კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი გლდანის საპყრობილეში პატიმრების უფლებების დარღვევის შეწყვეტას ითხოვს

22 ოქტომბერი, 2010
სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში გლდანის #8 საპყრობილის საკარანტინე განყოფილებაში დასჯის მიზნით პატიმართა მოთავსების შეწყვეტას ითხოვს. სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, ტუღუშმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს შესაბამისი რეკომენდაციით უკვე მიმართა. იგი მოითხოვს, დაუყოვნებლივ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები საკარანტინე განყოფილებაში არსებული არაადამიანური და ღირსების შემლახავი პირობებისა და პრაქტიკის აღმოსაფხვრელად.

20 ოქტომბერს სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა გლდანის #8 დაწესებულების კარანტინში მონიტორინგი განახორციელა. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ განყოფილებაში არსებული 15 საკარანტინე საკნიდან 7 საკანში არ არის საწოლები, დგას მხოლოდ სკამები. პატიმრებს ძილი უწევთ სკამზე ან პირდაპირ ბეტონის იატაკზე. დაწესებულების ადმინისტრაცია მათ არ უზრუნველყოფს ლეიბებით და გადასაფარებლებით.

მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, საკანში იყო ჩახუთული ჰაერი და იდგა სპეციფიკური სუნი. პატიმრების განმარტებით, მათ არ მიეწოდებათ ჰიგიენური საშუალებები და არა აქვთ შხაპის მიღების საშუალება. საპირფარეშოებში არ არის ნათურა და ზოგ საკანში მოშლილია წყალგაყვანილობის სისტემა. გასეირნების უფლებით პატიმრები ასევე ვერ სარგებლობენ.

სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, მონიტორინგის დროს საკარანტინე განყოფილებაში სულ მოთავსებული იყო 140 პატიმარი. პატიმრების განცხადებით, ისინი კარანტინში შინაგანაწესის დარღვევის გამო იყვნენ მოთავსებული. სახალხო დამცველი დასჯის ამ ფორმას უკანონოს უწოდებს.

„გლდანის დაწესებულებაში დასჯის მიზნით პატიმრებს კარანტინში ხშირად ათავსებენ. თუმცა, დასჯის ეს მეთოდი არც ერთ საკანონმდებლო აქტში არ არის გაწერილი და, შესაბამისად, უკანონოა. საკარანტინე განყოფილებაში არ აწარმოებენ საკარანტინე საკნებიდან საცხოვრებელ საკნებში გადაყვანილ პატიმართა აღრიცხვიანობის ჟურნალს, რის გამოც ფაქტობრივად, შეუძლებელია შემოწმდეს,  რეალურად რამდენი ხანი იმყოფებიან პატიმრები კარანტინში. მონიტორინგის დროს იქ განთავსებული პატიმრებისგან მიღებული ინფორმაციით, მათი საკარანტინე ოთხში დაყოვნების პერიოდი იყო 1–დან 15 დღემდე“, - განაცხადეს სახალხო დამცველის ოფისში.

გარდა ამისა, გლდანის #8 საპყრობილეში კლიენტთან ადვოკატის შეხვედრის კონფიდენციალობა შეუძლებელია. საგამოძიებო ოთახებში, ადვოკატების გარდა, შეხვედრები გამომძიებლებთან და პროკურორებთან ხორციელდება.

სახალხო დამცველის განცხადებით, აშკარაა, რომ დაწესებულებისთვის, სადაც მონიტორინგის დროს განთავსებული იყო 3541 პატიმარი, არანაირად არ არის საკმარისი ის ინფრასტრუქტურა, რომელიც განკუთვნილია ადვოკატების პატიმრებთან შესახვედრად. ახალი შენობაც კი, რომელიც ოქტომბრის ბოლოს შევა ექსპლუატაციაში, არსებულ პრობლემას ვერ გადაჭრის.

სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს მიმართავს, უმოკლეს ხანში მოახდინოს ზემოაღნიშნულ პრობლემებზე ადეკვატური რეაგირება და პრობლემების დროული მოგვარება უზრუნველყოს.

ინტერპრენიუსი

ახალი ამბები