კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაკარგული ეკიპაჟი

8 ოქტომბერი, 2010
თეა თოფურია

გიორგი რომელაშვილი, ზაზა ბირთველაშვილი და ოთარ სუხიტაშვილი ერთი ტანკის ეკიპაჟის წევრები იყვნენ. სამივე მათგანი 2008 წლის 8 აგვისტოს დაიკარგა. დაკარგულია თავად ტანკიც -  #406.  ჰამარბერგის კომისია მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა გაგრძელდეს.

„ქათამი ხომ არ დამიკლავს, ერთადერთი შვილი დავკარგე. ან მკვდარი მომიყვანონ და ცოცხალი“, -  ამბობს  ქეთევან სუხიტაშვილი, ოთარ სუხიტაშვილის დედა.

გიორგი რომელაშვილი ტანკის ეკიპაჟის ხელმძღვანელი იყო. მამამისმა მურაზ რომელაშვილმა ის ბოლოს 7 აგვისტოს ნახა, როდესაცა სახლში საჭმლელად შემოიარა. მამას შვილის ცოცხლად დაბრუნების იმედი აღარა აქვს.

მურაზ რომელაშვილი: „ჩვენ ცხინვალელები ვართ. 1991 წელს გამოვედით ცხინვალიდან, როცა პირველი არეულობა დაიწყო და მას მერე ოცი წელია, გორში ვცხოვრობთ. ჩემი ერთი ბიჭი მაშინ თერთმეტი წლის იყო, მეორე - შვიდის. აქ გაიზარდნენ. ერთს ხელობა ეხერხებოდა, სახლის შენებას რომ დაიწყებდა გასაღებს ჩაგაბარებდა ხელში, მეორემ - კომპიუტერი იცოდა კარგად, მაგრამ მაინც ორივემ ჯარი აირჩია. 1991 წელს რომ გაგვძარცვეს ცხინვალში, ის ვერ აიტანეს“.

გიორგი რომელაშვილის ძმა, გელა რომელაშვილიც ომის დროს დაიღუპა. დიდი ალბათობაა, რომ თავად გიორგიც გარდაცვლილი იყოს, თუმცა ამის დადასტურება ან უარყოფა გამოძიებამ დღემდე ვერ მოახერხა.   

ტანკის ეკიპაჟის გაუჩინარების საქმეს ადამიანის უფლებების დარგში ევროპის უმაღლესი კომისრის, თომას ჰამარბერგის კომისიაც იძიებდა. კომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ მხარეებმა საქმის გარშემო გამოძიება უნდა გააგრძელონ.

ანგარიშის თანახმად,  2010 წლის 26 თებერვალს შსს-მ კომისიის ექსპერტებს გადასცა დისკი, რომელზეც გამოსახულია ტყვედ ჩავარდნილი ჯარიკაცი. მას აშკარად ეტყობოდა ძალადობის ნიშნები. ჯარისკაცს თავზე ეხურა ჩაფხუტი, რომელზეც ჩანდა რიცხვი 109. საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების წარმომადგენლებმა ამ პიროვნებაში გიორგი რომელაშვილი ამოიცნეს. მოგვიანებით, ჩანაწერი ნახეს, როგორც რომელაშვილის, ასევე ბირთველიშვილისა და სუხიტაშვილის ახლობლებმა და მასში დაკარგულები ვერ ამოიცნეს.

გამოძიებისთვის მეორე ხელჩასაჭიდი ინფორმაცია იყო აფეთქებული ტანკის ნაწილები, რომელიც ცხინვალში აღმოაჩინეს. ტანკის ნარჩენებზე აღმოჩენილი სერიული ნომრები საქართველოს სახელისუფლებო ორგანოებისთვის ცნობილ სერიულ ნომრებს არ დაემთხვა, მაგრამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ნომრები იმდენად ჰგავდა ტანკი #406-ის შესყიდვის შემდეგ დარეგისტირებულ ნომრებს, რომ შესაძლებელია, სწორედ ეს ტანკი ყოფილიყო. ცხინვალის დე ფაქტო ადმინისტრაცია ამჟამად ამ საკითხის უდრო დეტალურად გარკვევას ცდილობს.

არსებული მონაცემების საფუძველზე ჰამარბერგის კომისიის ექპერტებმა შემდეგი რეკომენდაციები შეიმუშავეს: ყველა მხარემ, მათ შორის რუსულმა ადმინისტრაციამ და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციამ უნდა გაააქტიუროს ამ მიმართულებით მუშაობა. უნდა შეგროვდეს მეტი ინფორმაცია ომის დროს განადგურებული ქართული ტანკების, ასევე იმ პირების საფლავების დასადგენად, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპნენ.

გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ზომა უნდა მიიღოს იმ პირის  იდენტიფიცირებისთვის, რომელიც ვიდეომასალაზეა ასახული. პირის ვინაობის დადგენის შემდეგ კი აუცილებელია გატარდეს ზომები იმის გასარკვევად, თუ რა ბედი ეწია ამ ადამიანს.

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში: „იძულებით გაუჩინარების ფაქტების გამოძიება საქართველოში“,  რომელსაც აფინანსებს  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ”საქართველოში მედიის როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება”. სტატიის შინაარსი არ გამოხატავს ევროკავშირისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს. მასზე მთლიანად პასუხისმგებელია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“
 
http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=12338&lang=eng

ახალი ამბები