კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა

6 სექტემბერი, 2010
საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა. სარჩელი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ რიგი მუხლების კონსტიტუციურობას შეეხება.  
 
კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდაა მიჩნეული „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობას უკრძალავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სპეციალური უფლებამოსილების მქონე მოსამსახურეებს.

სარჩელში, ასევე, სადავოდაა მიჩნეული ის ნორმებიც, რომლებიც: გამორიცხავს ერთი პირის, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებას; კრძალავს კანონით განსაზღვრული დაწესებულებების შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას; ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილზე შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას და გზის გადაკეტვის შესაძლებლობას უკავშირებს შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობას; აწესებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში 5 დღით ადრე შეტყობინების შეტანის ვალდებულებას და ამ გზით გამორიცხავს სპონტანური ხასიათის შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შესაძლებლობას.
 
სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელით, ასევე სადავოდაა მიჩნეული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის ნორმები, რომლებიც წარწერებისა და ნახატების გაკეთებას კრძალავს ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, ხოლო შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ანდა მისგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე.
 
სახალხო დამცველის აზრით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით აღიარებულ შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებას და კონსტიტუციის 24-ე მუხლით აღიარებულ გამოხატვის თავისუფლებას, ისევე როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით განმტკიცებულ ანალოგიური შინაარსის მქონე უფლებებსა და თავისუფლებებს.
 
უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ მიჩნეულ ნორმათა ნაწილის კონსტიტუციურობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2002 წლის 5 ნოემბრის #180 – 183 გადაწყვეტილებაში იმსჯელა. ამ გარემოების, ისევე როგორც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით,  სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად უნდა გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
 
ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის საკითხის განხილვისას, სახალხო  დამცველი მიუთითებს, რომ შეზღუდვა ვერ პასუხობს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით ჩამოყალიბებულ უფლების შეზღუდვის ისეთ წინაპირობებს, როგორიცაა: კანონით განსაზღვრული; აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში; მიზნის მიღწევის ერთადერთი და პროპორციული ზომა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, კონსტიტუციური სარჩელი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ამსახველი საერთაშორისო დოკუმენტების დებულებებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს და ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები