხულობდით პოლიფონიურად, ერთმანეთის წარმოთქმული ფრაზები ერთმანეთს ერეოდა - О Captain! my Captain!  და განსხვავებულ ლექსებს წარმოქმნიდა. ამას ემატებოდა მანქანების ხმაური. О Captain! my Captain!  ეს ქუჩის მონათვლის, განწმენდის უვნებელი რიტუალი გახლდათ. О Captain! my Captain!  ჩვენ უიტმენის ამერიკა გვინდა და არ გვინდა იდიოტი ბუშის ამერიკა, - იყო მთავარი მესიჯი“.

ისინი სამართალდამცველებმა სწორედ მაშინ დააკავეს, როცა ირაკლი კაკაბაძე კითხულობდა ლექსს - „ძაღლებო, ძაღლებო“. მათ ბრალად პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა წაუყენეს და კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობაში, წინასწარი დაკავების საკანში მოათავსეს.

მეორე დღეს, 15 აგვისტოს, დაკავებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული ჯარიმა – 400-400 ლარი შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს ირაკლი კაკაბაძის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი. მისი თქმით, მოსამართლემ არ ისურვა ენახა მათ მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალა, როგორც მტკიცებულება, თუ რა მოხდა სინამდვილეში აქციაზე. „მოსამართლემ მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებების დაიჯერა“, - განაცხადა ადვოკატმა. მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე აუცილებლად გაასაჩივრებს.

„ბრალად წაგვიყენეს პოლიციისთვის ბოროტი წინააღმდეგობის გაწევა. ეს იყო ჩვენი მუხლი. სამივეს საქმე გააერთიანეს. დაპატიმრებისას უფლებები არ განუმარტავთ. ოქმში კი ჩაწერეს, რომ უარი ვთქვით ადვოკატზე, რაც სრული სიცრუეა. დაკავებულებს კარგად გვეპყრობოდნენ. გასაჩივრებას აუცილებლად ვაპირებ. ჟურნალისტების და „კავკასიური სახლის“ ოპერატორის მიერ ფირებზე ასახულია, რომ პოლიციისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაგვიწევია“, - ამბობს შოთა გაგარინი.

ვიდეომასალა, რომლის ნახვაზეც სასამართლომ უარი განაცხადა, „ფეისბუკზე“ მალევე გამოჩნდა (იხ. ლინკი):
http://netgazeti.ge/GE/20/News/2242/?sms_ss=facebook

ახალი ამბები