კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგორის სკოლებში 700 ნაცვლად 70-მდე მოსწავლეღა დარჩა

3 სექტემბერი, 2010
მარი ოთარაშვილი, ახალგორი

1 სექტემბერს ოკუპირებული ახალგორის სკოლებში ზარი მხოლოდ 70-მდე მოსწავლისთვის დაირეკა. უწინ კი აქ 700 მოსწავლე იყო. საპირველსექტემბრო ზეიმს სევდა იმიტომაც გამოერია, რომ ახალგორელებს არცთუ უმნიშვნელო ახალი ამბავი აცნობეს – ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმი ახალგორის რუსული სკოლის სასწავლო პროგრამიდან ქართული ენის საგნის ამოღებას გეგმავს .  
 
კოკოითის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამხრეთ ოსეთის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი 1 სექტემბერს განახლდა. შესაბამისად, 2010-2011 სასწავლო წელი დაიწყო ახალგორის სკოლებში.

ოსური მედიის ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახალი სასწავლო წლის დაწყების ნიშნად პირველი ზარი 60 სკოლაში დაირეკა. იგივე წყაროს ინფორმაცით, მთლიანად სამხრეთ ოსეთში 5000 მოსწავლე ისწავლის. დე ფაქტო რესპუბლიკის სკოლებში სწავლა რუსეთიდან ჩატანილი სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს. ცხინვალის განათლების განყოფილების ინფორმაციით, პრობლემა ოსური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების გამო წარმოიქმნა. ხოლო ახალგორის ქართული სკოლის მოსწავლეებისთვის წიგნების შეძენა მშობლებს თბილისში მოუწევთ.

თვითონ დაბა ახალგორში 2 ქართული სკოლა მოსწავლეთა უკიდურესად პატარა კონტინგენტის გამო გაერთიანდა. მიუხედავად ამისა, ახალგორელ მოსწავლეთა რაოდენობა გაერთიანებულ სკოლაშიც კატასტროფულად მცირეა.  

„ქართულ სკოლაში მხოლოდ 1 პირველკლასელია, რუსულში კი – 3-4. 1 სექტემბერს დილის 9 საათზე ზეიმი ჩატარდა. პირველი სკოლის ეზოში ერთ რიგზე ქართული და მეორე მხარეს რუსულსკოლელები იდგნენ. სტუმრებად მოწვეულნი იყვნენ აქაური ადმინისტრაციიდან ბარათაშვილი და რუსული სასაზღვრო ნაწილიდან რამდენიმე პირი. მათ ყველა მოსწავლეს ჩანთები და საკანცელარიო ნივთები გადასცეს საჩუქრად“, – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ახალგორის ერთ-ერთმა მკვიდრმა.

2008 წლის ომამდე ახალგორის პირველ სკოლას 400-მდე მოსწავლე ჰყავდა, მეორეს – 200-მდე, მესამეს – 100-მდე. წელს კი ქართულ სკოლაში მთლიანობაში დაახლოებით 35 ბავშვი იქნება. რუსულში უფრო მეტია, რადგან იქ თავიანთი ბავშვები სასწავლებლად გადმოსახლებულმა რუსებმა მიიყვანეს. ახალგორში ახალჩასახლებული რუსები ძირითადად იმ სამხედროების ოჯახებიდან არიან, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიის საზღვარზე, ან ყანჩავეთის ბაზაზე არიან დისლოცირებულნი. 

„რუსულ სკოლაში მოსწავლეები ქართულზე ბევრად მეტნი არიან-მეთქი, ვერ ვიტყვით; სულ რაღაც 15-20 ბავშვით მეტი იქნება. ქართული სკოლის მოსწავლეებს რომ გადავხედე, ძირითადად უფროსკლასელები იყვნენ. პატარები თითქმის არ არიან. წეროვნიდან უფროსკლასელები შეღავათებისთვის გადმოდიოდნენ. ახლა კი გადმოსვლა შეწყვიტეს, რადგან აქ ამისთვის შენიშვნა მისცეს დირექტორებს“, – აცხადებენ ახალგორელები.

წლის დასაწყისში (იანვარ-თებერვალში) ახალგორის სკოლებში მასობრივი დაბრუნება დაიწყეს წეროვანში გადაბარგებულმა ახალგორელმა მოსწავლეებმა. ესენი ძირითადად მე-10-11 კლასელები იყვნენ. მათი ახალგორში დაბრუნების მიზეზი კი იმ შეთავათების მოპოვება იყო, რომელიც ახალგორში სკოლადამთავრებულებს აქვთ: უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შემთხვევაში, გადასახადიდან (თუნდაც არანირი გრანტი არ ჰქონდეს მოპოვებული) თავისუფლდებიან.

ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაცია მოქალაქეთა განზრახვას მიხვდა და უფროსკლასელების მასობრივი გადმოსვლები აკრძალა. ამის მიუხედავად, როგორც თავად ახალგორელები ამბობენ, სკოლის დირექტორებს ჩუმად მაინც ჰყავდათ გაფორმებული ის მოსწავლეები, რომლებიც ახალგორში საერთოდ არ იყვნენ და სინამდვილეში წეროვნის სკოლებში დადიოდნენ.

ახალგორელები უკმაყოფილონი არიან ცხინვალიდან ჩასული მასწავლებლის ინიციატივით, რომელსაც რუსული სკოლის სასწავლო პროგრამიდან ქართული ენის საგნის ამოღება უნდა.

„ეს ცხინვალიდან ჩამოსული რუსულის მასწავლებლის ინიციატივაა, რომელიც ახლახანს გავიგეთ და რა თქმა უნდა, ძალიან არ მოგვეწონა. ერთ-ერთი ბავშვის მშობელი, რომელიც აქ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორია, ზეიმზე გამოვიდა და სპეციალურად რუსულად თქვა: „როგორ შეიძლება ქართული ენის საგანი ამოიღო სასწავლო პროგრამიდან. აქ მოსახლეობის დიდი ნაწილი ქართველია და შეუძლებელია, აქაურმა თუნდაც არაქართველმა ბავშვმა ქართული წერა-კითხვა არ იცოდეს“. იმასაც ამბობდა: ვისაც შეგიძლიათ, ყველამ ხელი შევუშალოთო ამ განზრახვასო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანი ამის წინააღმდეგი ვართ. თუმცა, ჩვენ ვინ რას გვკითხავს?! ეს საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა. ამბობენ, რომ აქაური განათლების განყოფილება ამას  მალე გადაწყვეტს“, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ახალგორში საპირველსექტემბრო ზეიმის ერთ-ერთმა დამსწრემ.

ჩვენ კომენტარისთვის რუსული სკოლის დირექტორს, ციალა კოდალაევს დავუკავშირდით. „საპირველსექტემბრო ზეიმმა ძალიან კარგად და ხალისიანად ჩაიარა. ქართული და რუსული სკოლის წარმომადგენლები ზეიმზე ერთად ვიყავით. სხვა თემაზე - დამსწრე სტუმრებსა თუ ქართული ენის საგნის ამორებაზე, ნურაფერს მკითხავთ, რადგან არ გიპასუხებთ“, - მოკლედ მოგვიჭრა კოდალაევმა.

როგორც humanrights.ge-ს ცხინვალიდან აცნობეს, ახალგორელების უკმაყოფილების მიუხედავად, ადრე თუ გვიან, ახალგორის რუსულ სკოლაში ქართული ენის სწავლება მაინც შეწყდება.

ახალი ამბები