კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნულოვანი ტოლერანტობისა“ და „შერჩევითი სამართლის“ კიდევ ერთი მაგალითი

13 ოქტომბერი, 2010
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

ქვემორე ხელმომწერი უფლებადამცველი ორგანიზაციები წუხილს გამოთქვამენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2010 წლის 28 სექტემბერს გამოტანილ განაჩენზე, რომლის მიხედვითაც 4 ახალგაზრდას მიესაჯა 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ქმედებისათვის, რაც არ დადგენილა სარწმუნო მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ამავე დროს, საქმეში არსებობდა შემამსუბუქებელი გარემოებები. ეს სასჯელი განსაკუთრებით მკაცრია თუნდაც იმ სასჯელებთან შედარებით, რაც წინა წლებში შეეფარდათ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ქმედებებისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა. მაგალითისათვის, 19 წლის ბუტა რობაქიძის მკვლელობის გამო, პოლიციელს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 2006 წელს და 29 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელებს 4 წელიც კი არ გაუტარებიათ ციხეში. ისინი პრეზიდენტმა 2009 წელს შეიწყალა.

2009 წლის 13 ოქტომბერს, ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის კოსტავას ქუჩაზე დაპირისპირების შედეგად 6 სტუდენტი დაიჭრა; ზაზა შავლიაშვილი, ვასილ გიგუაშვილი, ბადრი მიქატაძე, ნიკა ბერუაშვილი, როლანდ ნიკოლოზაშვილი და საბა მღვდელაძე. გამოძიებამ დამნაშავედ ცნო და 13 წელი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ვინმე ლევან აბაშიძეს. აღნიშნულ საქმეზე 2010 წლის 5 ივლისს მოსამართლე ზვიად ესებუას მიერ გამოტანილი განაჩენით დადგენილია, რომ ჩხუბი დაიწყო აბაშიძის ჯგუფმა და დაჭრილმა სტუდენტებმა სპონტანურად უპასუხეს თავდაცვის მიზნით. შემთხვევის გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმეში დაჭრილი სტუდენტები მაშინვე დაზარალებულებად ცნეს.

თუმცა, სამი თვის შემდეგ, პროკურატურამ მოულოდნელად შეიცვალა პოზიცია, დაჭრილი სტუდენტები დააკავა და ხულიგნობის ბრალდება წაუყენა მათ. ეს მოხდა ახლადაღმოჩენილი  გარემოებების არარსებობის მიუხედავად.

28 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ზემოთჩამოთვლილი ახალგაზრდები დამნაშავედ სცნო და მიუსაჯა 3 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა, ასევე 3000 ლარი ჯარიმა. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა რამდენჯერმე ხაზი გაუსვა, რომ ხულიგნობა არ არის მძიმე დანაშაული და საქმეში ბევრი შემამსუბუქებელი გარემოებაა, სახელდობრ: ბიჭები არიან სტუდენტები, დაჭრილები არიან და საპატიმროში მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა; ხასიათდებიან დადებითად; არა აქვთ კრიმინალური წარსული და არ დაემალნენ გამოძიებას. თუმცა, აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გადაწყვეტილებაში არ ასახულა.

სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იგივე საქმეზე იმავე სასამართლოს მიერ 2010 წლის 5 ივლისის განაჩენით (მოსამართლე  ზვიად ესებუა) დადგენილად არის ცნობილი ფაქტი, რომ ჩხუბი დაიწყო ლევან აბაშიძემ და მასთან ერთად თანმხლებმა პირებმა, რა დროსაც მან სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ნიკა ბერუაშვილს, ზაზა შავლიაშვილს, საბა მღვდელაძეს, ვასილ გიგუაშვილს, როლანდ ნიკოლოზაშვილს და ბადრი მიქატაძეს.

ეს ახალგაზრდები გამოძიების მიერ აღნიშნულსისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად არიან ცნობილები. ლევან აბაშიძეს კი 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. 2009 წლის 13 ოქტომბრიდან 5 იანვრამდე დაჭრილ ახალგაზრდებს დაზარალებულის სტატუსი ჰქონდათ. 5 იანვარს კი მოულოდნელად დააპატიმრეს, როცა ვაკე საბურთალოს პროკურორად კონსტანტინე ცაცუა დაინიშნა, გამოძიება კი ლევან მენთეშაშვილმა გადაიბარა.

სტუდენტების მიმართ ბრალდებაც ზუსტად იგივე მასალებს ეყრდნობა, რის საფუძველზეც ლევან აბაშიძე გაასამართლეს. რეალურად ეს არის ერთი საქმე, მაგრამ რატომღაც ორი განაჩენი გვაქვს სახეზე, რომელიც ერთსადაიმავე ფაქტს სხვადასხვაგვარად წარმოაჩენს. გამოდის, რომ ერთი და იგივე ფაქტთან დაკავშირებით, ერთი და იმავე გამომძიებელმა აწარმოა ერთი გამოძიება, ხოლო სასამართლოში შევიდა ორი საქმე (I. ლევან აბაშიძის წინააღმდეგ II. გიგუაშვილის, ბერუშვილის, ნიკოლოზაშვილის, შავლიაშვილის, მღვდელაძესა და მიქატაძის  წინააღმდეგ) და დადგა ორი ურთიერთგამომრიცხავი განაჩენი.

არსებობს ინფორმაცია, რომ გამოძიების, პროკურატურისა და სასამართლოს ასეთი უკანონო ქმედებები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - არ დადგინდეს მათი ვინაობა, ვინც ეს ბიჭები სასიკვდილოდ გაიმეტა და რომლებიც ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პირის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან.

„დაზარალებულ ბრალდებულებს“ ბრალად წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის მეორე ნაწილის, „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც გულისხმობს ქმედებებს: 1) ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებას დანაშაულის ჩასადენად 2) საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევას.

თუმცა, წინასწარი შეთანხმების ფაქტი ბრალდების მხარის მიერ არ დამტკიცებულა. უფრო მეტიც, იგივე სასამართლოს განაჩენი აბაშიძის საქმესთან დაკავშირებით აღიარებს, რომ ჩხუბი აბაშიძის ჯგუფის მიერ დაიწყო.

ასევე სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდების მიერ გამოძახებული მოწმეების ჩვენებები, რითაც დადგინდა, რომ მსჯავრდებულების მხრიდან არანაირ ძალადობას ან საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას ადგილი არ ჰქონია. პირიქით, ისინი დაემორჩილნენ მოწოდებას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისაკენ.

ასევე  საქმეში დადგენილია, რომ დაჭრილ სტუდენტებს არანაირი იარაღი თან არ ჰქონიათ.  მათ წინააღმდეგ საქმეში არ არის გამოვლენილი კონკრეტული დაზარალებული.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიის“ მიერ ჩატარებულმა ჯანმრთელობის ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ბრალდებული სტუდენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მათ გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროებათ. ინციდენტისას ღვიძლში ჭრილობის მიღების შემდეგ, ზაზა შავლიაშვილი ცე ჰეპატიტით დაავადდა. მეორე დაჭრილი სტუდენტი, საბა მღვდელაძე ნაჭლავების ტუბერკულოზით დაავადდა. საპატიმროს საავადმყოფოს არ შეუძლია მათი ადეკვატური მკურნალობით უზრუნველყოფა. მათ საჭირო მედიკამენტებიც კი არა აქვთ. სხვა ახალგაზრდებსაც აქვთ ჭრილობით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები.

2010 წლის 14 სექტემბერს, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსაგან მოითხოვა ერთ-ერთი სტუდენტის - ზაზა შავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი  ციხის საავადმყოფოში გადაყვანა სასამართლო პროცესის მოლოდინში. ევროსასამართლომ საქართველოს მთავრობას მოსთხოვა ინფორმაციის წარმოდგენა 13 ოქტომბრამდე მოსარჩელის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მკურნალობის იმ ზომებთან დაკავშირებით, რაც მას საპატიმროში უტარდება.

სტუდენტებმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნეს. მათგან მხოლოდ ერთი, როლანდ ნიკოლოზაშვილი დაეთანხმა ბრალდებას. ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც პროკურატურა და ადვოკატი შეთანხმდნენ შემდეგზე - სამწლიანი პირობითი მსჯავრი და 2000 ლარი ჯარიმა.

ბრალდებული სტუდენტების მშობლებს სჯერათ, რომ ნიკოლოზაშვილმა დანაშაული მისი ოჯახის ადვოკატის, ნანა ფრიდონაშვილის ზეგავლენით აღიარა. ადვოკატს საიდუმლოდ გაურიგდა პროკურატურა - განსასჯელს გაათავისუფლებდნენ თუ ის დანაშაულს აღიარებდა და ჩხუბის ინიციატორებად თავის მეგობრებს დაასახელებდა. ასე რომ, ნიკოლოზაშვილის აღიარება პატიმრობის თავის არიდებისა და სიმართლის უგულებელყოფისკენაა მიმართული.

2010 წლის 28 სექტემბრის განაჩენი განსაკუთრებით მკაცრ და ალოგიკურ გადაწყვეტილებად წარმოჩინდება ყველა იმ შემამსუბუქებელი გარემოების გათვალისწინებით, რაც საქმეშია; ამასთანავე, არსებობს იგივე სასამართლოს გადაწყვეტილება (აბაშიძის საქმეზე), რომლის მიერ დადგენილი ფაქტები სტუდენტთა ბრალს გამორიცხავს, ახალ საქმეში კი არ არსებობს სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებიც წინა ფაქტების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა.

მოსამართლე კოჭლამაზაშვილის განაჩენი არაკანონიერი, არაადეკვატურად მკაცრი და არაჰუმანურია. იგი აგრძელებს პროკურატურისადმი სასამართლოს  მორჩილების ტენდენციას, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა საქართველოს საერთო სასამართლოებში.

ამავე დროს, ეს განაჩენი ადასტურებს, რომ „სასჯელის ლიბერალიზაცია“, რაზეც  ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო დროს საერთაშორისო დამკვირვებლებთან ურთიერთობისას აპელირებენ, მხოლოდ მითია. რეალურად,  ქვეყანაში კვლავ მოქმედებს „შერჩევითი სამართალი“ და „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა, რის გამოც საპატიმროები გადავსებულია არაადეკვატურად დასჯილი მოქალაქეებით.

ქვემორე ხელმომწერი უფლებადამცველი ორგანიზაციები თხოვნით მიმართავენ საქართველოში ადამიანის უფლებათა  სისხლის სამართლის რეფორმის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო დაწესებულებებს, პირებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს:

-    ყურადღება გაამახვილონ ამ საქმეზე და მიიღონ ყველა ზომა მათი კომპეტენციის ფარგლებში აღნიშნულ საქმეში სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.

•    ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)

•    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

•    კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი

•    ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის

•    კონსტიტუციის 42-ე მუხლი

•    მრავალეროვანი საქართველო

ახალი ამბები