კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვანო მერაბიშვილის ნათესავებმა რამდენიმე მილიონიანი ქონება დაიტაცეს

18 ოქტომბერი, 2010
გელა მთივლიშვილი

ვარდების რევოლუციის შემდეგ ნოდარ საქუაშვილი კახეთში პრეზიდენტის მასპინძელი იყო. მიხეილ სააკაშვილს სანიორეში მასთან წლების განმავლობაში მაღალი რანგის სტუმრებიც ჩაჰყავდა. ნოდარ საქუაშვილი სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში პრივილეგირებულ ბიზნესმენად იქცა, რასაც დიდწილად საქართველოს შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ოჯახთან საქუაშვილის დის ნათესაობითაც ხსნიდნენ. ნოდარ საქუაშვილის გარდაცვალების შემდეგ თითქმის მთლიანი ქონება ვანო მერაბიშვილის ნათესავებმა დაიტაცეს.

ნოდარ საქუაშვილის და ქეთევან ჯინჭველაძე ვანო მერაბიშვილის ცოლის თაკო სალაყაიას ბიცოლაა. უფრო ზუსტად, ქეთევან ჯინჭველაძე თაკო სალაყაიას დედის ძმის ნუგზარ ჯინჭველაძის მეუღლეა. საქუაშვილის მეუღლის ლია ელიზბარაშვილის განცხადებით, გარდაცვლილი ძმის ქონება ქეთევან ჯინჭველაძემ ხელში მუქარის, დოკუმენტების გაყალბებისა და კანონდარღვევების შედეგად ჩაიგდო.

ბიზნესმენი ნოდარ საქუაშვილი 2007 წლის 30 იანვარს გარდაიცვალა. საქუაშვილს ღვინის ქარხნები, ასობით ჰექტარი ვენახი, ავტოგაზგასამართი სადგურები, სასტუმრო, სახლები, სავაჭრო ობიექტები და სხვა უძრავ - მოძრავი ნივთები დარჩა. აუდიტის მიერ 5 189 381 ლარად შეფასებული ქონება, კანონით, პირველი რიგის მემკვიდრეებზე (მეუღლე, შვილები და მშობლები) თანაბრად უნდა განაწილებულიყო. ნოდარ საქუაშვილს პირველ მეუღლესთან, რომელთანაც ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა, 3 შვილი დარჩა, მეორე მეუღლესთან კი 2 შვილი, თუმცა 4 428 801 ლარის ქონება გარდაცვლილი ბიზნესმენის დამ ქეთევან ჯინჭველაძემ დაიმტკიცა.

გარდაცვალებამდე ნოდარ საქუაშვილს მის საკუთრებაში არსებული კომპანია „თელავ ღვინის“ სასარგებლოდ ბანკი „ქართუ“-დან აღებული ჰქონდა კრედიტი 2 000 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც 2011 წლამდე ეტაპობრივად უნდა დაეფარა. ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან იჯარა - გამოსყიდვის უფლებით, შეძენილი ჰქონდა 222 691 ლარის ღირებულების სასოფლო - სამეურნეო ტექნიკა. თანხის გადახდა ამ შემთხვევაშიც ეტაპობრივად, დროთა განმავლობაში უნდა მომხდარიყო.

თამაშგარე მდგომარეობაში

ლია ელიზბარაშვილი, ნოდარ საქუაშვილის პირველი მეუღლე: „მე და ნოდარი 1980 წელს დავქორწინდით. ნოდარს ჩემთან სამი შვილი ჰყავს. რაც ქონება გვქონდა, თანაცხოვრების პერიოდში დავაგროვეთ. თელავის რაიონის სოფელ სანიორეში სახლს 10 წელი ვაშენებდით. მოგვიანებით ჩვენთან საცხოვრებლად გადმოვიდნენ ნოდარის მშობლები და მისი და თავისი ოჯახით.

2000 წელს ოჯახში სიტუაციის დაძაბვის გამო მე სახლიდან წავედი, თუმცა განქორწინება არ გაგვიკეთებია. თელავის სასამართლოდან შეტყობინება 2004 წელს მივიღე. ნოდარი განქორწინებას ითხოვდა, მაგრამ მე სასამართლოში არ მივსულვარ და არც რაიმე გადაწყვეტილება ჩამბარებია. 2007 წელს ნოდარი გარდაიცვალა. მას ხელოვნური სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მისი გარდაცვალების შემდეგ, მე და ჩემს შვილებს არაფერი დაგვრჩა. მე განქორწინებულად გამომაცხადეს და ყველაფერი წაგვართვეს“.

- რას ნიშნავს განქორწინებულად გამოგაცხადეს?

- როგორც გავიგე, განქორწინება ისეა გაკეთებული, რომ განქორწინების შესახებ განცხადებასა და სხვა დოკუმენტებზე ნოდარის ხელმოწერები გაყალბებულია. ის არც სასამართლოზე ყოფილა. საქმეში არც მისი ადვოკატის თამარ მეტრეველის რწმუნება დევს. ეს იყო ყალბი განქორწინება. დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ, ქონება როგორ წაერთვათ“.

ლია ელიზბარაშვილმა განქორწინების დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით თელავის პოლიციას მიმართა. გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმიდან ჩვენ მოვიპოვეთ საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის ს. ოძელაშვილის დასკვნა ნომერი 625/გრ, სადაც ნათქვამია: „ლია ელიზბარაშვილის კუთვნილი მოყვითალო ფერის ყდის მქონე უბის წიგნაკის მეორე და მესამე გვერდზე არსებული ჩანაწერები და ს/ს „ბანკი ქართუდან“ ამოღებული გირავნობის ხელშეკრულებაზე ნოდარ საქუაშვილის გვარით არსებული ხელმოწერები შესრულებულია ერთი და იმავე პირის მიერ, ხოლო 2004 წლის 16 თებერვლით დათარიღებულ თელავის რაიონული სასამართლოს 2/100 საქმეში განქორწინების შესახებ ნოდარ საქუაშვილის გვარით არსებული ხელმოწერები შესრულებულია სხვა პირის (პირების) მიერ.

ქონების გადანაწილება

სამკვიდრო ქონების თანამემკვიდრეთა შორის წილის გადანაწილების ხელშეკრულება 2007 წლის 4 აგვისტოს არის გაფორმებული. სანოტარო აქტში ნოტარიუსი გიორგი ბერიაშვილი აღნიშნავს, რომ მას სანოტარო ბიუროში მიმართეს:
1/. ნანა საქუაშვილმა - შვილი პირველი ქორწინებიდან
2/. ნინო საქუაშვილმა - შვილი პირველი ქორწინებიდან
3/. ინგა საქუაშვილის (არასრულწლოვანი შვილი პირველი ქორწინებიდან) წარმომადგენელმა ნინო საქუაშვილმა
4/. ეთერ ივანიშვილმა - ნოდარ საქუაშვილის მეორე ცოლი (ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილან, რომელიც არის თავისი არასრულწლოვანი შვილის ქრისტინა საქუაშვილისა და მცირეწლოვანი შვილის მათე საქუაშვილის წარმომადგენელი)
5/. ქეთინო საქუაშვილმა - დედა
6/. კოსტა საქუაშვილმა - მამა
„მათ მოითხოვეს აწ გარდაცვლილი ნოდარ საქუაშვილის დანატოვარ უძრავ - მოძრავ ქონებაზე თანამემკვიდრეთა შორის წილის გადანაწილების ხელშეკრულების დადება. მე შევამოწმე მათი ქმედუნარიანობა და ვადასტურებ, რომ მათ ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. მათ განაცხადეს, რომ ნოდარ საქუაშვილს დარჩა სამკვიდრო ქონების დიდი მასა, მაგრამ მათთვის აგრეთვე ცნობილი გახდა იმ კრედიტორთა არსებობის შესახებაც, რომელთა მიმართაც ნოდარ საქუაშვილს ვალი ჰქონდა, ვალს კი ყოველთვიურად ემატება თანხა პროცენტისა და საურავის სახით. იმის გამო, რომ დროულად და ოპერატიულად მოხდეს დავალიანების დაფარვა და თავიდან იქნეს აცილებული ზედმეტი ფულადი სახსრების გადახდა, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია მომავალშიც გამოჩნდნენ სხვა კრედიტორები, თანამემკვიდრეებს მიზანშეწონილად მიაჩნიათ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1466-ე მუხლის თანახმად, სავალო მოთხოვნები მთლიანად დაეკისროს ერთ-ერთ თანამემკვიდრეს მისთვის სამკვიდროდან შესაბამისად გაზრდილი წილის მიცემის სანაცვლოდ. თანამემკვიდრეები ვალის დაფარვის მიზნით თანამემკვიდრეთა წრიდან ასახელებენ კოსტა საქუაშვილს (ნოდარ საქუაშვილის მამა). მემკვიდრეები შეთანხმდნენ, 5 189 381 ლარის ქონებიდან 4 428 801 ლარის ქონება გადაეცეს კოსტა საქუაშვილს, ხოლო 764 580 ლარის ქონება განაწილდეს 6 მემკვიდრეზე თანაბრად. მხარეებმა წაიკითხეს ეს ხელშეკრულება და ნათლად განაცხადეს, რომ ხელშეკრულება ზუსტად გამოხატავს მათ ნებას და ნოტარიუსის თანდასწრებით ხელი მოაწერეს მას“, - აღნიშნულია სანოტარო აქტში.

ნანა და ნინო საქუაშვილების თქმით, ნოტარიუსს მათთვის არაფერი უკითხავს. სანოტარო ბიუროში მიყვანისას ხელშეკრულების ტექსტი წინასწარ იყო შედგენილი და მათ ყოველგვარი შეკითხვის გარეშე მხოლოდ ხელი მოაწერინეს.

ნანა საქუაშვილი, ნოდარ საქუაშვილის შვილი: „მამა გარდაცვალებამდე ავად იყო. სამკურნალოდ ამერიკაშიც წავიდა, მაგრამ ვერაფერი უშველეს. ვიცოდით, რომ ანდერძი ჰქონდა დაწერილი, სადაც გაწერილი იყო როგორ უნდა მომხდარიყო ქონების განაწილება და კრედიტების დაფარვა. გარდაცვალების შემდეგ მამიდამ ქეთევან ჯინჭველაძემ, რომელიც თავის ქმართან ერთად ჩვენთან ცხოვრობდა, გვითხრა, რომ ადვოკატი ანდერძს 6 თვის შემდეგ წაიკითხავდა. თუმცა, მოგვიანებით ანდერძზე აღარავინ ლაპარაკობდა. სანამ 6 თვე გავიდოდა, ისიც გვითხრეს, რომ ანდერძი არ არსებობს და ქონებას პაპა მიიღებდა. როცა სახლში თელავის ნოტარიუსი გიორგი ბერიაშვილი მოიყვანეს, მან სანოტარო აქტის გაფორმებაზე უარი განაცხადა. ამხელა ქონებას ერთ მემკვიდრეზე ვერ გავაფორმებო. ამის შემდეგ მამიდამ თქვა, რომ ქონებას შვილებიც მივიღებდით. ჩემი და ინგა საქუაშვილი არასრულწლოვანია. მაშინ დედა საქართველოში არ იმყოფებოდა. საბერძნეთიდან მინდობილობა გამოგზავნა და ჩემი არასრულწლოვანი დის კუთვნილი ქონების მისაღებად წარმომადგენლობის უფლება ჩემს დას ნინო საქუაშვილს მიანიჭა. 2007 წლის აგვისტოში ნოტარიუსთან მიგვიყვანეს და ხელი მოგვაწერინეს წილის გადანაწილების ხელშეკრულებაზე. ჩვენ ქონების ძალიან მცირე ნაწილი მივიღეთ და იმითაც ვერ ვსარგებლობთ. დანარჩენი კოსტა საქუაშვილის სახელზე გაფორმდა. გვითხრეს, რომ ეს იყო ფორმალური მხარე და რეალურად ყველაფერი ისევ ჩვენი იქნებოდა. ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე მამიდა, მისი ქმარი და ადვოკატი თამარ მეტრეველი, რომელიც მათ ეხმარებოდა, გვემუქრებოდნენ, რომ თუ ხელშეკრულებას ხელს არ მოვაწერდით, კრედიტის თანხის გადაუხდელობის გამო ბანკის წარმომადგენლები მამას საფლავიდან ამოთხრიდნენ და მთლიან ქონებას ბანკი წაიღებდა, ცხედარს კი ხევში გადააგდებდნენ“.

2008 წლის ივლისში, ქეთევან ჯინჭველაძემ (ნოდარ საქუაშვილის და) ძმისშვილები თელავის რაიონის სოფელ სანიორეში მდებარე სახლიდან გაყარა და ქონებით სარგებლობა აუკრძალა.

ჩვენს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურიდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ქეთევან ჯინჭველაძემ აღნიშნული ბინა დედისგან - ქეთინო საქუაშვილისგან, 2007 წლის 11 სექტემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულებით მიიღო. ხელშეკრულება თელავის ნოტარიუსის გიორგი ბერიაშვილის მიერ არის დამოწმებული.

ჩვენ დავინტერესდით, როგორ აღმოჩნდა ნოდარ საქუაშვილის ოჯახის კუთვნილი ბინა ქეთინო საქუაშვილის (ნოდარ საქუაშვილის დედა) საკუთრებაში? საჯარო რეესტრის სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის ინფორმაციით, ქეთინო საქუაშვილის სახელზე სოფელ სანიორეში მდებარე საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია სანიორეს ტერიტორიული ორგანოს მიერ 2007 წლის 13 აგვისტოს 105-ე და 21 აგვისტოს 109-ე ცნობების საფუძველზე განხორციელდა.

105-ე ცნობაში აღნიშნულია: „ცნობა ეძლევა ქეთევან საქუაშვილს მასზედ, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერებით, მისი ოჯახი შედგება ორი წევრისგან: მეუღლე კოსტა საქუაშვილი, თვითონ ქეთინო საქუაშვილი“. 109-ე ცნობაში კი აღნიშნულია: „ცნობა ეძლევა ქეთინო საქუაშვილს მასზედ, რომ სოფელ სანიორეში მისი კომლის სახელზე საკომლო წიგნის ჩანაწერებით სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების დროისთვის კანონიერ სარგებლობაში აღრიცხულია 0,3730 ჰა სასოფლო - სამეურნეო მიწის ფართი და აღნიშნული დროისთვის, მასზე განლაგებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი“. ცნობებს ხელს სოფელ სანიორეს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ალიკა ბაწაშვილი აწერს. იგი 2009 წელს გარდაიცვალა.

საჯარო რეესტრის სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის ლია სვიმონიშვილის თქმით, აღნიშნული სახლი ნოდარ საქუაშვილმა დედამისს ქეთინო საქუაშვილს 1995 წელს აჩუქა. საკომლო წიგნის ერთ-ერთ გვერდზე შეტანილია შემდეგი ჩანაწერი: „1995 წელს 73-ე ხელშეკრულების საფუძველზე საცხოვრებელი ბინა 800 კვ.მ ფართით აჩუქა შვილმა ნოდარ საქუაშვილმა დედას ქეთინო საქუაშვილს“.

ჩვენი ოფიციალური მიმართვის საფუძველზე თელავის არქივიდან წერილობით გვაცნობეს, რომ არქივში დაცული თელავის რაიონის სოფელ სანიორეს საკრებულოს 1995 წლის საარქივო დოკუმენტებში არ აღმოჩნდა 1995 წლის 73-ე ხელშეკრულება, რის საფუძველზეც თითქოსდა ნოდარ საქუაშვილმა დედას, ქეთინო საქუაშვილს ბინა აჩუქა.

საკუთარ თავთან გაფორმებული ხელშეკრულება

ნოდარ საქუაშვილის მეუღლემ ლია ელიზბარაშვილმა, რომელიც სანიორეში მდებარე სახლიდან შვილების გაყრის დროისთვის უკვე საქართველოში იყო დაბრუნებული, არასრულწლოვანი შვილის ინგა საქუაშვილის წარმომადგენლის სტატუსით, თელავის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ 2007 წლის 4 აგვისტოს დადებული სამკვიდრო ქონების თანამემკვიდრეთა შორის წილის გადანაწილების ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა. ლია ელიზბარაშვილი მიუთითებდა, რომ ხელშეკრულებაზე მის შვილებს ხელი მოტყუებით და ზეწოლის შედეგად მოაწერინეს, ნოტარიუსი გიორგი ბერიაშვილი კი თაღლითურ გარიგებაშია ჯინჭველაძეებთან. ამავე დროს ლია ელიზბარაშვილი სარჩელში აღნიშნავდა, რომ მას მინდობილობა გაცემული ჰქონდა ინგა საქუაშვილის კუთვნილი ქონების მისაღებად და არა სხვა გარიგებაში მონაწილეობისთვის.

იურისტის თქმით, ნოტარიუს გიორგი ბერიაშვილს სამკვიდრო ქონების თანამემკვიდრეთა შორის წილის გადანაწილების ხელშეკრულება კანონის დარღვევით აქვს შედგენილი.

ნინო ანდრიაშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი: „ლია ელიზბარაშვილის მიერ მინდობილობა გაცემულია მხოლოდ ქონების მიღების დავალებით და არა მისი გადანაწილებით. 2007 წლის 4 აგვისტოს სამკვიდრო ქონების თანამემკვიდრეთა შორის წილის გადანაწილების ხელშეკრულებით კი მოხდა არასრულწლოვან ინგა საქუაშვილის ქონების განკარგვა, რისი უფლებაც მის წარმომადგენელს არ ჰქონდა. ნოტარიუსი ვალდებული იყო შეემოწმებინა წარმომადგენლის უფლებამოსილება. ამასთან, ნინო საქუაშვილი თავადაც იყო ხელშეკრულების მონაწილე ინგა საქუაშვილთან ერთად, როგორც ნოდარ საქუაშვილის ერთ-ერთი შვილი, რითაც სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლის დანაწესის დაუცველობა, რადგან ნინო საქუაშვილმა თავის თავთან დადო წარმოდგენილი პირის სახით წილთა გადანაწილების ხელშეკრულება, რაც ამ მინდობილობით არ ყოფილა შესრულებული. სამოქალაქო კოდექსის 63-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, „თუ არასრულწლოვანი დებს ორმხრივ გარიგებას კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე, მაშინ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, შემდგომში მისი წარმომადგენელი მოიწონებს თუ არა მას. მოცემულ შემთხვევაში კი ლია ელიზბარაშვილმა გარიგება არ მოიწონა, რადგან მისი ბათილობა მოითხოვა“.

ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ 2007 წლის 28 მაისს თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ინგა საქუაშვილის მზრუნველად დანიშნული იყო მისი და ნინო საქუაშვილი. კანონით, მზრუნველობის ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე, ნინო საქუაშვილს ხელშეკრულების დადების უფლება არ ჰქონდა. სამოქალაქო კოდექსით, „მეურვე“ და „მზრუნველი“ სხვადასხვა ცნებებია და შესაბამისად, ვალდებულებებიც განსხვავდება.

„რადგან გარიგების მონაწილე იყო არასრულწლოვანი, ნოტარიუს გიორგი ბერიაშვილს უნდა გაეთვალისწინებინა მზრუნველის არსებობის მაღალი ალბათობა და შესაბამისი დაწესებულებებიდან სანოტარო მოქმედებისათვის აუცილებელი დოკუმენტები უნდა გამოეთხოვა, რაც არ გაუკეთებია“, - აღნიშნავს იურისტი ნინო ანდრიაშვილი.

ნოტარიუსი გიორგი ბერიაშვილი განმარტავს, რომ მან სანოტარო აქტი კანონის დაცვით გააფორმა. „არავითარი პრეტენზია აქტზე ხელმოწერის დროს მხარეებს არ გამოუთქვამთ“,- ამბობს ბერიაშვილი.

თვალთმაქცური გარიგება

2008 წლის 15 დეკემბერს, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ ლია ელიზბარაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და 2007 წლის 4 აგვისტოს დადებული ხელშეკრულება მთლიანად გააუქმა. თუმცა, გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თითქმის მთლიანი ქონება კოსტა საქუაშვილმა თავის შვილს ქეთევან ჯინჭველაძეს აჩუქა, ჯინჭველაძემ კი 2008 წლის 01 აგვისტოს, ანუ გადაწყვეტილების გამოტანამდე სამი დღით ადრე, ნოდარ საქუაშვილის დანატოვარი ქონების ნაწილი ნასყიდობის ხელშეკრულებით თბილისში მცხოვრებ დავით დელიბაშვილზე და ბესარიონ ყოჩიშვილზე გააფორმა. აღსანიშნავია, რომ ჩუქების და ნასყიდობის ხელშეკრულებები ისევ ნოტარიუს გიორგი ბერიაშვილის მიერ არის გაფორმებული. გიორგი ბერიაშვილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს მხარედ იყო ჩაბმული და მისთვის სასამართლოს მიმდინარეობის შესახებ ყველაფერი ცნობილი იყო.

თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კოსტა საქუაშვილის ადვოკატებმა მირდატ ქამადაძემ და გიორგი ყავლაშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სააპელაციო სასამართლომ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა. სასამართლომ ბათილად ცნო ნოტარიუს გიორგი ბერიაშვილის 2007 წლის 4 აგვისტოს სანოტარო აქტი კოსტა საქუაშვილზე მთელი სამკვიდრო ქონების 1/7-ის გადაცემის ნაწილში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კოსტა საქუაშვილის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოშიც გაასაჩივრეს. უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან კოსტა საქუაშვილის გასათავისუფლებლად წარადგინეს „ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტი“, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ დოკუმენტი არ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ნუნუ კვანტალიანის განცხადებით, შპს „მკურნალის“ რაიონული პოლიკლინიკის ცნობაში მოცემული არ იყო, ცნობა ვის სახელზე იყო გაცემული. სასამართლოს ცნობით, კასატორმა დადგენილ ვადაში ბაჟი არ გადაიხადა, რის გამოც უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩა.

ვიდრე, უზენაესი სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა, 2010 წლის 15 თებერვალს ქეთევან ჯინჭველაძემ, ნოტარიუს გიორგი ბერიაშვილის მეშვეობით, ბესარიონ ყოჩიშვილთან კიდევ ერთი ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა და თელავში, ლიონიძის ქუჩაზე არსებული 7 სამოსახლო ნაკვეთიც მას გადასცა. ლია ელიზბარაშვილის თქმით, ბესარიონ ყოჩიშვილი და დავით დელიბაშვილი ქეთევან ჯინჭველაძის ნდობით აღჭურვილი პირები არიან. ქონების მათ სახელზე გაფორმების მიზანი კი ის იყო, რომ ინგა საქუაშვილს არ მიეღო ქონების ის ნაწილი, რისი მიღების უფლებაც მან სასამართლოს ძალით დაიბრუნა. საჯარო რეესტრის შესახებ კანონის 23-ე მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, თუ ქონების საკუთრებად დარეგისტრირების მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე, ეს გარემოება რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.

ბესარიონ ყოჩიაშვილი ქონების რეალური მესაკუთრე რომ არ არის, ეს იქიდანაც ჩანს, რომ მან ქეთევან ჯინჭველაძისგან შესყიდული ქონების ნაწილი, კერძოდ, თელავში, ალაზნის გამზირზე მდებარე 533 კვ.მ მიწის ნაკვეთი, 2010 წლის 09 მარტს, კოსტა საქუაშვილის ვალის უზრუნველყოფის მიზნით, „ბანკი ქართუს“ სასარგებლოდ, იპოთეკით დატვირთა.

15 თებერვალს ქეთევან ჯინჭველაძემ თელავის რაიონის სოფელ სანიორეში მდებარე საცხოვრებელი სახლიც „გაასხვისა“. ნასყიდობის ხელშეკრულებით სახლი მაია მარღიშვილის სახელზე გაფორმდა, თუმცა იქ დღემდე ნოდარ საქუაშვილის მშობლები კოსტა და ქეთინო საქუაშვილები ცხოვრობენ.

არაერთი მცდელობის მიუხედავად ლია ელიზბარაშვილის მულს ქეთევან ჯინჭველაძეს და მის მეუღლეს ნუგზარ ჯინჭველაძეს ვერ დავუკავშირდით. ისინი ჟურნალისტებს არ ესაუბრებიან. ჟურნალისტური გამოძიების მომზადებისას ვიმყოფებოდით სოფელ სანიორეშიც, თუმცა კოსტა და ქეთინო საქუაშვილებთან საუბარი არ მოხერხდა, მათ შეხვედრაზე უარი თქვეს.

ფოტო არქივიდან:  საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ბიზნესმენი ნოდარ საქუაშვილი (მარცხნივ) სანიორეში

ჟურნალისტური გამოძიება მომზადებულია სტუდია „მონიტორის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით.

ახალი ამბები