კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიწის მაფია გორში

8 ნოემბერი, 2010
საბა წიწიკაშვილი, გორი

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისი გორის ადმინისტრაციული შენობის უკან და საერთოდ, ქალაქის ტერიტორიაზე ბოლო წლებში მომხდარი მიწის ნაკვეთების გაცემის კანონიერებით დაინტერესდა. ამ მხრივ ყველაზე  გახმაურებული ფაქტი ქალაქის საკმაოდ პრესტიჟულ უბანში (გამგეობის შენობის უკან) მოულოდნელად გაყიდულმა მიწის ნაკვეთებმა მიიქცია. უბანში, სადაც ყველაზე შეძლებული ადამიანები ცხოვრობენ, ბევრი საიდუმლოება ინახება. როგორ ხდება, რომ ამ ტერიტორიაზე ჩვეულებრივ ადამიანს უჭირს არათუ აუქციონში მონაწილეობა, არამედ ინფორმაციის წინდაწინ მიღებაც კი. ეს საშიშროება პირადად ამხანაგობა „ჯანმრთელობამ“ საკუთარ თავზე გამოსცადა და უფლებების დაცვა გადაწყვიტა.

ოფიციალური დოკუმენტაციით, საქართველოს საპროექტო ინსტიტუტის („საქქალაქმშენპროექტი“) მიერ, გორის რაიონული საავადმყოფოს მედპერსონალისათვის 1990_1991 წლებში, ქ. გორში, ცხაკაიას ქუჩაზე (ამჟამად ამილახვრის ქუჩა),  ამხანაგური 4-5 სართულიანი, 60-ბინიანი  სახლი „ჯანმრთელობა“ დაპროექტდა. ამხანაგობის ყველა წევრმა ფულადი თანხა ორ ეტაპად შეიტანა. პირველად - საერთო თანხის 30%, შემდგომ კი - დანარჩენი.

გორის ადმინისტრაციული შენობის უკან დაიწყო კიდეც  მშენებლობა, გაიჭრა საძირკველი, შესრულდა რკინა-ბეტონის სამუშაოები, მაგრამ მშენებლობა შეჩერდა.  ფული გაუფასურდა, განუკითხაობისა და ქაოსის პირობებში შეძენილი მასალების ნაწილი დაიკარგა.

თავდაპირველად, მშენებლობისათვის  0,35 ჰა მიწის ფართი გამოიყო. ეს ფართი, შემდგომ, „საქქალაქმშენპროექტის“ ექსპერტიზის მოთხოვნით 0, 55 ჰამდე გაიზარდა ანუ დაემატა კიდევ 0,20 ჰა.

2008 წელს საქართველოს კანონის, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“, გამოცემისთანავე ამხანაგობის წევრებმა საჯარო რეესტრიში მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება გადაწყვიტეს. ამხანაგობის წევრებისათვის ჭორის დონეზე  ცნობილი გახდა, რომ დამატებითი 0,20 ჰა ფართი მათზე არ ირიცხებოდა.

საბუთები და გადასახადის 300 ლარიანი ქვითარი რეესტრში წარადგინეს. მიაკითხეს კანონით დადგენილ 10 დღის ვადაში. საბუთები ფართის დაკანონების შესახებ არ იყო მზად. საჯარო რეესტრის უფროსის მოადგილემ ემზარ ხეთაგურმა მოითხოვა არქიტექტორის ზურაბ ჯალაღანიას ნებართვა.

არქიტექტორმა ზურაბ ჯალაღანიამ კი ახალი ნახაზი მოითხოვა. ახალი ნახაზი შპს „დანამა-07“ საპროექტო ორგანიზაციამ შეადგინა.

„ახალ დოკუმენტზე არ ჩანს მოსაზღვრე მფლობელები და არც რაიმე საზოგადოებრივი ობიექტი, მაგალითად,გზა და ა. შ.  ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჩვენი გამოუცდელობითა თუ გულუბრყვილობით ვინმე ისარგებლებდა და ჩვენი ხელმოწერის შემდეგ არქიტექტორი ისეთ ნახაზს შეადგენდა, რომელიც ჩვენს ტერიტორიას ადგილსა და კონფიგურაციას  შეუცვლიდა და საერთო გაურკვევლობას შექმნიდა“, - ამბობს ამხანაგობის თავმჯდომარე.

რამდენიმე ხნის შემდეგ არაოფიციალური წყაროებიდან შეიტყვეს, რომ ფიზიკური პირები ამჯერად სადავო ტერიტორიაზე მშენებლობის დასაწყებად ემზადებოდნენ.  ის 0,20 ჰა გამგეობამ აუქციონზე გაიტანა და გაყიდა.

შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართეს. დაგვიანებული პასუხიდან ირკვევა, რომ მათ „გვერდით მიმდებარე ტერიტორიის“ გასხვისება მომხდარა „კანონის სრული დაცვით“, აუქციონის წესით. მეორედ მიმართეს პრეზიდენტის რწმუნებულს, ლადო ვარძელაშვილს. პასუხი მანაც ანალოგიური გასცა. მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი 2009 წლის 11 აგვისტოს აუქციონზე გაყიდულა.

 „ჯანმრთელობის“ წევრების მსგავსად, აუქციონის სრული დოკუმენტაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმაც“  გამოითხოვა. მუნიციპალიტეტი იტყობინება, რომ გასხვისდა 1636 კვმ ფართი, რომლის უდიდესი ნაწილი გაყიდვამდე  ამხანაგობის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა.

საქმეში არსებობს მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2009 წლის 14 ივლისით დათარიღებული წერილი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს ბატონ ლაშა ჟვანიას სწერს. ამ წერილით გამგებელი ლაშა ჟვანიას სთხოვს საპრივატიზაციო ქონების შესახებ ინფორმაციის განთავსებას ვებ-გვერდზე.

გამგებლის წერილს თან საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა ახლავს. აქვეა 2009 წლის ადგილობრივი გაზეთიდან „ლომჭაბუკის“ ქსეროასლი, #26, 13_19 ივლისის ნომრის ქსეროასლი, თანდართული საინფორმაციო ცნობით საპრივატიზაციო ქონების შესახებ ნუსხით და სხვ.
 
საპრივატიზაციო ქონების ნუსხიდან ჩანს, რომ ფართობის გასხვისება მომხდარა არა ერთბაშად, არამედ ნაწილებად (8 ნაკვეთი). თითო ნაკვეთი 2 913 ლარიდან 4 376 ლარამდე მერყეობდა (სულ 28 728 ლარი), რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ქალაქის ცენტრში ერთი კვადრატული მეტრი ფართობი გაიყიდა 18 ლარად. ნაკვეთები წინასწარ უკვე იყო გასხვისებული (ან გამზადებული გასასხვისებლად) და მათი აუქციონზე გატანა მხოლოდ საკუთრების გასაკანონიერებლად ესაჭიროებოდათ. 

თუ ჩავთვლით, რომ აუქციონით გასხვისებული ტერიტორია არ იყო „ჯანმრთელობის“ მართლზომიერ მფლობელობაში და მისი ნაწილი  არც მათ მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ნათელი გახდება, რომ სახელმწიფომ ამ „აუქციონით“ მაინც საკმაო დანაკლისი განიცადა.

გორის მუნიციპალიტეტის მიერ მითითებულ ვებ გვერდზე (www.privatization.ge) მინიშნებულია, რომ  2004 წლის 24 მაისიდან 2010 წლის 15 ივლისამდე ქ. გორში აუქციონის წესით გაყიდული 10 ობიექტიდან  გაყიდულთა ნუსხაში არ აღმოჩნდა ამილახვრის ქუჩაზე მდებარე არც ერთი 8 მონაკვეთი.

გორის მუნიციპალიტეტიდან გაცემულ საჯარო დოკუმენტებში არსებული „საინფორმაციო ცნობა“ ქონების პრივატიზების შესახებ, გაზეთ „ლომჭაბუკის“ 2009 წლის 13-19 ივლისის 26 ნომერში არაა გამოქვეყნებული. მითუმეტეს გაზეთი ოთხგვერდიანია და თანაც არსადაა მინიშნებული, რომ იმ დღით გაზეთი დამატებითი გვერდით გამოვიდა. ჩვენ მოვითხოვეთ ეს ნომერი მუნიციპალიტეტის გამგეობის რედაქციისგან. მათ ეს გაზეთი არ „აღმოაჩნდათ“. ეს გაზეთი ასევე არა აქვს გამგეობის ბალანსზე რიცხულ ბიბლიოთეკებს.

ახალი ამბები