კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნაციონალი“ ქალბატონი პრეზიდენტს საკუთრების დაცვას სთხოვს

20 სექტემბერი, 2010

საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ქალბატონი დალილა ბოჭორმელი იძულებული გახდა, გაზეთ „კვირის პალიტრის“ ფურცლებიდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ღია წერილით მიემართა და დახმარებას ეთხოვა. წერილში იგი ამბობს,  რომ კასპის რაიონში, იგოეთის მონაკვეთზე, მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ავტობანი გაიყვანეს, რა დროსაც უხეშად დაარღვიეს მისი საკუთრების უფლება.  ღია წერილის მიხედვით, ქალბატონმა ამ საკითხზე საქართველოს გზების დეპარტამენტსაც მიმართა, თუმცა მათი მხრიდან პროლემის მოგვარებისთვის ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. გთავაზობთ ღია წერილის სრულ ტექსტს გაზეთ „კვირის პალიტრიდან“:

ბატონო პრეზიდენტო, ვწუხვარ, რომ მომიწია თქვენთვის ღია წერილით მომართვამ და შეწუხებამ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ავტობანის მშენებლობის დროს კასპის რაიონის იგოეთის მონაკვეთზე უკანონოდ შემოიჭრნენ  ჩემს კერძო საკუთრებაში, ყოველგვარი შეთანხმების, ხელშეკრულების გარეშე დღეს ჩემს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე უკვე  გაყვანილია ავტობანი. 

მიწის ნაკვეთის მიტაცების გარდა, გაჩეხეს ნარგავები, დაანგრიეს ღობე, განადგურებულია სარწყავი სისტემა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლი. ამ პრობლემის გამო მივმართე საქართველოს გზების დეპარტამენტს, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში ვერ გადადგა ვერც ერთი ქმედითი ნაბიჯი დავის მოგვარებისა და ჩემი შელახული უფლებების აღდგენისათვის. 

ამ ხნის განმავლობაში ილახება საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობით, საერთაშორისო კონვენციებით ჩემთვის მონიჭებული უფლებები. სამწუხაროა, რომ იმ სამართლიან სახელმწიფოში, რომლის მშენებლობაც თქვენი მთავარი მიზანია, ასე ითელება მოქალაქეთა უფლებები. ამ დროის მანძილზე დეპარტამენტის  ჩემდამი დამოკიდებულება თავს სრულიად უუფლებო ადამიანად მაგრძნობინებს.

ბატონო პრეზიდენტო! ხუთი განცხადებით მოგმართეთ დახმარების აღმოჩენის იმედით. ვფიქრობ, თქვენთვის უცნობია ჩემი მდგომარეობა. მაქვს დიდი იმედი თქვენი სამართლიანობისა, იმისა, რომ თქვენ ყველაფერს ნამდვილად ხალხის საკეთილდღეოდ და ქვეყნის აღმშენებლობისათვის აკეთებთ და არ დაუშვებთ, რომ მოქალაქე დაზარალდეს, რომ 21-ე საუკუნეში თქვენი მმართველობისას ისე შეილახოს ადამიანის სუვერენული უფლებები, როგორც ეს ხდება ტოტალიტარულ სახელმწიფოებში.

მე მჯერა თქვენი! ამ იმედით ვბედავ თქვენს შეწუხებას.  კარგად მესმის, რომ ასეთ წვრილმან საკითხზე თქვენ არ უნდა გაწუხებდეთ, მაგრამ  სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. დიდი იმედი მაქვს თქვენი  სამართლიანობის.

პატივისცემით, თქვენი თანამოაზრე და ნაციონალური მოძრაობის წევრი დალილა ბოჭორმელი

ახალი ამბები