კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გადადგა

9 სექტემბერი, 2010
გელა მთივლიშვილი, კახეთი

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი გოცირიძე თანამდებობიდან გადადგა. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მისი განცხადება 8 სექტემბერს დააკმაყოფილა. გოცირიძე ამბობს, რომ ამ თანამდებობაზე მუშაობით დაიღალა. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, გიორგი გოცირიძე თანამდებობიდან გადადგომამდე წინა დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იყო დაბარებული, რის შემდეგაც ეს გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ჩვენთან საუბარში უნივერსიტეტის თანამშრომლებმა აღნიშნეს, გოცირიძის გადაწყვეტილების შესახებ დილით შეიტყვეს, როცა მან რექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ კანცელარიაში განცხადება შეიტანა. „სამინისტროდან გვიან ჩამოსულა და უნივერსიტეტში აღარ დაბრუნდა. აქ დილით მოვიდა და რამდენიმე წუთში ცნობილი გახდა, რომ განცხადება დაწერა. სანამ სამინისტროში წავიდოდა, გადადგომაზე არ ფიქრობდა. პირიქით, სექტემბერში აკადემიური საბჭოს არჩევნებია დაგეგმილი, ახალი სასწავლო წელი იწყება და აქტიურად ვემზადებოდით“, - აღნიშნეს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა.

უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის თაობაზე აკადემიური საბჭოს წევრები კომენტარს არ აკეთებენ.

ზურა რაინაული: „გამანებეთ თავი. არ ვარ ვალდებული კომენტარი გავაკეთო. ნუ მაწუხებთ“.

ია ჯიმშიტაშვილი: „კომენტარების გარეშე“.

უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას რექტორის მოადგილე დავით მახაშვილი ასრულებს. კომენტარს არც მახაშვილი აკეთებს: „მე ვერაფერს გეტყვით, ჰკითხეთ თავად გიორგი გოცირიძეს“, - აღნიშნა მახაშვილმა.

გიორგი გოცირიძე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი: „უნივერსიტეტში იმდენი საქმეა და ამის პარალელურად დიდ დროს ვხარჯავდი ჩემს წინააღმდეგ სხვადასხვა უწყებებში შეტანილ საჩივრებზე პასუხის გასაცემად. დავიღალე ამ ყველაფრით. ხან რას მაბრალებდნენ, ხან რას. განათლების სამინისტროს ვთხოვდი, რომ გათავისუფლებაზე თანხმობა მოეცათ და ბოლოს დამთანხმდნენ“.

იურისტების განცხადებით, უმაღლესი განათლების შესახებ კანონის თანახმად, რექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და წესით, განათლების სამინისტროსთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს. თუმცა, მათივე თქმით, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორების თანამდებობებზე სწორედ განათლების სამინისტროსთვის მისაღები პირები ინიშნებიან, მათივე მითითებითა და ნებართვით.

აღსანიშნავია, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან გადადგომამდე, რექტორის თანამდებობები დატოვეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გია ხუბუამ და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზაზა ცოტნიაშვილმა.

ახალი ამბები