კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოკლეს თუ დაიხჩო? - ოჯახი სახელმწიფოსგან გამოძიებას ითხოვს

21 სექტემბერი, 2010
ინგა გვასალია, სამეგრელო

ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მკვიდრის 29 წლის ელგუჯა ახალაიას საეჭვო ვითარებაში დაღუპვიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. ახალგაზრდის სიკვდილთან დაკავშირებით რამდენიმე არაოფიციალური ვერსია არსებობს. ახლობლების მტკიცებით, იგი მოკლეს და მდინარეში გადააგდეს.

ელგუჯა ახალაია მეზობლებთან ერთად წავიდა მდინარეზე და იქიდან აღარ დაბრუნებულა. ოფიციალური ვერსიით, ახალგაზრდა მდინარეში დაიხრჩო, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება გარდაცვლილის მამა და გამოძიებას მოითხოვს. მან რამდენჯერმე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, დაეკითხათ მის შვილთან ერთად მდინარეზე მყოფი პირები, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია და ოთხი გამომძიებელიც გამოიცვალა, მაგრამ გამოძიება ადგილიდან არ დაძრულა. გამწარებულმა მამამ  ჩხოროწყუს პოლიციის შენობის წინ ხალხმრავალი აქცია რამდენჯერმე გამართა, მაგრამ - ამაოდ.

როგორც დაზარალებულმა თამუშა ახალაია ამბობს, რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ბადრი ქებურიამ უთხრა, რომ ისინი არა მკვლელებს, არამედ ქათმისა და საქონლის ქურდებს იჭერდნენ და სამხარეო პოლიციისკენ მიუთითა. დაზარალებული დიდად გააკვირვა ამ ნათქვამმა, მაგრამ „რჩევა“ გაითვალისწინა და სამხარეო პოლიციას და პროკურატურას მიმართა. აქაც როცა ვერ მიიღო დამაკმაყოფილებელი პასუხი და საქმეს არაფერი ეშველა, საპროტესტო აქცია უკვე მათი ოფისების წინ გამართა. ქუჩაში გამოსული ორასამდე ადამიანი სამართალდამცავ უწყებას უმოქმედობაში ადანაშაულებდა.

როგორც მოკლულის ოჯახის წევრები ამბობენ, ძალოვანები საქმის გამოძიების პროცესს შეგნებულად, თანამშრომლის დაცვის მიზნით აჭიანურებენ. ოჯახი ამტკიცებს, რომ ელგუჯა ახალაია პოლიციელმა დათო სიჭინავამ მოკლა. ახალაიას მეუღლე ნატო კემულარია აცხადებს, რომ დამნაშავე დაკითხულიც არ არის. მისი მტკიცებით, პოლიციამ მკვლელობის თვითმხილველებიც დააშინა.

„ელგუჯა ჩვენს თანასოფლელებთან ერთად მდინარე ხობისწყალთან იმყოფებოდა. იქ იყო  პოლიციის თანამშრომელი დათო სიჭინავაც, რომელმაც ჩემს ქმარს გაურკვეველი მიზეზით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა. როგორც გვითხრეს, ელგუჯამ გონება დაკარგა, თავი რიყის ქვას დაარტყა და გარდაიცვალა. გარდაცვლილი სიჭინავამ წყალში შეაცურა და იქ მყოფებს სასტიკად აუკრძალა ამის გამხელა. ჩვენ მაინც გავიგეთ, რა როგორ მოხდა. ელგუჯას ეძებდნენ და წყალში დიდი ქვის ქვეშ იპოვეს. ჩემი ქმარი წყალში არ დამხრჩვალა, როგორც ამას პოლიცია ამტკიცებს, რადგან ცხედარს გარეგანი დათვალიერებითაც ეტყობოდა ძალადობის კვალი. ერთ-ერთმა თვითმხილველმა  დაგვიდასტურა, რომ დანაშაული პოლიციელმა ჩაიდინა, მაგრამ რაიონული და სამხარეო პოლიცია რატომღაც საეჭვოდ პასიურობენ და იგი არც დაუკითხავთ. გვინდა, დამნაშავე სამართლიანად დაისაჯოს. ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. 3 მცირეწლოვანი ბავშვის აღზრდა დამაწვა კისერზე. ამათ კი მკვლელის დაკავება არ უნდათ. არ გავჩერდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე“.

ელგუჯა ახალაიას მამა გამოძიების კვლავ გაჭიანურების შემთხვევაში მართლმსაჯულების აღსრულებას საკუთარი ძალით გეგმავს: „ვითხოვ, მითხრან, რატომ მოკლეს ჩემი შვილი,  რატომ არ დააკავეს დამნაშავე. თუ პოლიცია არ გამოიძიებს, გადავწვავ მათ შენობას და დამნაშავის სახლს. წელზე მეტია, ნორმალურ პასუხსაც ვერ ვეღირსე. რაიონულ პოლიციაში რომ მივალ, სამხარეოში მაგზავნიან, ისინი კიდევ თბილისში, გენერალურ პროკურატურაში. აღარ შემიძლია. უკიდურესი ზომების მიღებისკენ მიბიძგებენ. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სამართალი. ერთ-ერთი ვერსიით, ხობისწყალთან რვა კაცი, მათ შორის ჩემი შვილიც, საქმის გასარჩევად იყვნენ ჩასულები. როგორც გავარკვიე, ორი წლის წინ,  ლევან კვეკვესკირს კვირკვაიებისგან თხილის სანაცვლოდ ფული აუღია. თხილი კი დათქმულ დროზე ვერ მიუცია. გოჩა და ზურიკო კვირკვაიებს კი გადავადების ნაცვლად თანხის გაზრდა მოუთხოვიათ. ჩემი შვილი კი კვეკვესკირს გამოქომაგებია  - ახალგაზრდა ბიჭია ლევანი და ამდენ ფულს ნუ მოსთხოვთ, სირცხვილიაო. როგორც ჩანს, სწორედ ამ გამოქომაგებას შეეწირა. არ ვიცი, რა ჩაარტყეს თავში -  იარაღის კონდახი, ქვა თუ ხელი, მაგრამ მოკლეს და წყალში ჩააგდეს. ამ საქმის გარჩევებში პოლიციელები, გოჩა კვირკვაია და დავით სიჭინავა მონაწილეობდნენ, ამიტომაც უნდათ ამ საქმის ჩაფარცხვა. 99 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილის მკვლელი დავით სიჭინავაა. მე ასე ვფიქრობ და გამოძიებამ დაადგინოს ნამდვილი დამნაშავე, მაგრამ არაფერს აკეთებენ. გამომძიებელმა პაატა არახამიამ ექიმებს გვამი არ დაათვალიერებინა, მოიმიზეზა, ექიმები არ არიანო, ეს მაშინ, როცა ორი ექიმი იყო შემთხვევის ადგილზე. ამდენი ტყუილი მარწმუნებს სწორედ, რომ დამნაშავეს ხელს აფარებენ და ამ მკვლელობის ჩაფარცხვა უნდათ. ჩემს შვილს ყველა პატივს სცემდა, მომდურავი არ ჰყავდა და რატომ უნდა შერჩეს ვიღაცას მისი მოკვლა?“  

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩხოროწყუს პოლიციას მივაკითხეთ. უკვე რამდენიმე თვეა, ჩხოროწყუს პოლიციას უფროსი არ ჰყავს. ყოფილი უფროსი ჩხოროწყუელებს უკვე საკრებულოს თავმჯდომარედ მოევლინა. უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი ქებურია ელგუჯა ახალაიას სიკვდილთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. იგი ასევე კატეგორიულად უარყოფს, თითქოს თამუშა ახალაიას უთხრა, რომ ჩხოროწყუს პოლიცია მკვლელებს კი არა, საქონლის ქურდებს იჭერს.

ელგუჯა ახალაიას მამის მიერ შვილის მკვლელობაში დადანაშაულებულ დავით სიჭინავასთან გასაუბრება ამ ეტაპზე ვერ მოვახერხეთ. იგი სამხარეო პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. ტელეფონით როცა დავუკავშირდით და გაიგო, რომ ჟურნალისტი ურეკავდა, მოგვაძახა: თქვენთან სალაპარაკო არაფერი მაქვსო.  

გარდაცვლილის ოჯახის წევრები აქციების გაგრძელებით იმუქრებიან. ისინი სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შემდეგ პროტესტის გამოხატვას დედაქალაქში, მთავრობის სასახლესთან გეგმავენ.

ახალი ამბები