კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხევისჭალა - 20 წელი ელექტროენერგიის გარეშე

19 აგვისტო, 2010
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

„მატანს რომ გასცდებით, ასახვევია. იქ უნდა აუხვიოთ, მაგრამ ამ მანქანით ვერ ახვალთ. ფეხით გაგიჭირდებათ. ტრასიდან 4 კილომეტრზე მეტი იქნება და ძალიან ცუდი გზაა“, - გვითხრა ტაქსის მძღოლმა ახმეტის ავტოსადგურში, რომელსაც ხევისჭალისკენ მიმავალი გზის მისწავლება ვთხოვეთ. მატანს გავცდით. ასახვევშიც ავუხვიეთ. რამდენიმე ასეული მეტრი გავიარეთ, ორჯერ მდინარეც გადავკვეთეთ, მაგრამ მესამედ ვეღარ შევძელით. ღრმა იყო. გზა ფეხით გავაგრძელეთ. მივდივართ და სახლებს ვერ ვხედავთ. მწყემსი შეგვხვდა. ჩრდილში ისვენებდა.  გვკითხა: ვინ ხართ, იმ სოფელში რა გინდათო?

გვინდოდა გაგვეგო, გვენახა და გვეჩვენებინა, როგორ ცხოვრობენ სოფელში, სადაც 20 წელია ელექტროენერგია არ აქვთ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც კი უარს ამბობს იქ ასვლაზე.

სოფლის შესასვლელში ახალგაზრდა ბიჭი შემოგვხვდა 2 ბავშვთან ერთად. ღორებს მსყემსავდნენ. გამოველაპარაკეთ.

- ჟურნალისტები ხართ? აქ როგორ მოხვედით? ვინ მოგიყვანათ? რა გინდათ?- დაგვაყარა კითხვები გიორგიმ.

- თქვენი სოფლიდან ფოტორეპორტაჟი უნდა მოვამზადოთ. გვაინტერესებს როგორ ცხოვრობთ, რა პრობლემები გაქვთ.

- ეხ, პრობლემებზე მეტი რა გვაქვს. 21-ე საუკუნეში შუქი რომ არ გვექნება, ამაზე დიდი პრობლემა რა უნდა იყოს. ეს მდინარეც ჩვენ გვიტევს. წვიმების დროს ადიდდება ხოლმე და გზა მიაქვს. მერე დანგრეულ გზას აღარავინ აკეთებს და ვართ ხოლმე სოფელში ტყვეებივით. წამოდით, სოფელში შევიდეთ. ხალხს დავუძახებ და დაგელაპარაკებით.

- ვინ არიან გიორგი? - იკითხა ბებომ, რომელიც გზაზე მოდიოდა.

- ჟურნალისტები არიან, ჟურნალისტები, - უპასუხა გიორგიმ.

ბებო ერთხანს გაჩუმდა, დაფიქრდა, მერე იკითხა: ჟურნალისტები? აქ საიდან მოხვდნენ?

- ჩამოვედით, გვაინტერესებს როგორ ცხოვრობთ, რა გიჭირთ.

- გაიხარეთ შვილო. რამდენჯერ ახმეტის გამგეობაში ჩავედით, ქალაქში გვითხრეს, დაურეკეთ ჟურნალისტებს, იქნებ ყურადღება მოგაქციონო. დავრეკეთ, მაგრამ აქ არავინ მოვიდა. შუქი ჩვენ არ გვაქვს, გზა აქ არ არის, ვისაც საშუალება აქვს, გაიქცა აქედან და ბავშვებიც წაიყვანა. ვინც დავრჩით და შვილიშვილები გვყვავს, კი არიან ისე, რომ წერა - კითხვაც არ იციან.

- საბავშვო ბაღიც არ არის?

- ბაღი არა კინოი. შუქს ვიხვეწებით, იმას არ გვაძლევენ და ბაღს ვინ აგვიშენებს აქ.

სოფელშიც შევედით.

- მაგული ძალოოო, მაგული ძალო! გამოდით, სტუმრები გვყვავს. გიორგიმ თანასოფლელებს ქუჩაში, კაკლის ხესთან უხმო.

„ამ სოფელში ფშავლები ვცხოვრობთ. ეს ჩვენი ბირჟაა. მთვარე რომ ამოვა, აი, ამ კაკლის ქვეშ ვიკრიბებით და რადიოს ვუსმენთ. 20 წელია ამ სოფელში შუქი არ ყოფილა. ტელევიზორის ყურება ოცნებად გვექცა“, - გვითხრა 68 წლის სიმონ დავითაშვილმა.

კაკლის ხის ქვეშ 18 ადამიანი შეგროვდა. „სულ ესღა დავრჩით მთელი სოფელი. აქედან წასულებს დაბრუნება უნდათ სოფელში, ხანდახან ამოდიან კიდეც, სახლები არ მიუტოვებიათ, მაგრამ ამ სოფელში არაფერი არ არის და ყურადღებასაც არავინ გვაქცევს“, - აღნიშნა 64 წლის დარიკო გენჯაძემ.

- მაჟორიტარი დეპუტატისთვის არ მიგიმართავთ?

- ვინ არი დეპუტატი?

- პეტრე ცისკარიშვილი

- არ ვიცით შვილო. არჩევნები როცაა, მაშინ ამოვლენ ხოლმე მანქანებით. მოგვიტანენ ყუთს და გვეუბნებიან 5-იანი შემოხაზეთო. ბოლოს როცა ვიყავით გამგებელთან ჩასულები, ვუთხარით, ყურადღებას თუ არ მოგვაქცევ და შუქს თუ არ გამოგვიყვანთ, სოფელში საარჩევნოდაც აღარ ამოხვიდეთო. იცით რა გვითხრა? თქვენი 10 ხმა არაფერს არ ცვლის და ჭკვიანად თუ არ იქნებით, რაც გაქვთ, იმასაც დაკარგავთო. რა გვაქვს, რა გაუკეთებია, რას გვაყვედრის?“

„ცოტა ხნის წინ მეზობელი დააყაჩაღეს. ექიმის დახმარება სჭირდებოდა და სასწრაფომ აქ ამოსვლაზე უარი გვითხრა. გზა არ ვარგა და ვერ ამოვალთო. 5 000 ლარი იყო გამოყოფილი სოფლისთვის. სამი მანქანა ხევიდან ამოღებული ქვები დაყარეს და გაიხარჯაო ის ფული. ჩვენთვის მოეცათ, ჩვენ უკეთესად გავაკეთებდით. აბა გზა სად არის? არც ტრანსპორტი დადის. მოვიკიდებთ ხოლმე ზურგზე ხურჯინებს და ფეხით დავდივართ. თუ ავად გახდა ვინმე და ექიმი სჭირდება, იმ ტრაქტორს ხომ ხედავთ, სასწრაფოს მაგივრობას ეგ გვიწევს. დაგვსხავს ხოლმე გიორგი და ახმეტაში მივყავართ“, - გვითხრა მაგული დავითაშვილმა.

თამრო ხუცურაული: „ეგე, ბალღი 6 წლისაა და მულტფილმი არ იცის რა არი. ანთებული ნათურაც კი არ უნახავს. ეეე შვილო, ძალიან ცუდ დღეში ვართ. ზამთარში 6 თვე სოფელში იგრე ვართ ხოლმე, ვერსად ვერ გავდივართ. თუ ფქვილი გაგვითავდა, სიმინდს ვფქვავთ და იმას ვჭამთ. არაფერს არ ვითხოვთ, მარტო დენი გვაღირსონ“.

ხევისჭალაში 4 საათი ვიყავით. სოფელი საღამოს დავტოვეთ. ახმეტაში მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ვაჟა ნასყიდაშვილს შევხვდით. თვითონ გამგებელი არ შეგვხვდა. გამგებლის მოადგილე გვარწმუნებდა, რომ სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ხევისჭალაში მისასვლელი გზა გაკეთდა და მანქანები უპრობლემოდ მოძრაობენ.

„შუქს რაც შეეხება. ეგ „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ საქმეა. ისინი კი თვლიან, რომ სოფელში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს და მათთვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად სერიოზული თანხების დახარჯვა არ ღირს და პრიორიტეტული არ არის“, - განაცხადა ახმეტის გამგებლის მოადგილემ.

ახალი ამბები