კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილებს მარიამობა ელექტროენერგიის გათიშვით „მიულოცეს“

8 სექტემბერი, 2010
შორენა ლათათია, სენაკი-თბილისი   

სენაკის ე.წ. სამხედრო ქალაქი, სადაც 621 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, დასავლეთ საქართველოში დევნილთა ყველაზე დიდი დასახლებაა. აქ 1828 დევნილია აღრიცხული. 27 აგვისტოს „ენერგო-პრო ჯორგიამ“  მათ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. წინა დღეებში დევნილებმა კომპანიის განცხადებებზე ხელი არ მოაწერეს და სწორედ ამიტომ დაისაჯნენ.

აფხაზეთიდან დევნილი ვანო ლუკავა უკვე 17 წელია, სენაკის სამხედრო დასახლებაში ცხოვრობს. მისი თქმით, 27 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე „ენერგო-პრო ჯორგიას“ წარმომადგენელმა იქ მცხოვრებ დევნილებს განცხადებები დაურიგეს და ხელმოწერა სთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ელექტროენერგიის შეწყვეტით დაემუქრნენ. 

„განცხადების მიხედვით მე, როგორც დასახლებაში მცხოვრები მოქალაქე აღნიშნულ კომპანიას აბობენტად აყვანას ვთხოვდი და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებდი. განცხადებაში არ ყოფილა საუბარი იმ სუბსიდიებზე, რაც თითოეულ დევნილს სახელმწიფოსაგან გვეკუთვნის. სწორედ ამიტომ, შეცდომაში რომ არ შევეყვანეთ, განცხადებაზე ხელი არ მომიწერია. მათ კი მარიამობის წინა დღეს შუქი ჩაგვიქრეს და დღემდე არ მოგვეწოდება“, – განაცხადა ლუკავამ.

ელექტროენერგიის მიწოდება ასევე შეუწყდა დასახლების წისქვილსა და რამდენიმე მაღაზიას, რამაც ვითარება ერთიორად დაამძიმა.

ყოფილი სამხედრო ქალაქის დასახლებაში დევნილთა კორპუსები სამშენებლო კომპანია „ბლოკ ჯორჯიამ“ გაარემონტა. თუმცა, მაღალ სართულებზე წყლის აყვანა დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

„სარემონტო სამუშაოებისას წყლის მილები გამოცვალეს, მაგრამ უკვე კარგა ხანია, ამ მილებში წყალი აღარ გამოჩენილა. როგორც ჩანს,  მარტო არჩევნების დროს ვახსენდებით“, – ნაღვალიანად ამბობს აფხაზეთიდან დევნილი, ლამზირა მიქავა.
 
„დასახლებაში მოქმედებს სახლმმართველობა და ერთადერთი, რასაც ისინი აკეთებენ, კვირაში ორჯერ დასახლების ტერიტორიიდან ნაგვის გატანაა. დახმარებისთვის რამდენჯერმე ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ცხელ ხაზზე დავრეკეთ, მაგრამ ყველა მცდელობა ხანგრძლივი ზუმერების მოსმენით და გაუთავებელი ლოდინით დამთავრდა“, - განაცხადა ნანული ქობალიამ.

სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ასევე სენაკის N#112 სკოლა-ინტერნატში, სადაც სულ 32 ოჯახი ცხოვრობს, თუმცა დერეფნები და კიბეები ისევ გაურემონტებელი რჩება.

აფხაზეთიდან დევნილი  77 წლის შუშანიკ ყურაშვილი მარტოხელაა და მისი ერთადერთი შემოსავალი ოთხმოცდაათლარიანი პენსიაა, რომელიც წამლებისთვის ძლივს ყოფნის. თუმცა, მისთვის და სხვა მეზობლებისთვის მთავარი პრობლემა აქაც უწყლობაა: „მე-4 სართულზე ვცხოვრობ და უკვე აღარც კი მახსოვს, ჩემს ონკანში წყალი ბოლოს როდის წამოვიდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თავად ვერ ვახერხებ წყლის ამოტანას და ხან რომელ მეზობელს ვთხოვ დახმარებას ხან - რომელს“.

ორივე დასახლების დევნილები ყურადღებას და სოციალური პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. იმედს ვიტოვებთ, რომ ისინი ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებას არჩევნებამდეც გაახსენდებათ.

ახალი ამბები