კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაკარგულთა ოჯახების უსასრულო მოლოდინი

1 ოქტომბერი, 2010
თეა თოფურია

როგორია, როცა უგზო-უკვლოდ იკარგებიან? უგზოუკვლოდ ადამიანის დაკარგვა ოჯახისთვის ნიშნავს წლების განმავლობაში რიტმიდან ამოვარდნილ ცხოვრებას, გაუგებრობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე, გაუთავებელ სიარულს გვამების ამოსაცნობად, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში, ნაცნობებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, მკითხავებშიც კი... ამ დროს შენც გარკვეულწილად უგზოუკვლოდ ხარ დაკარგული. ყველა, ვისაც ოჯახის წევრი დაეკარგა, ამბობს, რომ ეს გაცილებით უარესია, ვიდრე ცნობა გარდაცვალების შესახებ.

(ფოტოზე: რომან ბაღათურია)

თუმცა, როგორც ყველაფერი, ესეც პირობითია.

ვიოლეტა გრიგოლია: „აგერ ჩვენს მეზობელზე ვიცოდით, რომ უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული. თურმე, მოუკლავთ ის ბიჭი და ცოლი დედამთილს სიმართლეს უმალავდა. რომ გარდაიცვალა დედა, მერე გამოკიდეს შავი ნაჭერი და სურათი. ცოლმა თქვა, რა დაკარგული, აფხაზეთში, სარდაფში ვიმალებოდით. მოგვაგნეს და ჩემს თვალწინ მოკლესო“.

გაუთავებელი ომების გამო საქართველოში ბევრია ოჯახი, სადაც ერთდროულად ოჯახის ორ წევრს გლოვობენ. მურაზ რომელაშვილმა აგვისტო ომში ორი შვილი გაუშვა, ორივე ტანკისტი. ერთი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მეორე – მუხათგვერდის სასაფლაოზეა დაკრძალული. საფლავი სიმბოლურია – გვამი დამწვარი იყო, ცხედრისგან მხოლოდ მაჯა გადარჩა და ის ჩამარხეს.

მურაზ რომელაშვილი: „გია ბოლოს შვიდ აგვისტოს ვნახე. დილით ადრე ჩამოვიდა. არც ვიცოდი, რომ ომი იწყებოდა, ასე რამდენჯერ გამოუძახიათ. პური ჭამა და წავიდა. გელა ხუთში გამოიძახეს და ამის მერე არ მინახავს“.

რომელაშვილები ცხინვალიდან არიან. ძმები, გორში, დევნილობაში იზრდებოდნენ. ის-ის იყო, დაოჯახდნენ, სამსახურიც იშოვეს და ომიც დაიწყო. სწორედ მაშინ, როცა ცხოვრება ცხოვრებას დაემგვანა.

გია და გელა სხვადასხვა ტანკში ისხდნენ. ცხინვალის შესასვლელთან გელას ტანკი ააფეთქეს. გელა ტანკიდან ამოვიდა, რათა ძმასთან გადამჯდარიყო. ამ დროს ტყვედ ჩავარდა. უგზო-უკვლოდ დაიკარგა გია რომელაშვილი, ასევე სუხიტაშვილი და ბირთველაშვილიც, რომლებიც მასთან ერთად ისხდნენ ტანკში.

„გელა ძნელი ამოსაცნობი იყო, მაგრამ ჩემი შვილი მე ვიცანი. სურათი გამოგზავნეს, თავში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი. აქ მქონდა ის სურათი, ცოლმა თუ არ გადამიგდო. ეჯავრება. მერე დაუწვიათ გვამი და ახლა მუხათგვერდში მარტო მაჯაა დასაფლავებული. დნმ-ს პასუხითაც დაადასტურა, რომ მართლაც გელას გვამი იყო. ჯაგრისები წაიღეს სახლიდან, რომ თმის ანალიზი გაეკეთებინათ“.

ლონგულაშვილების ოჯახშიც ორ შვილს ტირიან. ერთი გაგრის აღებისას დაიკარგა, 17 წლის წინ, მეორე – 2008-ში, ოღონდ ისიც 17 წლის წინ მიყენებული ჭრილობების გამო. მათი ოთხმოცს მიტანებული მშობლები დღეს ნიქოზში მარტონი ცხოვრობენ. აგვისტოს ომის დროს დანგრეული სახლი ნათესავებმა გაურემონტეს.

ავთანდილ ლონგულაშვილი, მამა: „ჩემი უფროსი ბიჭი ომში დაიჭრა და მას ვედექით თავზე. ცხრა ოპერაცია გაუკეთეს. იმ ჭრილობებისგან იყო, ბოლოს რომ გარდაიცვლა. ამ დროს მეორე ბიჭი, გია აფხაზეთში წავიდა. გაგრის აღებისას ტყვედ ჩავარდა, მაგრად უცემიათ ჩემი შვილი და დახოცილების დასამარხად წაუყვანიათ. მას მერე არავის უნახავს“.

ვიოლეტა გრიგოლიას სოხუმში ძმაც დაეკარგა და მეუღლეც. ამ ცხოვრებას ვერაფერი გავუგეო, ამბობს. სოხუმიდან აბაშაში გათხოვილს ომი იქაც დაეწია, თან ძალიან უცნაურად.

ვიოლეტა გრიგოლია: „ჩემი მამამთილის ოჯახი ძალიან მშრომელი და სახელგანთქმული იყო. ამ ოჯახზე წიგნიც დაიწერა. 1992 წელს ჩემი ძმები სოხუმში იბრძოდნენ, მეუღლემ -  ვეფხია გრიგოლიამ ფული ისესხა და მათთან ჩავიდა. ფიქრობდა, მხარში დავიყენებ და აბაშაში ფრინველების ფერმას გავხსნითო. სოხუმში რომ ჩავიდა, ეს ვიცით, ნაცნობმა ნახა, მაგრამ ჩემს ძმებამდე ვერ მიაღწია. სად გაქრა, ვერაფერი გავიგეთ.

ჩემი ძმაც უგზო-უკვლოდაა დაკარგული, ომარ მეგრელიშვილი. ჩემი მეორე ძმის შვილი, 22 წლის ბიჭი გადმოასვენა სოხუმიდან ზესტაფონში. მერე უკან გაბრუნდა და აღარ გვინახავს. მისი გამოჩენის იმედი აღარ მაქვს. ჩემი ძმა ისეთი იყო, ცოცხალი რომ დარჩენილიყო, სოხუმიდან აქამდე გვირაბს გაიყვანდა და მაინც მოვიდოდა. ჩემს მეუღლეზე, კიდევ მაქვს იმედი, მაგრამ... ამ ბოლო წლებში ინტერნეტითაც ყველგან ვეძებეთ...“

- მაინც როდიდან დაიწყეთ ფიქრი, რომ შეიძლება გარდაცვლილი იყოს?

- ხუთი წელი რომ გავიდა და არ ჩანდა...

რომან ბაღათურიასაც, სავარაუდოდ, რამდენიმე წლის მერე  დაეკარგა იმედი, რომ მისი მუღლე შეიძლებოდა, ცოცხალი გამოჩენილიყო. ახლა მას მეორე ცოლი ჰყავს.

ვენერა გაბუნია იმ თვითმფრინავში იმყოფებოდა, რომელიც 1993 წლის 22 სექტემბერს, ბაბუშერის აეროპორტში აფეთქდა, მაგრამ ის ვერც ცოცხლად გადარჩენილებში იპოვეს და ვერც გვამებში ამოიცნეს. ორი შვილი დარჩა. ამჯერად რომან ბაღათურია აბაშაში ცხოვრობს. პირველი მეუღლის გადიდებული ფოტო სასტუმრო ოთახში გამოსაჩენ ადგილას დევს. ის ერთადერთი არაა, ვინც ამ ოჯახში დაიკარგა. დაკარგულია რომან ბაღათურიას ბიძაშვილი, ჯამბულ ბაღათურიაც. ის „მხრედრიონელი“ იყო და გაგრაში იბრძოდა: „ეძება მამამისმა, ეძება და ვერ იპოვა. რა ვიცი, აბა“, - ამბობს რომანი.

მართლაც, არაფრია იმაზე უარესი, ვიდრე გაუგებრობა, მითუმეტეს თუ ეს გაუგებრობა წლების განმავლობაში გრძელდება. „ჩემი და კასპშია გათხოვილი. ჭიშკარი სანახევროდ ღიად აქვს დატოვებული. კოლიას ელოდება“.

კოლია ბუზალაძე 1992 წელს აფხზეთის ომში დაიკარგა. ის ნიქოზში ცხოვრობდა, მაგრამ და კასპშიც ელოდება. წლების განმავლობაში ელოდა დედაც, რომელიც ისე გარდაიცვალა, ვერ უთხრეს, მისი შვილი უგზო-უკვლოდ რომ იყო დაკარგული.

ციური ბუზალაძე, დაკარგულის და: „საგზაო ინსპექციაში მუშაობდა. ვიცით, რომ სოხუმში ჩავიდა. საჭმელი მიუტანია ბიჭებისთვის და იმათ თქვეს. მერე იქიდან წამოსულა და გუმისთასთან ცუდად გამხდარა. რატომ გახდა ცუდად, არ ვიცით. ხორბალაძე იყო კიდევ ერთი ბიჭი. ისიც მასთან დარჩენილა და ორივე ერთად დაიკარგა.

გონებაზე აღარ ვიყავით. დედა იმის დარდით სულ კედლებს ურტყავდა თავს. აქეთ დედის წინაშე ვარტისტობდით, ვეუბნებოდით, გზაზე დგას, სამსახურშიაო. გარეთ გავიდოდით და ვტიროდით, ვღრიალებდით. დედა მალევე მოკვდა.

მთელი სამი სოფლის თვალი იყო. დღესაც ელოდებიან. ზოგს ცხვარი ჰყავს შეთქმული, ზოგს – მამალი. საიდანღა გამოგვიჩნდება“.


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში: „იძულებით გაუჩინარების ფაქტების გამოძიება საქართველოში“,  რომელსაც აფინანსებს  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ”საქართველოში მედიის როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება”. სტატიის შინაარსი არ გამოხატავს ევროკავშირისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს. მასზე მთლიანად პასუხისმგებელია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“

ახალი ამბები