კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაწამები პატიმრები სტრასბურგში ჩივიან

20 აგვისტო, 2010
ნინო თოფურიძე, ჟურნალი „ლიბერალი“

ოთხი წლის წინ პატიმრების ცემის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, დღემდე არავინ დაკითხულა დაზარალებულთა გარდა. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პატიმრების სარჩელის ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში განცილვას უზრუნველყოფს.

2010 წლის 8 მარტს, სახალხო დამცველის თანამშრომლებს რუსთავის მეორე მკაცრი რეჟიმის კოლონიის პატიმარმა რუდიკ ოვაკიმიანმა მიმართა. იგი ჩიოდა, რომ ციხის ადმინისტრაციამ სცემა.

„ოვაკიმიანს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, მარცხენა თვალზე სილურჯე, სიწითლე მუცლის არეში, მსჯავრდებულს აწუხებდა მრავალმხრივი ტკივილი“, - სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა, მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, პატიმრის ცემის ფაქტზე რეაგირებისათვის მიმართა.

რუდიკ ოვაკიმიანის და კიდევ ერთი პატიმრის - იმედა ბუთხუზის წამების ფაქტზე გამოძიება ჯერ კიდევ 2006 დაიწყო. საქმე 333-ე მუხლით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებით აღიძრა, მაგრამ იმ დროიდან მოყოლებული  საქმე წინ არ წაწეულა. პატიმრები სტრასბურგის სასამართლოში აპირებენ ჩივილს.

იმედა ბუთხუზი,  2005 წლის 2 მარტს, პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით დააკავა. სასამართლომ მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პატიმარი ორთაჭალის მე-5 საპყრობილის 103-ე საკანში მოათავსეს. ორთაჭალის ციხიდან,  2006 წლის მარტში ბუთხუზი, სხვა მრავალ პატიმართან ერთად, რუსთავის #6 საპყრობილეში გადაიყვანეს. პირველად იგი სწორედ რუსთავის ციხეში ტრანსპორტირებისას სცემეს.

„ციხის მისაღებ ოთახში დამხვდნენ ნიღბიანები, ხელკეტებითა და მუშტებით მცემეს. მათ შორის იყო ციხის დირექტორი გიგინეიშვილი. ცემის შედეგად, დამიზიანდა ხერხემალი და თავის არეში სისხლჩაქცევები მქონდა“, - წერს საკუთარ ჩვენებაში იმედა ბუთხუზი.

ცემის შემდგომ, ბუთხუზის მდგომარეობა დამძიმდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, პატიმარი ექიმმა ასათიანმა მიიღო. ექიმმა პაციენტს წინდაწინვე განუმარტა, რომ ცემის ფაქტს მის სამედიცინო ბარათში ვერ შეიტანდა.

„ცემისგან დროებითი დამბლა მქონდა, რადგან ხერხემალი დამიზიანდა, ჩამტვრეული მქონდა გულმკერდის მალები და თავში ჰემატომა განმივითარდა. მიუხედავად ამისა, ექიმმა მითხრა: შენი დიაგნოზი ბარათში რომ შევიტანო, სამსახურიდან მომხსნიან და შეიძლება მე თვითონ მცემონო“, - იხსენებს იმედა ბუთხუზი.

ცემის ფაქტთან დაკავშირებით, პატიმარი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას დღემდე უშედეგოდ ითხოვს. მას იმედი აქვს, რომ დაზიანებებს ექსპერტიზა გამოავლენს.

2006 წელსვე, ციხის ადმინისტრაცია შეიცვალა, რუსთავის მე-6 საპყრობილის უფროსად, სანდრო ხულორდავა დაინიშნა, მის მოადგილეებად კი - გიორგი ხუხუა და ლაშა ბრეგვაძე. ახალი ადმინისტრაციის მოსვლასვე დაემთხვა ე.წ ციხის ბუნტი, რომლის დროსაც რამდენიმე პატიმარი დაიღუპა. „24 მარტს, ციხეში  ბაჩო ახალაია სპეცრაზმთან ერთად შემოვიდა, პირადად ვარ მოწმე, როგორ უმოწყალოდ ჩახოცა პატიმრები. ვნახე პატიმართა გარდაცვლილი გვამები“, - ამტკიცებს ბუთხუზი.

ბუნტის შემდგომ, ციხეში მდგომარეობა გამკაცრდა, საცხოვრებელი პირობები კი  გაუარესდა. პატიმრები შეფარვით, თუმცა მაინც გამოთქვამდნენ პრეტენზიას, საკვების, სივიწროვისა და ანტისანიტარიის გამო. ტუსაღებს არ ჰქონდათ ტელეფონით სარგებლობისა და წერილების გაგზავნის საშუალება. როგორც თავად ამბობენ, ადმინისტრაციის მისამართით  საჩივრების  გამო პატიმრები ბევრჯერ უცემიათ.

„ოჯახთან 6 თვე არ მქონდა კავშირი _ არ იცოდნენ ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი. ბოლოს ციხის სოციალური სამსახურის უფროსს, ზვიად ზვიადაძეს ვუთხარი, რომ მას ევალებოდა ოჯახთან დავეკავშირებინე, რაზეც  მიპასუხა - „გაჩერდი, თორემ ისედაც ავადმყოფს სამუდამოდ დაგაავადმყოფებო“, - იხსენებს ბუთხუზი.

ბუთხუზი მიიჩნევს, რომ სწორედ ზვიადაძესთან შელაპარაკების გამო ჩამოატარეს იგი შიშველი ციხის დერეფანში და შიშველივე ჩასვეს კარცერში.

კარცერში პატიმრის შიშვლად ჩასმის ფაქტს ადასტურებს იმ დროინდელი სახალხო დამცველი - სოზარ სუბარიც. „2006 წლის 15 ოქტომბერს ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები - გიორგი მშვენიერაძე, ოთარ კვაჭაძე, კობა ჩოფლიანი მე-6 საპყრობილეში შევიდნენ. მათ ნახეს იმედა ბუთხუზი, რომელიც კარცერში, საცვლების ამარა იჯდა. ეს პირველი შემთხვევა არ იყო. 13 ოქტომბერს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა კარცერშივე შიშველ მდგომარეობაში ნახეს პატიმარი - ვაჟა გეგენავაც. პატიმრის ტანისამოსი კარცერის გარეთ ეყარა“, - განმარტავს  სუბარი.

პატიმარმა სახალხო დამცველის რწმუნებულებს ციხის ადმინისტრაციის უკანონო ქმედების შესახებ მოუყვა და წერილობითი ჩვენებაც მისცა. ამის შემდგომ იმედა ბუთხუზი ბაჩო ახალაიამ  კაბინეტში დაიბარა.

„მან მკითხა - შენ ხარ იმედა ბუთხუზიო? როგორც კი დადებითი პასუხი მიიღო, აყვირდა - მე მიჩივი ბიჭოო?!.. და დამიწყეს მან და კიდევ სხვებმა ცემა“, - ამბობს პატიმარი.

მანვე გვითხრა, რომ ციხეში თეა თუთბერიძემ მოინახულა. პირისპირ შეხვედრისას თუთბერიძემ პატიმარს მოსთხოვა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაწერილი განცხადების უკან გამოტანა. თანამშრომლობის სანაცვლოდ თუთბერიძე მას პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდა.

იმედა ბუთხუზთან შეხვედრას ადასტურებს თეა თუთბერიძეც, თუმცა უარყოფს, რომ მან პატიმარს რამე შესთავაზა. თუთბერიძე საკანში გაშიშვლებულ სამივე პატიმარს შეხვედრია.

„მე მათთვის არაფერი შემითავაზებია. ეს სრული სიცრუეა. სამივე პატიმარს ცალ-ცალკე ვესაუბრე. მათი ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა და, ბუნებრივია, ეჭვი შევიტანე ფაქტის სიზუსტეში. ვიზუალურად ფიზიკური ძალადობის ნიშნები არ ემჩნეოდათ. მაგრამ თუ ისინი მართლა შიშვლები ჩაატარეს დერეფანში, ეს ნამდვილად ადამიანის უფლების დარღვევაა“, - გვითხრა თუთბერიძემ.

მალე იმედა ბუთხუზი რუსთავის მე-2 ზონაში გადაიყვანეს. პატიმრის მტკიცებით, ზეწოლა აქაც გრძელდებოდა. მისგან სარჩელის გამოტანას და აღიარებითი ჩვენების ვიდეოკამერით ჩაწერას მოითხოვდნენ.

„უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გიორგი ხუხუა და მისი თანაშემწე მცემდნენ, მემუქრებოდნენ თუ ჩვენ მოთხოვნას არ შეასრულებ - ოჯახს ამოგიხოცავთო“, - ამბობს ბუთხუზი.

პატიმართა ცემის გამო, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე 2006 წელს აღძრა, თუმცა ფაქტთან დაკავშირებით, უშუალოდ დაზარალებული პატიმრების გარდა, ჯერ არავინ დაუკითხავთ.

2008 წლის მიწურულს სოზარ სუბარმა პატიმართა მიმართ #6 საპყრობილის თანამშრომლების სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურისაგან საქმის მსვლელობის დოკუმენტაცია მოითხოვა. თუმცა, სახალხო დამცველს მხოლოდ ის აცნობეს, რომ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბების მუხლით წინასწარი გამოძიება დაიწყო.

გამოძიებამ, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, მოწმის სტატუსით დაკითხა #6 საპყრობილის პატიმარი რუდიკ ოვაკიმიანი.

რუდიკ ოვაკიმიანი 2005 წელს იხდიდა სასჯელს, რუსთავის #5 საპყრობილეში, მოგვიანებით იგი სხვა პატიმრებთან ერთად, ამავე ციხის #6 კორპუსში გადაიყვანეს. რუდიკ ოვაკიმიანისა და იმედა ბუთხუზის საკნები ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა.

„საკანი, სადაც შემიყვანეს, 28 კაცზე იყო გათვალისწინებული, მაგრამ 100 კაცი ვიჯექით. საკანს თუნუქის სახურავი ჰქონდა, რის გამოც ზაფხულში ოთახის ტემპერატურა 40 გრადუსამდე ადიოდა, არ ნიავდებოდა, არ მოდიოდა წყალი, საპირფარეშო ღია ჰქონდა. საკანში იყო ანტისანიტარია, ტარაკნები, ვირთხები, ბაღლინჯოები. დაგვესია ტილები. გაგვიჩნდა კანის დაავადებები: მუნი, სოკო. არავის ანაღვლებდა ჩვენი მკურნალობა. ვიძინებდით მორიგეობით, არ გვქონდა ლეიბები და თეთრეული“, - ამბობს პატიმარი ოვაკიმიანი.

„იმ დროს, ორთაჭალის ციხეებში, ნამდვილად მძიმე მდგომარეობა იყო. 20-კაციან საკანში 120 ადამიანი იხდიდა სასჯელს. ფანჯრები თუნუქით იყო დაბურული და არსაიდან ნიავდებოდა. საკვების და სამედიცინო მომსახურების დონეც დაბალი გახლდათ. პატიმრებს ან არასწორად მკურნალობდნენ ან საერთოდ არ მკურნალობდნენ, რასაც ხშირად ფატალურ შედეგებამდე მივყავდით“, - ამბობს სუბარი.

„საჩივრის წერილის გამო, 2006 წლის ივლისის ბოლოს, მცემეს, ხულორდავამ, დავით მამუკიძემ, ზურაბ ზვიადაძემ, ორ ადგილზე გამიტყდა თავი და დამიზიანდა ხერხემალი. ციხის უფროსის კაბინეტში ამათრიეს, ხულორდავამ მითხრა: აქ მე ვარ ყველაფერი, ექიმიც, მოსამართლეც, ჯალათიც, როცა ამ დაზიანებებისთვის ექიმს მომთხოვ, მოვალ და ხერხემალს ამოგაცლიო“, - იხსენებს პატიმარი.

აუტანელი პირობების გამო, ოვაკიმიანმა სხვა პატიმრებთან ერთად საჩივრის წერილით სახალხო დამცველს მიმართა. ისინი აპროტესტებდნენ იმასაც, რომ ციხის ტელეფონის გამოსაყენებლად და მონო ბარათების საყიდლად ფულს  კორპუსის უფროსს, გიორგი ხულორდავას აძლევდნენ, რომელიც 5-ლარიან მონობარათს 20 ლარად ყიდდა.

„ტელეფონით რომ გვესარგებლა, ფული უნდა აგვეგროვებინა. მერე, ამ ფულს ხშირად უბრალოდ გვართმევდნენ, ჩაატარებდნენ ჩხრეკას, ნახავდნენ ფულს, იძახდნენ ე.წ. „ობშიაკის“ ფულიაო და მიჰქონდათ. მერე თანხის აგროვება ისევ თავიდან გვიწევდა იმისათვის, რომ ოჯახთან დარეკვა შეგვძლებოდა“, - ამბობს ოვაკიმიანი.

ოვაკიმიანის თქმით, იგი იმედა ბუთხუზთან ერთად რამდენჯერმე სასტიკად სცემეს. იგი კარცერში უჭმელ-უსმელი 4 დღე ჩასვეს.

„მეოთხე დღეს მივხვდი, მეტს ვეღარ გავძლებდი. ამიტომ დავიწყე ყვირილი, რომ ვინმეს ხმა მიეწვდინა სახალხო დამცველისათვის. ეს ყველაფერი დავაფიქსირე სახალხო დამცველისთვის გაგზავნილ საჩივარშიც, რის შემდგომ, ციხის უფროსის კაბინეტში გიორგი ხუხუა და ლაშა ბრეგვაძე მოკვლით მემუქრებოდნენ“, - ამბობს რუდიკ ოვაკიმიანი.

იმედა ბუთხუზისა და რუდიკ ოვაკიმიანის საქმეები სახალხო დამცველის 2008 წლის საპარლამენტო მოხსენებაშიც მოხვდა, თუმცა რაიმე სამართლებრივი რეაგირება  არ მოჰყოლია.

„საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას გულისხმობს. 2006 წლიდან, გამოძიება ერთი ნაბიჯითაც არ წაწეულა წინ, საქმესთან დაკავშირებით არც ერთი ეჭვმიტანილი არ არსებობს. ისინი, ვინც პატიმრებს სცემდნენ, დღეს ისევ თავიანთ თანამდებობებზე მუშაობენ“, - ამბობს პატიმართა ადვოკატი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ნინო ანდრიაშვილი.

ადვოკატის განმარტებითვე, საქმე არა მხოლოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, არამედ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოც უნდა აღეძრათ.

ნინო ანდრიაშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“: „პირველსავე შუამდგომლობაზე მოვითხოვე, დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა, თუმცა ჩემი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. არაერთხელ მივმართე მთავარ პროკურორს. თუმცა, პასუხი არ მიმიღია. საქმის გამომძიებელთან  შევთანხმდი, რომ ერთად დაგვეკითხა პატიმრები. მას მერე სამი თვე გავიდა, ჯერ არავინ შემომხმიანებია. საქმის ასეთი მიზანმიმართული გაჭიანურების გამო, ჩვენ ევროპულ სასამართლოს მივმართავთ".

„სახალხო დამცველის თანამშრომლები, რომლებმაც უშუალოდ ჩამოართვეს ჩვენებები ნაწამებ პატიმრებს, პროკურატურას თხოვდნენ - დაგვკითხეთო. თუმცა, არ დაკითხეს“, - ამბობს სოზარ სუბარი.

ნიკა ლეგაშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ევროპული სამართლის ადვოკატი: „2006 წლიდან მოყოლებული, გამოძიებას ეჭვმიტანილიც არ ჰყავს. ეს არის გამოძიების განზრახ გაჭიანურება. ასეთ შემთხვევებში კანონმდებლობა გვაძლევს  საშუალებას, რომ შიდა ინსტანციების მოვლის გარეშე პირდაპირ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მივმართოთ. ამ უფლების გამოყენებით, წამებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, ჩვენ ევროსასამართლოში ვიჩივლებთ“.

ციხის თანამშრომლების ნაწილი, რომლებსაც პატიმრები წამების გამო უჩივიან - დააწინაურეს, ნაწილი იმავე ციხეში ისევ აგრძელებს საქმიანობას. იმედა ბუთხუზი და რუდიკ ოვაკიმიანი კი კვლავ რუსთავის #6 საპყრობილეში იხდიან სასჯელს.

ახალი ამბები