კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუისპირელები გარემოს დაცვის მინისტრს გულგრილობაში ადანაშაულებენ

18 აგვისტო, 2010
გელა მთივლიშვილი, კახეთი

თელავის რაიონის სოფელ რუისპირის მოსახლეობა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს გოგა ხაჩიძეს გულგრილობაში ადანაშაულებს. რუისპირის მაცხოვრებლები სოფელში მინისტრის ჩასვლას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობა პროტესტის ნიშნად, გარემოს დაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს.

სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე თურდოს ხეობაში, კომპანია „სერპანტინის“ ასფალტის ქარხანა და ქვის სამტვრევი საამქრო მუშაობს. რამდენიმე უბანი გამონაბოლქვში და მტვერშია გახვეული. სოფელში ასთმის და ალერგიული დაავადების გავრცელებას უჩივიან. რუისპირის მაცხოვრებლების თქმით, ასფალტის ქარხანა და ქვის სამტვრევი საამქრო გარემოს აბინძურებს, რაზედაც გარემოს დაცვის სამინისტროს და ადგილობრივ სამსახურებს არაერთხელ აცნობეს, მაგრამ უშედეგოდ.
 
„როცა ასფალტის ქარხანა მუშაობს, მთელი სოფელი კვამლშია გახვეული და მაზუთის მძაფრი სუნი დგას. მუდმივად გვაწუხებს თავის ტკივილები, ისე გვახველებს, რომ შეიძლება დავიხრჩოთ“, - გვითხრა რუისპირის მკვიდრმა ალექსანდრე სამხარაძემ.

„ბოსტანში აღარაფერი მოდის. მოსავალი ვერ მოგვყვავს. ყველაფერი მტვრის სქელი ფენით არის დაფარული. ხანდახან სოფელში ისეთი მტვერი დგას, 10 მეტრში ადამიანის დანახვაც კი გვიჭირს. ასფალტის ქარხანა დიდი ხანია რაც მუშაობს, მაგრამ მდგომარეობა ბოლო 2 თვეა რაც გაუარესდა. მანამდეც იყო კვამლი და მტვერი, მაზუთის სუნიც იდგა, მაგრამ ასეთი აუტანელი ვითარება არ ყოფილა“, - ამბობს ლია ბოსაშვილი.

გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს ინსპექტირების განყოფილების უფროსის სოსო აბულაძის განცხადებით, სოფელ რუისპირში გარემო მართლაც სერიოზულად ბინძურდება. „რუისპირში 2 ასფალტის ქარხანა და 3 კიდევ ინერტული მასალების სამსხვრევ - დამხარისხებელი საამქრო ფუნქციონირებს. შესასწავლია, კონკრეტულად რომელი საამქროს მიერ ხდება გარემოს დაბინძურება, მტვერი აწუხებს სოფელს თუ კვამლი. ჩვენს სამსახურს ოფიციალური საფუძველი, ნებართვა ან ბრძანება არ აქვს, რომ მეწარმის ტერიტორიაზე კონტროლი ვაწარმოოთ. სოფელმა უნდა მიმართოს გარემოს დაცვის სამინისტროს. სამინისტროს ნებართვის შემდეგ შევძლებთ მიზეზების გარკვევას“,- აღნიშნა იოსებ აბულაძემ.

შპს „სერპანტინის“ დირექტორის მოადგილის ნუგზარ ხუცაიძის თქმით, ასფალტის ქარხანა სტანდარტებს ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ „გამონაბოლქვი ტოქსიკური არ არის და ადამიანის ჯამრთელობას საფრთხეს არ უქმნის“.

„ასფალტის ქარხნის გამონაბოლქვი გარემოს აბინძურებს. ამიტომაც, ამჟამად სრული დატვირთვით აღარ ვმუშაობთ. შეკვეთილი გვაქვს ფილტრები, რომელიც უკრაინაში უნდა დამზადდეს და სექტემბრიდან მდგომარეობა გამოსწორდება. რაც შეეხება ქვის მტვრევის დროს გამოყოფილ მტვერს, მაგას ვერაფერს ვუშველით. რამდენიმე ადამიანის საჩივრის გამო კი წარმოებას ვერ გავაჩერებთ. ეს მტვერი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის“, - განაცხადა ნუგზარ ხუცაიძემ.

სოფლის მაცხოვრებლების თქმით, ასფალტის ქარხნის ხელმძღვანელობა მათ ფილტრების დამონტაჟებას უკვე 2 წელია რაც პირდება. ამას თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის რუისპირის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ალექსი ნონიკაშვილიც ადასტურებს. „როგორც დამპირდნენ, ფილტრები მაისში უნდა დაეყენებინათ. ბოლოს როცა ვესაუბრე საწარმოს ხელმძღვანელებს, მითხრეს, სექტემბერში დავაყენებთო. სექტემბერიც მალე მოვა“, - ამბობს სოფლის გამგებელი.

რუსპირში არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით სამინისტროს სასწრაფო რეაირებისკენ „ღია გარემოსდაცვითმა სამოქალაქო ინიციატივამაც“ მოუწოდა, მაგრამ სამინისტრო პრობლემით მაინც არ დაინტერესდა.

„სპეციალისტებმა სასწრაფოდ უნდა შეისწავლონ თელავის რაიონის სოფელ რუისპირში არსებული მდგომარეობა და გარემოს დაბინძურების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება მოხდინონ“, - აღნიშნავს „ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის“ კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

ახალი ამბები