კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დიღმის ტყეპარკის გადასარჩენად!

27 სექტემბერი, 2010
სალომე აჩბა

23 სექტემბერს დიღმის ტყეპარკში სამოქალაქო საზოგადოებამ ტყეპარკის ტერიტორიების უკანონო გასხვისება გააპროტესტა.  გარემოსდაცვითი აქციის ორგანიზატორები იყვნენ ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“,  „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“ (CENN), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი, სტუდია „მონიტორი“, კავკასიური სახლი  და ანა გაბრიაძის საინიციატივო ჯგუფი. 

2009 წლის 11 სექტემბერს თბილისის საკრებულომ თბილისის მერის მიერ წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალურ გეგმაში ცვლილებები შეიტანა და რეკრეაციული ზონების გრძელი სია საზოგადოებრივ-საქმიან და საცხოვრებელ ზონებად შეიცვალა. საზოგადოებრივ-საქმიან ზონად იქცა დიღმის ტყე-პარკიც, რომელსაც დიდი ისტორია აქვს და უნიკალური ფლორით გამოირჩევა.

სტუდია „მონიტორის“ მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის 11 სექტემბერს საკრებულოს დადგენილებით გასხვისებული 8 ჰექტარი ტერიტორია სხვადასხვა მაქინაციებით მმართველი პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილ სახეებს აქვთ მითვისებული და დანაწილებული. ესენი არიან: პარლამენტის წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ - კახაბერ ოქრიაშვილი, კობა კურდღელაშვილი, გიორგი გოგუაძე და დავით ბეჟუაშვილი; ხოლო დიღმის ტყე-პარკის შუაგულში აშენებულ ე. წ. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სპორტის მინისტრის, ლადო ვარძელაშვილის დედა ცხოვრობს, თავისი ოჯახით.

23 სექტემბერს გამართულ გარემოსდაცვით აქციაზე შეკრებილმა სამოქალაქო საზოგადოებამ ნახა სტუდია „მონიტორის“დოკუმენტური ფილმი. აქციის მონაწილეთა თქმით, სამოქალაქო საზოგადოებამ ტყე-პარკის გადასარჩენად რამდენიმე მიმართულებით უნდა იბრძოლოს. ერთ-ერთი გზა კი საპროტესტო აქციებია.

„დიღმის ტყე-პარკთან დაკავშირებით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პროკურატურას მიმართა. ვთვლით, რომ ამ საქმესთან დაკავშირებული ზოგიერთი ჩინოვნიკის ქმედებებში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული. მიუხედავად იმისა, რომ განცხადება მაისში შევიტანეთ, მას ჯერ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მივმართეთ სასამართლოსაც. ამჟამად საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზეა. სამართლებრივი გზით რადგან ვერ მივაღწიეთ სამართლიანობის აღდგენას, დღევანდელი აქცია იყო ერთადერთი საშუალება  ჩვენი პროტესტის დასაფიქსირებლად და პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად“, - განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა თამარ ხიდაშელმა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტებმა სასამართლოსთვის „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისა“ (CENN)  და მხატვარ ანა გაბრიაძის სარჩელი მოამზადეს. CENN-მა და ანა გაბრიაძემ სასამართლოს ერთი წლის წინ - 2009 წლის 12 ოქტომბერს მიმართეს და საკრებულოს 11 სექტემბრის გადაწყვეტილების 47-ე ნაწილი გაასაჩივრეს, რაც დიღმის ტყე-პარკის მნიშვნელოვანი ნაწილის სტატუსის შეცვლას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი 2010 წლის 23 ივნისს განიხილა. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც დიღმის ტყე-პარკის სტატუსის შეცვლის საფუძველი გახდა. საქმეში არ ფიგურირებდა ე. წ. ერთობლივი კომისიის დასკვნა, რასაც, ცვლილებების პროექტის მიხედვით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეყრდნობოდნენ. მეტიც, ოფიციალური წერილის მიხედვით, თბილისის საკრებულო ასეთი კომისიის შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობს.

„ჩვენ ვთხოვეთ ინფორმაცია საკრებულოს ერთობლივი კომისიის თაობაზე, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ კომისიის შესახებ  ინფორმაციას არც საკრებულო ფლობდა. საინტერესოა თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული დარღვევაც. კერძოდ, ტყე-პარკის სარეკრეაციო სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით არსებობს ერთი გადაწყვეტილების ორი ვერსია: ერთ ვერსიაში სტატუსი აქვს შეცვლილი მხოლოდ ერთ ჰექტარ ტერიტორიას,  მეორე ვერსიაში კი -  8 ჰექტარს. არადა, საუბარია ერთი და იმავე ნომრითა და  თარიღით გამოცემულ დოკუმენტზე. ამ ორი ვერსიიდან რომელია მართალი და რომელი მცდარი, ეს საკრებულომ უნდა გაარკვიოს“, - ამბობს CENN-ის წარმომადგენელი, რეზო გეთიაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების გარემოსდაცვით აქცია ფონდმა „ღია საზოგადოება –საქართველომ“ დააფინანსა. „ჩვენი ფონდი გამოეხმაურა რამდენიმე აქტიური და სასიამოვნო ადამიანის, პირველეს ყოვლისა - ანა გაბრიაძის, მასთან ერთად კი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივას. ესაა ახალი კამპანია დიღმის ტყეპარკის გადასარჩენად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯერჯერობით არსებობს უმნიშვნელოვანესი ტყეპარკი არა მხოლოდ დიღის მოსახლეობისთვის, არამედ მთელი თბილისისთვის. აქ არაერთი უნიკალური მცენარეა, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი. ესაა არაჩვეულებრივად სასიამოვნო გარემო ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის, ასაკოვანი ადამიანებისთვის. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ვცადოთ და არ დავუშვათ მისი დანაწევრება ცალკეულ საქმიან ზონებად თუ საცხოვრებელ ადგილებად. უნდა ვცადოთ და გადავარჩინოთ ის მაინც, რაც ამ ტყეპარკისგან დარჩა“, - გვითხრა ქეთი ხუციშვილმა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“  დირექტორმა.

როგორც „კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელი, მწერალი ნაირა გელაშვილი წერს, „ ტყეპარკის ბიოგრაფია სამუამოდ გადაეხლართა ერთი ახალგაზრდა მხტვარი ქალის ბიოგრაფიას. ისე, რომ ლამის ერთ არსებად იქცნენ ისინი და ეს ამბავი არის ამბავი ტყისა და ქალისა. ეს მხატვარი ანა გაბრიაძეა, რომელმაც პირველად 1999 წელს შეაბიჯა ვეება მუხების და ნეკერჩხლების საუფლოში... მას შემდეგ ხშირად ნახავდით ქალბატონ ანას რეზინის ჩექმებსა და სამუშაო ფორმაში გამოწყობილს, ყოველი ხისა თუ ბუჩქის გადსარჩენად მოფუსფუსეს“.

ანა გაბრიაძე, მხატვარი, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი: „ამგვარ აქციებს ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბევრმა თბილისელმა არც კი იცის, საიდან მოდის ჰაერი, რითიც სუნთქავს. ეს ტყეპარკი არის ქალაქის ფილტვები. უფრო სწორად კი ის, რაც ამ ფილტვებისგან დარჩა - 20,5 ჰექტარი. ხოლო საკრებლოს იმ დადგენილებით, რასაც ჩვენ ვაპროტესტებთ, ამ ფილტვებს კიდევ 8 ჰექტარი მოაჭრეს“, - ამბობს ანა გაბრიაძე.

გარემოსდავით აქციას ესწრებოდნენ დიპლომატები საქართველოში აკრედიტებული საელჩოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ასევე - არასამთავრობო ორგანიზაციების, მერიის, საკრებულოს, მედიის წარმომადგენლები და ცნობილი ადამიანები.

„ესაა მწვანე ზონა, რომელიც ქალაქის ფილტვების ფუქნციას ასრულებს და იგი უნდა იყოს საყოველთაო მოხმარების, არ უნდა განკერძოვდეს კერძო პირებზე.  თითოეული მოქალაქე ვალდებულია, იბრძოლოს ამ ტყეპარკის გადასარჩენად“, - გვითხრა ფოტოხელოვანმა, იური მეჩითოვმა.

„ბუნების დაცვა, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა გითხრათ, რომ  მაგალითად, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი - რიგა არის ბევრად უფრო გამწვანებული ქალაქი, ვიდრე თბილისი. ქალაქის შიგმით ტყის ყოველი მონაკვეთი ძალიან ძვირფასი ღირებულებისაა“, - ამბობს ლატვიის ელჩი საქართველოში, ანდრის ვილცანსი, რომელსაც დიღმის ტყეპარკში მეგზურობა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ვებ-გვერდის, humanrights.ge-ს მთავარმა რედაქტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა გაუწია.

„მარტო ბიზნესი და ფულის შოვნა არ არის მთავარი. უნდა იცოდე ამ ფულის სწორად დახარჯვაც!.. მე ვფიქრობ, თბილისში აუცილებელია ახალი ტყეპარკების გაშენება და არა არსებულის გაჩეხვა. ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს ტყეპარკის გაჩეხვასთან დაკავშირებით“, ამბობს ქართული პენ-კლუბის პრეზიდენტი, მწერალი დავით ქართველიშვილი.

შორენა შავედაშვილი, ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორი: „დღეს პირველად ვარ ამ ტყეპარკში და შემოსვლისთანავე წამიერად შემეცვალა განწყობა. ქალაქის ხმაურიდან, სადაც ჰაერი მანქანების გამონაბოლქვითაა გაჯერებული, აღმოვჩნი სრულ ოაზისში - ტყეში. მწვანე საფარის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. ესაა ადგილი, სადაც გახსენდება, რომ ხარ ბუნების ნაწილი. ტყეპარკის გაჩეხვა ძალიან მავნებელი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ დავკარგავთ ქალაქის ფილტვებს. ჩვენ დავკარგავთ ადგილს, სადაც შეგვიძლია, სული მოვითქვათ. თვით ძალიან დიდ ქალაქებსაც: ნიუ-იორკს, პარიზს, ლონდონს უამრავი გამწვანებული ადგილი აქვს და ისინი იქ ქმნიან მიკროკლიმატებს. ამის გარეშე ქალაქი ხდება ბეტონის, ქვის და უსულო შენობებისგან შემდგარი ადგილი, სადაც ადამიანები უუცხოვდებიან თავიანთ ბუნებრივ გარემოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესია ამ ადგილის შენარჩუნება ტყეპარკად“.

აქციის მონაწილეებს, დიღმის ტყეპარკის გადარჩენის საქმეში საზოგადოეების მეტი აქტიურობის იმედი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ 23 სექტემბრის საღამოს დიღმის ტყეპარკში წვიმდა, აქციიდან წასვლა არავის უფიქრია. ტყეპარკის სტუმრებმა ქოლგები გაშალეს და ბოლომდე უყურეს „მონიტორის“ ჟურნალისტის, ნანა ბიგანიშვილის ფილმს „პრეზიდენტი სააკაშვილი მიშას წინააღმდეგ“.

ახალი ამბები