კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს პენ-კლუბის მიმართვა მსოფლიოს მწერალთა და პრესის მუშაკთა საერთაშორისო კონგრესს

29 სექტემბერი, 2010

ეს მიმართვა მომზადდა ქართული პენ-კლუბის გამგეობის მიერ, რომლის წევრებიც არიან:  დავით ქართველიშვილი (პრეზიდენტი), შორენა შავერდაშვილი (ვიცე პრეზიდენტი), რატი ამაღლობელი (ვიცე პრეზიდენტი), ქეთი კიღურაძე (საერთაშორისო მდივანი), ნაირა გელაშვილი, ირაკლი კაკაბაძე, გიორგი კეკელიძე, დათო ტურაშვილი და ნინო ჟვანია.


სიტყვის თავისუფლება საქართველოში

2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში დემოკრატიისა და შესაბამისად, სიტყვის თავისუფლების საქმე მკვეთრად გაუარესდა. ახალგაზრდა მმართველთა გუნდმა იმთავითვე გამოავლინა კანონისა და ადამიანის მიმართ  სრული უპატივცემულობა, რაც გამოიხატა ანტისამართლებრივ ქმედებათა მთელ  კასკადში, რაც დღემდე გრძელდება.

დღესდღეობით საქართველოს ჰყავს სრულიად ავტორიტარული, ერთპიროვნული მმართველობა, რომელიც გამოირჩევა სრული ვოლუნტარიზმით და აგრესიულობით განსხვავებული აზრის მქონეთა მიმართ. პარლამენტი, მთავრობა და სასამართლო, ისევე როგორც ელექტრონული მედიის უდიდესი ნაწილი, პირველ რიგში კი ის, რომელიც ფარავს მთელ  ქვეყანას უკიდურესი პროვინციების ჩათვლით,  ემორჩილება მმართველი კლასის ელიტას პრეზიდენტის მეთაურობით. დღეს საქართველოში ვერავინ მოიგებს სასამართლო პროცესს, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებათა დარღვევის სფეროში, თუ ეს მმართველი გუნდის ინტერესებს ეწინააღმდეგება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლზე ჰყავს აყვანილი  ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები  და ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციათა დიდი ნაწილის აზრით ისმინება ტელეფონები.

საჯარო სამსახურებიდან თავისუფლდებიან ოპოზიციურად განწყობილი  და საპროტესტო მიტინგების მონაწილე მოქალაქეები, მათ შორის რეჟისორები, დირიჟორები, პოეტები.

ხდება არაკონფორმისტ შემოქმედთა, მეცნიერთა და  სხვა მოქალაქეთა მარგინალიზაცია, მათი ჩანაცვლება მთავრობის მიერ გადაბირებული  პირებით, ასევე  არასამთავრობო ორგანიზაციებით, რომელთა პოპულარიზაციასაც ემსახურება  მთლიანად ხელისუფლებას დაქვემდებარებული მედია, პირველ რიგში ექვსი ტელეარხი.

ეკონომიკის ექსპერტების აზრით, მიზანდასახულად მიმდინარეობს საკუთარი მოსახლეობის გაღატაკება და შემდეგ სიღატაკის ინსტრუმენტალიზაცია.: მოქალაქეთა მოსყიდვა წინასაარჩევნო პერიოდში, ინტელექტუალების მოსყიდვა ხელისუფლებისათვის საჭირო იდეოლოგიის შესაქმნელად, პირველ რიგში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევების გასამართლებლად , რასაც ადგილი ჰქონდა 2007 წლის 7 ნოემბერს, 2009 წლის მაისში, ასევე  ამავე წლის  15 ივნისს; რასაც სისტემატურად აქვს ადგილი დევნილი მოსახლეობის მიმართ, რომელსაც დაუნდობლად ჰყრიან დროებითი საცხოვრებელი ადგილებიდან .

ასეთ ვითარებაში მწერლების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ერთის მხრივ, მათ ძალიან უჭირთ მატერიალურად საქართველოში გამეფებული ტოტალური უმუშევრობისა და იმის გამო, რომ არაკონფორმისტი მწერლები თავს არიდებენ ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ პრივილეგიებს; მეორეს მხრივ თითქმის არ გააჩნიათ თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვისთვის საჭირო, ეფექტური  არენა, ვგულისხმობთ ტელევიზიას. აგრეთვე იმის გამო, რომ  ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ პროტესტს, მაშინვე მოსდევს სხვადასხვა ტიპის რეპრესიები: ამის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ პოეტების  ზურაბ რთველიაშვილის, ირაკლი კაკაბაძის, შოთა გაგარინის და ალექსი ჩიღვინაძის ფიზიკური შეურაცხყოფა და დაპატიმრება სხვადასხვა დროს; კინოდოკუმენტალისტ ვახტანგ კომახიძის, არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური სახლის“ წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიები, რის შედეგადაც ზურაბ რთველიაშვილი და ვახტანგ კომახიძე იძულებულნი გახდნენ, დასავლეთში ეთხოვათ პოლიტიკური თავშესაფარი,  ხოლო კულტურულ-საგანმანათლებლო და სამშვიდობო ორგანიზაცია „კავკასიური სახლი“, სადაც მწერლები, პოეტები და მთარგმნელები მუშაობენ, დღეს  ოფისის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას... კრიტიკულად განწყობილ ხელოვანთა დევნის ფაქტები მხოლოდ ამით არ ამოიწურება.

არანაკლებ ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას  კონსერვატული მასობრივი ცნობიერება  თუ რელიგიური ობსკურანტიზმი. მაგრამ ამ მაგალითების მოყვანით თავს აღარ შეგაწყენთ.

ჯანსაღი ლიტერატურული კრიტიკის არარსებობა ხელს უწყობს დაბალი ლიტერატურული ღირებულებების მქონე ნაწარმოებების პოპულარიზაციას, თუმცა ხანდახან ასეთი კომერციული პროექტების ავტორები მასობრივ რისხვას იმსახურებენ. ამის უკანსაკნელი მაგალითი იყო 20 წლის დებიუტანტი მწერლის - ერეკლე დეისაძის წიგნის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სკანდალი. ამ სკანდალს  შეხლა-შემოხლა მოჰყვა. აქციის არც ერთ მონაწილეს არ მიუმართავს სასამართლოსთვის. ამის მიზეზი ისაა, რომ სასამართო სისტემა სრულად კონტროლდება ხელისუფლების მიერ, სასამართლოს ასეთი მდგომარეობა ადამიანებს ქუჩის აქციებისკენ და სამართლებრივი სივრციდან გამოსვლისკენ უბიძგებს.

საქართველოს არაკონფორმისტ მწერლებს ნამდვილად სჭირდებათ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება, რათა ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა  საბოლოოდ არ ჩაკვდეს, რითაც მისი დემოკრატიული განვითარების  შესაძლებლობა ნამდვილად გაქრება.

ახალი ამბები