კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ძალადობა მზრუნველობის სახელით

23 სექტემბერი, 2010
გელა მთივლიშვილი, კახეთი

„დედას აქვს მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა და ვერ უზრუნველყოფს ბავშვისთვის ჯანსაღ საარსებო გარემოს, აგრეთვე შესაბამის მკურნალობას აუცილებლობისას. ბავშვებს არა აქვთ საკმარისი პროდუქტები და სეზონური ჩასაცმელი“, - ამ მოტივებით სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის განყოფილებამ წნორში მცხოვრებ 24 წლის ნ. ქ-შვილს ჯერ ორი ბავშვი ჩამოართვა. რამდენიმე დღის წინ კი, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, სოციალურმა მუშაკებმა, აღმასრულებლის ძალით დედას 1 წლის გიორგი მკერდიდან ააგლიჯეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის განყოფილებამ ნ. ქ-შვილის და ა. ა-შვილისთვის მშობლის უფლების შეზღუდვის მოთხოვნით სიღნაღის რაიონულ სასამართლოს სარჩელით პირველად 2009 წლის 4 ივნისს მიმართა.

„სააგენტოს სიღნაღის განყოფილებაში ბავშვთა ზრუნვის სამსახურიდან შემოვიდა სატელეფონო შეტყობინება, რომ წნორში ცხოვრობს ოჯახი, სამი მცირეწლოვანი ბავშვით, ღია ცის ქვეშ. სოციალურმა მუშაკმა დაუყოვნებლივ მოიძია აღნიშნული ოჯახი, რომელიც ადგილზე შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ სახლი ფაქტობრივად არ არსებობს, არის ქოხის ნანგრევი, ოჯახის ავეჯს შეადგენს ორი რკინის საწოლი, ბავშვისთვის მავთულებით შემაგრებული ეტლი, ძველი პატარა მაგიდა, რამდენიმე თეფში და ჭიქა. ორივე მშობელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. მამა შიზოფრენიითაა დაავადებული. დედის დიაგნოზია მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა. ქალს ჰყავს მესამე შვილიც, მეორე ქმრისგან, რომელიც ტოვებს ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანის შთაბეჭდილებას. უფროსი გოგონა დაავადებულია ეპილეფსიური ხასიათის გულყრებით. 27 მაისს დედის განცხადების საფუძველზე უფროსი ბავშვები გადაყვანილ იქნენ თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში, ახალშობილის გადაყვანაზე დედამ უარი განაცხადა. სააგენტოს მიაჩნია, რომ დედა ვერ უქმნის ბავშვს ჯანსაღ გარემოს, ბავშვს არ აქვს სათანადო საკვები და სეზონური ჩასაცმელი. შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ვითხოვთ, მშობლებს შეეზღუდოთ მშობლის უფლება. ყოველივე ამით მიიღწევა, რომ დაცული იქნება ბავშვების ინტერესები“, - აღნიშნულია სარჩელში.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამაზ ჯალიაშვილმა სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის განყოფილების აღნიშნული სარჩელი, 2009 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ნ. ქ-შვილსა და ა. ა-შვილს პირველ და მეორე შვილებთან მიმართებაში მშობლის უფლება შეეზღუდათ. მესამე ბავშვთან, გიორგი ქ-შვილთან მიმართებაში კი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში მოსამართლე აღნიშნავს: „გიორგი ქ-შვილთან მიმართებაში სასარჩელო მოთხოვნა ემყარება იმ გარემოებებს, რომ ბავშვის დედა მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენის მქონე ფსიქოპატიური პირია, მას არ შესწევს უნარი სრულყოფილად იზრუნოს შვილზე, ბავშვი იზრდება არასასურველ გარემოში. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და ითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ ვითარება არსებითად არის შეცვლილი. გიორგი ქ-შვილის მამად ცნობილია ლ. ბ-შვილი. ამასთან, ბავშვის მშობლები რეგისტრირებულ ქორწინებაში შევიდნენ ერთმანეთთან და მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს საცხოვრებელი პირობები. გარდა ამისა, ბავშვი იკვებება დედის რძით და ნებისმიერი შეზღუდვა ამ თვალსაზრისით სახიფათო იქნება მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის. სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი იმყოფება ორივე მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია; დედა აყვანილია აღრიცხვაზე შპს „ფსიქონევროლოგში“ დიაგნოზით მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა, რის გამოც დადგენილი აქვს სტატუსი; მამა არის ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი, დასაქმებულია და აქვს მუდმივი შემოსავალი. სასამართლო ვერ გაიზიარებს სააგენტოს პოზიციას, თითქოს დაავადების ხასიათიდან გამომდინარე, დედა არაადეკვატურია, ვერ ზურუნველყოფს ბავშვისთვის ჯანსაღ საარსებო გარემოს და სრულფასოვან კვებას, აგრეთვე შესაბამის მკურნალობას აუცილებლობისას. სასამართლოს აზრით, ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, დედა ერთადერთია, ვისაც შეუძლია მისი გამოკვება ბუნებრივი, ბიოლოგიური საკვებით - დედის რძით და აღნიშნულზე ვერ მოახდენს გავლენას შშმპ-ის სტატუსის დადგენა ან კონკრეტული სამედიცინო დიაგნოზი. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ ბავშვის რჩენა - აღზრდაში აქტიურად მონაწილეობს მამაც. სააგენტოს მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს“.

2010 წლის 6 ივლისს სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონულმა განყოფილებამ ისევ მიმართა სიღნაღის სასამართლოს და გიორგის მშობლებისთვის მშობლის უფლების შეზღუდვა და ბავშვის ჩვილ ბავშვთა სახლში გადაყვანა მოითხოვა. „2010 წლის 25 ივნისს სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილების თანამშრომლები ინგა ლაბუჩიძე და მადონა ქურციკიძე შეესწრნენ ბავშვის დედის მხრიდან წნორში, ავტოსადგომის ტერიტორიაზე მცირეწლოვან ბავშვზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტს. ამ ფაქტზე სიღნაღის პოლიციაში გამოძიება დაიწყო. ამასთან, სააგენტომ ჩაატარა მოკვლევა და დადგენილად მიგვაჩნია, რომ ბავშვის დედა, რომელსაც აქვს მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა, მცირეწლოვან შვილზე ფიზიკურ ძალადობას ახორციელებს, ხოლო ბავშვის მამა ვერ უზრუნველყოფს შვილის უსაფრთხოებას“, - აღნიშნავს განყოფილების უფროსი ზურაბ ზურაბაშვილი.

ამჯერად სარჩელი სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა განიხილა.

„სასამართლო გაეცნო სააგენტოს მოთხოვნას, შეამოწმა მისი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაგვეკმაყოფილებინა. სარჩელის დაუკმაყოფილებლობას შესაძლოა, ბავშვის ჯანმრთლობისა და სიცოცხლისთვის საფრთხე შეექმნა“, - აცხადებს მოსამართლე კიკილაშვილი.

შს სიღნაღის რაიონული სამმართველოდან მიღებული ინფორმაციით, დედის მხრიდან ბავშვზე ძალადობის შესახებ სააგენტოს მიერ მიწოდებული შეტყობინების საფუძველზე გამოძიება მიმდინარეობს, დედის პასუხისგებაში მისაცემად საჭირო მტკიცებულები კი გამოკვეთილი არ არის.

ჩვენ შევხვდით ნ. ქ-შვილის მეზობლებს, რომლებმაც კატეგორიულად უარყვეს ინფორმაცია დედის მხრიდან ბავშვზე ფიზიკურად ძალადობის თაობაზე. „რაც შეუძლია და როგორც შეუძლია ბავშვს ისე უვლის. გობებრივად ცოტა ჩამორჩენილია, ეგ იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ბავშვები უნდა წაართვან. ძალიან გადაეკიდა სააგენტო. ჯერ ორ ბავშვზე დააწერინეს თანხმობა, შემდეგ კი მესამე ბავშვიც წაართვეს“, - აღნიშნავს მარინე ბ-შვილი.

გიორგის მშობლებმა ადვოკატის დახმარებით სიღნაღის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, თუმცა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე დედას ბავშვი წაართვეს.

„სოციალური მუშაკი მოვიდა აღმასრულებელთან ერთად. ბავშვი ხელიდან გამომგლიჯეს. გიორგი ტიროდა, ჩემსკენ იწევდა, მაგრამ ყურადღება არ მიაქციეს. ძალით წამართვეს და წაიყვანეს. ეს ბავშვები მე გავაჩინე, როგორც შემიძლია ვზრდი, რატომ მაგლეჯენ ამ ბავშვებს, არ ვიცი. ალბათ, იმიტომ, რომ სააგენტოს თანამშრომლებმა ერთხელ ბავშვის გაყიდვა შემომთავაზეს და უარი ვთქვი. უსამართლობის გამო, პროტესტის ნიშნად თავს დავიწვავ. ბავშვების გარეშე სიცოცხლე არ მინდა“, - ამბობს ბავშვების დედა.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ვიდეომალასა, რომელიც ამ თემაზე 9 ივლისს არის მომზადებული: http://ick.ge/ka/videogallery/2011-2010-07-09-12-12-12.html    

ახალი ამბები