კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინანდლის ღვინის ქარხნის დირექტორი კუდის თანამშრომელთან კამათის გამო დააპატიმრეს

30 აგვისტო, 2010
გელა მთივლიშვილი, კახეთი

სამართალდამცავებმა წინანდლის ღვინის ქარხნის დირექტორი სანდრო მეგუთნიშვილი დააკავეს. პროკურატურა სანდრო მეგუთნიშვილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ხულიგნობის ჩადენაში და კუდ-ის თანამშრომლის კუთვნილი ნივთის დაზიანებაში ადანაშაულებს. ინციდენტის თვითმხილველების თქმით, ძალოვანებმა ბიზნესმენისგან მოითხოვეს, ღვინის კომპანიას გლეხებისგან ყურძენი მიეღო, რაზედაც სანდრო მეგუთნიშვილმა უარი თქვა, რის შემდეგაც ის დააპატიმრეს.

როგორც წინანდლის ღვინის ქარხნის თანამშრომლებმა განაცხადეს, ინციდენტი სანდრო მეგუთნიშვილსა და კუდ-ის კახეთის სამმართველოს თანამშრომელს ზურაბ გრძელიშვილს შორის მოხდა.

„გრძელიშვილი ღვინის ქარხანაში მოვიდა და გვითხრა, სანდროს უთხარით გარეთ გამოვიდესო. სანდრო ვერ გავიდა, ფეხს იტკიებდა და დაგვაბარა, შიგნით შემოვიდესო. უშიშროების თანამშრომელი შიგნით შევიდა. საუბარი რთველს შეეხებოდა. გრძელიშვილმა სანდროს მოსთხოვა, გჭირდება თუ არ გჭირდება, ყურძენი უნდა ჩაიბაროო. სანდრომ უთხრა, ბევრი ღვინო მაქვს დარჩენილი, ჭურჭელი არ მაქვს და თქვენი ხათრით 20 ტონამდე ყურძენს მივიღებო. 20 ტონა რა არის, 200 ტონა მაინც უნდა მიიღოო. ვერ მივიღებო, - უთხრა სანდრომ. ამის შემდეგ წაკამათდნენ. უშიშროების თანამშრომელმა სანდრო შეაგინა, სანდრომ მასზე გაიწია. მერე ერთმანეთს გაარტყეს. ჩხუბში სანდროს ბიძაშვილი ალექსი ჩაერია. თანამშრომლებმა გავაშველეთ. გრძელიშვილი წავიდა, მაგრამ ცოტა ხანში რამდენიმე მანქანით მოგვადგნენ. ქარხანაში შემოვიდნენ და პირდაპირ სანდროსთან მივიდნენ. ისევ ჩხუბი ატყდა. სანდროს 6-7 ადამიანი ურტყამდა. იატაკზე დააგდეს და წიხლებს სულ ნეკნებში არტყავდნენ. მერე სანდროც დააკავეს და ალექსიც. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ორივე დააპატიმრეს“, - გვითხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

მომხდარის დეტალებზე საუბარი არ ისურვა სანდრო მეგუთნიშვილის ძმამ აჩიკო მეგუთნიშვილმა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინანდლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულია. „ბოდიშს ვიხდი. ამ საკითხზე საუბარი არ მინდა. ვერაფერს გეტყვით“.

- თქვენი ძმის ადვოკატი ვინ არის?

- ვერ გეტყვით. არ გვინდა, რომ ეს ამბავი გახმაურდეს.

- ცემის შედეგად თქვენმა ძმამ რა დაზიანებები მიიღო?

- ვინ გითხრათ, რომ ნაცემია? ვერაფერს გეტყვით. ნახვამდის“.

ლეილა გარსევანიშვილი, ადვოკატი: „სანდროს ბრალი ედება სსკ-ის 287-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ხულიგნობაა. ასევე, სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ნაცემი არ არის. სხვა კომენტარს მე ვერ გავაკეთებ. მიბრძანდით და კომენტარი პროკურატურას მოსთხოვეთ“.

ამ საქმესთან დაკავშირებით, კახეთის საოლქო პროკურატურაში „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“ კომენტარი არ გააკეთეს.

სანდრო და ალექსი მეგუთნიშვილებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შერჩევის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა თელავის რაიონულმა სასამართლომ 28 აგვისტოს განიხილა. მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც სასამართლოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა ქეთი ასაბაშვილმა აღნიშნა, მოსამართლის ბრძანება ადვოკატმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის თქმით, ძალოვანებს რთველთან არავითარი შეხება არ აქვთ. „ასეთი მითითება მათ არ მიუღიათ. კახეთში არ არის ისეთი სუტუაცია, რომ რთველის ჩატარება გაგვიჭირდეს. ძალოვანების ჩარევის საჭიროება არ არის. რაც შეეხება სანდრო მეგუთნიშვილის დაკავების ფაქტს, გამოძიება ყველაფერს დაადგენს“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

საგულისხმოა, რომ გასულ კვირაში თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მდებარე ღვინის ქარხანა „შუმის“ ერთ - ერთმა მეპატრონემ ოთარ ფირანიშვილმა თავი მოიკლა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე ღვინის კომპანიაში შესამოწმებლად შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები შევიდნენ.

ახალი ამბები