კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილებს ახლადგარემონტებულ ბინებში წყალი ჩასდით

22 ოქტომბერი, 2010
მარიკა ვაჭარაძე, ხონი

ხონში ე. წ. სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე კომპაქტურად ჩასახლებული 1500-მდე დევნილი ცხოვრობს. აქ 17 ოთხსართულიანი ბინა დგას, რომელთა სარემონტო სამუშაოები 2008 წლის მარტში დაიწყო. სამუშაოს დამკვეთი მუნიციპალური განვითარების ფონდია. შესასრულებელ სამუშაოზე ტენდერი სამმა სამშენებლო კომპანიამ მოიგო. სამშენებლო კომპანია „აქსისმა“ 4 ბინის შეკეთებაზე აიღო პასუხისმგებლომა, შპს „დაგმა“ - ხუთზე, ხოლო „ნიუ ენერჯის“ 8 კორპუსი უნდა გაერემონტებინა. სამივე სამშენებლო კომპანია თბილისშია რეგისტრირებული და სათაო ოფისებიც თბილისში აქვთ. ხონში მიმდინარე სამუშაოებს მათი წარმომადგენლები მეთვალყურეობდნენ.

„აქსისს“ ოთხი ოთხსართულიანი ბინის რემონტისთვის მილიონ 400 000 ლარი ჰქონდა გამოყოფილი, „დაგს“ ხუთი ბინისთვის 1 600 000, ხოლო „ნიუ-ენერჯის“ რვა ბინის რემონტისთვის 2 800 000 ლარი უნდა დაეხარჯა. თუმცა, სამივე კომპანიას ფასადებისა და სადარბაზოების კოსმეტიკური რემონტისთვის დამატებითი თანხებიც გამოეყოთ.

დევნილების ბინების რემონტის დაწყებისთანავე დასახლებაში 13 აქტიური დევნილისგან საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა. საინიციატივი ჯგუფის წევრი ჯოკია კოპალიანი ამბობს: „დევნილთა დასახლებაში სარემონტო სამუშაობი პირველად სამშენებლო კომპანია „დაგიმ“ დაიწყო. შემდეგ შემოვიდა „ნიუ ენერჯი“, რომელიც დღემდე 8 ბინას აკეთებს. 4 კორპუსის გაკეტება, ოდნავ მოგვიანებით, „აქსისმა“ დაიწყო. ჩვენ, საინიციატივო ჯგუფის წევრები მიმდინარე სამუშაოების ხარისხს ეტაპობრივად ვამოწმებდით. შესრულებული სამუშაო ძალიან დაბალი ხარისხის იყო. პირველად სამუშაო კომპანია „დაგიმ“ დაამთავრა და სამუშაოს ნაწილი დაუმთავრებელი დატოვა. ჩვენ კომპანიის წარმომადგენლები გამოვიძახეთ და ხარვეზების გამოსწორება დაიწყეს. თუმცა, შიდა სამუშაოების რაღაც ნაწილი კვლავ უხარისხოდ გაკეთებული დატოვეს. კომპანია „აქსისმა“ სხვა კომპანიებს მაინც აჯობა და ცოტა უფრო ხარისხიანად შეასრულა სამუშაო. მას პრობლემები და ხარვეზები მხოლოდ #100 სახლში აქვს. რაც შეეხება „ნიუ ენერჯის“ ჩვენ მათთან ერთად ჩამოვიარეთ და ხარვეზები აღვწერეთ დეტალურად. ამ აღწერას ესწრებოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომაგენლებიც. კომპანიას ეს ხარვეზები უნდა გამოესწორებინა, მაგრამ ეს არ გააკეთეს და სამუშაოები დაუმთავებელი დატოვეს. აქ მრავალი სახის დარღვევებია. კერძოდ, დაუმონტაჟებელი დატოვეს ხელსაბანები სააბაზანოებში და სამზარეულოში. ოთახებში არ არის დასრულებული შეღებვა და კაფელ-მეტლახის დაგება. იატაკზე არ არის დაგებული ლამინატი, ან თუ იყო, უკვე ამოვარდა კიდეც. ზოგიერთ ბინაში კედლებიც კი არ არის გაკეთებული. ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ კომპანიამ რემონტი სრულად დაამთავროს, მაგრამ ამას დღემდე ვერ მივაღწიეთ“.
 
დევნილები „ნიუ ენერჯის“ შესრულებულ სამუშაოზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ. დასახლებაში მცხოვრები თამუნა ჯიშკარიანი ამბობს: „აქ სველი კედლები იყო და ასევე შეღებეს. ამიტომ ახალშეღებილი კედელი, სინესტის გამო, მთლიანად გაშავდა. დღეს აქ ცხოვრება შეუძლებელია“.

„რა არის გარემონტებული?! წყლის გასასვლელი მილი სამზარეულოს ნიჟარაზე არ არის. მითხრეს, გავაკეტებთო და დღემდე არ გაუკეთებიათ. ფანჯრები არ იღება, რადგან არასწორადაა ჩასმული. შესაღები იყო კედლები და ისიც შეუღებავი დატოვეს. ექვსი თვეა, მპირდებიან - მოვალთ და გავაკეთებთო და კიდევ არ ჩანან“, - აცხადებს კომპაქტურად ჩასახლებულ დასახლებაში მცხოვრები რეზო გედენიძე.
 
„მათი ხელოსნები ხარისხიანად არ აკეთებდნენ, ამიტომ ჩვენ თვითონ ვღებავდით და ვაკეთებდით. თუმცა სარემონტო მასალებს კომპანიები გვაძლევდნენ“, - გვითხრა მედეა დგებუაძემ.

„ყველაფერი ნაჩქარევად გააკეთეს. სამზარეულოში მეტლახი 30 ადგილზეა გატეხილი. აბაზანაში წყალი არ მოდის და თუ წამოვიდა, მილებიდან შადრევანივით ასხამს. კარები რომ ჩასვეს, ჩარჩოების ირგვლის ამოსალესია კედელი. კარები სამ ადგილზეა გატეხილი. მე 78 წლის მოხუცი ვარ და ვფიქრობ, რაკი მარტოხელა ვარ, იმიტომ არ მომაქციეს ყურადღება, თორემ ასეთი უხარისხო ნაკეთები როგორ უნდა ჩაიბაროს მთავრობამ, არ ვიცი“, - აცხადებს თამარ თურქია.

„კედლები გასაკეთებელია, რადგან სახურავიდან წყალი ჩამოდის. სახურავი კი, მათ რომ ჰკითხოთ, გამოცვალეს და ახალი მასალით გადახურეს. ბინის კარს ერთი საათითაც რომ დავკეტავ,  სინესტის საშინელი სუნი დგას, რადგან კედლები და ჭერი სველია. სახურავიდან ჩამოსულმა წვიმის წყალმა შპალერიც გააფუჭა და შეღებილი კედლებიც. გარდა ამისა წვრილმანი ხარვეზებიც ბევრია მაგრამ ახლა მთავარი სახურავის გაკეთებაა“, - ამბობს მიმოზა ყოლბაია.

ბაჩო ბასილაია, საინიციატივო ჯგუფის წევრი: „ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა სარემონტო სამუსაოებისთვის გამოყოფილი თანხები დევნილების ბინების რემონტს სრულად არ მოახმარეს. ჩვენ ვითხოვთ, რაც დევნილების ბინების რემონტისთვის ხელისუფლებამ გამოყო, სრულად მოხმარდეს და დაიხარჯოს ისე, როგორც ეს მათ გაწერილი ქონდათ. დაწყებული სამუშაოები ბოლომდე უნდა მიიყვანონ და უნდა დასრულონ“.

სარემონტო სამუშაოებზე აქ მცხოვრები დევნილებიც იყვნენ დასაქმებულები. საერთო ჯამში სამშენებლო კომპანიებმა კომპაქტურად ჩასახლებული 120 დევნილი დაასაქმეს.

სამივე კომპანიამ ბინები მუნიციპალური განვითარების ფონდს უკვე ოფიციალურად ჩააბარა. თუმცა, სპეციალურმა კომისიამ მათ შესრულებული სამუშაოები რამდენჯერმე დაუწუნეს. კომპანიები ჩაბარებიდან ერთი წლის მანძილზე სამუაშოს ვარგისიანობაზე და ხარისხზე პასუხს აგებენ. საინიციატივო ჯგუფი სწორედ ამ ერთი წლის მანძილზე მწყობრიდან გამოსული სველი წერტილების, უხარისხოდ დაგებული მეტლახისა და კარ-ფანჯრების კიდევ ერთხელ შეკეთებას ითხოვს. ამ სამუშაოს შესრულებისთვის სამშენელო კომპანიებს მიღებული თანხის 0,2% დაკავებული აქვთ, რათა შემდგომ არსებული ხარვეზების გამოსწორებას მოხმარდეს.

კომპანია „დაგიმ“ შესრულებული სამუშაო მუნიციპალური განვითარების ფონდს იანვარში ჩააბარა. ამდენად, დევნილებს კიდევ ორი თვე რჩებათ, რათა ამ კომპანიას ხარვეზების გამოსწორება კანონიერად მოთხოვონ. ხარვეზების გამოსწორებისთვის კიდევ უფრო მეტი დრო აქვს „აქსისს“ და „ნიუ ენერჯის“. მოსახლეობა „აქსისის“ მიმართ კეთილგანწყობილია, რადგან ადგილობრივ მცხოვრებლებთან ითანამშრომლა და ხარვეზების გამოსწორება სამუშაოების მიმდინარეობის დროსვე დაიწყო. როგორც ადგილობრივი დევნილები ამბობენ, ამ კომპანიას დარჩენილი ხარვეზების გამოსწორება მხოლოდ 3 000 ლარი დაუჯდება. რადგან ძირითადი პრობლემები უკვე აღმოფხვრილია.

კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები მეტწილად, უკმაყოფილებას „ნიუ ენერჯის" მიმართ გამოთქვამენ. ამ კომპანიის წარმომადგენელი ვასო ძმაურაშვილი, რომელიც თვეების მანძილზე აქ მიმდინარე სამუშაოს ხელმძღვანელობდა, უკვე ერთი თვეა, საერთოდ არ გამოჩენილა. მისი მობილური ტელეფონიც გამორთულია, თუმცა როგორც დევნილები გვეუბნებიან ვასო ძმაურაშვილი ნომერს ხშირად იცვლიდა. უხარისხოდ გაკეთებული სარემონტო სამუსაოების გარდა, „ნიუ ენერჯის“ ხონში კომპაქტურად დასახლებულ დევნილებთან კიდევ ერთი პრობლემა აქვს - ადგილობრივ დევნილებს, რომლებიც კომპანიამ სამუშაოების მიმდინარობისას დაასაქმა, კუთვნილი ხელფასები არ გადაუხადა.

ახალი ამბები