კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს უფლებადამცველი ორგანიზაციების სასწრაფო განცხადება

21 სექტემბერი, 2010
საქართველოს უფლებადამცველები დიდ შეშფოთებას გამოხატავენ „პოლიციის შესახებ კანონში“ ინიცირებულ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომლის მიღების შემთხვევაში, პოლიციელს უფლება ექნება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოქალაქე გააჩეროს ქუჩაში და ჩაუტაროს მას „ტანსაცმლის ზედაპირული დათვალიერება“, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე, რომ ამ ადამიანს შესაძლოა, ჩადენილი ჰქონდეს დანაშაული. მეტიც, ეს ცვლილებები პრაქტიკულად აუქმებს კანონის ამჟამინდელი რედაქციით დადგენილ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც პოლიციელმა ჩხრეკის ჩატარებამდე უნდა მოიპოვოს სათანადო ნებართვა.

უფლებადამცველები განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან იმით, რომ საქართველოს კანონდებლობაში ცვლილებების ეს ინიციატივა მორიგი ნაბიჯი და დადასტურებაა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა მიმართულია აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა (განსაკუთრებით ძალოვანი სტრუქტურების) ძალაუფლების გაფართოებისაკენ და თანაც მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ხარჯზე. ყოველივე ეს კი ხდება იმ ფონზე, როცა ქვეყანაში გაბატონებულია ძალოვნების დაუსჯელობის სინდრომი და  მრავალი წელია, სასამართლო ხელისუფლებას  აღმასრულებელი ხელისუფლება აკონტროლებს.

აღნიშნული ცვლილებებით ადამიანის სამოქალაქო უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევა გაცილებით უფრო იოლი გახდება, ვიდრე  ეს ოდესმე  იყო შესაძლებელი საქართველოში. კონკრეტულად, კანონის ამჟამინდელი რედაქციით, ჩხრეკის პროცედურის ჩასატარებლად აუცილებელია წინასწარი ნებართვის მიღება მოსამართლის, ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – პროკურორის მხრიდან. ინიცირებულ ცვლილებას შემოაქვს „ზედაპირული დათვალიერების“ ცნება, რომლის ჩასატარებლად საჭირო აღარ იქნება ამგვარი ნებართვის მოპოვება, „ზედაპირული დათვალიერების“ ჩატარება შეეძლება ნებისმიერ პოლიციელს გონივრული ეჭვის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ ამ ადამიანს შესაძლოა, ჩადენილი ჰქონდეს დანაშაული. თუმცა, თუ „ზედაპირული დათვალიერების“ დროს გამოვლინდება შემდგომი ჩხრეკის საფუძველი, ჩხრეკას ჩაატარებს უფლებამოსილი თანამდებობის პირი. ამ შემთხვევაში კი მოსამართლისა და პროკურორის მხრიდან ნებართვის მოპოვების ვალდებულებას მას კანონი უკვე აღარ დააკისრებს.

ამგვარად, ინიცირებული ცვლილებები აუქმებს პოლიციელის მიერ წინასწარი ნებართვის მოპოვების ვალდებულებას არა მხოლოდ ზედაპირული დათვალიერების, არამედ ჩხრეკის ჩატარების შემთხვევაშიც.

უფრო მეტიც, თუ კანონის ამჟამინდელი რედაქციით, ჩხრეკის ჩატარებაზე ნებართვას გასცემს მოსამართლე ან პროკურორი, ინიცირებული ცვლილებით, ეს უფლებამოსილება პრაქტიკულად მიენიჭება რიგით პოლიციელს, რომელიც უფლებამოსილი გახდება, ადგილზე დაადგინოს ჩხრეკის საჭიროება და  ჩხრეკის ჩასატარებლად გამოიძახოს უფლებამოსილი პირი. 

ასევე, ამჟამინდელი რედაქციით, ჩხრეკის ჩასატარებლად საჭიროა „კარგად დასაბუთებული ეჭვი“, ხოლო, შემოთავაზებული ცვლილებით, ჩხრეკის ჩასატარებლად საკმარისი იქნება ზედაპირული დათვალიერების დროს გამოვლენილი ჩხრეკის საფუძველი. რა შეიძლება გახდეს ასეთი საფუძველი, შემოთავაზებულ ცვლილებაში დაკონკრეტებული არ არის.

ინიცირებული ცვლილება სხვა ბუნდოვან ცნებებსაც შეიცავს. მაგალითად, იგი არ განმარტავს რა არის, ან როგორ უნდა დადგინდეს ზედაპირული ჩხრეკის ჩატარების საფუძვლად დადგენილი „გონივრული ეჭვი“. არც იმას ადგენს კონკრეტულად, თუ რა დროის განმავლობაში შეიძლება პოლიციელმა გააჩეროს მოქალაქე კანონის ამ მუხლის საფუძველზე. ცვლილებაში მხოლოდ ნათქვამია, რომ შეჩერების ვადა, გონივრული ეჭვის დადასტურების ან გამორიცხვისთვის აუცილებელი გონივრული ვადა უნდა იყოს. ორივე ზემოაღნიშნულ შემთხვევაში კანონი ბუნდოვნადაა ჩამოყალიბებული და თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფართო შესაძლებლობას იძლევა.

მართალია, კანონპროექტითვე, შეჩერებული პირი უფლებამოსილია, შეჩერებიდან ხუთი დღის ვადაში, ერთჯერადად შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების ადგილის მიხედვით, სასამართლოში გაასაჩივროს შეჩერების კანონიერება და დასაბუთებულობა და მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შეჩერებისთვის. თუმცა, საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მექანიზმი შესძლებს მოახდინოს პოლიციელის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ეფექტური პრევენცია ან შეაჩეროს ამ მუხლის მანიპულირებით უფლებების შემდგომი დარღვევები. განსაკუთრებით უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ნარკოტიკის „ჩადებისა“ და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მოტივით განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დაპატიმრება. ასევე, გავრცელებული პრაქტიკაა პოლიციის მიერ  გადამეტებული ძალის გამოყენებაც, რამაც წინა წლებში არაერთ შემთხვევაში გამოიწვია ლეტალური და სხვა მძიმე შედეგი.

 ამავე დროს, გამოდის, რომ ფაქტოვბრივად საქმე გვაქვს პირის განუსაზღვრელი დროით დაკავების უფლებასთან, ისე, რომ ამ პირს არ ენიჭება არანაირი სამართლებრივი სტატუსი, და შესაბამისად არც პროცესუალური უფლებები აქვს (მოითხოვოს მოწმე და/ან ადვოკატი). პრაქტიკულად, ეს ცვლილება ლეგალიზაციას უკეთებს იმას, რაც მოქმედი კანონმდებლობით უკანონო დაკავებად ითვლება და პირს სამართლის დაცვის მიღმა აყენებს.

შინაარსობრივი მხარის გარდა, ჩვენს წუხილს იწვევს ის ფორმაც, რითაც ხდება ინიციატივის განხილვა. როგორც ცნობილი გახდა, ამ ცვლილებას საპარლამენტო უმრავლესობა ტექნიკურ ცვლილებად მიიჩნევს და მას ტექნიკური ცვლილების პროცედურის მიხედვით განიხილავს. ეს კი გაცილებით მარტივი პროცედურაა  საქართველოს კანონმდებლობით კანონში შინაარსობრივი ცვლილებების შესატანად დადგენილ წესებთან შედარებით. ამის გარდა, არ მომხდარა ამდენად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილების განხილვა უფლებადამცველებსა და ფართო საზოგადოებასთან და ეს თემა, ფაქტობრივად, საჯარო განხილვების მიღმაა დატოვებული.

ინიცირებული ცვლილებები წარმოადგენს პოლიციის უფლებების უწყვეტი გაფართოებისკენ გადადგმულ შემდგომ ნაბიჯს. მაგალითისათვის, გასულ წელს პოლიციამ მიიღო არალეტალური იარაღის (პლასტმასისა და რეზინის ტყვიები, წიწაკის გაზი და სხვ.) გამოყენების უფლება. ეს იმ ფონზე, როცა არც ერთი პოლიციელი არ წარმდგარა სასამართლოს წინაშე 2007 წლის ნოემბრისა და 2009 წლის გაზაფხულ-ზაფხულის მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევის მიზნით ასეთი იარაღის იმ დროისთვის უკანონოდ გამოყენებისათვის. აღნიშნული ცვლილება პარლამენტმა ისე უცებ მიიღო, რომ სამოქალაქო საზოგადოებას დროც არ ჰქონდა, განეხილა და თავისი აზრი გამოეთქვა ამ საკითხზე.

იმავე დღეს  საქართველოს პარლამენტმა შეცვალა „კანონი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“, რომელმაც არაპროპორციულად შეზღუდა საქართველოში შეკრების და ასევე გამოხატვის თავისუფლება. იმავე დღეს შეიცვალა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიც, რომელმაც “შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის” დამრღვევთათვის, სასჯელთა შორის, შემოიღო 30-დან 90 დღემდე პატიმრობა. ამ კანონების გამოყენების პრაქტიკამ 2009-2010 წლებში ნათლად დაგვანახა, რომ  მათი გამოყენება განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ხდება.

უფლებადამცველებს მიგვაჩნია, რომ ადამიანისა და მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ხარჯზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა (განსაკუთრებით კი პოლიციის) უფლებების ზრდა სერიოზულ საფრთეს უქმნის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მომავალს საქართველოში, მით უფრო მაშინ, როცა ქვეყანაში არ არსებობს აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედებებზე ეფექტური სასამართლო კონტროლის პრაქტიკა.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს აღნიშნული ცვლილებები „პოლიციის შესახებ კანონში“.

მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, გამოიჩინოს ყურადღება აღნიშნული საკითხისა და მსგავსი ტიპის საკანონმდებლო ცვლილებებისადმი საქართველოში; მოუწოდოს საქართველოს მთავრობას, განუხრელად დაიცვას საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ვალდებულებებით, განსაკუთრებით - ევროპული კონვენციითა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებები.  

თბილისი, 20 სექტემბერი, 2010

ადამიანის უფლებათა ცენტრი;
ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი;
კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი;
ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი;

ახალი ამბები