კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მოხალისე ჯაშუში“ - ფილმი, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა სულ თან უნდა ატაროს

23 სექტემბერი, 2010
სალომე აჩბა

22 სექტემბერს კინოს სახლში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა  გიორგი ჯანელიძის დოკუმენტური ფილმის - „მოხალისე ჯაშუშის“ ჩვენება. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ტელესტუდიაში (hridc.tv) გადაღებულმა  ფილმმა, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული სამხედრო ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას საქმეს ეხება, დიდი ინტერესი გამოიწვია. კინოს სახლის დარბაზი მაყურებელმა მთლიანად შეავსო. დამსწრეთა შორის იმყოფებოდნენ საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აგრეთვე - ვახტანგ მაისაიას კოლეგები - სხვადასხვა დარგის ექსპერტები, უფლებადამცველები, ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირები. 

გიორგი ჯანელიძის დოკუმენტური ფილმი ვახტანგ მაისაიას საქმესთან დაკავშირებულ ბევრ ისეთ ფაქტს ააშკარავებს, რომლებიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აქამდე უცნობი იყო.

ვახტანგ მაისაია 2009 წლის 5 მაისს, მუხროვანის ცნობილი ინციდენტის დღეს დააკავეს და ბრალად დასდეს „უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა“. ეს „უცხო ქვეყანა“ დაკონკრეტებული არ ყოფილა, მაგრამ პრეზიდენტ სააკაშვილისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მხრიდან საჯარო კომენტარებში მინიშნება კეთდებოდა რუსეთზე. კერძოდ, ბრალდების თანახმად, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ვახტანგ მაისაია მტრულად განწყობილ სახელმწიფოს სისტემატიურად აწვდიდა ინფორმაციას ქართული სამხედრო დანაყოფების რაოდენობისა და ადგილმდებარეობის შესახებ.

სამხედრო ექსპერტისადმი წაყენებული ბრალდება დაკავებულის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და საზოგადოების დიდ ნაწილს აბსურდად მიაჩნია. სასამართლომ კი ბრალდება დადასტურებულად მიიჩნია და სამხედრო ექსპერტს ოცწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

„მე ვფიქრობ, ვახტანგ მაისაიას დაკავება პირდაპირ უკავშირდება მუხროვანის ამბოხს. მაისაიას დაკავებით ხელისუფლება 2009 წლის 5 მაისს მუხროვანის ინცინდენტის გამო დაკავებული პირების შესახებ ინფორმაციის გადაფარვას შეეცადა. მაისაიას საქმე იმიტომ შეთითხნეს, რომ საზოგადოების ყურადღება სხვა ამბავზე გადაეტანათ. დაკავებული, უბრალოდ, მსხვერპლია ხელისუფლების ზოგადი პოლიტიკისა და იგი მანამ ეყოლებათ პატიმრობაში,  სანამ მთელი ქართული საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა ხმას არ აიმაღლებს უდანაშაულო ადამიანის პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის“, - ამბობს სამხედრო ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალი და თავისუფლების“ ხელმძღვანელი, ირაკლი სესიაშვილი.

ვახტანგ მაისაიას  დაკავება დაემთხვა 2009 წლის აპრილში დაწყებულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს ხელისუფლების წინააღმდეგ. დაკავებული ექსპერტის ახლობლების აზრით, ეს ფაქტიც ერთ-ერთი მიზეზი იყო მაისაიას დაკავებისა - ხელისუფლებას სურდა აპრილის აქციებისა და მუხროვანის ინცინდენტიდან საზოგადოებას ყურადღება მაისაიას დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაციისკენ მიემართა.

„იმავე ლოგიკით, რა ლოგიკითაც ვახტანგ მაისაია დაიჭირეს, ჩვენც აგენტები გამოვდივართ“, - ამბობს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, უჩა ნანუაშვილი. მართლაც, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს თითქმის ყველა მედიასაშუალება გადასცემდა ისეთი ტიპის სრულიად საჯარო ინფორმაციას, როგორსაც ვახტანგ მაისაია ავრცელებდა.

„მოხალისე ჯაშუშის“ ავტორის, გიორგი ჯანელიძის თქმით, ფილმზე მუშაობა გაართულა საქმეზე დადებულმა გრიფმა „სრულიად საიდუმლოდ“, რის გამოც საქმის მასალებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იყო. თუმცა, ავტორმა თავი მოუყარა დამოუკიდებლად მოკვლეულ ინფორმაციებს, რის საფუძელზეც მან თავისთვის ლაკონური დასკვნა გააკეთა: „მაისაია რუსეთის ჯაშუში არ არის!“

„ეს ფილმი არის დიდ სიცრუეზე, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი, სამართალდამცავი ორგანოები, ძალოვანები... ეს ფილმი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მაისაიას საქმე განზრახაა შეთითხნილი. ჩვენი ორგანიზაცია მოითხოვს ვახტანგ მაისაიას და მისი მსგავსი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა ფილმის ჩვენების დაწყების წინ.

„ვახტანგ მაისაიას საქმე არის ტიპური ნიმუში იმ პრობლემებისა, რაც ამ ქვეყანაში დაგროვდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ განსაკუთრებით გახშირდა ადამიანების  პოლიტიკური ნიშნით უკანონოდ დაპატიმრება. პოლიტპატიმრების დიდი ნაწილი ჯაშუშობის ბრალდებით არის დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ასეთ საქმეში არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, ეს ადამიანები მაინც გისოსებს მიღმა აღმოჩდნენ. მაისაიას საქმეც ამ საერთო პროცესის ერთ-ერთი მაგალითია. თუმცა , რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, ერთი მაგალითით აჩვენო ის ზოგადი ტენდენცია და პოლიტიკა, რასაც ეს ხელისუფლება ატარებს“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი, ნანა კაკაბაძე.

„უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა ასეთი ფილმის შექმნა აღვირახსნილ უკანონობაზე. ეს ფილმი საინტერესო იქნება არა მხოლოდ ქართველი მაყურებლისთვის, არამედ უცხოელებისთვისაც. მე ვფიქრობ, პრეზიდენტმა ახსნა-განმარტება უნდა მისცეს უცხოელებს იმ ტიპის „დემოკრატიაზე“, რაც ქართულ სასამართლოშია და რაც კარგად გამოჩნდა ამ ფილმშიც. ამისათვის კარგი იქნება, თუკი სააკაშვილი ამ ფილმს ყველგან თან ატარებს უცხოეთში, სადაც იგი დადის და ყველას უჩვენებს. მაისაიას საქმესთან დაკავშირებული უსამართლობა, ყოველგვარ საზღვარს სცდება. ესაა ხელისუფლების ცინიზმი საზოგადოებისადმი“, - განაცხადა პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა ფილმის ნახვის შემდეგ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იყო პირველი ორგანიზაცია, რომლის დახმარებითაც ვახტანგ მაისაიას საქმე გახმაურდა. თავიდან რატომღაც ყველა სხვა ორგანიზაციის კარი ჩვენთვის დაკეტილი იყო. დიპლომატიური კორპუსი რომ ასე დაინტერესდა ამ საქმით, პირველ რიგში, „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და მისი ხელმძღვანელის დამსახურებაა“, - ამბობს ვახტანგ მაისაიას ადვოკატი, ნათია კორკოტაძე.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ გლდანის საპყრობილეში ვახტანგ მაისაიას ცემასთან დაკავშირებით წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციის (OMCT) საერთაშორისო სამდივნომ საგანგებოდ მიმართა საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლებს: პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, უშიშროების საბჭოს მდივან ეკა ტყეშელაშვილს, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი არსენიშვილს და სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს. წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციამ ვახტანგ მაისაიას მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია OMCT SOS ქსელის წევრისაგან - „ადამიანის უფლებათა ცენტრისგან“ მიიღო. მიმართვის სრული თარგმანი შეგიძლიათ ნახოთ ლინკზე: http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=5450&lang=ge .

გიორგი ჯანელიძის ფილმის „მოხალისე ჯაშუშის“ ნახვა შეგიძლიათ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ვიდეოპორტალზე -  http://hridc.tv/

ახალი ამბები