კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსწავლეები არანორმალურ პირობებში!

28 ოქტომბერი, 2010
გელა მთივლიშვილი, კახეთი

დაფა მერხიდან 56 სანტიმეტრში; ხის ბოძებით გამაგრებული საფეხურები, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაინგრეს; ჩამტვრეული იატაკი; წვიმის დროს სახურავიდან წყალი ჩადის; დანესტილი კედლებიდან ნატეხები ცვივა; დაზიანებული კარ-ფანჯრების გამო ოთახები არ თბება; ამ პირობებში 250-ზე მეტი მოსწავლე იმყოფება გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანისა და სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლებში.

მელაანის საჯარო სკოლის შენობის ავარიულობის გამო, სკოლის 177 მოსწავლეს უკვე 2 წელია, გაკვეთილები სოფლის ამბულატორიაში, საბავშვო ბაღში და გამგეობაში უტარდება. ხშირად ბავშვებს გაკვეთილზე დასასწრებად ერთი შენობიდან მეორეში გადასვლა უხდებათ. შენობებს შორის მანძილი ნახევარ კილომეტრზე მეტია და ბავშვებმა მისი გავლა 5 წუთში უნდა შეძლონ.

საბავშვო ბაღის, ამბულატორიის და სოფლის გამგეობის ოთახები იმდენად პატარაა, რომ მერხები დაფიდან 56 სანტიმეტრში დგას. ზოგიერთ კლასში წყალი ჩამოდის. ფანჯრის მინები ჩამტვრეულია. იატაკიც დაზიანებულია. ავარიულია გამგეობის შენობის კიბეც. საფეხურები ხის ბოძებითაა გამაგრებული და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაინგრეს.

სოფელ მელაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ვალერი ირომაშვილმა ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.

„ძალიან ცუდი პირობები გვაქვს, რის გამოც სწავლაში ხელი გვეშლება. უკვე ორი წელია სკოლა არ გვაქვს. ამ შენობებში არც სპორტული დარბაზია და გარეთ არც სტადიონი. წვიმის დროს სახურავიდან წყალი ჩამოდის და ზედ გვაწვიმს ხოლმე, ხან ცემენტის ნატეხები ცვივა“, - ამბობს მელაანის სკოლის მოსწავლე მარიამ აკოფაშვილი.

პირობების არქონის გამო ბოლო ორი წლის განმავლობაში მელაანის სკოლიდან ბევრი ბავშვი სხვა სკოლაში გადავიდა. მოსწავლეთა კონტიგენტის შემცირების შედეგად სკოლაში კლასკომპლექტები მოქმედებს.

„მეოთხეკლასელი შვილი მყავს და მეორე კლასის ბავშვებთან ერთად უტარდება გაკვეთილები. 45 წუთში მასწავლებელმა როგორ უნდა მოასწროს, ორი კლასის ბავშვებს სხვადასხვა პროგრამა აუხსნას?! ამით ბავშვები ზარალდებიან და განათლებას ვერ იღებენ“, - ამბობს ნონა ბეჟანიშვილი.

მელაანის საჯარო სკოლის დირექტორის ლალი როსტიაშვილის თქმით, კლასკომპლექტის პროგრამა ბავშვებისთვის სასარგებლოა, რადგან ერთმანეთისგან ბევრ სიახლეს სწავლობენ.

„ეს პროგრამა სხვა სკოლებშიც მოქმედებს. იძულებულები ვართ, ორ კლასს ერთად ჩაუტარდეს გაკვეთილები, რადგან სადაც ბავშვთა რაოდენობა 21-ზე ნაკლებია, იქ ავტომატურად კლასკომპლექტი იქმნება. სკოლას რაც შეეხება, შენობა ძალიან ავარიულია და ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე ექმნებოდა. განათლების სამინისტრო, რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაცია, რაიონის გამგეობა და სოფლის რწმუნებული საქმის კურსში არიან. უკვე არსებობს პროექტი და სამუშაოები სკოლის აღსადგენად, ალბათ, მალე დაიწყება“, განაცხადა სკოლის დირექტორმა.

მელაანის მაცხოვრებლების თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას სკოლის შენობის რეაბილიტაციის თხოვნით არაერთხელ მიმართეს. წინასაარჩევნოდ სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები და არჩევნებში მონაწილე კანდიდატები მოსახლეობას ხმის მიცემის სანაცვლოდ ახალი შენობის აშენებას დაპირდნენ, მაგრამ უშედეგოდ.

წინასაარჩევნოდ ხელისუფლება სკოლის შენობის რეაბილიტაციას სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედის მაცხოვრებლებსაც დაპირდა. ერისიმედში სკოლა ერთსართულიან შენობაშია განთავსებული. შენობა ნახევრად დანგრეულია, არც კარ - ფანჯარა აქვს. იატაკიც ჩანგრეულია.

დათო თავართქილაძე, სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლის დირექტორი: „სკოლის შენობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. კედლები დახეთქილია და შესაძლოა, ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. ამიტომაც, მასწავლებელიც და მოსწავლეც ფეხაკრეფით დავდივართ ხოლმე, მაგრამ იატაკი იმდენად დაზიანებულია, რომ სარდაფში მაინც ხშირად ვვარდებით. ახალი ინვენტარი კი შემომთავაზეს განათლების სამინისტროდან, მაგრამ ავეჯი სად წამეღო, როცა შენობა არ გვაქვს. ამ მდგომარეობის შესახებ სიღნაღის საგანმანათლებლო რესურს - ცენტრის უფროსმაც იცის და რაიონის გამგებელმაც. დამპირდნენ, რომ გასულ წელს, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, სკოლისთვის, ხის ახალ შენობას ააგებდნენ, მაგრამ მერე მითხრეს, რომ ბიუჯეტში ფული აღარ გვაქვს და მომავალ წელს დავგეგმავთო. წელსაც არაფერი გაკეთდა. ელემენტარული პირობებიც არ არის, მაგრამ ბავშვებმა წერა - კითხვა მაინც ხომ უნდა ისწავლონ. ბავშვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ვერ ვიღებთ. ქარის ან ძლიერი წვიმის დროს სასწავლო პროცესს ვწყვეტთ და შენობას ვცლით, რომ არ დაინგრეს და შიგ არ მოვყვეთ“.

მელაანის და ერისიმედის სკოლებთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროში კომენტარი არ გააკეთეს.

ახალი ამბები