კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბრალდებულმა რექტორმა ახალი რექტორი დაანიშნინა

29 სექტემბერი, 2010
საბა წიწიკაშვილი, გორი

ცხინვალისა და გორის გაერთიანებული უნივერსიტეტის პირველი რექტორი ზაზა ცოტნიაშვილი, რომლის დევიზი იყო ,,ცოდნა ცხოვრებისთვის",  პასუხისგებაშია მიცემული. განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დიმიტრი შაშკინის მოსვლის შემდეგ, ერთდროულად გათავისუფლდნენ გორის, თბილისის, თელავისა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები. კერძოდ, 2010 წლის 6 აგვისტოს თანამდებობა დატოვა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, 2010 წლის 13 აგვისტოს გადადგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა, 2010 წლის 8 სექტემბერს თელავის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი გოცირიძე, 12 სექტემბერს კი ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ონიანი გადადგნენ.

2010 წლის 6 აგვისტოს გორის უნივერსიტეტის რექტორს ზაზა ცოტნიაშვილს გორის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. იმავე 6 აგვისტოს ცოტნიაშვილმა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო შეკრიბა, გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლად პროფესორებს ალექსანდრე მღებრიშვილის კანდიდატურა  შესთავაზა. არავინ იცოდა, რომ ცოტნიაშვილი ბრალდებული იყო.

გორის უნივერსიტეტის წესდების მიხედვით, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისთვის დაკისრებული მოვალეობების  არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისთვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით, რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი უნდა განიხილოს. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრაში არ მონაწილეობს. თუმცა, ცოტნიაშვილმა აკადემიურ საბჭოს დაუმალა, რომ ბრალდებული იყო და სასამართლოდან დაბრუნებულმა სასწრაფოდ ალექსანდრე მღებრიშვილი აარჩევინა, თანაც კენჭისყრაში თვითონაც მიიღო მონწილეობა.

„სხდომაზე ცოტნიაშვილს ვკითხე, რატომ აპირებთ გადადგომას მეთქი და – ასე მიმაჩნია საჭიროდო,მიპასუხა“, - ამბობს აკადემიური საბჭოს წევრი შალვა სრესელი.

ზაზა ცოტნიაშვილის მიერ წარდგენილი ალექსანდრე მღებრიშვილი გორის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორია. პარალელურად, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი და სრული პროფესორია. აკადემიური საბჭოს სხვა წევრი შალვა სრესელი ამბობს, რომ ალექსანდრე მღებრიშვილი აკადემიურ საბჭოში „შემთხვევით“ მოხვდა. „განათლებისა და მეცნიერების შესახებ“ საქართველოს კანონით, აკადემიურ საბჭოში გაწევრიანებამდე, პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი ფაკულტეტის საბჭომ  უნდა აირჩიოს.

„მე იმავე ფაკულტეტის წარმომადგენელი ვარ, რომელ ფაკულტეტსაც ალექსანდრე მღებრიშვილი წარმოადგენს. 2010 წელს ფაკულტეტის საბჭოს არ აურჩევია, რადგან მის არჩევაში მეც უნდა მიმეღო მონაწილეობა. ეს კი არასდროს მომხდარა.  შესაბამისად, მას არა აქვს უფლება, იყოს აკადემიური საბჭოს წევრი“, - ირწმუნება შალვა სრესელი.

ალექსანდრე მღებრიშვილი რექტორის მოვალეობას ერთი თვე ასრულებდა. 2010 წლის 6 სექტემბერს ამჯერად მისი ინიციატივით, აკადემიური საბჭო ხელახლა შეიკრიბა და შემცვლელად რესურსცენტრის უფროსი, ამავე დროს გორის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი სოსიაშვილი წარადგინა. სოსიაშვილი უპრობლემოდ აირჩიეს მოვალეობის შემსრულებლად.

„ახლაც არ ვიცი, რომ ზაზა ცოტნიაშვილი ბრალდებულია, მას არაფერი უთქვამს ჩვენთვის“, - ამბობს ალექსანდრე მღებრიშვილი.

ის რომ ბრალდებულ ზაზა ცოტნიაშვილს დღემდე გორის უნივერსიტეტის სრული პროფესორის და ასევე ამავე უნივერსიტეტის სახელობო პროგრამების კოორდინატორის თანამდებობები უკავია, ჩვენს ხელთ არსებული ხელშეკრულებები მოწმობს. პირველი ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს მოქალაქე ზაზა ცოტნიაშვილი 2009 წლის 2 თებერვლიდან ჰუმანიტარული ფაკულტეტის სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობას იკავებს. აღნიშნულ ხელშეკრულებას ვადა 2012 წელს გასდის. უნივერსიტეტმა კი 2010 წლის 6 აგვისტოს შემდეგ ცოტნიაშვილს ხელშეკრულება არ შეუწყვიტა. 2009 წლის 2 თებერვალს ერთის მხრივ გორის უნივერსიტეტის რექტორმა ზაზა ცოტნიაშვილმა, ხოლო მეორეს მხრივ მოქალაქე ზაზა ცოტნიაშვილმა ხელშეკრულება დადეს საქართველოს კანონმდელობისა და გორის უნივერსიტეტში მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.  ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ პირობად მიჩნეულია ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში დარღვევა. ეთიკის კომისიამ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან მოწოდებული ინფორმაციის მიხედით, არც კი იმსჯელა ზაზა ცოტნიაშვილის ეთიკური ქმედების ირგვლივ. ზაზა ცოტნიაშვილი გასამრჯელოს სახით, როგორც სრული პროფესორი, ბრალდებულის სტატუსის მიღების შემდეგაც 550 ლარს იღებს.

მეორე თანამდებობა, სადაც კვლავ ოფიციალურადაა გაფორმებული ცოტნიაშვილი, გაეროს პროგრამით დაფინანსებულ სახელობო პროგრამებს ეხება. 2009 წლის 3 სექტემბრიდან ჯერ კიდევ რექტორის თანამდებობაზე მყოფმა ცოტნიაშვილმა მესამე, 700-ლარიანი ხელფასის ოდენობის თანამდებობა დაიკავა, სახელობო პროგრამების კოორდინატორის სახით. სარეგისტრაციო ჟურნალის მიხედვით, ზაზა ცოტნიაშვილი სახელობო პროგრამების კოორდინატორის უფლებების  შესასრულებლად საერთოდ არ დადიოდა აღნიშნულ სამსახურში.

„ბოლოს მოვიდა ერთხელ, როდესაც რექტორობიდან გადადგა. ვთხოვე, სარეგისტრაციო ჟურნალში ხელი მოეწერა, მაგრამ ამაზე კატეგორიული უარი მითხრა. მე განსაკუთრებული ხელშეკრულება მაქვს დადებულიო“, - განაცხადა ნინო არაბაშვილმა. ხელშეკრულებაში კი სხვა თანამშრომლების მიმართ გაფორმებული ხელშეკრულებებისგან განსხვავებული განსაკუთრებული არაფერი წერია

ვინ არის ზაზა ცოტანიშვილი

ზაზა ცოტნიაშვილი წარმოშობით ცხინვალიდანაა. მამამისი ცხინვალის უნივერსიტეტში მუშაობდა. 90-იან წლებში ცხინვალის უნივერსიტეტი გორში გადმოვიდა. 2000-2005 წლებში ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგია-ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი გახლდათ.

უნივერსიტეტის მაშინდელი პრორექტორი აკაკი ტოლიაშვილი იხსენებს, რომ დეკანის თანამდებობაზე პარალელურად ზაზა ცოტნიაშვილი ერგნეთის ბაზრობაზე „ვალუტჩიკად“ მუშაობდა. „მე მას ვუთხარი, ან უნივერსიტეტში ყოფილიყო, ან კიდევ „ვალუტჩიკობისთვის“ თავი დაენებებინა. იმდენად დაგვეძაბა ურთიერთობა, რომ 2001 წელს  ქუჩაში მიმავალს ჩემი ეჭვით მის მიერ დაქირავებულმა პირმა დიდი ქვა ჩამარტყა თავში და გავითიშე“, - იხსენებს აკაკი ტოლიაშვილი. თუმცა, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიების მასალებით, კონკრეტული პირები ვერ გამოიკვეთა და ძიება შეწყდა. ამ თავდასხმაში ცოტნიაშვილის მონაწილეობა ვერ დამტკიცდა. რაც შეეხება „ვალუტჩიკობას“, ზაზა ცოტნიაშვილმა ამ საკითხზე პრესას განუცხადა, რომ მაშინ სხვა გზა არ ჰქონდა - ძალიან ჭირდა შემოსავლები და შესაბამისად, ასეთ საქმიანობას ამ მიზნით მივდევდიო.

2007 წლის 22 ივნისამდე ზაზა ცოტნიაშვილი ცხინვალის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას ასრულებდა. კახა ლომაიას მინისტრობის პერიოდში დღის წესრიგში დადგა ორი უნივერსიტეტის - გორისა და ცხინვალის უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი. დაძაბული დაპირისპირების მიუხედავად, ეს ორი უმაღლესი სასწავლებელი გაერთიანდა. გაერთიანებული უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2007 წლის 17 ოქტომბერს ზაზა ცოტნიაშვილი დაინიშნა.  გორის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას კი ზაზა ცოტნიაშვილი 2008 წლის 22 აგვისტომდე ასრულებდა. ოფიციალური დოკუმენტაციით, 2008 წლის 22 აგვისტოს, იგი გორის უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორად აირჩია.

რექტორის არჩევა ტყვიების წვიმაში

გორის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 22 აგვისტოს სხდომის ოქმით ვიგებთ, რომ სხდომა ჩატარდა საგანგებო მდგომარეობის დროს ქალაქ თბილისში, კიბერნეტიკის ინსტიტუტის შენობაში.

„მაცნობეს, რომ რექტორის არჩევნები თბილისში უნდა ჩატარებულიყო. ოკუპაციის პერიოდში მე გორიდან არ გავსულვარ და 22 აგვისტოს ვერ მოვახერხებდი თბილისში გასვლას. უნივერსიტეტის გაზეთით კი გამოცხადებული იყო, რომ არჩევნები გორში უნდა ჩატარებულიყო“, - იხსენებს სრესელი. იგი ადასტურებს, რომ 22 აგვისტოს გორში რუსეთის რეგულარული არმია კვლავ იდგა.

არჩევნებზე არ იმყოფებოდა რექტორობის კიდევ ერთი კანდიდატი ზურაბ ტიელიძე.  მას შეატყობინეს არჩევნების ჩატარების შესახებ: „სამოქმედო გეგმის წასაღებად მოვბრუნდი გორში. თუმცა შემდეგ ვეღარ მოვახერხე აქედან გასვლა. დამირეკეს თბილისიდან და მითხრეს - უნდა ჩამოხვიდე, რექტორის არჩევნებიაო, რაზედაც ვუპასუხე, რომ ვერ ვახერხებდი სამოქმედო გეგმის ჩატანას. ნუ გეშინია, არც ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა, ყველაფერი გორშია დატოვებულიო. ფაქტობრივად, ყველანაირი დოკუმენტაცია გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში იყო დატოვებული, ხოლო თბილისში კიბერნეტიკის ინსტიტუტში რა არჩევნები ჩაატარეს, გაუგებარია“, - ამბობს ზურაბ ტიელიძე.

2008 წლის 22 აგვისტოს სხდომის ოქმში დაფიქსირებულია, რომ აკადემიური საბჭოს წევრებმა კანდიდატების მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმები „მოისმინეს“ და ამათგან მხოლოდ ზაზა ცოტნიაშვლის გეგმა მოიწონეს. სინამდვილეში, რექტორობის ერთ-ერთ კანდიდატს ზურაბ ტიელიძეს არავითარი სამოქმედო გეგმა არ წარუდგენია.

საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, თავდაპირველად საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობა 2008 წლის 3 სექტემბრამდე ჰქონდა გამოცხადებული. შემდგომში ეს რიცხვი 19 სექტემბრამდე გადაიწია, ხოლო 18 სექტემბრის რიგგარეშე სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ საგანგებო მდგომარეობა 3 ოქტომბრამდე მხოლოდ იმ რეგიონებში დარჩებოდა გამოცხადებული, სადაც კვლავ იდგა რუსეთის შეიარაღებული რეგულარული არმია. ამ შემთხვევაში  ბუფერული ზონის სოფლები ითვლებოდა.

როგორც გაირკვა, გორში საგანგებო მდგომარეობა 19 სექტემბრამდე გაგრძელდა. გორის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ 2008 წლის 22 აგვისტოს მიღებული დადგენილება ზაზა ცოტნიაშვილის რექტორად დანიშვნის შესახებ, ამბობს, რომ დაინტერესებულ მხარეს შეეძლო დადგენილება ერთი თვის ვადაში გორის რაიონულ სასამართლოში გაესაჩივრებინა. ფაქტობრივად, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, დაინტერესებულ მხარეს 22 აგვისტოდან 19 სექტემბრამდე გორის რაიონულ სასამართლოს გზით დადგენილების გასაჩივრება არ შეეძლო .

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისის მონაცემებით, გორის რაიონულმა სასამართლომ მთელი დატვირთვით მუშაობა საგანგებო მდგომარეობის გასვლის შემდეგ, 20 სექტემბრიდან დაიწყო. ცენტრის იურისტის, ნინო ანდრიაშვილის თქმით, თუ დაინტერესებულმა მხარემ საგანგებო მდგომარეობის გამო, გასაჩივრების ვადა გაუშვა,  შეუძლია ეს ვადა აღიდგინოს... იმ პერიოდისთის ხომ საერთოდ არ იყო ცნობილი, თუ როდემდე გაგრძელდებოდა საგანგებო მდგომარეობა.

„ეპიზოდები“ ბრალდებულ რექტორის მოღვწეობიდან

2010 წლის 6 აგვისტოს ზაზა ცოტნიაშვილი  პროკურატურას ჩაბარდა და დანაშაული აღიარა, თან მოინანია. ამას წინ უძღოდა მისი სამი თანამშრომლის დაკავება. დანაშაული, რომელსაც ზაზა ცოტნიაშვილი ინანიებს, ასე ჟღერს: ცოტნიაშვილმა, როგორც „მოხელემ, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა, ჩაიდინა დანაშაული საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის რაიმე გამორჩენის მიღების მიზნით“. ამას ასკვნის შიდა ქართლის საოლქო პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მიხედვით. გორის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2010 წლის 6 აგვისტოს გირაო 5 000 ლარი შეუფარდა.

ზაზა ცოტნიაშვილი საერთოდ არაფერს ამბობს აღნიშნულთან დაკავშირებით. სოციალური ქსელების მეშვეობით, მას კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ. „დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი. ჭორებს არ აჰყვე“, - მოკლედ გვიპასუხა ცოტნიაშვილმა.

„ჭორები“ - აღკვეთის ღონისძიების შესახებ მოსამართლის მიერ გამოტანილ ბრძანებაში წერია. კერძოდ:  2008 წლის მარტში ცოტნიაშვილის ბრძანებით შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია, რომელსაც გორის უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული მატერიალური საშუალებების ჩამოწერა დაევალა. ეს წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე მოხდა. 2008 წლის 31 მარტს დასახელბულმა კომისიამ  სხვადასხვა მატერიალური საშუალებები, სახარატო დაზგები, სტამბა და სხვ. ნივთები „ჩამოწერა“ ჯართის სახით, რომლის ღირებულებამ შეადგინა 935 000 ლარი.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მითითებით „უმაღლესი სასწვავლო დაწესებულების უძრავი ქონების გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევით საქმიანობას, შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით დადგენილი წესით“.

იმავე გაზაფხულზე შიდა ქართლის სალქო პროკურატურის ინფორმაციით, გორის უნივერსიტეტის რექტორი ზაზა ცოტნიაშვილი დაუკავშირდა უნივერსიტეტის შესყიდვების სამსახურის უფროსს სტეფანე მარიამიძეს და ქსელების ადმინისტრატორს რუსუდან ელიაშვილს. „შეთანხმდნენ, რომ ამ უკანასკნელის სახელით, ბეჭდისა და საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით, თავისთვის გამორჩენის მიზნით, გორის უნივერსიტეტთან მოეხდინათ სხვადასხვა ინვენტარის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება“, - აცხადებს სახელმწიფო ბრალდება.

უნივერსიტეტის შესყიდვების სამსახურის უფროსთან სტეფანე მარიამიძესთან და ქსელების ადმინისტრატორთან რუსუდან ელიაშვილთან გაფორმებული საპროცესო განაჩენების მიხდევით, 2008 წლის გაზაფხულზე რექტორმა ზაზა ცოტნიაშვილმა თავის სამუშაო კაბინეტში დაიბარა რუსუდან ელიაშვილი და აჩვენა კომპიუტერში გასაყიდად განთავსებული 800 ლარად შეფასებული მობილური ტელეფონი „ჟაზჟარ“.

„რექტორმა მითხრა, რომ ჩემი ხარჯებით შემეძინა იგი. ამავე დროს დამპირდა, რომ საქმის კურსში ჩააყენებდა შესყიდვების სამსახურის უფროსს სტეფანე მარიამიძეს, რომელიც ჩემთან მობილური ტელეფონის შესყიდვის ხელშეკრულებას გააფორმებდა, ხოლო გადახდილ თანხას პირად ანგარიშზე ჩამირიცხავდა“, - უთითებს რუსუდან ელიაშვილი მასალებში.

რუსუდან ელიაშვილმა მართლაც ზაზა ცოტნიაშვილისთვის შეიძინა 800 ლარად ზემოაღნიშნული მობილური ტელეფონი, ხოლო პირად ანგარიშზე უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 896 ლარი.

მენეჯმენტის საფუძვლებში ჩახედულმა ზაზა ცოტნიაშვილმა 2009 წლის იანვარში დაიბარა ქსელების ადმინისტრაციის უფროსი რუსუდან ელიაშვილი, რომელსაც 2 ცალი სათხილამურე კომპლექტის შესაძენად გამოართვა 2 000 ლარი, ხოლო დაპირდა რომ საქმის კურსში ჩააყენებდა უნივერსიტეტის ფინანსური შესყიდვების სამსახურის უფროსს  მარიამიძეს. რუსუდან ელიაშვილმა შეიძინა 2 სათხილამურე კომპლექტი, თავისი სახელით გააფორმა ფიქტიური შესყიდობის ხელშეკრულება 2 224 ლარზე და უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან მის პირად ანგარიშზე ჩაირიციხა ზემოაღნიშნული თანხა.

2009 წლის ზაფხულში ზაზა ცოტნიაშვილმა რუსუდან ელიაშვილს 2 ცალი ნოუთბუქის ჩანთის შესაძენად 400 ლარი გამოართვა. ელიაშვილთან გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და მის პირად ანგარიშზე გადაირიხა 448 ლარი.

ზაზა ცოტნიაშვილთან შეთანხმებით რუსუდან ელიაშვილმა  ნათესავი ირაკლი შოშიაშვილი ინდმეწარმედ დაარეგისტრირა.  ინდმეწარმის ბეჭედი რუსუდან ელიაშვილს ებარა. ამის შემდეგ, ნასყიდობის ხელშეკრულებები ფორმდებოდა  ინდმეწარმე ,,ირაკლი შოშიაშვილთან", რომლის მაგივრად ხელს აწერდა და ბეჭედს ასვამდა რუსუდან ელიაშვილი.

2009 წლის 9 ოქტომბერს ზაზა ცოტნიაშვილმა ინდმეწარმე ირაკლი შოშიაშვილისგან იყიდა საჩოგბურთო ინვენტარი. ამ უკანაკსნელმა გასცა, პროკურატურის რწმუნებით, ყალბი სასაქონლო ზედნადები, სადაც ირაკლი შოშიაშვილის სახელით ხელს რუსუდან ელიაშვილი აწერს და თავადვე არტყავს ბეჭედს.  აღნიშნული კომპლექტის შეძენა გორის უნივერსიტეტს 1 660 ლარი დაუჯდა. ეს თანხა გორის ბიუჯეტმა გადაურიცხა ინდ. მეწარმე ირაკლი შოშიაშვილს. ირაკლი შოშიაშვილმა კი ეს თანხა მიუტარა რუსუდან ელიაშვილს.

2009 წლის 13 ოქტომბერს რექტორის უშუალო დავალებით, რუსუდან ელიაშვილმა იგივე მეთოდით გამოწერა #11 სასაქონლო ზედნადები 8 387 ლარზე. ამ ზედნადებით ირკვევა, რომ გორის უნივერსიტეტს შეუძენია 8 387 ლარის ღირებულების  კომპიუტერული ტექნიკა. თუმცა, ელიაშვილმა აღიარა, რომ ყალბი ზედნადები ინდმეწარმის სახელით თავად გამოწერა, ხოლო მის ანგარიშზე უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხიდან მოგება რექტორმა და მან ერთმანეთში გაინაწილეს.თუმცა რამდენი იყო მოგება, რომელიც ამ ორმა პირმა გაიყო, პროკურატურა არც ერთ ეპიზოდზე არ აკონკრეტებს.

2009 წლის 31 ოქტომბერს რექტორისვე დავალებით რუსუდან ელიაშვილმა კვლავ ყალბი #12 ზედნადები გამოწერა, ამჯერად 8980 ლარზე. ამ დოკუმენტით გორის უნივერსიტეტმა კომპიუტერული ტექნიკა „შეიძინა“. უნივერსიტეტიდან ინდმეწარმე ირაკლი შოშიაშვილის სახელზე გადარიცხული თანხიდან მოგებული თანხა ელიაშვილმა და რექტორმა ერთმანეთში გაინაწილეს.

2010 წლის 29 მარტს რექტორის დავალებით რუსუდან ელიაშვილმა კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად 19 100 ლარის ყალბი ზედნადები გამოწერა. „აღნიშნული ოპერაციიდან მიღებული მოგება ერთმანეთში გაინაწილეს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია“, - კვლავ იმეორებს ბრალდება.

დაბოლოს, 2010 წლის 19 აპრილს ამჯერად 21 172 ლარზე გაფორმდა ყალბი ზედნადები. აქაც კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის გამოიწერა ფაქტურა. უნივერსიტეტის მხრიდან გადარიცხული თანხიდან „მიღებული მოგება ერთმანეთში გაინაწილეს“ - მერვე ეპიზოდს ამგვარად ამთავრებს პროკურატურა.

გორის სასამართლოდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 17 სექტემბრის მონაცემებით, სასამართლოში საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ზაზა ცოტნიაშვილის მხრიდან ჯერ არავითარი განცხადება შესულა. ზაზა ცოტნიაშვილი კი საერთოდ კომენტარს არ აკეთებს: ,,ნება მიბოძეთ, კომენტარი არ გავაკეთო" - განაცხადა მან.

სტატია დაფინანსებულია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ „სტუდია მონიტორის“ პროექტის ფარგლებში.

ახალი ამბები