11:45, Monday, 09.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ქართველი და აფხაზი ჯარისკაცების შესანდობარი

06.10.2010

კობა ლიკლიკაძე, რადიო „თავისუფლება“

იმ ემოციური სიტყვებიდან, რაც სოხუმის დაცემის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით მრავლად ითქვა, ყველაზე მეტად გულზე გენერალ გიორგი ყარყარაშვილის ნათქვამი მომხვდა: „დღეს ჩვენი შეკრება სადღეგრძელოს ჰგავს. მინდა ჩვენი დაღუპული თანამებრძოლების სულებიც მოვიგონოთ და ჩვენი ხელით დაღუპულთა შესანდობარიც დავლიოთო.“

სოხუმში, სადაც აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და ომის ვეტერანებმა სოხუმის გათავისუფლება იზეიმეს, ამის მსგავსი არაფერი თქმულა. აფხაზეთში ბრძოლაგამოვლილ, ომში ძმადაკარგულ, მტრის ტყვიით ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვულ ქართველ ოფიცერს უფრო მეტი დიდსულოვნება აღმოაჩნდა, ვიდრე იმათ, ვინც საკუთარ თავს გამარჯვებულად მიიჩნევს, ხოლო აფხაზეთს განთავისუფლებულს და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ შემდგარს უწოდებს.

მაგრამ იქნებ საინფორმაციო ვაკუუმის გამო ენგურის გაღმიდამ ჩვენამდე არ აღწევს სხვა სიტყვები და სხვა გრძნობები? იქნებ მარტო ჩვენ არ გვახასიათებს ასეთი დიდსულოვნება? რატომღაც მგონია, რომ ან სოხუმში, ან გულრიფშში ან ოჩამჩირეში, რომელიმე პატარა სუფრაზე ანდა სადმე მიტოვებულ ეკლესიაში, ვიღაცა ანთებს სანთელს და ჩუმად ლოცულობს 17 წლის წინანდელ ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სულებისათვის; შენდობას ითხოვს მათივე თანამემამულეების მიერ ჩადენილი საზარელი სისასტიკისათვის - ჟიული შარტავას, მამია ალასანიას, გურამ გაბესკირიას და აფხაზეთის მთავრობის სხვა თანამშრომლების, სოფელ კამანის ეკლესიის მღვდლის მამა ანდრიასა და ტაძრის აღმდგენის, აფხაზი იური ანუას დახვრეტისათვის.

ანდა, განა ჩვენში ბევრია ისეთი, ვინც გიორგი ყარყარაშვილივით ფიქრობს სოხუმის დაცემის 17 წლისთავაზე? გავიხსენოთ რამდენი გულზვიადი მილიტარისტული მოწოდება და აფხაზების შეურაცხმყოფელი მიმართვები კეთდებოდა თბილისიდან; რამდენი პროვოკაცია, „სისხლიანი“ მარულა“ თუ დივერსიული ოპერაცია დაიგეგმა საქართველოს ხელისუფლების კაბინეტებში ბოლო 17 წლის განმავლობაში? რამდენჯერ აღვუთქვით საზეიმოდ ერს აფხაზეთში დაბრუნება კოდორის ხეობიდან, რომელიც 2008 წლის 11 აგვისტოს სამარცხვინოდ და თითქმის უბრძოლველად დავთმეთ?

მაგრამ უკვე ჩამესმის ყურში აღშფოთებული შეძახილი. დიახ, აბა როგორ გინდა?! ომით დაკარგული, ისევ ომით უნდა დავიბრუნოთ! მტრის მიმართ დიდსულოვნება დღეს ნიშნავს სიმხდალეს, ერში დამარცხების სულისკვეთების დანერგვას! ჩვენ წავაგეთ ბრძოლა, ომი კი - გრძელდება. „ ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. მათი დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, რომელსაც ჩვენი ბიჭები შეეწირნენ“, - ეს სიტყვებიც დღეს, 2010 წლის 27 სექტემბერს ითქვა თბილისში, გმირთა მემორიალთან. და მის მთქმელ ახალგაზრდა ქართველ მინისტრს, რომელიც აფხაზეთის დაცემის დროს პატარა ბიჭი იყო, დღევანდელი მისი მდგომარეობიდან და თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის ცოდნიდან გამომდინარე, ალბათ, თითოუელ ჩვენგანზე მეტი უფლება აქვს ილაპარაკოს ომზეც, მშვიდობაზეც, მომავალ ბრძოლებზე და გამარჯვებებზე.

გამარჯვებები კი იქნება, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. „მარცხი არ არის დაცემა. მარცხი ისაა, როდესაც ისე დაეცემი, რომ ფეხზე წამოდგომას ვეღარ შეძლებ,“- რიჩარდ ნიქსონის ეს სიტყვები მახსენდება ყოველთვის, როცა სოხუმის დაცემაზე ვფიქრობ.

მაგრამ დღეს, სულ სხვა ხასიათზე ვარ. დღეს გიორგი ყარყარაშვილთან და სხვა მასავით ნაომარ, ნატყვიარ, დამარცხებაგამოვლილ, მაგრამ დიდსულოვან ვეტერანებთან ერთად მინდა მეც შევუერთდე ხსოვნის სადღეგრძელოს: ფეხზე წამოდგომით ვადღეგრძელო ქართველი ჯარისკაცების სულები და იმათი შესანდობარიც დავლიო, ვინც ქართველი სამხედროების ნასროლი ტყვიით დაიღუპა.

წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/2169903.html

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC