არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორის მე-3 საჯარო სკოლის დირექტორს ლელა ფხოველიშვილს განათლების სამინისტროში უჩივის. ორგანიზაციის ცნობით, სკოლის დირექტორმა პედაგოგების საათობრივი დატვირთვის, ხელფასების ოდენობისა და მასწავლებლების განათლების შესახებ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებად მიიჩნია და მის გაცემაზე უარი განაცხადა.
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, „საჯარო დაწესებულება არის ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ასეთი დაფინანსების ფარგლებში“. სკოლის ძირითადი დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის გაცემით, შესაბამისად ფინანსების შესახებ ინფორმაცია არის საჯარო. ამასთან, ცალსახაა, რომ სკოლა და მასწავლებელი ასრულებენ უმნიშვნელოვანეს საჯარო ფუნქციას, რაც ემსახურება საზოგადოების განათლებას, განვითარებას. დიპლომის დანიშნულება, შეუძლებელია გაიგივდეს ჯანმრთელობასთან ან სხვა კერძო საკითხებთან, მითუფრო როდესაც საკითხი შეეხება განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მნიშვნელობას საჯარო ფუნქციის განხორციელებაში“, - აღნიშნულია საჩივარში.
შეგახსენებთ, რომ წნორის მე-3 საჯარო სკოლის დირექტორმა ლელა ფხოველიშვილმა სამსახურიდან გაათავისუფლა რუსული ენა ლიტერატურის მასწავლებელი ელენა კოგტევა, რომლის საათებიც პროფესიით ეკონომისტს გადასცა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი