კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვახტანგ კომახიძე აგვისტოს ომის შესახებ ფილმის პრეზენტაციას ჟენევაში აპირებს

20 აგვისტო, 2010
"რეზონანსი"

14 ოქტომბერს ჟენევაში საქართველოს უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით დისკუსიების მორიგი რაუნდი გაიმართება. სწორედ ამ პერიოდისთვის გეგმავს ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე საკუთარი ფილმის პრეზენტაციას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების რეალურ მიზეზებს ასახავს. როგორც „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა, კომახიძე ფილმს უკვე ამუშავებს და ის მზად სექტემბრის ბოლოსთვის იქნება.


ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ შვეიცარიას პოლიტიკური თავშესაფარი იანვარში სთხოვა და ახლახანს თანხმობაც მიიღო. კომახიძის სახელს რამდენიმე გახმაურებული ჟურნალისტური გამოძიება უკავშირდება. მისი ბოლო დოკუმენტური ფილმი ცხინვალის რეგიონში გამართულ შეხვედრებს ასახავს და 2008 წლის აგვისტოს შეეხება. ცოტა ხნის წინ ჟენევაში იმყოფებოდა ნანა კაკაბაძე, რომელმაც კომახიძეს ფილმის მომზადებისთვის სპეციალური აპარატურა და მასალა ჩაუტანა.

„შვეიცარიის მთავრობამ ვახო კომახიძეს პირდაპირ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა, ანუ აღიარა, რომ ის იყო პოლიტიკურად დევნილი და საქართველოს ხელისუფლება მის მიმართ დევნას ახორციელებდა. აღსანიშნავია, რომ ეს სტატუსი მას უჩვეულოდ მოკლე ვადაში მისცეს - 5 თვეში. შვეიცარია თავშესაფარს ძალიან იშვიათად იძლევა, წელიწადში მხოლოდ 3-4 ადამიანს შეიძლება ერგოს ეს ბედნიერება. ამ ადამიანებსაც კი სტატუსის მიღებისთვის დაახლოებით ორწლიანი ლოდინი უწევთ. ამ მომენტისთვის ვახოსთვის უკვე ეძებენ ბინას, სადაც უნდა გადავიდეს და სადაც შემდგომ შეეძლება ოჯახის ჩაყვანა. მას ლტოლვილთა ბანაკისგან განსხვავებით კარგი პირობები აქვს, თანაც მთავარი ის არის, რომ აქვს შესაძლებლობა, იმუშაოს ფილმზე - იმ ფილმზე, რომლის გამოც ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ დევნა უფრო გაძლიერდა“, - აცხადებს „რეზონანსის“ კორესპონდენტთან საუბრისას ნანა კაკაბაძე.

„მე რომ ჩავედი, გარკვეული ტიპის ტექნიკა ჩავუტანე. არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები და ადგილობრივი ქართველები კომახიძეს ფილმის გადაღებაში სპონსორობას უწევენ. მთავარი კი ისაა, რომ მას მშვიდი მუშაობის საშუალება მიეცა. ამჟამად ფილმი მონტაჟდება და სავარაუდოდ, სექტემბრისთვის იქნება მზად. ამ დროისთვის კომახიძე ფილმის ოპერატორიცაა, რეჟისორიც და გამხმოვანებელიც. თუ რამე მასალა სჭირდება, ჩვენ მას ვეხმარებით და ასე იქნება ფილმის დასრულებამდე. საჭიროა ბევრი ინტერვიუ, რომელიც თბილისში უნდა ჩაიწეროს, ჩვენ კი მას ამაში დავეხმარებით და მასალას შემდგომ მივაწვდით“.

მისი ინფორმაციით, ფილმის ჩვენება სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში ჟენევაში გაიმართება: „გაეროს წარმომადგენლებთან ერთად, პრეზენტაციაზე სხვადასხვა ქვეყნის უფლებადამცველებსაც მივიწვევთ, მათ შორის - რუსეთიდანაც. შემდეგ კი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ სიტუაციაზე მსჯელობა გაიმართება. კიდევ ერთი - ვახოს ძალიან უნდა, ფილმის პრეზენტაციაზე ოსებიც მოიწვიოს. ამიტომაც, გამორიცხული არ არის, რომ მისი ჩვენება სწორედ იმ პერიოდს დაემთხვეს, როცა ჟენევაში კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართება. მას კი ამაში ხელს უკვე ვერავინ და ვერაფერი შეუშლის. ამასთან, ფილმის ჩვენება გაიმართება თბილისშიც. საერთო ჯამში კი ის იქნება როგორც დასავლეთისთვის, ასევე საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან საინტერესო“.

ახალი ამბები