კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფოცხოეწერის მდგმურები - რეპორტაჟი გადასახლებიდან

1 სექტემბერი, 2010
შორენა ლათათია, www.humanrights.ge

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ყოველგვარი დიალოგისა და  გაცნობიერებული არჩევანის გაკეთების საშუალების მიცემის გარეშე, თბილისში რეგისტრირებული 12 დევნილის ოჯახი ფოცხოეწერის დასახლებაში ჩაასახლა. ამ იძულებით სპეცოპერაციას გადასახლება უფრო ერქვა, ვიდრე ჩასახლება. ამ დროს დევნილებს შორის იყო ორი ორსული, სამი ძუძუთა ბავშვი,  ექვსი არასრულწლოვანი და ცხრა ავადმყოფი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სპეციალურად ჩავიდა ფოცხოეწერში და იქ გადასახლებული დევნილების ყოფა-ცხოვრებას გაეცნო.

ფოცხოეწერის დასახლება ზუგდიდიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს და იგი კომუნისტების დროს ენგურჰესის მშენებლობაზე მომუშავეთათვის აშენდა.  დასახლება ქალაქური ტიპის კორპუსებისგან შედგება და ქუჩებიც ქალაქურ ყაიდაზეა დაგეგმილი. ამ ტერიტორიაზე დღეს დაახლოებით ხუთასი ადგილობრივი მოქალაქე და დევნილი ცხოვრობს. დასახლებას სოფელ ჭალის ადმინისტრაცია მართავს.

ჭალის თემის რწმუნებულის მოადგილის, ლევთერ უბილავას თქმით, დასახლება დაახლოებით 4 ჰექტარზეა გადაჭიმული. სასოფლო-სამეურნეო მიწა ადგილობრივთათვისაც დიდი ფუფუნებაა. რთული კლიმატის გამო, მიწა არც ისე ნაყოფიანია. აქ  ძირითადად  სიმინდი ხარობს. დასახლებაში არც რაიმე საწარმო არ არის და არც მომსახურების ობიექტებია.

დასახლებაში ფუნქციონირებს არასრული საშუალო სკოლა და ბაგა-ბაღი, რომელიც აქამდე არ მოქმედებდა. თუმცა, დევნილების ბავშვების კონტინგენტის შემატების შემდეგ ბაგა-ბაღის ამუშავება იგეგმება. რაც შეეხება სრულ საშუალო სკოლას, ის რამდენიმე კილომეტრში, სოფელ ჯვარში მდებარეობს.

ნატო ქარდავა, ფოცხოეწერის სკოლის პედაგოგი: „სკოლაში მძიმე პირობებია. არ გაგვაჩნია მოსწავლეთათვის საკმარისი ინვენტარი. თუმცა, ამ დასახლების უმთავრესი პრობლემა უმუშევრობაა. რამდენიმე ოჯახს უკვე წლებია, უსახსრობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება“.

ადგილობრივები გაკვირვებას ვერ მალავენ, თუ რატომ გადაწყვიტა  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დევნილთა ფოცხოეწერში ჩასახლება. აქ ხომ ცხოვრება ადგილობრივებისთვისაც გაუსაძლისია?!

ის კორპუსები, სადაც დევნილები შეასახლეს, სამშენებლო კომპანია „ბლოგ-ჯორჯიამ“ და „სანომ“ აღადგინეს. შენობის ფასადი ჯერჯერბით, კარგად გამოიყურება. ოთახები, მართალია ცარიელია, მაგრამ სუფთაა. იატაკზე ლამინატია დაგებული, კედლები შეღებილია, ფანჯრების მეტალოპლასტმასისაა და ჯერჯერობით კარგ მდგომარეობაშია.

ამავე დროს, შენობაში ცალკეული სახის სამუშაოები ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. ზოგან სამშენებლო მასალები ისეა მიგდებული, რომ ჩანს, მუშებმა სამუშაო რამდენიმე დღის წინ მიატოვეს. ბინებში ჯერჯერობით შეყვანილი არ არის ელექტროენერგია. დევნილთა ნაწილმა დენი ბინებში გარეგანათებიდან საკუთარი სახსრებით შეიყვანა. თუმცა, აფხაზეთიდან დევნილ ნანა კვაშილავას თქმით, ამ ეტაპზე საცხოვრებელი პირობები მათთვის მეორეხარისხოვანია, ვინაიდან ისინი არსებობისთვის იბრძვიან და თუ დაუყოვნებლივ არ მოხდება მათი ერთჯერადი ფულადი დახმჯარებით, მედიკამენტებით და საკვებით მომარაგება, ისინი დაიღუპებიან.

თენგიზ ჭანტურია, აფხაზეთიდან დევნილი: ,,თბილისში თავშესაფარი არსად მქონდა. ამიტომ ისნის ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსახლების შემდეგ, იძულებული გავხდი ფოცხოეწერში ჩამოვსულიყავი. 16 და 17 აგვისტოს ადგილობრივმა საკრებულომ საკვები პროდუქტებით მოგვამარაგა, მაგრამ მას შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა და დღეს უკვე პურის საყიდელი ფული აღარ დამრჩა. აღარაფერს ვამბობ იმ მედიკამენტებზე, რომელიც დედაჩემს ყოველდღიურად ესაჭიროება“.

ფოცხოეწერის დასახლებაში რამდენიმე სასურსათო მაღაზიაა. თუმცა, არ არის აფთიაქი, სადაც მოსახლეობა პირველადი სამედიცინო საშუალებების შეძენას შეძლებდა. სასურსათო მაღაზიებში კი ფასები ჩვეულებრივთან შედარებით  მაღალია. წამლებსა და პროდუქტებს  მოსახლეობა ძირითადად ზუგდიდში ყიდულობს. დასახლებაში მცხოვრებთათვის და დევნილებისთვის ავტობუსი ჯერჯერობით დანიშნული არ არის. ზუგდიდისკენ სამარშუტო მიკროავტობუსი  კვირაში მხოლოდ სამჯერ დადის და მგზავრობის საფასური  5 ლარია. დევნილებს ამ ეტაპზე არც სამგზავრო 5 ლარი და მით უმეტეს, არ რაიმე პროდუქტის შესაძენი თანხა აქვთ, მაგრამ ფაქტია, რომ დასახლებაში მაღაზიების არარსებობა და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მათ  მდგომარეობას ერთი-ორად აუარესებს.

ახალი ამბები