06:33, Wednesday, 21.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ზურაბ შენგელია - აფხაზური საზოგადოებისა და ხელისუფლების დამოკიდებულება აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე დიამეტრულად განსხვავდება

01.09.2010

კობა ბენდელიანი, „ინტერპრესნიუსი“

აფხაზეთში მიღებულ შთაბეჭდილებებზე „ინტერპრესნიუსი“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ზურაბ შენგელიას ესაუბრა, რომელიც აფხაზი პარტნიორების მიწვევით აფხაზეთში იმყოფებოდა და თბილისში ახლახან დაბრუნდა.

- ბატონო ზურაბ, როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით აფხაზეთიდან?

- ჩემი ახლანდელი შთაბეჭდილებები წინა შთაბეჭდილებებისგან რადიკალურად განსხვავდება. 2008 წლის ომის შემდეგ პირველად აღმოვჩდი აფხაზურ საზოგადოებაში. აფხაზური საზოგადოების განწყობა მკვეთრად არის შეცვლილი და უფრო მეტად გამოკვეთილი უპერსპექტივობის გრძნობით გამოირჩევა. ჩემი აზრით, აფხაზური საზოგადოება ახლა უფრო დამძიმებულია რეალობით და ზოგჯერ სასოწარკვეთილებამდეც კი მიდიან.

ჩემი აზრით, აფხაზურ საზოგადოებას ამგვარი განწყობისთვის სამი პრობლება აქვს. პირველი პრობლემა აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების საკუთრებასთან დაკავშირებით რუსული პოლიტიკის ლოგიკას უკავშირდება. რუსეთი ასეთ ლოგიკას მიჰყვება _ აფხაზები და რუსეთში მცხოვრები ადამიანები რუსეთის მოქალაქეები არიან. თუ აფხაზი ეროვნების რუსეთის მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის ნებისმიერ რეგიონში აქვთ საკუთრების ქონისა და ბიზნესის წარმოების ყველა უფლება, რატომ იგივეს უფლება არ უნდა ჰქონდეს რუსეთის მოქალაქეს აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეს ის თემაა, რომელიც აფხაზური საზოგადოების დიდ შეშფოთებას იწვევს. რამდენადაც ვიცი, რუსულმა მხარემ სოხუმს წარუდგინა კიდეც რაღაც ვარიანტი, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემატური საკითხების დარეგულირება ისე, რომ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქის უფლებები არ დაირღვეს, რუსეთსა და აფხაზეთში რუსეთის მოქალაქის უფლებები თანაბარი იყოს. რამდენადაც სოხუმში მითხრეს, აფხაზეთის ხელისუფლებამ მოსკოვის წინადადებებზე უარი თქვა. ეს არის აფხაზური საზოგადოებისგან მიღებული ინფორმაცია, ამიტომ რამდენად შეესაბამება სიმართლეს, ამაზე თავს ვერ დავდებ.

მეორე პრობლემა გახლავთ ის, რომ ტურისტული სეზონი არ აღმოჩნდა ისეთი ეფექტური, როგორსაც ელოდნენ. ოჩამჩირეში ტურისტთაგან, პრაქტიკულად, არავინ არის. გაგრაში არიან, მაგრამ არა იმდენი, რამდენი ტურისტის მიღების შესაძლებლობაც გაგრას აქვს. გაგრა ტურისტებით დაახლოებით 60-70%-ით არის დატვირთული. ტურისტთა დიდი ნაწილი გაგრასა და ახალ ათონში სოჭიდან და ადლერიდან ერთდღიანი ექსკურსიით, რიწის ტბის, გაგრისა და ახალი ათონის მღვიმის დასათვალიერებლად ჩადის. ტურისტული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ოჩამჩირის რაიონში პრაქტიკულად არაფერი არც აშენებულა და განვითარებულა. სოხუმში ახლად აშენებული არაფერია, თუ არ ჩავთვლით 2-3 რესტორანს, რომელიც საკმაოდ ძვირია. ასეთ ფასებს კი საკმაოდ მდიდარი ტურისტი სჭირდება, რის გამოც ისინიც სრულად დატვირთული არაა. გაგრაში, კერძო სახლების ეზოებში შეხვდებით ასეთ სურათს _ ეზო გადახურულია „ტენტით“ და მათ ქვეშ საზოგადოებრივი სასადილოს მსგავსი კვების ობიექტებია. საკუთარი სახლის ავტოფარეხში რამდენიმე მაგიდა დგას, სადაც, ასევე, კვების ობიექტებია მოწყობილი. ორი წლის განმავლობაში გაგრაში ახალი რესტორნები ან სასტუმროები პრაქტიკულად არ აშენებულა. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ორიენტირებულია საშუალოზე დაბალი შესაძლებლობის რუს ტურისტზე. ანუ ის, რომ აფხაზეთში მდიდარი ტურისტი შეიძლება ჩავიდეს, ამ პერსპექტივაზე საუბარი მხოლოდ სამომავლოდ შეიძლება და ამ ეტაპზე არც განიხილება. სოხუმის პლაჟებზე არიან მხოლოდ რუსი სამხედროები თავიანთი ოჯახის წევრებით. წელს სოხუმში ძლიერი ტურისტული ნაკადი არ ყოფილა და, შესაბამისად, ტურიზმიდან სერიოზულ შემოსავლებზე საუბარი ზედმეტია.

ტურისტულ სფეროში შექმნილი ვითარება აფხაზურ საზოგადოებას საკმაოდ აღელვებს. ამას ემატება ვითარება ეკონომიკურ სფეროში. აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთმა ჩაკეტა საზღვარი და რუსეთში აფხაზური პროდუქცია ვერ გააქვთ. ახლა საზღვარი 15 სექტემბრამდეა ჩაკეტილი, ვარაუდობენ, რომ 15 სექტემბრის შემდეგ საზღვარს 15 ოქტომბრამდე ჩაკეტავენ და მერე ისევ გააგრძელებენ შეზღუდვის ვადებს. საუბრობენ იმაზეც, რომ მზად არიან პროდუქციის ენგურსგამოღმა გადმოტანაზე, თუ, რა თქმა უნდა, მათ პროდუქციას ჩვენთან ვინმე შეისყიდის. ეს ეხება ჩაის, თხილს. ციტრუსებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ შესაძლოა, ციტრუსების გატანაზეც შეექმნათ პრობლემები.

მესამე საკითხად გამოვყოფდი იმას, რომ აფხაზურ საზოგადოებას წელს რუსეთის მიერ აფხაზური დამოუკიდებლობის აღიარების ორი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღნიშვნა უცნაურად ეჩვენა - ხელისუფლება ამ დღის აღსანიშნავად სერიუზულად ემზადებოდა და სერიოზული ღონისძიებები იყო დაგეგმილი, მაგრამ ამ დღეს მოსკოვიდან სოხუმში არავინ ჩასულა. რუსეთის სახელით აფხაზეთის ხელისუფლებასა და საზოგადოებას რუსეთის "ელჩმა" აფხაზეთში გრიგორიევმა მიულოცა. სოხუმში არ ჩამოსულა კრასნოდარის გუბერნატორი ტკაჩოვიც. მისმა წარმომადგენელმა აფხაზეთის ხელისუფლებას ავტოინსპექციის 6 ახალი მანქანა გადასცა. დაგეგმილი იყო ახალგაზრდული დისკოთეკა სოხუმში არსებული ე.წ. ბრიხალოვკას წინამდებარე მოედანზე, მაგრამ სინათლე რამდენჯერმე ჩაქრა და შეიძლება ითქვას, რომ დისკოთეკაც და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებიც მოსალოდნელზე ნაკლებად საზეიმო ვითარებაში ჩატარდა.

- როგორ ესახებათ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მომავალი იმ ადამიანებს, რომლებთანაც თქვენ გქონდათ ურთიერთობა? რამდენად ასახავს მათი განწყობა საზოგადოების უმეტესობის დამოკიდებულებას და რამდენად განსხვავდება იგი სოხუმის ხელისუფლების პოზიციისგან?

- წინა წლებისგან განსხვავებით, ხალხი თავისუფლად საუბრობს პოლიტიკაზე. აშკარად გამოთქვამენ კრიტიკულ დამოკიდებულებას ბაღაფშის მიმართ და არსებულ ვითარებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ. სოხუმის რამდენიმე კაფეში არსებობს სტიქიურად შექმნილი და რეალურად არსებული „პოლიტ-კლუბები“. ერთხელ ასეთ კლუბში ხელისუფლების ოპონენტსა და ექს-ვიცე პეზიდენტ ხაჯიმბასაც კი მოვკარი თვალი. ამ „პოლიტ-კლუბებში“ ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებენ. ერთი მხრივ, ბაღაფშს არძინბას ადარებენ, მაგრამ იმავდროულად აღნიშნავენ, რომ არძინბას დროს აფხაზეთში რუსეთის გავლენა არ იგრძნობოდა და მას რუსები იმას ვერ გაუბედავდნენ, რაც ახლა აფხაზეთში ხდება. აშკარაა, რომ პოლიტიკური პლურალიზმი აფხაზეთში ახლა მეტია, ვიდრე, ვთქვათ, 2008 წლის აგვისტოს ომამდე.

ასეთ კლუბებში ქართველებთან ურთიერთობის თემა მსჯელობის ერთ-ერთი აქტუალური თემაა. აფხაზები რუსი სამხედროების მიერ აფხაზი ქალის გაუპატიურების, აფხაზი ბავშვების ცემისა და დაჭრის ფაქტს, რომლის შედეგადაც ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ქართველებთან ურთიერთობას ადარებენ. ამ თემებზე საუბრისას ითქვა ასეთი ფრაზაც - „ამდენი ხანი ვცხოვრობდით ქართველებთან და არასდროს მომხდარა არათუ აფხაზი ქალის გაუპატიურება, აფხაზი ბავშვებისათვის შეურაცხყობის მიყენებაც კი“. აფხაზური საზოგადოებისთვის ქართულ-აფხაზური ურთიერთობა, გარკვეულწილად, რუსებთან ურთიერთობაში კრიტერიუმის როლს ასრულებს. ასეთი საუბრებისას ბაღაფშის ბევრი კრიტიკა მოვისმინე, მაგრამ ჩემთვის საინტერესო იყო ის ბრალდება, რომლითაც მას ქართველებთან ურთიერთობების მოუწესრიგებლობას საყვედურობენ. ასეთი რამეც მოვისმინე - „განა ბაღაფშს არ შეეძლო, თბილისისთვის ისეთივე წინადადებები შეეთავაზებინა, როგორიც არძინბამ შევარდნაძეს 1997 წელს შესთავაზა და, რომელიც აფხაზეთსა და საქართველოს შორის კონფედერეციული ურთიერთობების დამყარებას ითვალისწინებდა?“ – კითხულობენ ხელისუფლების ოპონენტები. ეს აფხაზურ საზოგადოებაში ის ახალი ნოტებია, რომელიც მათ აწუხებთ და მათივე წრეში ამ საკითხებზე ღიად მსჯელობენ. ვერ ვიტყვი, რომ ქართველებისადმი დამოკიდებულება რადიკალურად არის შეცვლილი, მაგრამ აფხაზურმა საზოგადოებამ დაიწყო ფიქრი და აზროვნება იმ მიმართულებით, რომ ასე, როგორც ახლაა, არ შეიძლება, საჭიროა ქართველებთან რაღაცნაირად ურთიერთობების დალაგება.

ძალიან ბევრი კითხვა მოვისმინე იმაზე, თუ რისთვის შეიძლება იყვნენ მზად ქართველები აფხაზეთთან მიმართებაში? მათ აინტერესებთ ისიც, მზად არიან თუ არა ქართველები, სცნონ აფხაზეთის დამოუკიდებლობა და, საერთოდ, საქართველო როგორ ფიქრობს აფხაზეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას. აფხაზურ საზოგადოებას აინტერესებს, ესმის თუ არა საქართველოს, რა დღეშია აფხაზეთი და რას მიიღებენ ისინი ქართველებთან ურთიერთობების მოწესრიგებით.
ამ თემებთან დაკავშირებით მქონდა საშუალება, მესაუბრა იმ ტენდენციებზე და კონცეფციაზე, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შეიმუშავა. მართალია, კონცეფცია უტოპიად მიიჩნიეს, მაგრამ საკმაოდ დიდი ინტერესით ეცნობიან და კეთილგანწყობილები არიან იმისადმი, თუ ის, რაც კონცეფციაში წერია, განხორციელდა.

აუცილებლად უნდა ვთქვა იმაზე, რაზეც საზოგადოებაში გადმოცემით საუბრობენ თბილისში მიმდინარე მშენებლობებზე. ბათუმზე იმაზე მეტსაც საუბრობენ, ვიდრე მოსალოდნელი იყო. აშკარაა, რომ ბათუმში მიმდინარე მშენებლობებსა და მიმდინარე პროცესებს აზვიადებენ კიდევაც. უკვირთ, რომ ჩვენთან ცნობილი ბრენდები "მარიოტი", "ჰოლიდეი" და სხვები შემოდიან, რომ ჩვენთან შვეიცარულმა კომპანია "კემპინსკიმ" უნდა ააშენოს სასტუმროები; უკვირთ ანაკლიაში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენება. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთან მიმდინარე პროცესებს ინტერესეთ ადევნებენ თვალს და ამ თემებზე აქტიურადაც საუბრობენ.

- რამდენადაც ვხვდები, აფხაზური საზოგადოება დამოუკიდებლად თავს არ აღიქვამს, მაგრამ ქართული მხარისგან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დაჟინებით მოითხოვს, ასეა?

- არა, დაჟინებით არა, მაგრამ ფიქრობენ იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. მათ აფხაზი ხალხის გადარჩენის ერთ-ერთ საშუალებად საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მიაჩნიათ.

- აფხაზური საზოგადოების იმ წევრებს, რომლებთან თქვენ გქონდათ ურთიერთობა, ეს მიღწევადად მიაჩნიათ?

- არა, მიღწევადად არ მიაჩნიად, მაგრამ საკუთარი გადარჩენის ერთ-ერთ სავარაუდო, თეორიულ გზად, სწორედ თბილისის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას განიხილავენ.

- სოხუმის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ „ის ურთიერთობები, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის ყალიბდება, აფხაზურ მხარეს სავსებით აწყობს“. მისივე მტკიცებით, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით „აფხაზეთმა მეტი სარგებელი მიიღო, ვიდრე საფრთხე, აფხაზეთმა უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების მყარი გარანტიები მიიღო“. თქვენი დაკვირვებით, აფხაზური საზოგადოებაც ასე მიიჩნევს? და კიდევ, რამდენად ემთხვევა ოფიციალური ხელისუფლების ხედვა საზოგადოებაში არსებულ განწყობას?

- აფხაზეთში ყოფნისას ხელისუფლებასთან არავითარი შეხება არ მქონია, მაგრამ სრული პასუხიმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ სოხუმში, გუდაუთაში და გაგრაშიც, სადაც კი შეხვედრები მქონდა, აფხაზური საზოგადოებისა და ხელისუფლების დამოკიდებულება აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავდება. თუ აფხაზეთში რუსეთის ყოფნა უსაფრთხოების გარანტად კიდევ შეიძლება ჩათვალონ, რაც შეეხება განვითარების პერსპექტივას, ამას ნამდვილად ვერ ხედავენ, პირიქით, ფიქრობენ, რომ თუ აფხაზეთში არსებული ვითარება კიდევ 20-30 წელი გაგრძელდა, აფხაზები გაქრებიან.

ბევრი ძალიან დიდი გულისტკივილით იმასაც ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდა, აფხაზები იძულებული გახდებიან, აფხაზეთიდან წავიდნენ. „ამას ვერ გავუძლებთ“, - ასეთია აფხაზური საზოგადოების ნაწილის განწყობა. ამიტომ, მე ბატონ შამბას შეფასებებს ვერანაირად ვერ დავეთანხმები. უსაფრთხოების ნაწილში შესაძლოა, საზოგადოებაც ასევე ფიქრობდეს, მაგრამ რაც შეეხება განვითარებას, ამის პერსპექტივას აშკარად ვერ ხედავენ და ხშირად სვამენ კითხვას, - „ღირს კი ამგვარი უსაფრთხოება იმად, რაც დღეს არის?“

- ჟურნალ „ნიუსვიკის“ ჟურნალისტმა, ანა ნემცოვამ, რომელიც ამას წინათ აფხაზეთში იმყოფებოდა, აფხაზეთს „შპიონების რესპუბლიკა“ უწოდა. სტატიაში მრავლად არის მოყვანილი ფაქტები რუსული სპეცსამსახურების მაღალჩინოსნების მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის შესახებ. თქვენც დაგრჩათ შტაბეჭდილება, რომ აფხაზეთს რუსული სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები ეპატრონებიან?

- დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რასაც რუსი ჟურნალისტი ამტკიცებს, სწორია. ყოველ შემთხვევაში, სოხუმის ყველა პლაჟზე კაფეტერიის მსგავსი დაწესებულებებია, სადაც ცივი წყალი, ნაყინი და ფუნთუშეული იყიდება. ეს დაწესებულებები ადგილობრივი მოსახლეობის მფლობელობაშია, მაგრამ მე როგორც ამიხსნეს, ეს კაფეტერიები მართვის უფლებით გადაცემული აქვთ ჩამოსულ ადამიანებზე, რომელთაგან ზოგი ჩეჩენია, ზოგი ყაბარდოელი. ისინი მთელი დღე დროს პლაჟზე ატარებენ. ამ ადამიანებს სოხუმელები „ფეესბეშნიკებს“ ეძახიან. არ ვიცი, სხვა ბიზნესს რამდენად აკონტროლებს „ფე-ეს-ბე“ აფხაზეთში, მაგრამ ისინი, ვიზეც მე მომიყვნენ, სოხუმისთვის აშკარად არადამახასიათებელი ტიპაჟები და თანაც არარუსი ეროვნების ადამიანები არიან.

- შამბამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში აფხაზეთში საცხოვრებლად და სამუშაოდ ჩასულებს შორის, რუსეთის მოქალაქეების გარდა, არიან ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები. თქვენ თუ შეამჩნიეთ აფხაზეთში ამ კატეგორიის მოქალაქეები და თუ - კი, ისინი რით არიან დაკავებული?

- ასეთი კატეგორიის ადამიანები არც მინახავს. გაგრაში დავინახე ორი შავკანიანი. სხვათა შორის, მათი დანახვა ჩემს აფხაზ მასპინძლებსაც გაუკვირდათ. დღევანდელ აფხაზეთში უცხოელებისთვის დასვენების პირობები აშკარად არ არის.

- თანამშრომლობის რა პერსპექტივებზე შეთანხმდით თქვენს აფხაზ პარტნიორებთან? თქვენთან თანამშრომლობის სურვილი ხომ არ გამოუთქვამს აფხაზურ უნივერსიტეტს? საუბარი ხომ არ ყოფილა ჩვენთან არსებული ქართულ-აფხაზური ურთიერთოების კვლევის მსგავსი ცენტრის დაფუძნებაზე?

- ჯერ კიდევ 2000 წელს სოხუმში საზოგადოებრივი ორგანიზაცია „კავკასიელ ხალხთა ინსტიტუტი“ დაფუძნდა. იმავე წელს ამ ინსტიტუტის ფარგლებში, როგორც იურიდიული პირი, ჩამოყალიბდა „ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა განყოფილება“. სახელმწიფო უნივერსიტეტთან მე ურთიერთობა არ მქონია, ყოველ შემთხვევაში, უნივერსიტეტში იცოდნენ, რომ სოხუმში ვიყავი და არავინ შემხმიანებია.

რაც შეეხება აფხაზ პარტნიორებთან შემდგომ თანამშრომლობას, ისევე როგორც შარშან, თბილისში წელსაც ვგეგმავთ ფოტოგამოფენის ორგანიზებას სახელწოდებით „აფხაზეთი-2010“. ფოტოების გარდა, წარმოვადგენთ იმ ლიტერატურას, რაც აფხაზეთში იყიდება პოლიტიკაზე, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობის პროექტებზე ვიმსჯელებთ. მალე თბილისში სოხუმიდან ჩამოვლენ ჩვენ პარტნიორები და იმ პროექტებზე მსჯელობას გავაგრძელებთ, რომელიც მე მათ სოხუმში ჩავუტანე. გარკვეული საკითხები მათ ადგილობრივ ორგანიზაციებთან აქვთ შესათანხმებელი და ვიმედოვნებთ, რომ თბილისში კონკრეტული წინადადებებით ჩამოვლენ. ორ კვირაში ისინი უნდა ჩამოვიდნენ და თანამშრომლობის პერსპექტივებიც მაშინ გაირკვევა.

- რამდენადაც ვხვდები, აფხაზეთიდან კარგი განწყობითა და გარკვეული იმედებითაც კი ჩამობრძანდით?

- აფხაზეთში ყოფნისას ამჯერად გაცილებით მეტი საღი აზრი მოვისმინე, ვიდრე წინა წლებში. ვერ ვიტყვი, რომ ყველა მოსმენილი აზრი ჩემთვის მოსაწონი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოებამ ფიქრი დაიწყო. აფხაზურმა საზოგადოებამ დაინახა, რას ნიშნავს ქართველებთან თანაცხოვრება და მხოლოდ ახლა დააფასა მისი მნიშვნელობა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ასეთი რამის დაფიქსირების საშუალება პირადად მე არ მქონია. ამ თვალსაზრისით, ამით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. თუ ჩვენგან გადაიდგმება აფხაზების გადარჩენისკენ მიმართული ნაბიჯები, ამისთვის ჩვენ შევქმნით პირობებს, მხედველობაში მაქვს აფხაზური ეთნოკულტურული სივრცის გადარჩენის პირობები, ასეთ ვითარებაში ჩვენი თანამშრომლობა გაცილებით უფრო შესაძლებელი და ეფექტური იქნება.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC