კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხევსურეთი აქვე და ექვსი საათის სავალზე

28 სექტემბერი, 2010
ზვავი, თაგვი, რვათვიანი ზამთარი
თეა თოფურია

„ზვავები მოდის, მაგრამ აბა, ზვავს რა გინდა რომ უშველო?!“ – შატილელ ნოდარ ჭინჭარაულს შორს წასვლა არ სჭირდება, საკუთარი სახლის აივანზე ზის და ხან ერთი მთისკენ იშვერს ხელს, ხან - მეორისკენ. „აი, აქედანაც ჩამოდის ზვავი, იქიდანაც. შარშანწინ არდაქში ორი კაცი დაიღუპა. ნადირობდნენ და ზვავში მოყვნენ - ზვიადაური და არდოტელი. კიდევ, ხუთი წლის წინ ხახმატთან დაიღუპა ორი კაცი: ზვიადაური და დაიაური“.

კორშელი შოთა არაბული ამბობს, რომ ზვავი გზაზე ყველგან ჩამოდის, შარშან საქონელიც წაუღია: „იყო ისეთი შემთხვევები, ზვავი ჩამოწვა, ტრაქტორი გასაწმენდად მივიდა და მეორე ზვავმა ახლა ეს ტრაქტორი ჩაიტანა“.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)
ხევსურეთში მისი პრობლემების გასაცნობად ჩავიდა.  აქ ყველაზე დიდი პრობლემა გზაა - 100 კილომეტრი ჟინვალის გადასახვევიდან. რა მანძილი ეგ არის, მაგრამ სანამ ხევსურეთში ახვალ, შენი დაგემართება. ექვსი საათი ჯაყჯაყი და პერიოდული შესვენებები. ზოგ მონაკვეთს ყველა მანქანა ვერც გადავა, ჯობია, შენით გაიარო. აქ ასფალტი არასდროს ყოფილა. გაკეთებას საშველი ვერ დააყენეს. ამასობაში კი მისასვლელიც არავისთან დარჩა. ხევსურეთი დღითიდღე ცარიელდება. ბევრ სოფელში მხოლოდ ერთი ოჯახიღაა დარჩენილი.

გზაზე რამდენიმე ადგილას არაგვს მიწა აქვს გამოთხრილი და მეწყერი ვითარდება. მეწყერია ზედ მუცოს შესასვლელშიც. გზა ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაიკეტოს და სოფელი გარესამყაროს მოწყდეს.

თუმცა, არაგვი მარტო გზას არ ერჩის. კორშაში მდინარის ჯებირები სამ ადგილას არის გარღვეული. სოფლის მკვიდრი შოთა არაბული ამბობს, რომ ხშირად მდინარე გადმოდის და ხალხს სახლებში უვარდება.

მეორე პრობლემაა კლდის ნაშალი. აქ ქვა თიხასავით მყიფეა.  გზაზე მხოლოდ ნამტვრევები კი არ ცვივა, მთლიანად კლდე მოდის. თუ არ გაგიმართლდა და უდროო დროს კლდის ქვეშ აღმოჩნდი, შეიძლება ამ ნაშალშიც ჩაიმარხო. სხვა პრობლემაა ის, რომ ყოველი ასეთი ჩამონაშალი ისედაც ვიწრო გზას კიდევ უფრო ავიწროვებს და ხანდახან საერთოდ კეტავს კიდეც.

შოთა არაბული: „ფშავის აქეთ გზა ბევრგანაა დავიწროებული: მაღაროსკართან, ჩარგლის აქეთ, გუდანის მხარეს, ხახმატთან, ბარისახოსთან...“
 
ნოდარ ჭინჭარაული: „ზოგან გზა ისეთია, ერთი მანქანა მეორეს გვერდს ვერ აუქცევს. გზა უნდა გაკეთდეს, თავისი ჯებირებით, სანიაღვრეებით, ზვავის ამსხლეტებით. ვაჟამ რომ თქვა მე-19 საუკუნეში - გზას ვამბობ, თორემ რა გზაოო, ისევ ისეა, არაფერი შეცვლილა. არადა საუკუნენახევარი გავიდა“.

მართლაც, კლიმატი შეიცვალა და გზა ისევ იგივეა. ხევსურები ამბობენ, წელს რომ იყო, ასეთი თბილი ზამთარი არ გვახსოვსო: „ბუზი და კალია მთელი წელი გვყავდა, ფუტკრები სკიდან გამოდიოდნენ. მიწა არ გაყინულა“.

„წნორის ხეები აღარ არის. ის მცენარეები ადრე ბარში რომ იცოდა (ანწლი, ნარო..) ახლა მთაში გაჩნდა. მთელი ზამთარი თოვლის ნაცვლად წვიმა მოდიოდა“.

„გაზაფხულზე გადამფრენი ფრინველები იცოდა, არწივისხელები. შავად დაფარავდნენ ხოლმე ცას. ჩვენ ბორას, ჭოკვას ვეძახდით. ბოლო წლებია, აღარც ეგენი დამინახავს“.

„ზღარბი მომრავლდა კორშაში. ადრე აქ ზღარბი არ იცოდა“.

„ნეტა, შატილშიც ზღარბი გვყავდეს, თაგვს შეჭამდა. თაგვები ვერ მოგვიცილებია“.

როგორ შემოაკვდათ ხევსურებს კატები

შატილელები ნადირს არ უჩივიან - თავისთვის არიანო. მგელი და დათვი უფრო მეტად სოფელ კისტანს ემტერება. იქ ცხვარი და საქონელი ჰყავთ. შატილშიც ორი ცხენი შეგვიჭამა მგელმაო, კიდევ ერთი ადრე შეუჭამია. რაღა თავისთვის გამოდის?! მაგრამ მგელი არ ედარდებათ. მთელ ხევსურეთს თაგვია შესეული, მოსავალს აჩანაგებენ.

დათო ჭინჭარაული: „თაგვია, ვირთხაა თუ კვერნაა, ვერ გავიგეთ. ადრე ასეთი არ იყო. ოთხნაირი ჯიშია. ყველგან ეგენი დარბიან. სახლში არ შემოდიან, მაგრამ ეზოში, კარტოფილი იყო თუ სხვა რამე, ყველაფერი შეგვიჭამეს“.

თაგვების ორმოები მართლაც მრავლადაა. თავიანთი გაკვალული გზებიც აქვთ. ეზოში დაგდებულ ძველ ტელევიზორს თანდათან ძირს უთხრიან და სიღრმეში მიაქვთ.

ნოდარ ჭინჭარული: „ჯერ მდინარის გაღმა იყვნენ, მერე აქეთაც გადმოვიდნენ. შხამი დავუდეთ, დახოცავსო. დარეტიანებულ ვირთხებს კატები ადვილად იჭერდნენ, ჭამდნენ და მოწამლულები ერთიანად დაწყდნენ. თაგვის მაგივრად კატები დაგვეხოცა“.

კატა შატილში მართლა აღარ ჩანს, თბილისიდან კნუტები უნდა ამოვიყვანოთო - გეგმავენ. თუმცა, აღარც მაგათი იმედი დარჩათ.

„ამათ რას კატა მოერევა, ტელევიზორი სოროში მიაქვთ!“

P.S.

- სხვა რა პრობლემა გაქვთ?

- უპატრონობა! სხვა რა? ჩამორჩენილები ვართ ცხოვრებას.

ის სხვა ცხოვრება დათვიჯვრის უღელტეხილთან მთავრდება. განსაკუთრებით ზამთარში, როცა თოვლი და ზვავი გზას კეტავს და მთელი პირიქითა ხევსურეთი თვეში ერთხელ მოფრენილი ვერტმფრენის ამარა რჩება. ასე გადის რვა თვე. ვიღაცის თვალში აქ ცხოვრება გმირობა და რომანტიზმია, ვიღაცისთვის – ფანატიკური ახირება. ისიც ფაქტია, ერთ დღეს ყველა ხევსური რომ „დაჭკვიანდეს“ და თბილისში წამოვიდეს, საქართველოს საზღვარმა შეიძლება ფასანაურამდე ჩამოაღწიოს. გზების დაგება მთავრობის პრიორიტეტია, მაგრამ ხევსურეთისკენ ამ კუთხით არც წელს დაუგეგმავთ არაფერი.

არადა, სწორედ ამ უვარგისი გზის გამოა, ხევსურეთი სადღაც გადაკარგულში რომ გგონია. სინამდვილეში, გზა იყოს და რაღა მანდ ჩასულხარ, რაღა - ხაშურში.

ახალი ამბები