კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ვანო ჯიბეში არ უნდა ჩაგვიძვრეს“ – რუსთაველები ადგილობრივი ბიუჯეტიდან პოლიციის დაფინანსებას აპროტესტებენ

31 აგვისტო, 2010
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

რუსთავის მერმა, მამუკა ჩიქოვანმა ახლადარჩეული საკრებულოს მეორე სხდომაზევე დადგენილების საკუთარი პროექტი წარადგინა, რომლის ერთი პუნქტიც პოლიციის ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს. კონკრეტულად კი ჩიქოვანმა საკრებულოსგან ნებართვა ითხოვა, რათა ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდეს პოლიციის ტექნიკური საჭიროებები. ამისათვის მან ითხოვა ცვლილებების შეტანა წინა საკრებულოს #258 დადგენილებაში.

„შევიდეს ცვლილება ამ დადგენილებაში და დაემატოს ოცდამეორეს მეორე პრიმა მუხლი ასეთი რედაქციით: ნება დაერთოს თვითმმართველი ქალაქის, რუსთავის მერიას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანული კანონის 65.2 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, უზრუნველყოს შსს რუსთავის პოლიციის სამმართველოს მატერიალურ-ტექნიკური დახმარება 2011წლის 1 იანვრამდე“, – ეწერა რუსთავის მერის მიერ საკრებულოსადმი წარდგენილ დადგენილების პროექტში, რომელიც საკრებულომ იმავე სხდიმაზე უპრობლემოდ დაამტკიცა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი თამარ კორძაიას განმარტებით, თვითმმართველობის არსი ისაა, რომ თავად ხალხი განსაზღვრავს რა არის მისთვის პრიორიტეტი და თავისი ბიუჯეტი რას უნდა მოხმარდეს: „ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რატომ იღებს საკუთარ თავზე ქალაქის მერია პოლიციის სამმართველოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ტვირთს? ვინმე შეეკითხრა რუსთაველებს მათთვის პრიორიტეტული რა არის?! პოლიციის სამმართველოს დახმარება, თუ შიდა გზების მოწესრიგება, ან სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დახმარების გაზრდა? ცხადია, თვითმმართველობას ძალიან ფართო უფლებები აქვს და შეუძლია ასე დახარჯოს თავის ბიუჯეტი, მაგრამ დაინტერესდით, შსს-ს საკუთარი რეგიონული სამმართველოებისთვის რა ხარჯები აქვს გამოყოფილი?!“ 

humanrights.ge დაუკავშირდა შსს-ს ქვემო ქართლის პრესცენტრის ხელმძღვანელს, თამარ დოდაშვილს. „რა თქმა უნდა, სამინისტრო აფინანსებს რუსთავის პოლიციის სამმართველოს აბა ვინ უნდა დააფინანსოს?“ – გაიკვირვა დოდაშვილმა. „თქვენ მაინც დაურეკეთ ჩვენს უფროსს, ზურა გვენეტაძეს. რასაც ის გეტყვით, ეგ იქნება ჩვენი პასუხი“, – საკუთარი პასუხისმგებლობა მოიხსნა მან და შსს-ს პრესცენტრის ხელმძღვანელთან გადაგვამისამართა. ზურა გვენეტაძე კი, როგორც ხშირად სჩვევია, თემის გაგების შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარს აღარ პასუხობს.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახა ბარათაშვილი ვერ იხსენებს აღნიშნულ საკითხზე ჩიქოვანის შემოტანილ პროექტს: „მე ნამდვილად არ მახსოვს ქალაქის მერის პროექტი, სადაც ბიუჯეტიდან პოლიციის რაიმე სახით დაფინანსებაზე იყო საუბარი. მზად ვარ თქვენთან ერთად მოვიძიო და გადავხედო მას“, – ამბობს ბარათაშვილი. 
 
რუსთავის ბიუჯეტი 27 მილიონამდე ლარს მოიცავს. მოსახლეობის დიდი ნაწილი, ისევე როგორც საქართველოს სხვა რაიონებში, უმუშევარი და სოციალურად დაუცველია. მოქალაქეები ქალაქის მერიისგან ხშირად წამლებზე ერთჯერად დახმარებას, საცხოვრებელი კორპუსების სარდაფების წყლისგან გაწმენდას, სახურავების გადახურვას და სხვა პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

„პოლიციას რა ჭირს ჩვენი ქალაქის დასაფინანსებელი?! მერე რა, რომ ჩვენ გვემსახურება?! ამისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან ფულს არავინ მოაკლებს. შეხედეთ, რამდენი მანქანა ჰყავთ, ან რა ხელფასები აქვთ თანამშრომლებს. მე არა ვარ პოლიციის წინ წასვლის წინააღმდეგი, მაგრამ ის ორი კაპიკი, რაც ადგილობრივ ბიუჯეტშია, რუსთაველებისაა და ვანო ჯიბეში არ უნდა ჩაგვიძვრეს“, – ამბობს რუსთაველი ქალბატონი დალი ბაბუნიშვილი.

როგორც ჩანს, თვითმმართველობის ბიუჯეტებიდან პოლიციის დაფინანსება რუსთავის ხელმძღვანელობის იდეა არ არის. „ეს გადაწყვეტილებას ეტყობა, ცენტრიდანაა წამოსული და არა ადგილობრივი დონიდან“, - ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციის წარმომადგენელი თამარ კორძაია. მის მოსაზრებას  ამყარებს ისიც, რომ პოლიციის შენახვის ტვირთი საკუთარ თავზე გურიაშიც აიკიდეს, რის შესახებაც humanrights.ge ცოტა ხნის წინ წერდა სტატიაში - „პოლიცია თვითმმართველობას პარაზიტივით სისხლს სწოვს“ (იხ. http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=5324&lang=ge )

ახალი ამბები