კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საწარმოო ტრავმები – იაფი მუშახელის მძიმე ბედი

19 ოქტომბერი, 2010
მანონ ბოკუჩავა

მსხვილი საწარმოების მეპატრონეთა ნაწილი პროდუქციის წარმოებას და მოგების მიღებას, ხშირ შემთხვევაში, მუშახელის შრომითი უფლებების დარღვევით ახდენს. ასეთი უფლების ხელყოფის ერთ-ერთი ამსახველი ტენდენციაა საწარმოო ტავმები, რაც პერსონალის უსაფრთხოების კუთხით ტექნიკური დამცავების გარეშე მუშაობით, სამუშაო საათების სტანდარტულზე მეტად გაზრდით და უსაფრთხოების საკითხებისადმი ადმინისტრაციის უყურადღებობით გამოიხატება. 

ჩვენ თხოვნით მივმართეთ რუსთავში მოქმედ ორ სტაციონალურ დაწესებულებას  „ქართული ფოლადის სამკურნალო ცენტრს“ და „რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს“, მოეწოდებინა 2009 და 2010  წელს მათ დაწესებულებებში საწარმოო ტრავმით დაფიქსირებულ შემთხვევებზე ინფორმაცია. ინფორმაციის გაცემაზე და თანამშრომლობაზე უარი გვითხრა  „ქართული ფოლადის სამკურნალო ცენტრმა“, რომელის მეპატრონეც საწარმო „ქართული ფოლადია“.

„რუსთავის ცენტრალურმა საავადმყოფომ“ კი ინფორცია სამ დღეში მოგვაწოდა. ცხადია - პაციენტთა გვარების დასახელების გარეშე, რათა არ გაემხილა ავადმყოფების სამედიცინო საიდუმლო მათდა დაუკითხავად.

საავადმყოფოს მოწოდებული ინფორმაციით, შემთხვევათა ყველაზე დიდი ნაწილი საწარმო „ჯეოსთილშია“ დაფიქსირებული.

„ჯეოსთილის“ საწარმოს ტრავმებიდან სიმძიმით შემდეგი შემთხვევები გამოირჩევა: 2010 წლის 14 თებერვალს ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში შეყავთ „ჯეოსთილის“ მუშა, რომელიც ექიმებს ეუბნება, რომ დამწვრობა საწარმოში ფოლადსადნობი ქვაბის აფეთქებისას მიიღო. აღნიშნული, პაციენტის შესახებ ექიმის დიაგნოზში ვკითხულობთ, რომ  მას აღენიშნა კისრის ორივე გვერდით ზედაპირზე პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობა.

2009 წლის 20 თებერვალს საავადმყოფოში „ჯეოსთილიდან“ შეყავთ  პაციენტი, რომელსაც ექიმის დიაგნოზოთ, აღენიშნა მუცლის ღრუს დახურული ტრავმა და მარჯვენა იდაყვის ძვლის ღია მოტეხილობა. მუშამ ექიმებს ტრავმის მიზეზად საწარმოში სიმაღლიდან ჩამოვარდნა და სამშენებლო ჭაში ჩავარდნა დაუსახელა.

„ჯეოსთილიდან“ საავადმყოფოში საწარმოო ტრავმებით მიყვანილი სხვა პაციენტების დიაგნოზები ასეთია: გულმკერდისა და მუცლის ღრუს დახურული ტრავმა (პაციენტი ამბობს, რომ დაეცა ლითონის კონსტრუქცია); მარცხენა ბარძაყის უკანა ზედაპირის თერმული დამწვრობა დაახლოებით 5% მესამე  ხარისხის;  მარჯვენა ზედა კიდურისა და მარჯვენა მტევნის   მე-2 მე-3  ხარისხის დამწვრობა. ყველა ამ შემთხვევისას პაციენტები ამბობდნენ, რომ დამწვრობა საწარმოში მუშაობისას მიიღეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეეცადა გასაუბრებოდა „ჯეოსთილის“ თანამშრომლებს, თუმცა მათ გვითხრეს, რომ საუბარზე არ დაგვთანხმდებიან არა იმდენად ადმინისტრაციის, რამდენადაც პოლიციის შიშით.

Humanrights.ge-მ 2010 10 ივნისს მოამზადა მასალა „ჯეოსთილის“ მუშების გაფიცვის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელთა დაპატიმრებით დასრულდა. მუშებისგან განსხვავებით, საუბარზე დაგვთანხმდა საქართველოს მეტალურგთა და სამთო მრეწველობის მშრომელთა პროფესიული კავშირის თავჯდომარე თამაზ დოლაბერიძე. იგი მაშინ ხსენებული გაფიცვისთვის დაპატიმრებული მუშების გათავისუფლებას ცდილობდა.

თამაზ დოლაბერიძე: „ძალიან მიკვირს, რომ „ჯეოსთილზე“ ინფორმაციები გაქვთ, რადგან ჩვენ პირადად ამ დრომდე არა გვაქვს საშუალება, საჭიროებისამებრ ვიმუშაოთ ამ დაწესებულებაში. გეტყვით, რომ ეს არის საწარმო, სადაც მუშები ექვს თვეში ერთხელ იფიცებიან. „ჯეოსთილში“ ყოველ წელს კადრების 45% იცვლება. ადამიანების უმეტესობა იქ ერთ წელზე მეტ ხანს ვერ ჩერდება. ვერ გეტყვით, საქმე უფრო მეტად ადმინისტრაციის თანამშრომლებისადმი უდიერ დამოკიდებულებასთან გვაქვს, თუ შრომის უსაფრთხოების უხეშ დარვევასთან.

 ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ იქ არსებობდა სანიტარული პრობლემებიც. მუშებს არ ჰქონდათ სასმელი წყალი, აბანოები და საპირფარეშოები. ეს მაშინ, როდესაც ადმინისტრაციას აქვს ფეშენებელური სასტუმრო, დასასვენებელი ოთახები და საბილიარდოები.

„ჯეოსთილიდან“ 127 ადამიანი გაწევრიანდა ჩვენ პროფკავშირში და ამ გაწევრიანებისთვის 11 მათგანი სამუშაოდან გაუშვეს. ეს არ არის დისკრიმინაცია?! კიდევ ერთ ფაქტს გავიხსენებ, 2009 წელს ამ დაწესებულებიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მუშებს ადმინისტრაცია დასვენების საშუალებას არ აძლევდა. მივედით და ვნახეთ ასეთი შინაარსის წარწერა გაკრული: „შესვენების დროს ქარხნის ტერიტორიიდან გასვლის უფლება არა აქვს არავის, გარდა ინდოელი მოქალაქეებისა“. ესეც ხომ დისკრიმინაციაა და არა მხოლოდ ქართველი მუშახელის! იქ სომეხი, აზერბაიჯანელი და პაკისტანელი მოქალაქეებიც მუშაობენ“.

მისი თქმით, ახალი შრომის კანონი პროფკავშირებს არ აძლევს საშუალებას, საწარმო აიძულონ მათთან ითანაშრომლოს და გააცნოს შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა.

„ჯეოსთილში“ კი გვიხნიან, რომ პრობლემები ჰქონდათ საწარმოში, თუმცა ახლა მუშების მოთხოვნების შესრულება დაიწყეს. საუბარზე „ჯეოსთილის“ შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ზურა გოზალიშვილი გვთანხმდება.

„მუშები სამ ცვლაში მუშაობენ. ამიტომ გამოსდით 12 საამუშაო საათი. წესით, უნდა გვყავდეს კიდევ ერთი ცვლა. მუშებს სხვა პრეტენზიებიც ქონდათ... თუმცა ახლა კეთდება აბანოები, გასახდელები და საპირფარეშოები. შევიყვანეთ სასმელი წყალი ქალაქიდან. საწარმოო ტრავმები გვქონდა, მაგრამ არც ერთი შემთხევავა გარდაცვალებით არ დასრულებულა. ამ ბოლო პერიოდში გქონდა ერთი შემთხვევა, როცა მუშა არმატურით დაზიანდა.

გეთანხმებით, რომ ჩვენ საწარმოში მუშების ხშირად იცვლებიან. ამისი მიზეზი მხოლოდ დაბალი ხელფასებია. აბა, დაფიქრდით პროფესიონალი მეფოლადე ჩვენთან  300-400 ლარად რატომ მუშაობს?! იმიტომ, რომ უჭირს და სხვა გამოსავალი არა აქვს -  როგორც კი რაღაცას უკეთესს ნახავს, მიდის ჩვენი საწარმოდან“, – ამბობს ზურა გოზალიშვილი.

მისი საუბროდან ჩანს, რომ „ჯეოსთილში“ ჯერაც არ მოგვარებულა გასახდელების, აბანოებისა და საპირფარეშოების პრობლემა. ასე რომ, ლოგიკურია, მხოლოდ დაბალი ფასები არ იყოს მუშების ერთ წელიწადში საწარმოდან გაქცევის მიზეზი.

კიდევ ერთი საწარმო რუსთავში, საიდანაც საწარმოო ტრავმებზე ინფორმაცია გვაქვს „ენერჯი ინვესტია“.

თამაზ დოლაბერიძის თქმით, „ჯეოსთილისგან“ განსხვავებით, შრომის უსაფრთხოების კუთხით, „ენერჯი ინვესტში“ ბევრად უკეთესი პირობებია: „ვგულისხმობ მუშათა ტექნიკურ აღჭურვას უსაფრთხოებისთვის და ადმინისტაციის პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია აღნიშნულ საწარმოში მუშის სიმაღლიდან გადმოვარდნაზე. ის ღვედით არ იყო მიმაგრებული უსაფრთხოებისთვის. განსხვავებით „ჯეოსთილისგან“ აქ საწარმოო ტრავმების შემთხვევისას ფაქტის გამომკვლევ კომისიაში პროფკავშირის შრომის ტექნიკური ოფიცრის ჩართვა ადმინისტრაციისთვის პრობლემას არ წარმოადგენს“.

საწარმო „აზოტის“ წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში აირწინაღების პრობლემაზე საუბრობენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეს საკითხი „აზოტის“ ამიაკის საამქროში მომუშავე მუშებისთვის.

„რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს“ საწარმოო ტრავმებზე მოწოდებული ინფორმაციებში აზოტის თანამშრომლებზე ექიმის შემდეგი დიაგნოზებია: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და თავის ტვინის შერყევა; მარჯვენა მტევნის დაჟეჟილობა ჰემატომა; მარჯვენა ქუსლის ძვლის მოტეხილობა; მარცხენა წვივის ძვლების დამსხვრეული ღია მოტეხილობა და ტრავმული შოკი.

რაც შეეხება „ქართულ ფოლადს“, საწარმოო ტრავმების ან სხვა სახის სამედიცინო მომსახურების საჭიროებისთვის ისინი მიმართავენ მათივე სამედიცინო დაწესებულებას. შესაბამისად, ინფორმაცია ჩვენთვის დახურულია.

„ჩვენ არა ვართ საჯარო დაწესებულება. ასე რომ, არა მაქვს ვალდებულება, თქვენ აღნიშნული ინფორმაცია მოგაწოდოთ. არ გეგონოთ, რომ დამეზარა ამ ინფორმაციას მოძიება. მოვიძიეთ და აგერ, მაგიდაზე მიდევს, მაგრამ ჩვენმა უფროსმა თქვა უარი და ვერ გადმოგცემთ“, – გვიხსნის „ქართული ფოლადის სამკურნალო ცენტრის“ დირექტორის მოადგილე გია მოსიაშვილი.

პირად საუბრებში რუსთავის სტაციონალური დაწესებულების ექიმები გვიხსნიან, რომ საწარმოებიდან ტრავმებით შემოსულ პაციენტებს ხშირად მათი ხელმძღვანელობა ურჩევს ტრავმის მიზეზად სამუშაო ადგილთან დაკავშირებული შემთხვევა არ დაასახელონ. ამის სანაცვლოდ მკურნალობისას და შემდეგშიც  ყველანაირ დახმარებას ჰპირდება. სწორედ, ამიტომ ექიმები გვირჩევენ, სამედიცინო დაწესებულებებში დაფიქსირებული საწარმოო ტრავმები არ ჩავთვალოთ ამ საკითხის ამსახველ ზუსტ სტატისტიკას.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან საკმაოდ ბევრი  მუშა შემოყავთ  ათასნაირი ტრავმით და დამწვრობით. მათ მუშაობისას რეზინის ხელთათმანებიც კი არა აქვთ“, – გვეუბნება სამედიცინო პერსონალი.

 ქართული კანონმდებლობით, კერძოდ - შრომის კოდექსის 35-ე მუხლით (უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უფლება) - დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულისთვის უზრუნველყოს  უსაფრთხო სამუშაო გარემო. ასევე -უზრუნველყოს დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯამრთელობისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემო. დამსაქმებელი ასევე ვალდებულია, გონივრულ ვადაში მიაწოდოს დასაქმებულს მის ხელთ არსებული სრული, ობიექტური და გასაგები ინფორმაცია ყველა იმ ფაქტორის შესახებ, რაც მოქმედებს დასაქმებულის სიცოცხლესა და ჯამრთელობაზე.

ამ კანონს არსებობის მიუხედავად, ქვეყანაში არ არსებობს ეფექტური სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც საწარმოებში აღნიშნული კუთხით არსებულ სიტუაციას შეისწავლის და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სანქციებს დააწესებს, თუნდაც დამსაქმებელი დიდი ხნის ნანატრი ინვესტორი იყოს.

ახალი ამბები