კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციელს „შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების“ უფლება დაუკანონდა

28 სექტემბერი, 2010
გელა მთივლიშვილი    
 
პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომელიც პოლიციელს „შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების“ უფლებას უკანონებს. ცვლილებების თანახმად, პოლიციელს „დანაშაულის შესაძლო ჩადენის“ შესახებ „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე შეუძლია შეაჩეროს პირი „ეჭვის დადასტურების ან გამორიცხვისათვის აუცილებელი გონივრული“ ვადით და „შეჩერებული პირის ტანსაცმელზე აწარმოოს ზედაპირული შემოწმება“. და თუ ამ შემოწმებისას წარმოიშვება ჩხრეკის საფუძველი, „უფლებამოსილი თანამდებობის პირი ატარებს ჩხრეკას“.

კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩხრეკა დასაშვებია სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც დროის სიმცირით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობის დროს. ამასთან, კანონპროექტით, პირი უფლებამოსილია ხუთი დღის ვადაში გაასაჩივროს შეჩერების კანონიერება.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, დეპუტატი ლაშა თორდია აღნიშნულ ცვლილებას პოლიციელის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვის საჭიროებით ასაბუთებს. საპირისპირო მოსაზრება აქვს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ჩხეიძეს. მისი თქმით, აღნიშნული ფორმა წარმოშობს შეუსაბამოდ მაღალ რისკს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან თვითნებობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისათვის.

„კანონს დაემატა ახალი მე-91 მუხლი, რომელმაც შემოიტანა ტერმინი შეჩერება და ზედაპირული შემოწმება. აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს პოლიციის თანამშრომლის მიერ პირის შეჩერებას იმისთვის, რათა დადასტურდეს ან გაქარწყლდეს ეჭვი ამ პირის დანაშაულში მონაწილეობის შესახებ. შეჩერებული პირი, მიუხედავად იმისა, რომ მას პრაქტიკულად შეზღუდული აქვს მიმოსვლის თავისუფლება და პოლიციელი აწარმოებს მის „არაფორმალურ“ დაკითხვას, არ სარგებლობს ადეკვატური პროცესუალური უფლებებითა და გარანტიებით, ვინაიდან არ გააჩნია განსაზღვრული სტატუსი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რომ აღნიშნული მექანიზმის კანონში არსებობა დაუშვებელია, ვინაიდან ის წარმოშობს შეუსაბამოდ მაღალ რისკს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან თვითნებობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისათვის“, - აღნიშნავს ჩხეიძე.

მისივე თქმით, შეჩერებისა და შემოწმების ინსტიტუტი საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაშია დანერგილი და ის ტერმინით stop and frisk მოიხსენიება. ეს პროცედურა გულისხმობს პოლიციელის მიერ მოქალაქის შეჩერების უფლებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი სამართალდამცავს წარმოეშვა ეჭვი, რომ მოქალაქე შეიარაღებულია და ის საფრთხეს უქმნის თავად პოლიციელს ან მის გარშემომყოფთ.

იურისტი ამბობს, რომ „შეჩერება და შემოწმება“ „დაკავებისა და ჩხრეკისაგან“ განსხვავდება.

მოქმედი კანონმდებლობით, პირის დაკავებისათვის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, აუცილებელია სასამართლოს შესაბამისი განჩინება. დაკავების საფუძველი არის დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით და თუკი არსებობს კანონით განსაზრვრული სხვა გარემოებები. რაც შეეხება ჩხრეკას, რომელიც იურისტის თქმით, პიროვნების პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს, საქარველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-2  პუნქტის თანახმად, დასაშვებია მხოლოდ „სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას“.

„გადაუდებელი აუცილებლობა“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში, საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ეკატერინე ლომთაძე, შემდეგნაირად განმარტა: „გადაუდებლობა მიუთითებს დროის სიმცირეზე, რაც უფლების შესაზღუდად მოსამართლის ბრძანების მოპოვების საშუალებას არ იძლევა და საჭიროებს დაუყოვნებლივ მომედებას“.

გიორგი ჩხეიძე: „განსხვავებით „დაკავებისა და ჩხრეკისაგან“, „შეჩერება და შემოწმება“ არ საჭიროებს სასამართლოს ავტომატურ კონტროლს და ის პოლიციელის დისკრეციაზეა დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა საკმარისი დრო მოსამართლის ბრძანების მოსაპოვებლად. თუკი გავითვალისწინებთ შეჩერებისა და შემოწმების (stop and frisk) საზღვარგარეთ მოქმედ ინსტიტუტს, ის დაკავებისა და ჩხრეკისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება თავისი მიზნიდან გამომდინარეც, რასაც სამართალდამცავისა და მის გარშემომყოფთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს“.

ახალი ამბები