კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეპუტატი რამინ ბაირამოვი - რაიონული მასშტაბის რუხი კარდინალი

27 სექტემბერი, 2010
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

პარლამენტარი რამინ ბაირამოვი ქართული მედიის ყურადღების ცენტრში იშვიათად ხვდება. თუმცა, ამ შემთხვევაში, მისით ვინტერესდებით, რადგან გარდაბნელი დეპუტატის წინააღმდეგ ბრალდებებით თავად გარდაბნელები გამოდიან.

„ვინც მასთანაა, ის დაცულია და შეუძლია, მშვიდად იყოს. ვინც არა, ყოველდღე საფრთხეს უნდა ელოდოს. შეუძლია, ეზოში ნაქურდალი ჯართი ჩაგიგდოს და მეორე დღეს ქურდობის ბრალდებით ციხეში გამოგკეტოს. ბაირამოვისთვის მიუღებელია ადამიანები, რომლებიც გარდაბანში ადამიანის უფლებების დარღვევაზე და პრობლმებზე საუბრობენ. ასეთებს ის თავიდან იშორებს“, – ამბობს ქვემო ქართლის მოვლენებში კარგად ინფორმირებული ჟურნალისტი, რომელსაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ სურს. 

ჩვენთან პირად საუბრებში გარდაბნელები, რომლებსაც საჯაროდ თავიანთი ვინაობის გამჟღავნებისა ასევე ეშინიათ, ბაირამოვის მეგობრად ასახელებენ ვინმე იბრაგიმს, მეტსახელად – „იბოს“. მათი თქმით, „იბო“ გარდაბნელების რეკეტს ეწევა. ყვებიან, რომ იბრაგიმმა რამდენიმე კვირის წინ მარნეულის ერთ-ერთ მცხოვრებს ჩხუბისას ყურის ნაწილი მოაჭრა. პოლიციამ “იბო” დააკავა. მისი დაკავების დღეებში რამინ ბაირამოვს „კაპეზეს“ კართან ხშირად ვხედავდით“, - ყვებიან ადგილობრივები.

პარლამენტარი ბაირამოვი არ უარყოფს მის ნაცნობობას გარდაბნელ იბრაგიმთან, თუმცა ამბობს, რომ ჩვენ ამ ისტორიის სწორი ვერსია არ ვიცით. „იბრაგიმი, რომელსაც მე ამ შემთხვევამდე არ ვიცნობდი, თავად დაჭრეს და საავადმყოში იწვა. გარდაბნის მაჟორიტარი რადგან ვარ დავინტერესდი ამ ადამიანით და სამართალდამცავი უწყებების დახმარებით ვცადე გამერკვია, რა მოხდა“, - ამბობს ბარამოვი. ჩვენ კითხვაზე ყველა გარდაბნელის დაკავების შემთხვევაში  იჩენს თუ არა ასეთ ყურადღებას, ბაირამოვი გვპასუხობს, რომ ცდილობს, მაქსიმალურად ხალხის გვერდით იყოს.

ჟურნალისტი გვიამბობს: „დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, ჩემი ინფორმაციით, ბაირამოვმა სოფელ ქესალოში აზერბაინაჯის პირველი არხის ჟურნალისტი სცემა. ეს ფაქტი არ გახმაურდა, რადგან თვითონ ჟურნალისტმა შეიკავა თავი. ეს ამბავი რის გამო მოხდა, ჩემთვის უცნობია. ბაირამოვის მიზანია, იყოს ერთადერთი აზერბაიჯანელი მთავრობისთვის. ეშინია ყველა ჭკვიანი და პერსპექტიული აზერბაიჯანელის. სწორედ ამიტომაც გარდაბნის გამგეობიდან და არა მხოლოდ იქიდან, ბევრი პერსპექტიული აზერბაიჯანელის  განთავისუფლება მის კისერზეა. თავად კი ქართულის არმცოდნე ზის პარლამენტში და კანონპროექტებს „განიხილავს“. მას არ უჩნდება პროტესტი, რომ გარდაბნის რაიონი ჩამკვდარია. არანაირი სიახლე, რომელიც ჩვენ ქვეყანაშია, გარდაბანზე არ აისახება“.

საქმე #21090027 - აქა ამბავი დეპუტატის მამისა

ქართულ მედიაში რამინ ბაირამოვის მიმართ პრეტენზიებით კიდევ ერთი გარდაბნელი, სოფელ ვახტანგისის მცხოვრები მამედ რაჯაბოვი გამოდიოდა.

დაახლოებით ორი თვის წინ „ხალხის პარტიის“ ოფისში ვახტანგისის მცხოვრებმა მამედ რაჯაბოვმა განაცხადა, რომ რამინ ბაირამოვის მამამ, გამბარ ბაირამოვმა მისგან 18 000 დოლარი აიღო ციხეში მყოფი შვილის განთავისუფლების სანაცვლოდ. რაჯაბოვი ამბობდა, რომ მიუხედავად გადახდილი თანხისა, გამბარ ბაირამოვი არაფერში დახმარებია. ამის გამო, მან ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას მიმართა. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა: „როდესაც გამბარ ბაირამოვს ვუთხარი, რომ ვუჩივლებდი, სოფელში თვითონ რამინ ბაირამოვი მოვიდა და მითხრა - მამაჩემს, როგორ აშანტაჟებო?! არსად არ იჩივლო და ჩვენ ფულს დაგიბრუნებთო“, – განაცხადა მამედ რაჯაბოვმა.

ამ უკანასკნელთან შეხვედრას და საუბარს კატეგორიულად უარყოფს რამინ ბაირამოვი: „მე მას არასოდეს შევხვედრივარ. ზოგადად კი გეტყვით, რომ მამაჩემი 35 წელი პოლიციაში ნამუშევარი და კანონის პატივისმცემელი კაცია. საქმე ისაა, რომ ადამინებმა, რომლებსაც ჩემი შურთ, ვერაფერი მომიძებნეს და მამაჩემს მიადგნენ. ვიცი, ამ საქმის უკან ვინც იდგა. რაჯაბოვი მამაჩემს აშანტაჟებდა და ამიტომაც მიმართა მამაჩემმა პოლიციას. საბოლოოდ კი ვინმე პაატა დააკავეს, ვისაც ჰქონდა ფული აღებული“.

ვინმე პაატა, ვის გვარსაც პარლამენტარი ვერ იხსენებს, პაატა კიმოთიძეა. ეს ადამიანი რაჯაბოვის საქმეში თავდაპირველად პრაქტიკულად არ ჩანდა. მას შემდეგ, რაც დეპუტატის მამამ რაჯაბოვის წინააღმდეგ იჩივლა, რამდენიმე დღეში როლები რადიკალურად შეიცვალა. საქმიდან გამბარ ბაირამოვი საერთოდ გაქრა. ხოლო, ბრალდებული მამედ რაჯაბოვი გადაიქცა დაზარალებულად. სწორედ ამ დროს საქმეში დამნაშავის როლში ჩნდება ვინმე პაატა კიმოთიძე, რომელმაც გამოძიების თანახმად, თვითონ გამოართვა ფული რაჯაბოვს. გამბარ ბაირამოვი კი მშრალზე დარჩა. მას ბრალი არაფერში დასდებია.

საინტერესო დეტალი: აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალებში  ბრალდებულის ანუ კიმოთიძის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნისას, გარდაბნის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი ვახტან თოდუა წერს, რომ კიმოთიძესთვის რაჯაბოვს თანხა ნაწილ-ნაწილ მასთან სამი შეხვედრისას – ბაირამოვის სახლში აქვს გადაცემული. გამომძიებელს რატომღაც არ უჩნდება ეჭვი მომხდართან გამბარ ბაირამოვის კავშირზე, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში თვითონვე წერს შემდეგს: „2008 წლის 23 სექტემბერს მამედ რაჯაბოვმა გამბარ ბაირამოვის საცხოვრებელ სახლში, მისივე თანდასწრებით, პაატა კიმოთიძეს გადასცა 1 500 აშშ დოლარი; 2008 წლის 26 სექტემბერს კი გამბარ ბაირამოვის საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან ამ უკანასკნელის თანდასწრებით მამედ რაჯაბოვმა პაატა კიმოთიძეს გადასცა 3 500 აშშ დოლარი“, – წერს გამომძიებელი ვახტანგ თოდუა. აღნიშნული დოკუმენტი შესულია რაჯაბოვის სისხლის სამართლი საქმეში, რომლის რეგისტრაციის ნომერია 21090027.

პაატა კიმოთიძე ახლა ერთადერთია, ვინც აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამო თაღლითობის მუხლით იცდის სასჯელს. დაზარალებულ რაჯაბოვს დაკარგული თანხაც არავინ დაუბრუნა. მას ისიც არ  დაუჯერეს, რომ ფული გამბარ ბაირამოვს გადასცა და არა კიმოთიძეს, რომელიც მისი თქმით, ბაირამოვს თან ახლდა.

კიდევ ერთი ამბავი

„პაატა კიმოთიძეს მივეცი ფული მიწის ნაკვეთის პრივატიზაციისთვის. ის და ბაირამოვის მამა, გამბარი ძმებივით იყვნენ. კიმოთიძე ბოლნისის უშიშროების თანამშრომელი იყო. დაუკავშირდით მის ცოლს და გეტყვით, როგორ ახლობლობდნენ ისინი ბაირამოვის ოჯახთან“, – ეს უკვე სხვა, მიწის პრივატიზაციასთან დაკავშირებული ისტორიაა, სადაც კიმოთიძის გვარი ისევ ბაირამოვის გვერდით ფიგურირებს.
 
აღნიშნულ ინფორმაციას ასევე გარდაბნის ერთ-ერთი მცხოვრები გვაწვდის და ამბობს, რომ მიწის პრივატიზაციის შეპირებით უკვე ათამდე გარდაბნელს, კერძოდ აღთაკლიის, ყარათაკლიის და გაჩიანის მკვიდრებს აქვთ ბაირამოვის ოჯახისთვის ფული გადაცემული. მან თავად წაგვიყვანა იმ მიწების საჩვენებლად, რომელსაც მისი თქმით, გამბარ ბაირამოვი ფულის სანაცვლოდ დაპირდა.

პაატა კიმოთიძის მეუღლე, რომელთან საუბარსაც ჩვენი წყარო გვირჩევს, რაჯაბოვის საქმეში მისი ქმრის და გამბარ ბაირამოვის ურთიერთობაზე დაკითხვის ოქმში წერს. კერძოდ, # 21090027 სისხლის სამრთლის საქმის მასალებში  დევს პაატა კიმოთიძის მეუღლის, ხათუნა კიკუაშვილის 2009 წლის 28 იანვარს მიცემული ჩვენება: „2008 წლის აგვისტოში ჩემმა მეუღლემ გაიცნო გამბარ ბაირამოვი, რომელთანაც გადაწყვიტა საქმიანი ურთიერთობა დაეწყო. ამ მიზნით შეიქმნა შპს „ლუკა და კომპანი“. მას და ბაირამოვს უნდოდათ აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ბიტუმი ჩამოეტანათ და გაეყიდათ. თუმცა საქმიანობა ვერ ააწყვეს და ამიტომ ეს კომპანია ახლა არ ფუნქციონირებს. ამ პერიოდში ჩემ მეუღლეს ხშირი ურთიერთობა ქონდა გამბარ ბაირამოვთან. რამდენჯერმე მეც ვიყავი მასთან ერთად. ბაირამოვს შევხვდით გარდაბანში ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. გვქონდა საქმიანი საუბრები, რომელიც ეხებოდა აზერბაიჯანიდან ბიტუმის და ნავთობის შემოტანას. ასევე მე როგორც  ჩემი მეუღლისგან ვიცი, ის და გამბარი რუსთავში შეხვდნენ აზერბაიჯანელ ბიზნესმენს – იაშარ ისმაილოვს“.

ჩვენთან პირად საუბარში კიკუაშვილი დაკითვის ოქმში ჩაწერილ ისტორიას იმეორებს და ამბობს, რომ მისი მეუღლისა და გამბარ ბაირამოვის ბიზნესურთიერთობების შედეგად დღეს სერიოზული ფინანსური პრობლემა აქვს: „პაატამ ბაირამოვთან ერთად შექმნა შპს, რომლის ასამუშავებლადაც ბინა ბანკში დატვირთა იპოთეკით. გამოძიება რასაც ედავება, ის თანხები რომ ჰქონოდა ჩემ ქმარს აღებული, ოჯახს ხომ უნდა შეტყობოდა?! ორივეს ბანკიდან ათასლარიანი სესხები გვქონდა აღებული. თანხა იმ საერთო ბიზნესისთვის იყო საჭირო. პაატას ორჯერ მოუწია გამბარ ბაირამოვთან წამოწყებული ახალი ბიზნესისთვის ბაქოში ჩასვლა“, - გვითხრა პაატა კიმოთიძის მეუღლემ.

ამის მიუხედავად, რამინ ბაირამოვი კი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მამამისს სულ ერთხელ ჰყავს კიმოთიძე ნანახი და მაშინაც იგი ადვოკატი ეგონა. 

„ადამიანებს, რომლებსაც ჩემი რეპუტაციის ხელყოფა უნდათ, მოწმის პოვნა არ გაუჭირდებათ. მე ვამაყობ იმით, რომ ქრთამი არასოდეს ამიღია და კორუფციას ვებრძვი. მითხარით გვარები, ვინ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია?“ - გვეკითხება ბაირამოვი.

ჩვენ ვუხსნით, რომ არა გვაქვს უფლება მათი ნებართვის გარეშე ეს ინფორმაცია საჯარო გავხადოთ. „ჩემი რომ ეშინიათ თქვენს რესპოდენტებს დაუჯერებელია. ჩემი არავის ეშინია, დამიჯერეთ. უბრალოდ, ჟურნალისტებთან და ადამიანის უფლებათა დამცველებთან ლაპარაკობენ ასე. მაგათ გადაეცით, რომ მზად ვარ, ამ კაბინეტში თქვენთან ერთად შევხვდე და დაველაპარაკო“, - გვეუბნება პარლამენტარი.

წერილი ციხიდან

რაჯაბოვის საქმეში კიდევ ერთ საინტერესო დეტალია. უკვე ციხეში - მე-8 საპყრობილეში მყოფი პაატა კიმოთიძე რუსთავის რაიონული პროკურატურის უფროსის მოდგილეს, ლაშა არეშიძეს 2009 წლის 24 აპრილს დახმარებას სთხოვს და ასეთ წერილს წერს: „ბატონო ლაშა, მოგმართავთ თხოვნით, რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამომძიებლად გარდაბნის შსს რაიონული პოლიციის დეტექტივ ვახტანგ თოდუას ნაცვლად დანიშნოთ სხვა, უფრო კომპეტენტური და მაღალკვალიფიციური გამომძიებელი.

თქვენ მე სასამართლოზეც მოგახსენეთ, რომ მსურს თანამშრომლობა, სრულფასოვნად ჩვენების მიცემა გამოძიებისთვის. აგრეთვე, ვითხოვდი და ამჟამადაც ვითხოვ ჩემს წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობას, რაზეც ვახტანგ თოდუა დაუსაბუთებლად და უკანონოდ უარს მეუბნება. ხოლო ჩვენება საერთოდ არ ჩამომართვა, რამეთუ ჩემს მიერ დასახელებული მაღალჩინოსნის უშუალო დაქვემდებარებაშია“, – ვკითხულობთ კიმოთიძის წერილში. საქმეში კი მხოლოდ ერთადერთი მაღალჩინოსანი გამბარ ბაირამოვის ვაჟი, დეპუტატი რამინ ბაირამოვი ფიგურირებს.

ბაირამოვის პირველი გამოჩენა საზოგადოებაში კარგად ახსოვს არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვან საქართველოს“ ხელმძღვანელს, არნოლდ სტეპანიანს. „რამინი კონტაქტური, მონდომებული და აქტიური ახალგაზრდა იყო. ჩვენ დავეხმარეთ, რომ შეექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ხიდი“. ეს ორგანიზაცია ჩვენთან არ იყო ასოცირებული. თუმცა, გარდაბანში პარტნიორ ორგანიზაციას წარმოადგენდა და ჩვენთან მჭიდროდ თანამშრომლობდა. საერთოდ, ჩვენი პოლიტიკა ასეთია - თუ ვინმეს უნდა, აქტიურად იმუშაოს და გააკეთოს რამე არასამთავრობო სექტორში, ჩვენ მას ვეხმარებით, ზოგჯერ - ფინანსურადაც. ბაირამოვიც გამონაკლისი არ არის. შემიძლია გითხრათ, რომ თუ იგი გააგრძელებდა არსამთავრობო სექტორში მოღვაწეობას, უფრო გაიზრდებოდა. ხელისუფლებაში გადასვლით მისი ზრდა შეჩერდა“, - ამბობს არნოლდ სტეფანიანი.

ჩვენთან საუბრისას ბაირამოვმა მსგავსი თანამშრომლობა „მრავალეროვან საქართველოსთან“ უარყო და განაცხადა, რომ სტეფანიანის ორგანიზაციასთან ძირითადად მათ ტრენინგებზე დასწრებით ჰქონდა კავშირი.

„ის მეგობრები, რომლებიც რევოლუციის დღეებში რამინ ბაირამოვმა შეიძინა, დღეს შსს გავლენიანი კადრები არიან“, – დასძენს არნოლდ სტეფანიანი. ბაირამოვის განსაკუთრებულად კარგ ურთიერთობებზე და კავშირებზე შსს-ში ჩვენი ანონიმური რესპოდენტებიც საუბრობენ.

ახალი ამბები