კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

5 ათასზე მეტი დევნილის გამოსახლება საერთაშორისო ნორმების დარღვევით განხორციელდა

12 ოქტომბერი, 2010
ლელა ჩქარეული, პრესა.გე

ზაფხულში ჩასახლების ობიექტებიდან 5000-ზე მეტი დევნილის გამოსახლება საქართველოს და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით განხორციელდა. ზოგ შემთხვევაში ალტერნატიული თავშესაფარი ნორმალური ცხოვრების მინიმალურ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. გამოსახლებულთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვისაც ახალი საცხოვრებელი ან კომპენსაცია საერთოდ არ შესთავაზეს.

ევროპის საბჭოს კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგი თბილისის კომპაქტური ჩასახლების ობიექტებიდან დევნილთა გამოსახლების ფაქტებით შეშფოთებულია. როგორც საქართველოში ჰამარბერგის ბოლო ვიზიტების საფუძველზე შედგენილ ანგარიშშია ნათქვამი, გამოსახლება საქართველოს და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით განხორციელდა.

„ხარვეზები დევნილი მოსახლეობის საბინაო პრობლემის გრძელვადიანი გადაჭრის, მათ შორის, ძალადობრივი გამოსახლებისაგან ეფექტური დაცვის სფეროში კვლავ არსებობს. ყველაზე გავრცელებული პრობლემა დევნილებისთვის სხვადასხვა არჩევანის არსებობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა.

ადგილნაცვალი პირების ბინებით გრძელვადიანი უზრუნველყოფის პროცესი გარდაუვლად გამოიწვევს მათ გადაადგილებას, მაგრამ ძლიერ შემაშფოთებელია, რომ 2010 წლის ზაფხულში 5000-ზე მეტი ადამიანი გამოასახლეს ისეთი ფორმით, რომელიც ვერც შიდა კანონმდებლობისა და პოლიტიკის და ვერც საერთაშორისო ნორმების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

ამ კონტექსტში გამოვლენილი პრობლემებიდან, რომლებიც უკვე წამოჭრილია საქართველოს სახალხო დამცველის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, მათ შორის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) მიერ, აღსანიშნავია შემდეგი:

გამოსახლებები ერთი-სამი დღით ადრე გაცემული ზეპირი გაფრთხილების საფუძველზე ჩატარდა; ზოგიერთ შემთხვევაში გაფრთხილება საერთოდ არ გაცემულა; ახალი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციის არარსებობა გაცნობიერებული არჩევანის საშუალებას არ იძლეოდა; ზოგ შემთხვევაში ალტერნატიული თავშესაფარი ნორმალური ცხოვრების მინიმალურ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა; არსებული საცხოვრებლის მახლობლად ალტერნატივის არარსებობა და გამოსახლების პროცესში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები; გამოსახლებულთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვისაც ახალი საცხოვრებელი ან კომპენსაცია საერთოდ არ შესთავაზეს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ევროსაბჭოს კომისარი სავსებით ეთანხმება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც 2010 წლის ზაფხულში ჩატარებულ გამოსახლებებთან დაკავშირებით გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის, სახალხო დამცველის და სხვა საერთაშორიო ორგანიზაციებისგან მომდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ჰამარბერგის ინფორმაციით, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის საქართველოს ოფისმა 2010 წლის 11 აგვისტოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ხაზგასმით იყო მითითებული, რომ გამოსახლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს, თუ ის ქართული და საერთაშორისო სამართლის ნორმებს სრულად შეესაბამება. წერილში შეთავაზებული იყო გამოსახლებებზე ერთთვიანი მორატორიუმის გამოცხადება. სამინისტრომ თავიდან აღნიშნული შეთავაზება უარჰყო, თუმცა ამ საქმეში შესაბამისი სუბიექტების დამატებითი ჩარევის შემდეგ, 2010 აგვისტოს ბოლოს გამოსახლებები დროებით შეჩერდა.

„მომავალში მობინადრეებმა საკმარისი დროით ადრე უნდა მიიღონ გამოსახლებაზე წერილობითი გაფრთხილება ისევე, როგორც ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ალტერნატივებს სთავაზობენ. სახელისუფლებო ორგანოებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ თითქმის 20 წლის განმავლობაში დედაქალაქში ცხოვრებას შეჩვეული ადამიანების გარეუბნებში გადასახლებას შესაძლებელია მნიშვნელოვანი გართულებები მოჰყვეს, მათ შორის, შემოსავლის წყაროს დაკარგვა.

ვიმედოვნებ, რომ დევნილთა საბინაო პრობლემის გადაწყვეტის სამოქმედო გეგმის განხორციელება იმ პრინციპების საფუძველზე მოხდება, რომლებიც დევნილთა უფლებების საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ვალტერ კიოლინის ნაშრომში - „იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტის საკითხები“ არის ჩამოთვლილი. კერძოდ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადგილნაცვალ პირებს ნებაყოფლობითი და გააზრებული არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდეთ, მონაწილეობა მიიღონ პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტის დაგეგმვასა და მართვაში, ჰუმანიტარული და განვითარების პროგრამების წარმომადგენლებთან კავშირი ჰქონდეთ, მონიტორინგის ქმედით მექანიზმებზე ხელი მიუწვდებოდეთ“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ჰამარბერგი საქართველოს მთავრობას და მის პარტნიორებს მოუწოდებს, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განსახორციელებლად და ამ მიზნით დამატებითი სახსრების გამოყოფის კუთხით ყურადღება არ მოადუნონ.

ამასთან ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის შეფასებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადგილნაცვალი პირების დაბრუნების საქმეში თითქმის არავითარი წინსვლა არ არის მიღწეული.

„2008 წლის აგვისტოს კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ სიტუაციის სწრაფი გამოსწორება ყველა მხარემ უნდა უზრუნველჰყოს. იმ 100 000-ზე მეტი ადამიანიდან, ვინც კონფლიქტის გამო სამხრეთ ოსეთის უშუალოდ მიმდებარე რაიონების ჩათვლით შიდა ქართლის რეგიონიდან დროებით იქნა გამოსახლებული, უმეტესობა 2008 წლის ბოლოსათვის საკუთარ სახლ-კარს დაუბრუნდა, თუმცა ეთნიკური ქართველების დიდი უმრავლესობა, რომელიც სამხრეთ ოსეთიდან გამოიქცა, უკან ვერ ბრუნდება. ამ ადგილნაცვალი პირების დაბრუნების საქმეში თითქმის არავითარი წინსვლა არ არის მიღწეული. ყველა შესაბამისი სუბიექტი ვალდებულია, მათი უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნება და კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში დაუბრკოლებელი გადაადგილების თავისუფლება უზრუნველჰყოს“, - წერს ჰამარბერგი თავის ანგარიშში.

ამავე დროს, კომისარი ქართულ მხარეს მოუწოდებს, ყველა იმ ადამიანისათვის, რომელიც ამჟამად საკუთარ სახლში ვერ ბრუნდება, იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის დისკრიმინაციის გარეშე მინიჭება გააგრძელოს.

„2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის გამო, ისევე როგორც ადრინდელი კონფლიქტების გამო, დევნილობაში მყოფი ადამიანების ძალიან მძიმე მდგომარეობა სასწრაფო გამოსავლის პოვნას მოითხოვს. მათ ხელი უნდა მიუწვდებოდეთ საკვებზე, წყალზე, ჰიგიენის საშუალებებზე და მომსახურების ძირითად სახეებზე. გარდა ამისა, აუცილებელია ათობით ათასი დევნილის დაბინავების პრობლემის გრძელვადიანი გადაჭრა“, - წერს ჰამარბერგი.

ევროსაბჭოს კომისარი ქართულ და რუსულ მხარეებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გადაკვეთისათვის ადამიანების დაპატიმრებისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

როგორც ჰამერბერგის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი, იგი მიესალმება, ცხივნალში პატიმრობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლების ფაქტებს, რომლებსაც აქამდე ჰქონდა ადგილი, თუმცა სინანულით აღნიშნავს იმასაც, რომ ცხინვალში ბევრი თავისუფლებაშეზღუდული ადამიანი რჩება.

მისი თქმით, „არ უნდა შეჩერდეს ძალისხმევა კონფლიქტის შედეგად დაპატიმრებული ადამიანების გასათავისუფლებლად და დაკარგულების ბედის გასარკვევად“.

ამასთან, ანგარიშის დასასრულს კომისარი ჰამარბერგი მწუხარებით აღნიშნავს, რომ ძალიან მცირე პროგრესია მიღწეული საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში შეღწევის უზრუნველსაყოფად, რაც გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს ძალიან ვნებს.

„ყველა მხარე უნდა დაეხმაროს და გვერდში ამოუდგეს საერთაშორისო საზოგადოებრიობის ძალისხმევას, რომელიც მოსახლეობის უფლებათა დაცვისკენაა მიმართული“, - აცხადებს ჰამარბერგი. 

ახალი ამბები