კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„რა ვქნა აღარ ვიცი... ცოცხალი რომ იყოს?“

30 სექტემბერი, 2010
გალის რაიონში ადამიანები იოლად იკარგებიან

თეა თოფურია

საქართველოში, დღეის მონაცემებით, 907 უგზო–უკვლოდ გაუჩინარებული პირია აღრიცხული. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კონფლიქტურ ზონებში, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის საშუალება ფაქტობრივად არ არსებობს. გალის რაიონში დაკარგულთა რაოდენობა 54 –ს აღწევს. მათგან უმეტესობა სწორედ ომის შემდეგ გაუჩინარდა.
(ფოტოზე: ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დაცვისათვის“ ხელმძღვანელი ნონა უბილავა)

„რა ვიცი აბა, რა ვქნა აღარ ვიცი. ცოცხალი რომ იყოს? ჯიბრით უარესი არ უქნან“, –  შუახნის ქალი და მისი დედამთილი ერთმანეთს შესცქერიან.  ინტერვიუს მოცემა მაინც ვერ გადაწყვიტეს. პიროვნება, რომელიც გალის რაიონში ოთხი თვის წინ დაიკარგა, ერთის მეუღლე და მეორეს შვილია. ის ღამე დაუდგენელმა პირებმა სახლიდან გაიყვანეს და მას მერე არავის უნახავს. ოჯახის წევრებმა ისიც არ იციან, მოსულები ქართველები იყვნენ, აფხაზები თუ რუსები. არც ის იციან, რა იყო გატაცემის მიზეზი. გამოსასყიდი არავის მოუთხოვია.

თავიანთი ძალებით და ახლობლების მეშვეობით უკვე ეძებეს. კაცი არ ჩანს.

„შემომითვალეს ნაცნობმა აფხაზებმა, გაჩერდი და წყნარად იჯექი, თორემ საერთოდ ვერ იპოვიო. ჰოდა, ვზივარ გაჩუმებული“, – ამბობს დედა.

„გაჩუმება“ იმასაც გულისხმობს, რომ ჟურნალისტებს არ უნდა დაელაპარაკო. დღემდე  ოჯახმა მხოლოდ წითელ ჯვარს მიმართა, თუმცა საქმე არც ამით წაწეულა წინ.

გალელებს ახსოვთ, რომ ერთხელ ერთი დაკარგული სახლში ორი წლის შემდეგ დაბრუნდა. თურმე სადღაც მაღაროებში ამუშავებდნენ.  ამის გამო, იმედი არც ამ ოჯახს დაუკარგავს.

ეს შემთხვევა გამონაკლისი არაა. გალის რაიონში უგზო–უკვლოდ დაკარგული არავის უკვირს. თუმცა, აღნიშნავენ იმასაც, რომ ბოლო წლებში გაუჩინარების შემთხვევებმა იკლო.

ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დაცვისათვის“ ხელმძღვანელი ნონა უბილავა ამბობს, რომ აფხაზეთში ადამიანი შეიძლება რამდენიმე მიზეზის გამო დაიკარგოს. ყველაზე ხშირად ფულის გამოძალვის მიზნით იტაცებენ და გამოსასყიდს ითხოვენ. თავდაპირველად, მოთხოვილი თანხა, არარეალურია, შეიძლება 100 000 დოლარი ან მეტიც კი დაასახელონ. თუმცა, საბოლოოდ 6–10 ათასზე თანხმდებიან. ეს ფული ნათესავებში და ახლობელებში გროვდება, ან ვალს იღებენ. საქმე გვარდება შუამავლების მეშვეობით. ეს შუამავლები შეიძლება ისევ კრიმინალები იყვნენ, ან - საერთო ნაცნობები. იყო შემთხვევები, როდესაც ოჯახმა ფული ვერ გადაიხადა და შესაბამისად პიროვნება დღემდე უგზო–უკვლოდაა დაკარგული, სავარაუდოდ გამტაცებლებმა ის მოკლეს.

ვინ შეიძლება იყოს გამტაცებელი?

ნონა უბილავა: „ხშირად ისინი ნიღბებით არიან და ამოცნობა შეუძლებელია.  თუ აფხაზეთის დე ფაქტო სტრუქტურებიდან მოდიან, მათ დასამალი არაფერი აქვთ. მოდიან, აპატიმრებენ და ციხეში სვამენ. სხვა საქმეა, მართლაც დაარღვია ამ პირმა კანონი თუ არა. რაც შეეხება კრიმინალებს, არიან როგორც აფხაზური დაჯგუფებები, ასევე აფხაზებს შეკედლებული ქართველი კრიმინალებიც - ისინი, ვინც პოლიციას გაექცნენ და უკონტროლო ტერიტორიაზე გადავიდნენ. შეიძლება რუსებიც იყვნენ“. 

ნონა უბილავას თქმით, მეორე მიზეზი, რის გამოც შეიძლება ადამიანი დაიკარგოს, იძულებით მუშაობაზე უარის თქმაა. ყველა სოფელს ჰყავს თავისი „მაყურებელი“, რომელიც სიტუაციას აკონტროლებს. ყველა ოჯახი ვალდებულია, ოჯახის ერთი წევრი პლანტაციებში (მანდარინის, თხილის...) სამუშაოდ გაუშვას. ტრეფიკინგის ეს ფაქტი გალის რაიონში კარგა ხანია, სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა. თუ ვინმე ეცდება, დაიმალოს და სამუშაოზე არ წავიდეს, მას სახლში სადამსჯელო რაზმი მიადგება. ასეთი ადამიანიც გაყავთ და ის შეიძლება არც დაბრუნდეს.

ნონა უბილავა: „ხანდახან თავად მეზობლებიც აბეზღებენ, ესა და ეს კაცი არ მუშაობსო. მას წაიყვანენ  და შეიძლება, შემოაკვდეთ კიდეც. ამჯერად ასეთი ფაქტები იშვიათია, მაგრამ ადრე გაცილებით მძიმე სიტუაცია იყო. არსებობდა ასეთი აფხაზი კრიმინალი – ოთარ ტურამბა. მისი დაჯგუფება ადამიანებს იტაცებდა და ძაღლებივით ჰყავდათ ჯაჭვებით დაბმული. ერთი გრძელი მავთული იყო, ათი მეტრის სიგრძის. ქალსაც იქ აბავდნენ და კაცსაც. აფხაზებსაც არ ინდობდა, თავის ყოფილ თანამებრძოლებს“. 

ოთარ ტურამბა ორიოდე წლის წინ მანქანაში ჩაცხრილეს.

სამხრეთ კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი ამბობს, რომ კრიმინოგენური თვალსაზრისით, გალი ძალიან რთული რეგიონია. ესაა კრიმინალების თავშეყრის ადგილი. ამასთან, ბოროტმოქმედი შეიძლება, ნებისმიერი ეროვნების ადამიანი იყოს.

ალექსანდრე რუსეცკი: „მთავარი პრობლემა არის თხილის სეზონი, რა დროსაც არა მარტო გალიდან, ზუგდიდიდანაც იკარგება ხალხი. სამეგრელოში ბევრს ეკონომიკურად ძალიან უჭირს და ამის გამო სეზონის დადგომისას სამუშაოდ გალში გადადის. შემდეგ მათ ან ფულს არ აძლევენ, ან უკან არ უშვებენ და ა. შ. არის შემთხვევები, როცა ფსიქიკურად დაავადებულებები გადადიან სამუშაოდ და ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ გალის პრობლემა. რამდენიმე ასეთი შემთხვევა სვანეთშიც იყო და აღმოსავლეთ საქართველოშიც. ძალიან ხშირად, როცა გალში რამე ხდება, ეს მაშინვე აფხაზებს მიეწერებათ. რეალურად კი ასე არ არის“.

ალექსანდრე რუსეცკის თქმით, ხელისუფლებას არა აქვს სათანადო სტრატეგია დაკარგულების მოსაძებნად, რაც საბოლოოდ მის მიმართ უნდობლობას განაპირობებს.

ალექსანდრე რუსეცკი: „ვერ ვიტყვი, რომ არაფერს აკეთებენ, მაგრამ მიდგომა ასეთია – ყველაფერი გაკეთდეს ხმაურის, ანუ არასამთავრობო  თუ სხვა ორგანიზაციების გარეშე“.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოგვაწოდა სია იმ ადამიანებისა, რომლებიც გალის რაიონში უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. ამ დოკუმეტიდან ჩანს, რომ ყველაზე მეტი ადამიანი 1994 წელს გაუჩინარდა ანუ ომის დამთავრების პირველ ხანებში. შემდგომ გაუჩინარების ფაქტებმა  შედარებით იკლო. იყო შემთხვევები, როცა ერთი ოჯახიდან ერთბაშად ორი პირი იკარგებოდა. მაგალითისთვის 1994 წელს ერთად გაუჩინარდა მამა-შვილი ამბაკო და ჯიმშერ გოლანძიები. 2000 წელს დაიკარგნენ ძმები ხვიჩა და ჟილვერ ძანძავები.

„გალის რაიონში ადამიანების უგზო–უკვლოდ დაკარგვის შემთხვევები ხშირია და ძირითადად მათ გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით იტაცებენ“, - ამბობს სალომე სამუშია, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, პრესასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი. 

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ დაკარგულების ახლობლები ხშირად სამთავრობო სტრუქტურებს ფაქტის შესახებ არც ატყობინებენ. შესაბამისად, დაკარგულთა რეალური რაოდენობა შესაძლებელია, მეტიც იყოს.

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში: „იძულებით გაუჩინარების ფაქტების გამოძიება საქართველოში“,  რომელსაც აფინანსებს  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ”საქართველოში მედიის როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება”. სტატიის შინაარსი არ გამოხატავს ევროკავშირისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს. მასზე მთლიანად პასუხისმგებელია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“

ახალი ამბები