კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნათლიები, ნათლიმამები და ნათესავები თანამდებობებზე

14 სექტემბერი, 2010
ნატალია სარქისაშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

„2003 წლის ვარდების რევოლუციამდე ჩვენ ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც ცოდნას ფასი აღარ ჰქონდა, წარმატებას ის აღწევდა, ვისაც უფრო მეტი ახლობელი ჰყავდა ან მეტი ფული ჰქონდა. დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შერჩევის კრიტერიუმი ერთია: პროფესიონალიზმი და საქმის სიყვარული. ნაცნობობა, მეგობრობა, ტრუსიკის ძმაკაცობა, ბიძაშვილობა, მამიდაშვილობა არ უნდა ჭრიდეს“, - მიხეილ სააკაშვილი. 2010 წლის 20 ივლისი, ყვარელი.

პრეზიდენტის ამ განცხადების მიუხედავად, კახეთში თანამდებობებზე მეგობრობის და ნათესაური ნიშნით ინიშნებიან.

ენციკლოპედიური განმარტებით, ნეპოტიზმი ლათინური სიტყვაა და გულისხმობს მაღალი თანამდებობის პირის მიერ, უპირატესად, ნათესავებისა და ახლობლებისათვის თანამდებობების დარიგებას, საერთო და სამართლიანი წესრიგის საწინააღმდეგოდ, რაც სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა პირადი ინტერესების დაყენებას ნიშნავს. ნეპოტიზმი მსოფლიოში კორუფციის მეფედ არის აღიარებული, ეჭვქვეშ აყენებს ადამიანის თავისუფლებას, ანგრევს ეკონომიკას, ქმნის არაკონკურენტუნარიან გარემოს ყველა სფეროში და პრაქტიკულად, უსპობს უბრალო მოქალაქეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსს.

2008 წლის 20 დეკემბერს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ატესტაცია ჩატარდა. ატესტაციაში ადმინისტრაციის თხუთმეტმა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. გუბერნატორის ადმინისტრაციის საკონკურსო - საატესტაციო კომისიის დებულების მიხედვით, ატესტაციის მიზანი რწმუნებულის ადმინისტრაციაში დასაქმებულ მოხელეთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება იყო. ატესტაციის შედეგად გამსვლელი მინიმალური ქულა მხოლოდ ხუთმა მონაწილემ დააგროვა.

2009 წლის 21 იანვარს გუბერნატორის ადმინისტრაციის თხუთმეტივე თანამშრომელმა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა. 27 იანვარს კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა ყველა განცხადება დააკმაყოფილა. იმავე დღეს, გუბერნატორის ბრძანებით, თანამდებობებიდან გათავისუფლებული თანამშრომლები იმავე თანამდებობებზე მოვალეობის შემსრულებლებად დაინიშნენ, გარდა ზიტა ომანოვასი და მარი შაშვიაშვილისა.  იმანოვა გუბერნატორის ადმინისტრაციაში ადმინისტრაციული სამსახურის მთავარ სპეციალისტად მუშაობდა და იურისტის ფუნქციებს ასრულებდა. მას ატესტაციის შედეგად გამსვლელი ქულა ჰქონდა დაგროვებული, კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრებაც გავლილი ჰქონდა. მისი თქმით, „სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერა თანამშრომლებს გუბერნატორის დავალებით მოსთხოვეს“.

იქიდან გამომდინარე, რომ იმანოვას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება თავად ჰქონდა დაწერილი, მას შრომის კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ერთი თვის ხელფასის ოდენობით ფულადი კომპენსაციაც არ მისცეს.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ვაკანტური ადგილების შევსება კონკურსის წესით უნდა მომხდარიყო, თუმცა  კონკურსი არ ჩატარდა. 2009 წლის 17 თებერვალს მთავარი სპეციალისტის - იურისტის ადგილზე გუბერნატორმა მარინე ჭინჭარაული დანიშნა. ჭინჭარაულის დედა - ელისო ტურაშვილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორია და გუბერნატორთან მეგობრობს. 

2009 წლის 15 ივნისს გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე უკონკურსოდ დაინიშნა შალვა მინდიაშვილი, რომელიც გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის მეგობრის, ნოტარიუს ნარგიზ მინდიაშვილის ძმის შვილია.

2010 წლის 30 ივნისს გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონალური განვითარების სამსახურის უფროსად ლაშა ჩივიაშვილი დაინიშნა. ლაშა ჩივიაშვილი მანამდე, 2009 წლიდან გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს ხელმძღვანელობდა. ის და მისი ძმა - გიორგი ჩივიაშვილი კახეთში თანამდებობებზე მას შემდეგ დაინიშნენ, რაც გიორგი ღვინიაშვილი კახეთის გუბერნატორი გახდა. გიორგი ჩივიაშვილი ჯერ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლად მუშაობდა, ხოლო შემდეგ საქართველოს პარლამენტში გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. სანამ ჩივიაშვილები კახეთში დაიწყებდნენ მუშაობას, გიორგი ჩივიაშვილი თბილისის პროკურატურაში პროკურორად მუშაობდა, გიორგი ღვინიაშვილი კი თბილისის მთავარი პროკურორი იყო.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტურ ადგილზე კი შოთა უტიაშვილი დაინიშნა. შოთა უტიაშვილი საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის ნათესავია. ამავე დროს გურჯაანის მოქმედი გამგებელი, კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის მეგობარია. 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შოთა უტიაშვილი გიორგი სიბაშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. სიბაშვილი მაშინ გურჯაანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შოთა უტიაშვილის 5 ახლობელი მუშაობს. ვასილ უტიაშვილი - გამგეობის აპარატის უფროსი; ირაკლი უტიაშვილი - იურისტი; მაია უტიაშვილი - იურისტი; შოთა უტიაშვილი - სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი; ნოდარ ქართლელიშვილი - სასმელი წყლის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, რომელიც შსს საინფორმაციო - ანალიტიკური სამსახურის უფროსის შოთა უტიაშვილის მამიდის ქმარია.

კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის ნათესავია სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნოდარ კოჭლამაზაშვილიც. გიორგი ღვინიაშვილის ნათესავი და თანასოფლელია მაია ნარიაშვილი, რომელმაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწის თანამდებობა, გუბერნატორად გიორგი ღვინიაშვილის დანიშვნის შემდეგ მიიღო. კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობს მაია ნარიაშვილის ქმარი - გელა კაპანაძე.

გურჯაანის და ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარეები ზაქარია იაგანაშვილი და გიორგი გოზალიშვილი კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის ნათესავები არიან. გიორგი სიბაშვილი ზაქარია იაგანაშვილის შვილის ნათლიაა, გიორგი გოზალიშვილი კი გიორგი სიბაშვილის შვილის ნათლია.

გიორგი სიბაშვილი, კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე: „შეიძლება ვინმე მართლაც არის ჩემი ნათესავი ან ახლობელი, მაგრამ პროფესიონალი თუ არის, რა მოხდა მერე? თუ სხვა რამეშია საქმე, მაშინ ყურადღებაა მისაქცევი“.

„ქამრების შემოჭერა კახეთში“

უნდა აღნიშნოს, რომ 2009 წელს, საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა, ეკონომიკური კრიზისის გამო, საქართველოს მთავრობას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და საბიუჯეტო ორგანიზაციებს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდა. სინამდვილეში, 2010 წელს, 2007 – 2009 წლებთან შედარებით, კახეთში, თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა და შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ჩვენს მიერ ოფიციალურად გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში შტატების რაოდენობა 21 შტატით გაიზარდა, შრომის ანაზღაურების თანხა კი 42 700 ლარით; გურჯაანის გამგეობას 3 შტატი დაემატა, თუმცა სახელფასო ფონდი 59 800 ლარით გაიზარდა; ლაგოდეხის გამგეობაში შტატების რაოდენობას 86 შტატი დაემატა, შრომის ანაზღაურება 99 500 ლარით გაიზარდა. შტატების რაოდენობა გაიზარდა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც. მაგალითად, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს კობა მაისურაძეს 6 პრესმდივანი ჰყავს. აქედან: ნინო მაილაშვილი - მამის მხრიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ალექსანდრე მაილაშვილის ბიძაშვილის შვილია, ხოლო დედის მხრიდან ახმეტის გამგებლის ბიძაშვილის შვილი; მაია ბოდაველი - ახმეტის გამგებლის კობა მაისურაძის ბიძაშვილის ელგუჯა მაისურაძის რძალია; ნათია დუიშვილი - თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ახმეტის რაიონული სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ლაბაზა დუიშვილის შვილია.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნათესავია ახმეტის პოლიციის უფროსიც. ზურა ფილაშვილი - კობა მაისურაძის დის შვილია. ზურა ფილაშვილის მამა, ანუ გამგებლის სიძე - ზურა ფილაშვილი (უფროსი) კი „ლიბერთი ბანკის“ ახმეტის ფილიალის მმართველია.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის კობა მაისურაძის ნათესავია ახმეტის კულტურის ცენტრის დირექტორი თამაზ შაშიაშვილიც. იგი კობა მაისურაძის დის შვილის, ზურა ფილაშვილის ცოლის ბიძაა.

კობა მაისურაძე, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი: „ახმეტა პატარა რაიონია და შეიძლება თანამდებობებზე ჩემი ნათესავები მუშაობდნენ. მათ შესწევთ უნარი, დაკისრებულ მოვალეობებს თავი გაართვან. აი, მაგალითად ნინო მაილაშვილი, ვინც თქვენ ახსენეთ, ჩემი ახლობელია და პრესმდივანი კი არ არის, მისაღებს უწევს კოორდინაციას. ამ ადამიანს ვენდობი და მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული“.

მასალაზე მუშაობის დროს ახმეტის, თელავის, გურჯაანის და დედოფლისწყაროს რაიონებში გამოკითხვა ჩავატარეთ. გამოკითხვა კარდაკარის პრინციპით, 15, 16, 17 და 18 აგვისტოს ჩატარდა და 350 რესპონდენტი გამოიკითხა. კითხვაზე, არჩევენ თუ არა კახეთში საჯარო სამსახურებში კადრებს მეგობრობის და ნათესაური ნიშნით, პასუხები შემდეგნაირად განაწილდა: გამოკითხულთა 75,9% -ს მიაჩნია, რომ კადრებს მეგობრობის და ნათესაური ნიშნით არჩევენ; 19,5%-ს მიაჩნია, რომ არ არჩევენ; 4,6%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

ფოტოზე: ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე მაილაშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა მაისურაძე

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში: „ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფი კახეთში“ - რომელსაც აფინანსებს  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „საქართველოში მედიის როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება“. სტატიის შინაარსი არ გამოხატავს ევროკავშირისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს. მასზე მთლიანად პასუხისმგებელია კახეთის საინფორმაციო ცენტრი.

ახალი ამბები