01:39, Sunday, 17.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„დაზარალებული ბრალდებულების“ მდგომარეობა პროკურატურასთან შეკრულმა ადვოკატმა დაამძიმა

24.09.2010

ალეკო ცქიტიშვილი, სალომე აჩბა
www.humanrights.ge

საქართველოს  ტექნიკური  უნივერსიტეტის  სტუდენტებს, რომლებიც ერთი წლის წინ სასწავლებლის წინ დაჭრეს, ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.  23 სექტემბერს სასამართლო პროცესზე პროკურორმა ქეთი ჩაჩავამ ოთხი განსასჯელის მიმართ ერთი და იგივე სასჯელი მოითხოვა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და პლუს 3 500 ლარი ჯარიმა. ხოლო მეხუთე განსასჯელის, როლანდ ნიკოლოზაშვილის მიმართ, რომელმაც წინა სხდომაზე მოულოდნელად ე. წ. აღიარებითი ჩვენება მისცა, პროკურორმა სასჯელის შემსუბუქება იშუამდგომლა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობითი მსჯავრით და 2000 ლარი ჯარიმა.

სხდომის დასრულების შემდეგ განსასჯელების ნათესავები სასამართლოს წინ ტიროდნენ და პროკურატურის ვერაგულ პოლიტიკაზე აღშფოთებას გამოთქვამდნენ. როგორც ირკვევა, საქმეზე დიდი გავლენა მოახდინა საპროცესო შეთანხმების გაფორმების მანკიერმა პოლიტიკამ, რაც ბოლო წლებში მასობრივად დაინერგა ქართულ სამართალწარმოებაში. თუმცა, კონკრეტულ საქმეზე არა კანონით გათვალისწინებულ საპროცესო შეთანხმებას, არამედ საიდუმლო გარიგებას ჰქონდა ადგილი, რაც საპროცესო შეთანხმების კიდევ უფრო დამახინჯებული ფორმაა.

განსასჯელების - როლანდ ნიკოლოზაშვილისა და ვასილ გიგუაშვილის ოჯახებმა ცოტა ხნის წინ დაიქირავეს ადვოკატი, რომელმაც პროკურატურისგან მიიღო გარანტია, თუკი წაყენებულ ბრალდებას აღიარებდნენ და ჩხუბის ინიციატორებად თავის მეგობრებს დაასახელებდნენ, პირობითი სასჯელით ციხიდან გაუშვებდნენ. ადვოკატი ბოლო სხდომების განმავლობაში პირდაპირ მოუწოდებდა თავის დაცვის ქვეშ მყოფებს, ეღიარებინათ წარდგენილი ბრალდება, იმისდა მიუხედავად, ჩაიდინეს თუ არა მათ დანაშაული. ეს მათი თავისუფლებისთვის იყო საჭირო. ვასილ გიგუაშვილი პროკურატურისა და ადვოკატის წინადადებას არ დათანხმდა და წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებიდან არ გადაუხვია. როლანდ ნიკოლოზაშვილმა კი „დანაშაულიც აღიარა“ და მთლიანად დაეთანხმა საბრალდებო დასკვნას, რაც იმას ნიშნავს, რომ მან სხვა განსასჯელების მდგომარეობა დაამძიმა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დაჭრილი სტუდენტების საქმეს ქართულ მართლმსაჯულებაში გამეფებული უსამართლობის განსაკუთრებულ შემთხვევად მიიჩნევს. 2009 წლის 13 ოქტომბერს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს საბა მღვდელაძეს,  ნიკა ბერუაშვილს, როლანდ ნიკოლოზაშვილს, ბადრი მიქატაძეს, ზაზა შავლიაშვილსა და ვასილ გიგუაშვილს თავს დაესხა ცივი იარაღით შეიარაღებული ახალგაზრდების სხვა ჯგუფი. უნივერსიტეტის წინ მომხდარ ინციდენტში მხოლოდ ეს ახალგაზრდები დაიჭრნენ. შეუძლებელი იქნებოდა, 6 ახალგაზრდა ერთ ბოროტმოქმედს დაეჭრა, მაგრამ ამ დანაშაულზე მხოლოდ ერთი პირი, ვინმე ლევან აბაშიძე დააკავეს და მალევე გაასამართლეს. მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საბა მღვდელაძე,  ნიკა ბერუაშვილი, როლანდ ნიკოლოზაშვილი, ბადრი მიქატაძე, ზაზა შავლიაშვილი და ვასილ გიგუაშვილი ამ საქმეზე დაზარალებულად იყვნენ ცნობილნი, სასამართლო პროცესზეც გამოცხადდნენ და ჩვენებაც მისცეს. მათ აღნიშნეს, რომ დაზუსტებით არ შეუძლიათ იმის თქმა, ნამდვილად ლევან აბაშიძემ მიაყენა თუ არა მათ სხეულის დაზიანებები. ისინი არც მას და არც  მის თანმხლებ სხვა პირებს არ იცნობდნენ, და მათი დასახელება ამიტომ ვერ შეძლეს.

აბაშიძის გასამართლების შემდეგ, მოულოდნელად, დაზარალებულად ცნობილი ახალგაზრდები პროკურატურამ ბრალდებულებად გამოაცხადა და დააპატიმრა. ამგვარად, ერთსა და იმავე შემთხვევაზე დაჭრილი სტუდენტები დაზარალებულებიც არიან და ბრალდებულებიც. ადვოკატები დღესაც ვერ ხვდებიან, რა გახდა საქმის ასეთი რადიკალური შემობრუნების მიზეზი. მათი ვარაუდით, პროკურატურა განრისხდა, რომ ბიჭებმა ლევან აბაშიძეს პირდაპირ ხელი არ დაადეს. თავის მხრივ, „დაზარალებული ბრალდებულების“ მშობლები აცხადებენ, რომ მათ შვილებს არ შეეძლოთ, ტყუილუბრალოდ დაედანაშაულებინათ აბაშიძე, რადგან მათ მართლაც არ ახსოვთ, შეხლა-შემოხლისას დანით ვინ მიაყენა ჭრილობები.

23 სექტემბერს სასამართლო პროცესზე პროკურორმა ქეთი ჩაჩავამ  წინა დღეებში მომზადებული საბრალდებო სიტყვა ისეთი სხაპასხუპით წაიკითხა, დაცვის მხარემ და დარბაზში მყოფმა საზოგადოებამ მხოლოდ ფრაგმენტული ინფორმაცია მიიღო. მოსამართლეს ხელმეორედ დასჭირდა საბრალდებო სიტყვის იმ ნაწილის წაკითხვა, სადაც სტუდენტების სასჯელის თაობაზე იყო საუბარი.

განსასჯელ ბადრი მიქატაძეს დამამძიმებელ გარემოებად ჩაეთვალა, რომ ამჟამად მიმალვაშია. მიუხედავად ამისა, მიქატაძესაც და სხვებსაც, პროკურორის აზრით, ერთი და იგივე სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 500 ლარი ჯარიმა ეკუთვნით. აღსანიშნავია, რომ მიქატაძის ინტერესებს პროცესზე იურისტი მამა იცავს, რომელიც აცხადებს, რომ მისი შვილი შემთხვევის დროს მძიმედ დაიჭრილი ისეთ სპეციფიკურ ორგანოში, რომ მას არ შეეძლო გამოცხადებულიყო პოლიციაში და თავისი ნებით ჩამჯდარიყო ციხეში, სადაც მკურნალობის არანაირი პირობები არაა.

მართლაც, სხვა განსასჯელები, რომელთა ბედი მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა რამდენიმე დღეში უნდა გადაწყვიტოს, ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უჩივიან. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ზაზა შავლიაშვილი, რომელიც ინციდენტის დროს ღვიძლში დაჭრეს, წინასწარი პატიმრობისას კი ჯერ კიდევ მოუშუშებელ ჭრილობას ზედ დაერთო ცე-ჰეპატიტი. პატიმარს შესაფერის სამკურნალო დაწესებულებაში სასწრაფო გადაყვანა და ადეკვატური მკურნალობა სჭირდება.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ცოტა ხნის წინ მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, რათა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ პატიმარს, ზაზა შავლიაშვილს ჩაუტარონ ადეკვატური მკურნალობა. 22 სექტემბერს „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ სტრასბურგიდან მიიღო შეტყობინება, რომ საქართველოს მთავრობას გაეგზავნა მოთხოვნა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სასწრაფოდ მიაწოდოს  ინფორმაცია ზაზა შავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

არანაკლებ მძიმე მდგომარეობაშია განსასჯელი საბა მღვდელაძე, რომელსაც მუცლის არეში მიყენებული ჭრილობების გამო, ნაწლავების ტუბერკულოზი განუვითარდა.

პროკურორს თავის სიტყვაში არაფერი უთქვამს ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ქეთი ჩაჩავას არც ის გახსენებია, რომ ახალგაზრდები სტუდენტები არიან და სწავლის პროცესს მოწყდნენ. მათ შემამსუბუქებელ გარემოებად მხოლოდ ის მიიჩნია, რომ ადრე ნასამართლევი არ არიან.

პროკურორმა დასაბუთებულად მიიჩნია, სტუდენტების მიმართ წაყენებული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის (ხულიგნობა) II ნაწილის “ა” ქვეპუნკტით (ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებული ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს; ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით ასოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას).

„პროცესზე დაკითხული 11 მოწმიდან ყველა ერთხმად ადასტურებდა, რომ ჩხუბი დაკავებულების მიერ არ ყოფილა პროვოცირებული და შეხლა-შემოხლა სპონტანურად, ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე დაიწყო. ეს დასტურდება საქმის მასალებიდანაც. წაყენებული ბრალდების ერთადერთ მტკიცებულებად პროკურორმა განსასჯელ ნიკოლოზაშვილის აღიარებითი ჩვენება მიიჩნია. რასაკვირველია, ეს ჩვენება არასაკმარისი საფუძველია, სხვა განსასჯელების მიმართ ასეთი მკაცრი სასჯელის მოთხოვნისათვის. უნდა ითქვას ისიც, რომ თვით ნიკოლოზაშვილის ჩვენებაშიც კი არ იკვეთება, რომ იგი თავს დამნაშავედ სცნობს ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებული ხულიგნობის ბრალდებაში. მისი ჩვენებიდან არ გამომდინარეობდა რომ უნივერსიტეტის წინ მომხდარი ინციდენტი წინასწარ იყო დაგეგმილი და შეთანხმებული“, - ამბობს ზაზა შავლიაშვილის ადვოკატი, ეკა ქობესაშვილი.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესზე რჩებოდა შთაბეჭდილობა, რომ თავად ნიკოლოზაშვილსაც არ ესმოდა და არ ჰქონდა გააზრებული, რაში ცნობდა თავს დამნაშავედ. „არც მოსამართლის მხრიდან და არც ბრალდების მხრიდან მისთვის არ დაუსვამთ დამატებითი კითხვები, კონკრეტულად რა დანაშაულს აღიარებდა ნიკოლოზაშვილი“, - ამბობს ადვოკატი.

„როლანდ ნიკოლოზაშვილის ადვოკატი, ნანა ფრიდონაშვილი ამ საქმეში პროკურატურიდან შემოაგზავნეს და ეს თავიდანვე ვიცოდით, მაგრამ  მისმა ბოლოდროინდელმა მოქმედებებმა ამაში კიდევ უფრო დაგვარწმუნა. ადვოკატი ბრალდებულებზე  ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა და ეუბნებოდა მათ, რომ თუკი აღიარებდნენ წაყენებულ ბრალს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებოდათ. თავდაპირველად მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნიკოლოზაშვილი წინააღმდეგობას უწევდა ადვოკატს და ეუბნებოდა, რომ არ აღიარებდა იმ დანაშაულს, რაც არ ჩაუდენია. თუმცა როგორც ჩანს, ნიკოლოზაშვილმა მტკიცე ნებისყოფა ვერ გამოიჩინა და დაჰყვა ადვოკატის დარიგებას - მისცა ცრუ ჩვენება და თავი დამნაშავედ სცნო დანაშაულში, რომელიც არ ჩაუდენია. ნიკოლოზაშვილის ეს ჩვენება ეწინააღმდეგება სხვა ბრალდებულებისა და კიდევ 11 მოწმის ჩვენებებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ჩხუბი დაკავებულებს არ დაუწყიათ და ინციდენტი სპონტანურად, ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე მოხდა“, - აღნიშნავს განსასჯელ ნიკა ბერუაშვილის და თეონა ბერუაშვილი.

მისივე თქმით, პროკურატურას სასწრაფოდ დასჭირდა საქმეში მისი გავლენის ქვეშ მყოფი „ადვოკატის“ ჩართვა და სხვა განსასჯელების ზურგს უკან საიდუმლო გარიგების წარმოება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროკურორი ბრალის დამტკიცებას ვერაფრით მოახერხებდა.

ადვოკატების თქმით, ალოგიკურია, რომ ლევან აბაშიძის მიმართ გამოტანილ განაჩენში და ამ საქმეზე მომზადებულ საბრალდებო დასკვნაში ჩხუბის წამომწყებად ლევან აბაშიძეა ცნობილი, ამჟამად მიმდინარე პროცესზე კი პროკურატურა ჩხუბის ინიციატორებად ზაზა შავლიაშვილს, ვასილ გიგუაშვილს, ნიკა ბერუაშვილს, ბადრი მიქატაძეს, როლანდ ნიკოლოზაშვილსა და საბა მღვდელაძეს მიიჩნევს. გამოდის, რა დროს როგორ დასჭირდება, პროკურატურა საქმეს ისე კერავს. ერთი და იგივე დანაშაულის ორი საგამოძიებო საქმე ფაქტობრივად ერთმანეთს ეწინააღმდეგება, რაზეც ადვოკატები ყურადღებას თავის დაცვით სიტყვაში გაამახვილებენ. საინტერესოა, რომ წინა სხდომაზე პროკურორი ქეთი ჩაჩავა განსასჯელებს მექანიკურად მოიხსენიებდა როგორც დაზარალებულებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქმეში არსებული წინააღმდეგობები პროკურატურას თვითონვე აბნევს.

სინამდვილეში რა მოხდა ტექნიკური უნივერსიტეტის წინ

ფაქტია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის წინ დანაშაული მართლაც მოხდა, რა დროსაც პირველი კურსის სტუდენტები დაიჭრნენ. ისინი სწავლის პროცესსაც მოწყდნენ და ჯანმრთელობაც სერიოზულად შეერყათ. საბა მღვდელაძის მამა, თამაზ მღვდელაძე პირადად ჩაეძია ინციდენტის დეტალებს და დანაშაულის შესახებ საინტერესო სურათი მიიღო.

თამაზ მღვდელაძე: „მე ჩემი გამოძიება ვაწარმოე და შევძელი აღმედგინა როგორც ჩხუბის დაწყების, ისე განვითარების სრული ქრონოლოგია. ჩხუბი დაიწყო ასე: ოთხი ახალგაზრდა კოსტავას ქუჩაზე მდებარე საბილიარდო „ვილა ძარაში“ იმყოფებოდა, სვამდნენ ვისკის და თამაშობდნენ ბილიარდს. მათ იქვე მოუვიდათ ჩხუბი ახალგაზრდების სხვა ჯგუფთან, რომლებმაც ესენი დაჩაგრეს. ამ ოთხმა ახალგაზრდამ დაურეკა თავის სამ მეგობარს და სთხოვა, მისულიყვნენ საბილიარდოში დასახმარებლად. სანამ დამატებითი ძალა მოვიდოდა, საქმეში საბილიარდოს დაცვა ჩაერია და ოთხივე ახალგაზრდა საბილიარდოდან  მიაბრძანა. გარეთ გამოსული ახალგაზრდები იგინებოდნენ - აგინებდნენ მათ, ვისთანაც საბილიარდოში იჩხუბეს. ამ დროს საბილიარდოსთან ახლოს მდებარე რესტორან „მაჭახელადან“ ახალგამოსული ზაზა შავლიაშვილი, ვასილ გიგუაშვილი, ბადრი მიქატაძე, ნიკა ბერუაშვილი,  როლანდ ნიკოლოზაშვილი  და საბა მღვდელაძე , თანაკურსელ გოგონებთან ერთად იდგნენ იქვე, ავტობუსის გაჩერებაზე და ელოდებოდნენ ტრანსპორტს. საბილიარდოდან 4 ახალგაზრდა ჩხუბითა და გინებით როცა გამოვიდა, ამ დროს საბა და მისი მეგობრები ერთმანეთში საუბრობდნენ. მოულოდნელად საბილიარდოდან გამოსულები, მივარდნენ საბასთან ყვირილით, რა თქვი ჩვენზეო. ასე დაიწყო ჩხუბი. თუმცა, აქ სერიოზული არაფერი მომხდარა. ახალგაზრდები მალევე გააშველეს. თუმცა, სწორედ ამ დროს მოვიდა დანებით შეიარაღებული სამი ახალგაზრდა, რომლებსაც საბილიარდოში მომხდარი ჩხუბის გამო დაურეკეს მეგობრებმა. ახლადმოსულები სიტუაციაში კარგად ვერ გაერკვნენ. მათ ეგონათ, რომ საბილიარდოში მათ მეგობრებს სწორედ გაჩერებაზე მდგომ ახალგაზრდებთან მოუვიდათ ჩხუბი. ისინიც პირდაპირ ჩაერთვნენ შეხლა-შემოხლაში და გამოიყენებს დანები. მე მყავდა მომწეები - „ვილა ძარას“ ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ადასტურებდნენ იმას, რაც ახლა მოგიყევით. მოვლენათა ეს ჯაჭვი სწორედ მათი მონათხრობის შედეგად ავაგე. თუმცა მოწმეებს შეეშინდათ - დაცვის გარანტიები არ გვაქვსო და სასამართლო პროცესზე გამოცხადებისგან თავი შეიკავეს“.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ნინო
2011-10-23 08:26
საბა მღვდელაძეს ციხეში 'მფრინავი მენინგიტი' შეეყარა და ნეირო ინფექციურ საავადმყოფოში წევს.იგი საწოლზე ბორკილებით არის მიბმული და მის 'უსაფრთხოებას 6 შეიარაღებული პოლიციელი იცავს.
სახელი: ლულუ
2010-10-18 22:04
მაგ ჩხუბის შემდეგ "ვილა ძალა" დაიხურა და მე უმუშევარი დავრჩი
სახელი: ჯიბო
2010-10-16 22:03
ნანა ფრიდონაშვილის მსგავსი "ადვოკატები" დღეს ბლომად არიან,ისინი პროკურორთა ასისტენტობას ეწევიან.ასეთი საქმიანობით ძირითადად უნიჭო ადვოკატები არიან დაკავებული,
სახელი: საბა
2010-09-29 18:41
საქართველო ერთი დიდი ციხეა სადაც 3.5 მილიონი პატიმარია.
სახელი: ლევანი
2010-09-29 18:37
საქაეთველოში სასამართლო დიდი ხნია გარდაცვლილია,ხოლო პროკურატურა მკვდარზე ვენოკია
სახელი: გიორგი ტურაზაშვილი
2010-09-28 08:28
21 საუკუნეში მიუღებლად მიმაჩნია მოსამართლეთა არადამოუკიდებლობა, არაკვალიფიციურობა და შიში დარჩეს თანამდებობაზე. მათ არ უნდა დაავიწყდეთ რომ ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას ისინი ატარებენ ბრალდებულის წინაშე. თუ ბრალდებულს რომელიმე უფლება დაერღვა, თუნდაც ეს იყოს პროცედურული იგი უნდა მის სასარგებლოდ გადაწყდეს. ქართველი მოსამართლეების ბრალია რომ ასეთი საპროცესო შეთანხმების ფორმა გვაქვს საქართველოში, რადგან მას აკისრია სასამართლო კონტროლი,, რომელსაც ვერ და არ ახორციელებენ საკუთარი თანამდებობისა და სახელფასო განაკვეთის ხარჯზე.
სახელი: ვახტანგი
2010-09-26 08:14
აღმაშფოთებელია
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC