კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლება დევნილებს აწიოკებს

18 დეკემბერი, 2009
ალეკო ცქიტიშვილი

„დევნილთა ბართლომეს ღამეები“ - ასეთი შეფასება მისცა მედიამ თბილისში კომპაქტურად ჩასახლების ადგილებიდან დევნილთა მასობრივ გამოსახლებას. არაპოპულარული პროცესისათვის ხელისუფლებამ პოლიტიკურად ყველაზე პასიური თვე - აგვისტო შეარჩია. ოპოზიციური პარტიების ლიდერთა უმეტესობა ამ დროს სხვადასხვა კურორტებზე ისვენებს, ისევე როგორც რიგითი მოქალაქეები - საპროტესტო აქციების ცოცხალი ძალა. ამიტომაც ამ პერიოდში თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციების მოწყობა პრაქტიკულად შეუძლებელია.

თუმცა, 16 აგვისტოს დევნილების ნაწილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მაინც მოაწყო. აქციაზე ძირითადად ე.წ. ისნის ჰოსპიტალიდან და ასევე ყაზბეგის გამზირზე არსებული კომპაქტური ჩასახლების ადგილებიდან გამოსახლებული დევნილები იმყოფებოდნენ. მათ შორის იყვნენ როგორც აფხაზეთიდან, ასევე სამაჩაბლოდან და კოდორის ხეობიდან დევნილები. აქციის ორგანიზებაში თავისი წვლილი შეიტანეს „კონსერვატიული პარტიის“ წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა და „ხალხის პარტიის“ წევრმა, ალეკო შალამბერიძემ. მათ დევნილებს მაქსიმალური აქტიურობისკენ, ასევე - დევნილთა მოძრაობის შექმნისაკენ მოუწოდეს.
 
როგორც ე.წ. ისნის ჰოსპიტალიდან გამოსახლებულმა დევნილებმა განაცხადეს, ისინი ისე გამოასახლეს, რომ ალტერნატიული ფართი და კომპენსაციაც არ შეუთავაზებიათ: „შემოგვთავაზეს მხოლოდ ის, რომ ჩვენს ნივთებს საწყობში შეინახავდნენ. თუმცა, ჩვენ არც ამას დავთანხმდით და ჩვენი ნივთები ნათესავებთან გადავანაწილეთ. დღეს კი გვეუბნებიან, რომ ალტერნატიული ფართებით დასაკმაყოფილებლად სპეციალური კომისია უნდა გავიაროთ“.

მართალია, დევნილებთან აქციაზე სამინისტროდან არავინ გამოსულა, მაგრამ თავად დევნილები სათითაოდ შედიოდნენ სამინისტროში, სადაც ისინი სოციალური სამმართველოს უფროსს, გოგა ტუღუშს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა დევნილმა, ადელი თოდაძემ განაცხადა, გოგა ტუღუშმა მათ უთხრა, რომ ალტერნატიული ფართებით დევნილების დაკმაყოფილების საკითხს სპეციალური კომისია გადაწყვეტს. იქამდე კი, თოდაძის განცხადებით, იგი თავს ნათესავებს შეაფარებს.

აქციაზე იმყოფებოდა ასევე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი, რომელიც დევნილთა პრობლემების შესწავლას აპირებს.

იმავე დღეს, 16 აგვისტოს, სამინისტროსთან საპროტესტო აქციის პარალელურად, მაჩაბლის ქ.#8-ში მცხოვრებ 41 დევნილ ოჯახს ასახლებდნენ. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ადგილზე იმყოფებოდა, დაახლოებით, 50-ზე მეტი საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი, რომლებსაც პერიმეტრი შემოფარგლული ჰქონდათ და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევდნენ. იმავე წუთებში სატვირთო მანქანებში დევნილების ავეჯს ტვირთავდნენ. გასახლების პროცესს ევროკავშირის ორი წარმომადგენელი აკვირდებოდა, მაგრამ მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან კი მაჩაბლის ქუჩაზე არავინ მისულა.

შენობის დაუყოვნებლივ დაცლის შესახებ გაფრთხილება დევნილებმა ერთი კვირის წინ მიიღეს. როგორც ცხინვალის რეგიონიდან დევნილმა კახა ტერაშვილმა განაცხადა, სამაჩაბლოდან დევნილი რვა ოჯახი მაჩაბლის #8-ში 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ შესახლდა. ტერაშვილის თქმით, მისთვის უცნობია, სად გადაყავთ დევნილები. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, დევნილები წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოეწერში გადაყავთ.

ასეთივე გაფრთხილება გასახლებაზე ერთი კვირით ადრე მიიღეს ლერმონტოვის ქ. #10-ში მცხოვრებმა დევნილებმა. 15 აგვისტოს კი მათთან მივიდნენ ჩინოვნიკები  სამინისტროდან, რომლებმაც აცნობეს, რომ მეორე დღეს მათი გასახლების პროცესი დაიწყებოდა და უნდა მომზადებულიყვნენ.

აფხაზეთიდან დევნილი ნინო ქარდავა ოთხი თვეა, მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ლერმონტოვის #10-ში ცხოვრობს. მის გარდა, ამ მისამართზე დევნილთა კიდევ ათამდე ოჯახი ცხოვრობს, რომელთაგან ორი - აფხაზეთიდან, დანარჩენები კი ცხინვალის რეგიონიდან არიან დევნილიები.

ნინო ქარდავას თქმით, როგორც მათთვის არის ცნობილი, ლერმონტოვის ქუჩიდან დევნილებს კახეთში, სოფელ ბაკურციხეში გადაიყვანენ. ქარდავამ გულისტკივილი გამოთქვა და აღნიშნა, მისი მეუღლე თბილისში მუშაობს და სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად სოფელში ცხოვრება მარტოკას გაუჭირდება.

დევნილთა გამოსახლებების პროცესთან ერთად, მედიაში უკვე გაჩნდა ცნობები, რომ თბილისიდან და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვრისა და სოფელ ფოცხოეწერის დასახლებაში ჩასახლებულ დევნილებს „არანაირი საცხოვრებელი პირობები არა აქვთ“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ახალი მემარჯვენეების“ წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, წალენჯიხის საკრებულოს წევრმა დავით ბელქანიამ განუცხადა, ფოცხოეწერში იმ კორპუსებს, სადაც დევნილები ჩაასახლეს, დაპირების მიუხედავად, არ მიეწოდება ელექტროენერგია. ასევე, შენობებში გაუმართავია წყალგაყვანილობის სისტემა. სარემონტო სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული და არ არის შექმნილი ცხოვრების ელემენტარული პირობები.

ამასთან, დავით ბელქანიამ განაცხადა, რომ ჯვარსა და ფოცხოეწერში ჩასახლებულ დევნილებს არა აქვთ დასაქმების პერსპექტივა, რადგან თვითონ რაიონის მოსახლეობაც დაუსაქმებელია და მათგან განსხვავებით, დევნილებს მიწის ნაკვეთებიც არა აქვთ გამოყოფილი.

დევნილთა შენობებიდან მასობრივი განსახლების საკითხზე 16 აგვისტოს თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოცილურ საკითხთა კომისიის სხდომაზეც იმსჯელეს.
საკითხის განხილვამ სხდომაზე დებატები გამოიწვია.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, დევნილთა რეგისტრაციის საკითხი კვლავ მოუგვარებელია, უკანონოდ ხდება შენობებიდან მათი მასობრივი გასახლება. ოპოზიციონერი დეპუტატები თვლიან, რომ დევნილთა პრობლემების გადასაჭრელად, აუცილებელია თითოეული დევნილის აზრის გათვალისწინება და საკითხისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მათ სურდათ კომისიის სხდომაზე ლტოლვილთა სამინისტროს პასუხისმგებელი პირებისგან შენობებიდან დევნილთა მასობრივი გამოსახლების მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით არგუმენტები და ინფორმაცია მოესმინათ. სამინისტროს წარმომადგენლები კი სხდომაზე არ გამოცხადდნენ, რაც საკითხის მიმართ ხელისუფლების მიდგომაზე მეტყველებს.

ვიქტორ დოლიძე აპირებს, ჩავიდეს ფოცხოეწერში და პირადად მოინახულოს ის შენობა, სადაც ხელისუფლება თბილისიდან დევნილების გადასახლებას გეგმავს.

„გვაინტერესებს, რა პირობები ექნებათ ღირსეული ცხოვრებისთვის დევნილებს. არის თუ არა საკმარისი ფართი, ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, სკოლა, რით უნდა ირჩინონ თავი და ა.შ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დევნილებისთვის გამოყოფილი კორპუსები მოუწყობელია და არ არის საკმარისი ფართი. გვინდა, ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახოთ და შესაბამისი ზომები ისე მივიღოთ“, - განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ აგვისტოს ე.წ. „მკვდარი თვე“ გამოიყენა იმისთვის, რომ დევნილები საცხოვრებელი ადგილებიდან გამოეყარა. „ამ სკითხის განხილვას საკრებულოშიც დავუბრუნდებით და სხვა დონეებზეც დავაყენებთ“, - განაცხადა დოლიძემ.

ჯვარსა და ფოცხოეწერში ჩასვლას და დევნილთა ახალი საცხოვრებელი პირობების შესწავლას „ადამიანის უფლებათა ცენტრიც“ აპირებს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან მოწყობილი საპროტესტო აქციის დასასრულს ლაშა ჩხარტიშვილმა მომავალი აქციის გამართვის დრო და ადგილი დაასახელა. დევნილების მორიგი აქცია 19 აგვისტოს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან გაიმართება.

ახალი ამბები